საფლავი ვენახში | ელბრუსი, ცხინვალი
21.08.2020 | 5 წუთიანი საკითხავიელბრუსი, 48 წლის. ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008.
2008 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. ზაფხულში დაიძაბა სიტუაცია და მაშინვე მორიგეობა დაგვეწყო. ვიყავით ხოლმე ათი-თორმეტი კაცი შსს-დან, გაი-დან, ომონიდან. ტეკზე ვიდექით, ეგრე ეძახიან ცხინვალში შემოსასვლელს ერგნეთიდან.
7 აგვისტოს დილას მე ვმორიგეობდი, ჩემმა ძმამ რომ დამირეკა, დედა და მამა ფრისიდან ქალაქში დროზე უნდა ჩამოვიყვანოთო. მანქანა არ მყავს და პოსტს ვერ ვტოვებ-მეთქი, ვუპასუხე. ისიც სხვაგან იდგა პოსტზე. უნდა მოგვეცადა.
იქვე, მიტოვებული მშენებლობა იყო და ქვიშით სავსე ტომრები ეყარა. ღამე 11 საათზე მივწექი, და ზუსტად ოც წუთში დაიწყო - მძიმე არტილერია ისროდა. სიბნელეში ჩანდა, „ობობას“ ესროდნენ (ცხინვალის თავზე სტრატეგიული სიმაღლეა, ეგრე ქვია). იქ მშვიდობისმყოფელები იდგნენ ხოლმე, ოსები და ქართველები. ერთი დღით ადრე, ქართველებმა ეგ პოსტი დატოვეს. იცოდნენ, რო სტრატეგიული ადგილი იყო, პირდაპირი დამიზნებით ისროდნენ. ჩვენს თავზე უკვე გრადები ცვიოდა. ხოდა, ვდგავართ ავტომატებით და არ ვიცით, რა ვქნათ. ვუყურებთ როგორ ბომბავენ ქალაქს, იწვის ყველაფერი. მთელი ღამე ეგრე. ერთადერთი კავშირი გვაქვს - რაციით. გვეუბნებოდნენ, ცოტაც მოიცადეთ და რუსის ჯარი შემოვა, გიშველითო. მარა ეგეთ დროს, ხუთი წუთიც ხუთ წლად გეჩვენება. ვიდექით და ვუყურებდით როდის გაგვასწორებდნენ მიწასთან.
გათენებისას უფრო ჩაწყნარდა და ვხედავთ ჯავიდან ორი თეთრი თვითმფრინავი მოფრინავს. ძალიან დაბლა დაფრინავდნენ. გაგვიხარდა, გამოვძვერით თავშესაფრიდან და ვაქნევთ ხელებს. ორი წრე დაგვარტყეს თავზე და ბამის მხარეს გაფრინდნენ (საცხოვრებელი რაიონია ცხინვალში). უცბად ვხედავთ სამხედრო ბაზა დაბომბეს. და არა მარტო ეგ. მერე მივხვდით, რო ეს რუსული კი არა, ქართული თვითმფრინავები იყო. ყველა უფროსობას ურეკავდა, აქ ასეთი ამბავიაო. პოსტის დატოვებას ვინ გაბედავდა, რაღაც რომ გადაგვეწყვიტა, იმასაც ვერ ვრისკავდით. მერე შსს-დან გვიპასუხეს. ერთი, რიგითი ოპერატორი იყო, მოხუცებული უკვე, ისიდორი ერქვა. იმან გვითხრა, აქ, ადგილზე არავინაა, ყველა ქალაქშია პოზიციებზეო. ჩვენც ავდექით და პატარ-პატარა ჯგუფებად დავეშვით ქალაქში, გზაში თან ერთმანეთს ვაზღვევდით.
სამორიგეოში, რაციაში გავიგეთ, რო ქართული ტანკები უკვე ქალაქში იყო, იმავე უბანში. პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურის შენობები დაცხრილეს. ჩვენ ერთი ადგილიდან, მეორეზე გადავდიოდით. მთელი დღე და ღამე ეგრე გავატარეთ. 9-ში დილას ჩემი დისგან მესიჯი მივიღე - ჩემი მშობლები უკვე მამიდაჩემთან იყვნენ.
საღამოსკენ ბიჭებიდან ერთი მანქანით ჩემი უბნისკენ მიდიოდა და გავყევი, მშობლებს დავხედავ და მერე ცოლ-შვილსაც შევუვლი-მეთქი. რამდენიმე დღე არ დავლაპარაკებივარ. სახლთან რომ მივედი, მამიდაჩემიც მაშინ გამოვიდა. რატომ არ მპასუხობთ, სად წაიღეთ ეს ტელეფონები-მეთქი? ხმა ვერ გამცა, ტირილი აუვარდა. ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა - მამაშენი დაიღუპაო.
ფოტო: ლაშა ცერცვაძე
ჩემი მშობლები 8 აგვისტოს წამოსულან სოფლიდან. ნახევარი გზა ფეხით უვლიათ. დედაჩემს ფეხები აწუხებდა, მაგრამ რას იზამდნენ. მერე ნაცნობმა გაუჩერა თურმე და მამიდაჩემთან წაიყვანა, გამარჯვების ქუჩაზე. მამიდაჩემის სახლი ნახევრად განადგურებული დახვდათ. მამაჩემმა დედა სარდაფში ჩაიყვანა და თვითონ მეზობლებთან გადავიდა, თავის დას ეძებდა. შევიდა თუ არა, მეზობლის ეზოში, ჭურვი დაეცა და შუაზე გაგლიჯა. ეს რვაში მოხდა. მე მეორე დღეს გავიგე.
სარდაფში გასიებული, დასისხლიანებული მამაჩემის ცხედარი დამხვდა. დედაჩემი მთხოვდა, საავადმყოფოდან ექთანი მოიყვანე, გვამი მოაწესრიგოს, ასე ხომ არ დავკრძალავთო. ჩემი მამიდაშვილიც იქვე ცხოვრობდა და ერთად წავედით. იქ იმდენი დაჭრილი და დაღუპული დაგვხდა, მაშინვე უკან წამოვედით, თან ყურში ტყვიები გვიზუოდა.
უკვე დამიზნებით ისროდნენ. ქალაქის გარშემო სიმაღლეები აღებული ჰქონდათ. ჩემი დაც იმ უბანში ცხოვრობს, გვერდით ქუჩაზე და მამაჩემი იმასთან გადავიყვანეთ, ვენახში რომ დაგვესაფლავებინა. ერთი წუთით არ შეწყვეტილა სროლა. იმ პატარა საფლავს მე და ჩემი ძმა ხუთი საათი ვთხრიდით. თან მეჩვენებოდა, რომ გვხედავდნენ, ავიღებდით თუ არა ნიჩაბს, გვერდით სადღაც ჭურვი ფეთქდებოდა. უკვე წუილის ხმაზე ვხვდებოდით, როდის უნდა დავმალულიყავით და ორივე ეგრევე საფლავში ვხტებოდით.
12 აგვისტოს, ცოტა რო ჩაწყნარდა, მამა სასაფლაოზე მერე გადავასვენეთ.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა