გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საქორწილო კაბა | ელინა გაბარაევა, ცხინვალი

ელინა გაბარაევა, 30 წლის, ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008 წლის აგვისტო

5 აგვისტოს მერე, სულ სროლა ისმოდა. მეზობლებს ვეუბნებოდი, მოდით, სარდაფში ჩავიდეთ, ცოტა მივალაგოთ, უცბად რომ დაგვჭირდეს-მეთქი. არავინ ყურს არ მიგდებდა. არ ეგონათ, მაქამდე თუ მივიდოდა საქმე.

7 აგვისტოს, თორმეტის ნახევრისთვის დაიწყო დაცხრილვა. წამოვხტით, დედა ვერც მიხვდა რა ხდებოდა. ჩამოვიმხეთ თავზე, რაც მოგვხვდა ხელში, თბილებიც გამოვაყოლეთ და პადვალში გავიქეცით. ღამის პირველი საათისთვის მთელი სამეზობლო უკვე იქ იყო - ასე ორმოცი კაცი, ბევრი ბავშვებით. ვიღაც გვეუბნებოდა, გამორთეთ ეს ოხერი ტელეფონები, სადაც ბევრი ზარი დაფიქსირდება, იქ დაბომბავენო.  

დილით ადრე, სროლა ცოტა მიწყნარდა. გამოვედით გარეთ, სულ მინის ნამსხვრევები და დამდნარი მეტალი ეყარა, ფოთლებიც. მერე ისევ დაიწყო და პადვალში დავბრუნდით. ის დღე ეგრე გავიდა. პირში ვერაფერს ვიკარებდით, წყალსა ვსვამდით ბევრს. 

ველოდებოდით, ეს რუსის ჯარი როდის შემოვიდოდა. არავინ ფიქრობდა რო რამდენიმე დღე მოგვიწევდა ლოდინი. 

9 აგვისტოს, ღამით ისევ მაგრა ისროდნენ. ჩვენს პირდაპირ სამშვიდობოების შტაბი იყო, აქეთ მხარეს ჩვენი ჯარის, ალბათ მანდ ამიტომაც ისროდნენ. 

დაწვრილებით

პადვალში ჩვენთან ერთად იყო ჯულიეტაც, ჩვენი მეზობლის, სოსლან მალძიგოვის ცოლი. სოსლანა ჩემი ტოლი იყო, ერთად გავიზარდეთ. რვაში გავიგეთ, რომ დაიღუპა. ომონში მსახურობდა. ეს მისი ცოლი კიდე, იჯდა და ურეკავდა და ურეკავდა. მაგისი კურტკა ჰქონდა ზემოდან შემოცმული. 

10 აგვისტოს დილას, ადრე ისევ ჩაწყნარდა და ქუჩაზე გამოვედით. სულ დალეწილია ყველაფერი, ძირს კიდე ჭურვები ჰყრია, რაც არ აფეთქდა. დავუყევით ქვემოთ, მოსკოვის ქუჩისკენ. სადგურის და მოსკოვის ქუჩების გზაგასაყარზე, ქართული ტანკი ააფეთქეს. სახურავი 50 მეტრზე მაინც ავარდა და პროფკავშირის შენობის კიბეებს დაერჭო ზემოდან. ირგვლივ ფოთლები სულ ჩამოყარა. ხეებზე ნაწლავები ეკიდა. მერე ქუჩაზე ფეხით, რაღაც რბილს დავაბიჯე, შევხედე და თავის ქალის ნაწილი იყო, თმა და კანიც ზედ ჰქონდა შერჩენილი. 

უკვე იმასა ვფიქრობდით, რუსეთმაც და პრეზიდენტმაც მიგვატოვა-თქო. ყველა ტელეფონით ლაპარაკობდა, ხან ის მოკლეს, ხან ეს დაიღუპაო.  

9 აგვისტოს გამოვედით ქალაქიდან, მეზობლის მანქანით. ისეთი საშინელი გრძნობა იყო, სად მივდივართ, ნეტავი სახლს კიდე თუ ვნახავთ - არაფერი ვიცოდით. მარტო დოკუმენტები წამოვიღეთ. ქალაქიდან რომ გავდიოდით, მოვიხედე უკან - ბოლში იყო ყველაფერი გახვეული. ვიფიქრე, აქ ვეღარ დავბრუნდები-მეთქი და ტირილი ამივარდა. 

რუსეთის საზღვართან საღამოს მივედით. რუსების ჯარი როკის გვირაბთან დავინახეთ. იმ ღამით მოგვარესთან დავრჩით, მერე დაიწყო დევნილების ბანაკიდან ბანაკში ხეტიალი. 

მახსოვს ნაცნობებს ვურეკავდით. ჩემი ბევრი თანაკლასელიც იქ აღმოჩნდა. 12 აგვისტოს მიხაილოვსკში (ვლადიკავკაზის გარეუბანი) დაასაფლავეს სოსლან მალძიგოვი. იქ გადაასვენეს, რა იცოდა ხალხმა რა იქნებოდა, ამიტომ ბევრი ჩრდილოეთ ოსეთში კრძალავდნენ. 

სოსლანას დასაფლავებაზე მივედი. პოლიეთილენის პარკში ჰყავდათ გახვეული. ისე შრაშუნობდა ეს გასახვევი, მერე მივხვდი, ჭიები დადიოდნენ. 

მეორე დღეს, ჩემი კლასელი, ზალინა კალჩაევაც დაკრძალეს. მაგას და დედამისს სახლის კართან კასეტური ბომბი დაეცა. ზალინას თავი მოაგლიჯა. კუბოში საქორწილო კაბა ჩაუდეს, ორი კვირის მერე ქორწილი უნდა ჰქონოდა. ვიდექი დასაფლავებაზე ხესავით. ერთი ცრემლიც არ გადმომმვარდნია. 

ომის მერე, კიდევ დიდხანს ვერ ვტიროდი.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა