სარდაფი | ზაირა სლანოვა, ცხინვალი
30.07.2020 | 5 წუთიანი საკითხავიზაირა სლანოვა, 58 წლის, ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 2008.
2008-ში მთელი ზაფხული ისმოდა სროლის ხმა, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე გაუჩერებლად ისროდნენ.
ჩემი ფანჯრებიდან სოფელი ფრისი ჩანს. იქ საგუშაგოები იყო. ფიქრებით სულ მანდ ვტრიალებდი - ჩემი ბიჭი იდგა იქ, თავდაცვაში მუშაობდა. პირველი აგვისტო მთელი ღამე ფანჯარასთან გავატარე, როგორ დავიმალებოდი, სულ მაკანკალებდა, ბიჭზე ვდარდობდი. დილისკენ ნათესავებთან გადავედი, ერთი სახლია, სხვადასხვა შესასვლელი გვაქვს მარტო. შევედი თუ არა, ეზოში რაღაც აფეთქდა. დიდი არ იყო, ნასხლეტები გაიფანტა და ფანჯრები დალეწა, კარი დაიხვრიტა.
იმათ გოგო ჰყავდათ, პატარა შვილთან ერთად. ბავშვი მაგიდის ქვეშ შესვა და ბალიშები შემოუწყო. ბალიშები ტყვიებს არ ატარებსო.
იმის მერე ღამე არ გვძინებია. სულ ისროდნენ. შვიდში, საღამოს სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, ომი არ იქნებაო. ჩემი ბიჭი დაბრუნდა და მეც ამოვისუნთქე. სააკაშვილის კი არ დავიჯერე, მაგრამ ვიფიქრე ერთი-ორი დღე მაინც, მშვიდად დავიძინებთ-მეთქი. 11 საათი იყო, რო დავწექი და ისევ დაიწყო. ჩავიცვით და ჩემ ძმასთან გავიქეცით. იმათ სარდაფი აქვთ. ჩემმა ბიჭმა ისევ დაიკიდა ავტომატი და ბატალიონში წავიდა.
სარდაფი პატარა მარანია, მორყეული რკინის კიბით. მეზობლები მაშინვე მოვიდნენ, ექვსნი მოვგროვდით. უკვე არტილერია ისროდა. იფიქრებდი, ზემოთ სახლი უკვე აღარ არიო. მე კიდე ჩემ ბიჭზე ვფიქრობ. ერთ მომენტში, დილისკენ, უკვე მომეჩვენა ეს ბეტონის კედელი პირდაპირ თავზე მეცემოდა. დავიყვირე, მაგრამ დამაწყნარეს, გეჩვენებაო.
ჩვენი სახლის წინ ფსიქიატრიული საავადმყოფოა. ერთი მეზობელი იქ მუშაობდა და დილით გათენდა თუ არა, ავადმყოფების სანახავად წავიდა. მაშინ, ჯერ არ ვიცოდით, რო საავადმყოფო დანგრეულია. ცოტა ხანში ჩვენს სარდაფში იმ საავადმყოფოს თექვსმეტი პაციენტი ჩამოიყვანეს. სამი საავადმყოფოს თანამშრომელი, სანიტარი და ორი ექთანიც ახლდათ. ბევრი დაჭრილი იყო, მძიმედ - არა, ნასხლეტები ჰქონდათ მოხვედრილი, სისხლი სდიოდათ. გადავუხვიეთ ეს ჭრილობები.
სარდაფში ადგილი სულ აღარ იყო. რიგ-რიგობით ვჯდებოდით. ჩემი ძმის სახლიდან ორი ხალიჩა წამოვიღე და მიწაზე დავაგე. დაწვნენ ხალიჩებზე. ყველას ისიც არ ესმოდა, რომ საჭმელი და არაფერი არ გვაქვს. ეგრე გავატარეთ 8 აგვისტო. მე წყალი მომქონდა ხოლმე.
ისეთი სუნი და ჩახუთულობა იყო, ვეღარა ვსუნთქავდით.
ჩემი ქმარი სარდაფში არ წამოგვყვა. სვამს და ვერ დავითანხმე. დადიოდა ქუჩებში და შემოიხედავდა ხოლმე, ამბებს მოგვიყვებოდა. ერთხელ გვითხრა, ჩვენი მეზობელი, ალბინაო, ნასხლეტმა მოკლაო. მეშვიდე თვეზე იყო გოგო და მუცელში მოხვდაო. ორი შვილი დარჩა. გარეთ კიდე ცეცხლი საავადმყოფოდან სხვა შენობებზეც გადავიდა.
სანამ ტელეფონი არ დამიჯდა, ჩემ გოგოს ვურეკავდი ჩრდილოეთ ოსეთში. ახალ ამბებს მასმენინებდა ტელევიზორიდან, საშინელებებს ამბობდნენ.
მერე უცბად სროლები შეწყდა. მე და ჩემი მეზობელი ამოვედით სარდაფიდან და ვხედავთ, სამხრეთიდან ტანკი მოდის. რიმა მიქნევს ხელს: „აი, ჩვენი მშველელები! ღმერთმა გაახაროს თქვენი გამზრდელი დედებიო!“ ახლოს რო მოვიდა, ქართული ნაწერები დავინახეთ და უკან მოუხედავად სარდაფისკენ გავიქეცით.
ცხრაში საღამოს ხალხი ოჯახებით, მანქანებით დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთისკენ. ქართული ჯარი ხეთაგუროვიდან მოდიოდა ქალაქში. იმდენი დაიხოცა ძარის გზაზე, მანქანები მანდ დაცხრილეს.
სამი დღე ვიყავით სარდაფში. ათში შემოვიდა რუსის ჯარი და ცოტა იმედი მოგვეცა. მაშინვე ვერ დამშვიდდა სიტუცია. მაგრამ უკვე სახლში ვიყავით.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“