გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სავალდებულო სექსუალობა და ქვიარად ყოფნა | ლიკა ჯალაღანია

ფოტოკოლაჟი მარეიკე ვენცელის ნამუშევრის ფოტოდოკუმენტაციაა, 2013 წლის 17 მაისის დღეზე. პროექტი განხორციელდა WISG-თან კოლაბორაციით.

„ადამიანები დატყვევებულნი არიან ისტორიაში და ისტორია დატყვევებულია მათში“.
ჯეიმს ბოლდუინი

ხელისუფლებისგან იყო პირობა, რომ აქციის ყველა მონაწილის უსაფრთხოებას დაიცავდა. თუმცა 2018 წლის 17 მაისს, ლგბტქ ორგანიზაციებმა და ქვიარ აქტივისტებმა პირველად თქვეს უარი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საჯაროდ აღენიშნათ. ამით მათ არ მისცეს საშუალება მთავრობას, უსაფრთხოდ ჩატარებული აქციის გამო, საკუთარი თავი პროგრესულ ძალად მოენიშნა მაშინ, როცა ჰომოფობიის რეალურ პრობლემას ვერ დაერქმეოდა, რომ მოგვარდა.

ამ გადაწყვეტილებამ გაღიზიანება და დაბნეულობა გამოიწვია ლიბერალურ ჯგუფებში – არადა, საჯარო პოლიტიკაში ლგბტქ უფლებების მხარდამჭერებად სწორედ ისინი გვევლინებიან ხოლმე. დაიბნა ხელისუფლებაც. ვერცერთმა მათგანმა ვერ ახსნა ქვიარების ეს პოლიტიკური აქტი; გაუგებარი იყო, რატომ გადაუხვიეს მათ უნივერსალურ, საერთაშორისოდ აღიარებულ და ბევრჯერ ნაცად გზას, რომელსაც ლგბტქ ჯგუფები სხვა ქვეყნებში უპირობოდ წაუყვანია თავისუფლებისკენ. ბრაზი მიემართებოდა იმას, რომ ქვიარ ჯგუფმა უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის წესები“ და „სავალდებულო მითითების“ გვერდის ავლით გააგრძელა სვლა. დარღვევისათვის გათვალისწინებული გაფრთხილება კი ამ ციტატით შეფუთეს – „თუ შენ გაცვლი თავისუფლებას უსაფრთხოებაზე, არცერთ მათგანს არ იმსახურებ“.

ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფემინისტი ადრიან რიჩი 1980 წელს გამოქვეყნებულ უმნიშვნელოვანეს ესეში „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელად ყოფნა“, წერს, რადგან ჰეტეროსექსუალობა სავალდებულო მოცემულობაა ადამიანისთვის, ის ხშირად გამოიყენება ქალთა დასამორჩილებლად, მათი სექსუალობის გასაკონტროლებლადო. ადრიან რიჩი ამ საკითხზე მსჯელობისას იყენებს ორ მნიშვნელოვან ტერმინს: „ლესბოსელად ყოფნა“ და „ლესბოსური კონტინუუმი“ და ამას ასე ხსნის:

ეს ტერმინები ავირჩიე იმიტომ, რომ „სიტყვა „ლესბოსელობას“ შემზღუდავი გაგება და კლინიკური დატვირთვა აქვს. „ლესბოსელად ყოფნა“ კი მიგვანიშნებს ორ ფაქტზე: რომ ლესბოსელობა ისტორიულად არსებობს და რომ ჩვენივე არსებობით მას უწყვეტად ვქმნით და ვიმეორებთ. ვგულისხმობ იმას, რომ ტერმინში „ლესბოსური კონტინუუმი“ ვაერთიანებ ქალებთან იდენტიფიცირებული გამოცდილებების მთელ დიაპაზონს – თითოეული ქალის ცხოვრების გავლით მთელი ისტორიის განმავლობაში რაც კი ყოფილა – და არ ვგულისხმობ უბრალო ფაქტს, რომ ქალს ჰქონია, ან ცნობიერად სდომებია სხვა ქალთან გენიტალური სექსუალური სიახლოვე“, – წერს რიჩი.

როცა ცხოვრობ, როგორც ლესბოსელი, ამით ცხოვრების სავალდებულო წესს უარყოფ, – შენიშნავს რიჩი, – ლესბოსელები პოლიტიკური არსებობიდან ისტორიულად არიან გარიცხულები, რადგან აქაც მათ კაცებთან მიმართებით განიხილავენ: ლესბოსელებს წარმოაჩენენ კაცთა ჰომოსექსუალობის ქალურ ვერსიად. ეს ერთის ქვეშ ნაგულისხმევი მეორის იდენტობა კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე – ჰომოსექსუალი მამაკაციცა და ლესბოსელი ქალიც – სტიგმატიზებულია, „ნიშნავს, კიდევ ერთხელ სცადო ქალთა რეალობის ამოშლა“.

ლესბოსელად ყოფნის რიჩისეული განმარტება რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. ის შლის სექსუალური იდენტობის დადგენილ საზღვრებს და პატრიარქალური სისტემის მრავალწახნაგოვან შედეგებს გვაჩვენებს. ის ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად მცდარია ლესბოსელობის დანახვა კაცური ჰომოსექსუალობის პრიზმიდან, რადგანაც ქალის პიროვნებისა და აგენტობის მოქცევა ერთ იდენტობაში, ჩაგვრის სრულ სურათს ამარტივებს და მის მნიშვნელოვან ნაწილს შლის.

ქვიარად ყოფნა
გლობალურად და ლოკალურად, საქართველოშიც, დღევანდელი პოლიტიკა სწორედ ამ ერთ იდენტობაზე მორგებული ჩაგვრის აღწერისკენაა მიდრეკილი და უწყვეტად აწარმოებს მას. ეს ერთი იდენტობა გადაიქცევა მუდმივ, საერთო მსაზღვრელად, რომელზეც ადამიანის მთელი პიროვნება უნდა აიგოს და იწარმოებოდეს. ამგვარ მსაზღვრელზე სრული მიჯაჭვულობა კი წინასწარ ადგენს ჩაგვრის გადალახვის გზებს.

რა არის ეს ერთი იდენტობა, რომელზე საუბარს და რომლის დამალვასაც ერთდროულად მოგვიწოდებენ? ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო თავის განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნში „სექსუალობის ისტორია“ წერს ძალაუფლებაზე, რომელიც არეგულირებს – ის კი არ ახშობს სექსსა და სექსუალობაზე საუბარს, კონკრეტულ სივრცეებში თავადვე იწყებს მასზე მსჯელობას და, შესაბამისად, თავადვე აგებს ინტერპრეტაციებსა და შეხედულებებს. ამ მოცემულობაში სექსუალობა იქცევა ადამიანის სუბიექტურობის მთავარ მსაზღვრელად. ამ ინტერპრეტაციის შედეგია ამერიკელი პოლიტიკის თეორეტიკოსის, ვენდი ბრაუნისთვის ისიც, რომ სამართალი აწარმოებს სუბიექტებს. ჰქონდეს უფლება, როგორც ქალს, შენიშნავს ბრაუნი, არ ათავისუფლებს მას იმისგან, რომ განსაზღვრავდნენ მხოლოდ გენდერით და მის დაქვემდებარებას ამ განსაზღვრებით ცდილობდნენ. რეგულაციური ძალაუფლება დაუსრულებლად აწარმოებს ამ განსაზღვრებებს და მათ ქვეშვე გვარეგულირებს. ამრიგად, იდენტობაზე დაფუძნებული ადამიანის უფლებები „თავისუფლად“ კი არ მოგვეცემა, არამედ ყოველთვის – დისკურსულ, ნორმატიულ კონტექსტში.

შესაბამისად, შეიძლება თუ არა, რიჩის შენიშვნით დავიწყოთ სექსუალობის სავალდებულო ხასიათის გადააზრება? რადგან ვიფიქროთ მხოლოდ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის პრიზმით, რომელიც კონტროლს გვიქვემდებარებს და გვიმორჩილებს, სისტემის არსებითი გამარტივება იქნება. ასე ვეღარ შევძლებთ, დავინახოთ სავალდებულო სექსუალობის მეორე მხარე, კერძოდ ის, რომელშიც ქვიარ ჯგუფი სექსუალობის შესახებ დისკურსის ორმაგ წნეხს განიცდის: მოთხოვნას სავალდებულო ჰეტეროსექსუალობაზე და მოთხოვნას ქვიარობის/არანორმატიული სექსუალობის მუდმივ წარმოებაზე. თუ ვაღიარებთ, რომ ეს ორმაგი წნეხი არსებობს, მივალთ მოსაზრებამდე, რომ ჩვენ დღეს ძალიან შორს ვართ „ქვიარად ყოფნისგან“, ანუ ცხოვრების სავალდებულო წესის უარყოფისგან.

მაშინ, რა არის სავალდებულო სექსუალობის ის მოთხოვნები, რაც „ქვიარად ყოფნაში“ გვიშლის ხელს?

ესეს დასაწყისში ნახსენები მაფრთხილებელი ციტატა შემთხვევითი არ არის. მეტიც, ეს სიტყვები – „თუ შენ გაცვლი თავისუფლებას უსაფრთხოებაზე, არცერთ მათგანს არ იმსახურებ“ – გამოგვადგება ზოგად ჩარჩოდ სექსუალობის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების აღსაწერად. მეტიც, ის სულ მცირე სამ დომინანტურ ჩარჩოს გვთავაზობს თანამედროვე ემანსიპატორული „ბრძოლების“ შესახებ.

17 მაისი



პირველი: როგორია გათავისუფლების რეალური, უნივერსალური ჩარჩო.

მეორე: რა მეთოდებით, იარაღითა და სტრატეგიით უნდა მოვითხოვოთ გათავისუფლება, ანუ რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის მოდელი.

დაბოლოს, მესამე: ის აგებს გათავისუფლებადამსახურებულ – ღირს სუბიექტს, ანუ განსაზღვრავს ჩარჩოსაც იმ სუბიექტისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.

გათავისუფლების ამ ჩარჩოში, თავისუფლების უფლების მოთხოვნა და, შესაბამისად, მისი მიღებაც, მხოლოდ იმ სუბიექტს შეუძლია, ვისი მიზანიც წინასწარ დადგენილი გათავისუფლების მიღწევაა, ბრძოლის ასევე წინასწარ დაგენილი მეთოდიკითა და სტრატეგიით – აქციაზე გასვლა და შენს იდენტობაზე ხმამაღლა საუბარი, როგორც განმათავისუფლებელი აქტი. მანიფესტაციის უფლების გამოყენება, როგორც წინასწარვე დაშვებისა იმისა, რომ ეს აუცილებლად თავისუფლებამდე მიგიყვანს. ხოლო თუ ამ აქტს არ ახორციელებ, ესე იგი, ლაჩარი ხარ და შენი იდენტობის გრცხვენია.

არგენტინელი აკადემოკისი, ლეტისია საბსაი აღნიშნავს, რომ დემოკრატიზებული სუბიექტების მიერ წინასწარ დაშვებული გათავისუფლების იდეის მისაღწევად, ასევე, წინასწარ დაშვებული მეთოდებით ბრძოლა, მას ცვლილების პოტენციურ აგენტად კი აქცევს, მაგრამ გათავისუფლების ამ შანსსაც, როგორც პრეცედენტს, თავად სისტემა უშვებს. ანუ სისტემა ინდივიდებს მხოლოდ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი ჩაბმით კი არ აუვნებელყოფს, სადაც ჩვენ ჩაგვრის ტოტალობასთან მიმართებით აშკარად უთანასწორო პოზიცია გვიკავია, არამედ იმითაც, რომ ამ ბრძოლაში ჩართვის უფლებასაც თავად გვაძლევს, რითაც ჩვენს განიარაღებას მთლიანად ახერხებს.

ამ ნარატივში ყველაზე მტკივნეული ნაკარნახევი სუბიექტურობის შექმნა და შენარჩუნებაა. ეს პოლიტიკა სუბიექტს მისსავე იდენტობას აჯაჭვავს. იდენტობა ხდება მისი აგენტობის მთავარი იარაღიც. ამ იარაღის დაყრა კი სირცხვილისა და სიმხდალის გამოვლენის აქტია. ამ პოლიტიკას დაჭრილები მხოლოდ მათი დაჭრილობის გამო აინტერესებს. არა მისი ჭრილობის სამკურნალოდ, არამედ მის მსხვერპლად შესანარჩუნებლად, რასაც ამ შეხორცებული ნაიარევის მუდმივი მონიშვნით აკეთებს. საზოგადოება ვერ პატიობს ამ ჯგუფებს საკუთარი იდენტობის მიღმა გასვლას და კვლავ უკან აბრუნებს. სწორედ ასეთად სურს საზოგადოებას, ლიბერალური ჯგუფების ჩათვლით, მათი ხილვა და ამიტომაც არის, რომ მსხვერპლად შენარჩუნების ამ პროცესსაც გამადიდებელი შუშით მეთვალყურეობს. ამ დროს იდენტობა „შუშის კარადას ემსგავსება, რომელიც მონიშნულია ჰიპერხილვადობითა და თავისუფლების აღკვეთით, სპექტაკლითა და სპეკულაციით“.

თუ ამ დისკურსულ ხაზს გავყვებით, მაშინ აუცილებლად უნდა დაგვებადოს კითხვა, რა არის ჩვენი აღიარების პირობები და როდის ვთავისუფლდებით მასში? ვინ იხდის ხილვადობის ფასს? და რა არის მისი ღირებულება, თუ ის ქვიარ ჯგუფის სხეულის რეპრეზენტაციითა და არსებობის სექსუალიზებით სარგებლობის შემდგომი გათავისუფლების ნაცვლად, მათ ღიად დატოვებულ კარადაში აბრუნებს?

არადა, თვალთვალის ეს პრაქტიკა ისეა მოწყობილი, თითქოს, ქვიარ თემის კარადიდან გასათავისუფლებლად იყოს შექმნილი, რადგანაც ეს „გეიდ ყოფნის ყველაზე ემანსიპატორულ გზად მიიჩნევა“. თუმცა ხილვადობა, რომელიც კარადიდან გამოსვლასთან ასოცირდება, აუცილებლად განმათავისუფლებელი სულაც არ არის. როგორც ადრეული თეორეტიკოსები აღნიშნავდნენ, ქამინგაუთის ნარატივი გეი იდენტობის ესენციალიზებასა და მის უმცირესობად ქცევაზე იყო ორიენტირებული. ქამინგაუთის დისციპლინა ისეა მოწყობილი, რომ ქვიარი ორმაგად ისჯება – ხან იმის გამო, რომ არ არის ღია და ხანაც იმის გამო, რომ ღიაა. როგორც გენდერის მკვლევარი, სტეფანი კლერი აღნიშნავს, „დღეს ლესბოსური და გეი იდენტობისთვის პრობლემა მის ქვიარობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ საკუთარი თავის მიმღებლობა აკლია. მართლაც, ეს „დანაკლისი“ შეიძლება გავიგოთ ქვიარობის ახალ ფორმად, რომელიც აუცილებლად იმას კი არ გამოხატავს, რომ ირღვევა გენდერისა და სექსუალობის ნორმები, არამედ ირღვევა სრულიად ახალი ნორმების ერთობლიობა – ნორმებისა, რომლებიც უკავშირდება თავდაჯერებულობას და ღიაობას; ნორმების, რომელთა დაცვასაც განსაკუთრებით აფასებს ნეოლიბერალური კულტურა“. შესაბამისად, დღეს „კარადიდან გამოსვლა არა რადიკალური ან ცვლილებების მომტანი აქტი, არამედ „ნორმალურ“ გეიდ ყოფნის აქტია. ის აღარ აღიქმება სოციალური ტრანსფორმაციის პროექტის დასაწყისად. ნაცვლად ამისა, ის ინდივიდუალური თვითრეალიზების პრაქტიკაა – დაშორებული კოლექტიური სოციალური ცვლილებების მიზნისგან“.

მაშინ, როგორ უნდა დავუბრუნდეთ კოლექტიურ მიზანს – სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ პოლიტიკას ისე, რომ თან ღიად დატოვებულ კარადაში არ გვაბრუნებდნენ? იდენტობის პოლიტიკისგან, ტრავმის ისტორიისგან და ჩვენი მსხვერპლობისგან ხომ მხოლოდ ქვიარ ჯგუფი არ უნდა გათავისუფლდეს. მისგან ისინიც უნდა გათავისუფლდნენ, ვინც მოითხოვს ჯგუფის მუდმივ მიჯაჭვას ამ იდენტობებზე, ვინც ამ ადამიანებს სულიერ სიშიშვლეს, ტრავმების არდავიწყებას და მასზე მუდმივ საუბარს აიძულებს, ან უბრალოდ მათ, თავიანთი იდენტობის გამო, არათანასწორ თანამებრძოლად მიიჩნევს სოციალური მიზნისთვის გაერთიანებისას.

ქვიარ ჯგუფების იდენტობაზე მიჯაჭვის პასუხისმგებლობა კოლექტიურია. არა მხოლოდ ქვიარ ჯგუფი, არამედ საზოგადოება და ლიბერალურად, მემარცხენედ თუ კონსერვატორად მონიშნული ჯგუფები არ არიან მზად (სხვადასხვა მიზეზით), გაათავისუფლონ ის სავალდებულო სექსუალობისგან, ტრავმის ისტორიისა და მუდმივი მსხვერპლობისგან.

არადა, ქვიარად ყოფნა – სავალდებულო სექსუალობისა და მასში დატყვევებული ისტორიისგან გათავისუფლება, შეიძლება იყოს გზა იმ ემანსიპაციისკენ, რომელიც ტელევიზიით არ გადმოიცემა; იმ ჯანყისკენ, რომელსაც ვერ გააშუქებ; იმ ქვიარ კონტინუუმისკენ, რომელსაც ვერ თარგმნი.

სოლიდარობა ამხანაგ ქვიარებს!


ავტორი: ლიკა ჯალაღანია
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა