ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბავშვები

საუბრები ბავშვებთან - დათა 16 წლის

მგონი, მუსიკოსად ვყალიბდები, ელექტრონულ გიტარაზე ვუკრავ. ამ დროს ისეთ თავისუფლებას განვიცდი. სახლში ცოტა შეზღუდული კი ვარ, ხმა აწუხებთ და მთხოვენ, ჩაუწიეო, ამიტომ უფრო სარეპეტიციოში ვიკრიბებით და ერთად ვუკრავთ ბენდი. როკის ყველა სტილს ვარ მოდებული.

მე სკოლაში, სამწუხაროდ, მაბულინგებდნენ, ადრე. რო გაბულინგებენ, ისეთი ძლიერი ვეღარ ხარ მერე, ფსიქოლოგიურად განგრევს. მუსიკოსების მიმართ, აი, როკერებზე და მეტალისტებზე ხო ისეთი დამოკიდებულება აქვთ, უცნაური. გარეგნობით და სტილით რო საზღვრავენ. მეც ყველაზე მეტად ვნანობ იმ დროზე, ცუდ სამეგობრო წრეში რო გავატარე.

ხო, ეს სტრესი აზროვნებას გიცვლის. შეიძლება, უცბად დაუმეგობრდე იმას, ვისთანაც არასდროს იმეგობრებდი, ან გააკეთო ის, რასაც შენი ნებით არ გააკეთებდი. ახლა ვცდილობ, ჩემი ნება-სურვილები უფრო ვაკონტროლო. აი, მაგალითად, იმიტომ დავიწყე მოწევა, რო მეგობრებს ავყევი.

ჩემს თაობაში ბაბულიკობა და ქუჩაში დგომა ცოტა გადავარდა, ახლა ინსტაგრამერი ტიპები წამოვიდნენ. ან, უბრალოდ, ჩემს სამეგობრო წრეში არ არიან ბაბულიკები და მეც ყველაფერს ვიწრო ჭრილიდან ვუყურებ.

ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით, ოღონდ ახლო მეგობარი უნდა იყოს. მატერიალური რაღაცეებით მანიპულირება დღეს მგონი აღარ არის. ახლანდელი თაობა აზროვნებას უფრო ადრეულ ასაკში იწყებს, ვიდრე წინა. ჩემი რვა წლის დისშვილის თაობა ჩემსაზე ბევრად განვითარებულია.


ჩემს თაობაში, მეჩვენება, რო პროტესტი იბადება. ის სხვაა, ახლა რომ არის აბსოლუტურად ყველაფრის პროტესტი მოდაში. დეპრესიულობაც გატრენდდა. რა თქმა უნდა, არ მომწონს, სუიციდალურები და მელანქოლიურები პოზის გამო რომ ხდებიან, უბრალოდ სხვას რომ ბაძავენ.

ძალიან მინდა, რაღაც შევცვალო. ეგოისტი რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისათვის გავაკეთებდი ყველაფერს. დავუკრავდი ჩემთვის, მაგრამ რაღაცის გამოსწორების სურვილი მაქვს, აი, მზად ვარ, ნებისმიერ ფასად.

ხშირად გამიგია ადამიანებისგან, ნეტავ, დრო დამაბრუნებინა უკან, ამას და ამას ვისწავლიდი, ამას გავაკეთებდიო. ვეცდები, ეს არასდროს ვთქვა.

 ____________________

სპეც-პროექტი "საუბრები ბავშვებთან" მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა