
საუბრები ბავშვებთან - ლუკა 15 წლის
07.06.2019სკოლაში არაფერი არ მომწონს. პატივისცემა არ გვაქვს მასწავლებლების და მასწავლებლებს მოსწავლეების. ისინი რო არ მცემენ პატივს, მე რატო უნდა ვცე. თვითონ რო კითხო, უეჭველი პატივისცემაა ეგ, როგორც გვექცევიან. ეხლა დაეგდეო, რო გეუბნება, უკვე არ მსიამოვნებს. მერე მეც გადავდივარ შენობითზე და არც იმას სიამოვნებს.
ხანდახან ისე მეშლება ნერვები, რო ხმას არ ვიღებ, გინებაზე რო არ გადავიდე. ან, ცოტას წავეკამათები ხოლმე, თავს ვიმშვიდებ რაღაცნაირად, რო ვითომ არ დავნებდი, რო არ დავეგდო მართლა იმ სკამზე.
უმეტესობა მასწავლებლების ეგეთები არიან.
ბავშვები ზოგი ვაფშე ყურადღებას არ აქცევს, ან ძინავს.
ისიც მითქვამს, რო აი, მას, რატო ელაპარაკებით ესე? ოღონდ იშვიათად ძაან.
შენ არ იცი, რო შეპასუხება უზრდელობაა? ენა გააჩერე! ‒ გეტყვის და ჩვენ მაინც არ ვჩერდებით.
მასწავლებლები რო გვაღიზიანებენ, მაგას მშობლებსაც ვუყვებით. ყველამ იცის. ჩემი ძმაც მოსულა და მშობლებიც. ცოტა ხნით მოგვარდება, მერე შეიცვლება მასწავლებელი და ისევ თავიდან იწყება. მასწავლებლებზე ვბრაზდები. წყენით უფრო მეგობრისგან გეწყინება. ერთმანეთისგან რამე რო გვწყინს, ვამბობთ, ბოდიშს ვიხდით და ვითვალისწინებთ, რა. ეგრევე გვარდება ხოლმე. ვინმეს თუ წყინს, თვითონ ამბობს, ან ჩვენ თვითონვე ვხვდებით სახეზე.
მე ყველაზე ძაან ლიტერატურა მაინტერესებს. იშვიათად ვკითხულობ, მარა მაინც მაინტერესებს. უფრო ან მეგობრებთან ვარ გარეთ, ან ვწერ ხოლმე რაღაცეებს ჩემთვის. თუ ფული გვაქვს, მაშინ სუ რესტორანში ვართ, იმიტო რო ფული თუ მაქვს, მე პირადად სუ საჭმელზე ვფიქრობ ხოლმე. ერთ რესტორანში დავდივართ, გოგოებიც მოდიან ძაან ბევრნი, მაგიდებს ვაერთებთ და ტვიში თუ რაღაც ჯანდაბა როა, მაგას ვსვამთ. ან ბირჟა გვაქვს, ბუნაგს ვეძახით, იქ ვართ, კიდე კომპიუტერების სათამაშოდ ჩავდივართ. მარა უფრო მაინც სახლში ვარ. სკოლაში მომწონს მარტო ქართული, ოღონდ მარტო წელს, იმიტო რო „ვეფხისტყაოსანს“ გავდივართ. ისტორიაც და მორჩა, მეტი აღარაფერი.
მინდა, რო სოფელში ვიცხოვრო, იმენა ვეღარ ვიტან თბილისს. ძაან მომბეზრდა, სუ ერთი და იგივე.
წერა მსიამოვნებს. სახლში ვწერ ხოლმე და სახელოსნოში (ლიტსახელოსნო). ბევრს ვწერ, ხან სცენებს, ხან წარმოვიდგენ ხოლმე რაღაცას. მწერალი ვიქნებოდი ძაან დიდი სიამოვნებით.
...აი, რამე თუ დაგრჩა სათქმელიო, რო მკითხეთ. მოვიფიქრე. უყვარდეთ ის, რისი შეყვარებაც შეიძლება ‒ ამას ვეტყოდი ყველას.
ავტორები :
- ანუკი კიკნაველიძე
- ნინი სპარსიაშვილი
- ანი ლაცაბიძე
___________________________________________
სპეც-პროექტი "საუბრები ბავშვებთან" მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.