გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სარეკლამო პაუზა (უპაუზოდ) | პაატა შამუგია

ამელი ნოტომის „მკვლელის ჰიგიენაში“ მთავარი პერსონაჟია მხცოვანი კლასიკოსი მწერალი პრეტექსტატ ტაში, რომელიც ტელევიზორში მხოლოდ რეკლამებს უყურებს, მეტს არაფერს. და ძალიან შეწუხებულია, რომ რეკლამებს შორის ფილმებს და გადაცემებს ჩააჩხერენ ხოლმე. მართლაც, რა საჭიროა ამდენი ფილმი, შემეცნება, ფილოსოფია?! ფილოსოფოსი სენეკა სწერდა თავის მეგობარ ლუცილიუსს, რომ მისთვის აუტანელი იყო ყოველდღიურად გამყიდველების გამკივანი ფრაზების მოსმენა. ესენი, სავარაუდოდ, პირველი „რეკლამშიკები“ იყვნენ. ასე გამოდის.

თუმცა, მაშინ ისეთი დრო იყო, ყველაფერი შეგეძლო გეყვირა. ალბათ, ცუდი რამეებიც.

„თქვენზე იმდენი ცუდი რამ გავიგე, დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ“.

გახსოვთ ალბათ ეს ფრაზა „დორიან გრეის პორტრეტიდან“. ანტირეკლამის დეფინიციაა, ფაქტობრივად. ანტირეკლამაც რომ რეკლამაა, ეს ცნობილი ფრაზაა. იმდენად ცნობილი, რომ უკვე მისი ავტორი აღარაა ცნობილი. თანაც, ავტორი როლან ბარტმა მოკლა, ამიტომ ცნობილი იქნება თუ არა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, ზოგს ძალიან უნდა, ოღონდ ცნობილი იყოს და, თუნდაც მოკვდეს. ვიცით ჩვენ ასეთი თვითმკვლელობებიც, ხარისხიანი სარეკლამო ტრიუკივით ოსტატურად გათამაშებული – მიზანსცენა, ფაბულა, რამე. შეიძლება თუ არა, თვითმკვლელობა იყოს ლამაზი? – ჰკითხეს პოლი ბრაითს. აუცილებელიც კიაო, უპასუხია. ესთეტი რომ იქნები ადამიანი...

მაგრამ რეკლამაში ესთეტიკა არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია სიზუსტე. ეს იცოდა იესომ. „სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი“ ან „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!“ კარგი სლოგანია. მაგრამ მისი ჰიტი მაინც ეს იყო: „მიეცით კეისარს კეისრისა“. რეკლამის ოსტატი იყო ეგ ადამიანი. ადამიანი თუ ღმერთი? ალბათ ღმერთი. რეკლამისთვის მხოლოდ ღმერთი არსებობს. მომხმარებელი ღმერთია (წაიკითხე, როგორც: კლიენტი ყოველთვის მართალია). ამ მხრივ, ქართულ სარეკლამო სააგენტოებს სხვა გეზი აქვთ არჩეული.

მგონი, ცოტათი ათეისტები არიან. აგნოსტიკოსები მაინც. ან ვერ გარკვეულან. მაგრამ ტრაგედიას ნუ შევქმნით.

რეკლამას არ უყვარს ტრაგედია. უმალ კომედიას აირჩევს ხოლმე. ტრადიციულად, კომედია და ტრაგედია განსხვავდება იმით, რომ ტრაგედია იწყება კარგად და მთავრდება ცუდად, კომედია პირიქით – იწყება ცუდად და მთავრდება კარგად. ამიტომაც ჰქვია დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ კომედია და არა ტრაგედია. დანტესთან იწყება ჯოჯოხეთით და სამოთხით მთავრდება. რეკლამა არასოდეს მთავრდება. ის მარადიული სამოთხეა – ენერგეტიკული სასმლის მდინარეები, რომელიც გვაფრთია-ნეეეებს, „კოკა-კოლას“ ჩანჩქერი, სეიფგარდი და თქვენი კანი ბავშვის ტაკოსავით რბილი იქნება (ამ უკანასკნელი სლოგანის ავტორის ტვინში ჩავიხედავდი, მაინტერესებს, რა პროცესები მიმდინარეობს). ტვინი კარგია. რომელიმე კომპანიას აქვს ასეთი სლოგანი – ტვინი კარგია? არადა, რა კარგი სლოგანია. მხოლოდ კომპანიის დაარსება და რამდენიმე მილიონიღა მჭირდება. მე ერთი კაცი ვიცი, რამდენიმე მილიარდი ჰქონდა და პარტიას „ქართული ოცნება“ დაარქვა. და არჩევნები მაინც მოიგო. ეს ნიშნავს, რომ უინტერესო სახელი შეიძლება გქონდეს, მაგრამ წარმატებულად იმუშაოს შენმა რეკლამამ. ამაზე რეკლამის შესახებ დაწერილ წიგნებში არაფერი წერია. არადა, საინტერესო შემთხვევაა.

რეკლამა შემთხვევითობას გამორიცხავს. იქ ყველაფერი გაწერილი, სამიზნე აუდიტორიას მორგებული და ბაზრის პრინციპებს დაქვემდებარებულია. ამაოების ბაზარია ეს ყველაფერი. ამაოების ბაზარი მშვენიერი სათაური იქნებოდა რომანისთვის. თეკერეი იტყოდა, რომ ასე შემოდის რეკლამა მწერლობაში. კარგი შეფუთვა (ყდა, დიზაინი) აუცილებელია. და სათაური? „ვეფხისტყაოსანი“ კარგი სათაურია. იცოდა იმ კაცმა რეკლამის არსი. „ომი და მშვიდობაც“ მშვენიერია. „შექსპირი და კომპანიასავით“ ჟღერს. მოკლე სათაური ერთ რამედ ღირს. „ხმაურიანი ყაჩაღები, აგრესიული ცხოველები და კიდევ რამდენიმე რამე, რაც იქნებ ასე საშიშიც არ იყოს, გააჩნია რა დამოკიდებულება გაქვთ დაკარგული მიწების, მოსიარულე ტელეფონების, არამიწიერი არსებების, პერუში გაუჩინარებული მშობლების, ლარს ფარფად წოდებული კაცის და კიდევ ერთი ისტორიის მიმართ, რომელიც ჯერ მთლად არ დაგვისრულებია და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ“ – ეს სათავგადასავლო მოთხრობა არ არის, ეს სათავგადასავლო მოთხრობების კრებულის სათაურია, ენდი ჰოროვიცის რედაქტორობით გამოსული. მგონი, ცოტა გრძელია. რეკლამისთვის არ გამოდგება. ვრინგლისდაბლჯუსიფრუტის კევი. ჩემი ბავშვობის ტრავმა. გამარჯობა! ძაანგრძელსახელიანი როა, ეგ კევი მინდა.

არა, ეგ არა, მგონი ასე ჰქვია: ვინგისმერინსუსირკნუტი, არა, სრინგისდენისუსირნუდი. აარა, კრიმგინ... კარგი, „ლოვე“ მომეცით. ლავ იზ ოლ იუ ნიდ.

ოლვეის კოკა-კოლაუ ნადირაძე. ოლვეის ულტრა. ულტრათანამედროვე ტუალეტის ქაღალდი სახლში მიტანით. სახლი განვადებით ჯიქიაზე. თავისუფლება ცოტნეს. ახლა სარეკლამო ჭრაზე გავდივართ. არ გადართოთ.   

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა