
საუბრები ბავშვებთან - სალომე 18 წლის
05.06.2019სალომე
18 წლის
რაც მიყვარს და ყველაზე მეტად მენატრება, იმას ვხატავ ხოლმე. ზღვისა და მზის ჩასვლის ხატვა მიყვარს. მზეს უფრო მარცხნივ ვხატავ და თოლიებს უფრო მუქად, მარჯვნივ. ფსიქოლოგიურად ასე წარსულზე ჰყვებიანო. აფხაზეთიდან ვარ. ორი ფერითაც კი, იმდენი რამის გადმოცემა შეიძლება. ფერები თვითონ გეუბნებიან. მტრედები მიყვარს, ვგიჟდები. რომ ვნახო, ვინმეს გალიაში მტრედი ჰყავს, მივვარდები და გავუშვებ. მერცხლებიც მიყვარს, მაგრამ მტრედი უფრო. სანაპიროზეც ძალიან მიყვარს, განა ცურვა, უბრალოდ ყოფნა და თოლიების ხმის მოსმენა. კიდევ, ჩვევა მაქვს, ქვებს ვყრი ზღვაში. უარყოფითისგან ვიცლები ხოლმე. შეიძლება, უაზროა, მაგრამ ძაან მშველის. ყველაზე მეტად მენატრება აისისა და დაისის ნახვა. მხოლოდ ერთხელ შევხვდი აისს მთაში. აუ, რა მაგარია! ეს ნისლი რომ ადის მთებში, არასდროს დამავიწყდება. ჩემი სახლიდან ჩანს ხოლმე მთები. თორმეტ წლამდე ვხედავდი, მერე ერთ დღეში დავკარგე მხედველობა. ველოსიპედზე კატაობა მიყვარდა, აუ, აღმართზე ავიდოდი ხოლმე და ვეშვებოდი. ხელები ზევით მქონდა აპყრობილი. თან ჰაერი გიბერავს. ძაან მაგარია. ოცნება მაქვს, უსინათლოც რომ ვიყო, პარაშუტით უნდა გადმოვხტე. საერთოდ ვერ ვხედავ ახლა.
მოტოციკლი მიყვარდა კიდევ ძაან. ცოტა მეშინოდა, ბიძაშვილი სიჩქარის გიჟია, აწვენდა ხოლმე, ისე ატარებდა. აი, მამაჩემთან, ტანკებიც რომ იდგნენ წინ, არ შემეშინდება. მოტოციკლის დამუღამება მინდოდა და ერთხელ მუხრუჭის მაგივრად გაზს დავაჭირე, კინაღამ გავფრინდი. მაგის მერე ველოსიპედზე გადავერთე. დღე არ გავიდოდა, ველოსიპედზე არ დავმჯდარიყავი.
ყველაზე ბედნიერი ვარ ხოლმე, როცა ვინმეს ვეხმარები. მე რომ მინდა და ჩემი გულით ვეხმარები და არა თხოვნით.
არ მახსოვს, ვისი რომანია, „ადამიანი და მგლები“. მოკლედ, ორმოში ჩავარდებიან მგლები. სამნი. რაღაც ხნის მერე, ამ მშიერ მგლებთან ადამიანი ჩავარდება. შეეშინდება კაცს, მაგრამ მგლები არ შეჭამენ, დაინდობენ. რამდენიმე დღის მერე, კაცი მიწაში კიბეებს გამოჭრის და ორმოდან ამოძვრება. თურმე მონადირეა და თოფი აქვს ზემოთ. აიღებს და დახოცავს მგლებს. ისე შემზარა ამ რომანმა, მერე ვფიქრობდი, სალომე, შენც ესეთი ხარ-მეთქი?
ჩემთვის სამყარო დაყოფილი არაა ‒ ერთი მთლიანობაა, სადაც ბნელიცაა და ნათელიც. ბოროტებაც და სიკეთეც.
ახლა თავისუფალი ვარ. ადრე გამხდარი და სპორტული ვიყავი. ბიჭებთან ვმეგობრობდი უფრო. რომ დავუსინათლოვდი, მერე მივხვდი, რომ შენს თავს შენ უნდა მიხედო.
ერთ დილას დედაჩემმა გამაღვიძა და ისევ ღამეა-მეთქი, ვკითხე. რას ამბობ, მზე თვალებში განათებსო. რომ მიხვდა, ვერ ვხედავდი, გული წაუვიდა. მამაჩემი ტიროდა. მეც სულ ვტიროდი. მერე მივხვდი, ჩემი ცუდად ყოფნით ისინი უფრო ცუდად ხდებოდნენ და ჩემს თავს ვუთხარი, ასე აღარ გააგრძელო-მეთქი.
ძაან მიყვარს ეს ფრაზა, უეჭველი უნდა ჩაწერო. „ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს“.
ჩემს მშობლებს არ უყვართ, როცა მელაქუცებიან და არაფრის გამო მაქებენ. ერთხელ კალთაში ვუზივარ მამაჩემს და მეუბნება, ვინც არაფრის გამო თავზე ხელს გადაგისვამს, იმასთან ფრთხილად იყავიო. მიეჩვევი მერე და გარეთ რომ გახვალ, ცივ სამყაროს შეეჯახებიო. კარგი ადამიანებიც შეგხვდებიან და ცუდებიცო. ყველა ტკბილენოვანი არააო.
ცხრა წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ექვსი წლის ძმა გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. მეორე ძლიერი დარტყმა იყო, რომ დავუსინათლოვდი. ექიმების ბრალი იყო, მაგრამ ღმერთს ასე სურდა.
მშობლებზე ცუდის თქმა და ატომური ბომბი ვხდები, წითელი მენთება. სახლში დღეში რამდენჯერ ვრეკავ, არც ვიცი. ზოგს გონია, რომ მათზე ძალიან ვარ დამოკიდებული, მაგრამ არა. სომხეთში ვიყავი, პოლონეთში ვიყავი, უკრაინაში ვიყავი, თან საკმაოდ დიდი ხნით და მშობლების გარეშე. აქაც, სკოლა-პანსიონში ვცხოვრობ და მათ გარეშე ვარ. პირველად რომ მოვედი, მეცხრე კლასში ვიყავი, მამაჩემმა რომ დამტოვა და წავიდა, აუ, რამდენი ვიტირე, მეთქი, როგორ დამტოვა ამდენ უცხო ხალხში. მთელი ღამე ვტიროდი. მეორე დღეს თვალები ისეთი დასიებული მქონდა, ძლივს ვახელდი. მასწავლებელმა მკითხა, რა დაგემართა, იტირეო? ვუთხარი, კი, გადავხარშე, მამაჩემმა რომ დამტოვა და წავიდა-მეთქი. მერე სიცილით ვიხსენებდი, მაგრამ ის პირველი იყო სასწაული. არ ვიყავი მიჩვეული, სულ სახლი, სახლი. სახლიდან დავდიოდი სკოლაშიც.
მიყვარს დამოუკიდებლობა. ბოლო დროს ისე მენატრება უბრალოდ გარეთ გასვლა და სეირნობა, ბუნებაში ან პარკში. წინაზე, იცი, სად ვიყავით ასულები? მტირალაზე. ტყავის კურტკა მეცვა და ვიდექი. ხომ არაფერია, კლდიდან მოწვეთავს წყალი, მაგრამ ძაან მაგარია. ბოლო დროს, ქარი თუა, ძველ მოგონებებს წამომიშლის ხოლმე. მაგიტომ არ მიყვარს. აი, ფოთოლცვენა მიყვარს. ქარბორბალა ვნახე ერთხელ ფოთლების. რა სილამაზე იყო.
- ნინი სპარსიაშვილი
- ანუკი კიკნაველიძე
- ანი ლაცაბიძე
__________________________________________
სპეც-პროექტი "საუბრები ბავშვებთან" მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.