გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საყდრისი

საყდრისი - ობიექტიდან სიმულაკრამდე

მოვლენების ქრონიკა

27 აგვისტო, 2009 წელი

... კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო... ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები. წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ უპოვიათ. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ.

15 მარტი, 2014

... 2014 წლის 14 მარტს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახლახან დანიშნულმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. მათ ბრძანეს, რომ საყდრისის მაღაროს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მისი უძველესობის შესახებ, არის მითი. ბატონმა მარგიშვილმა სამინისტროში მყოფ ჟურნალისტებს გვაცნობა, რომ ოქროს მომპოვებელ კომპანია "არემჯი გოლდს" უკვე გადაუგზავნეს ნებართვა, რითაც კერძო კომპანიას საშუალება ეძლევა, სამუშაოები დაიწყოს.


19 თებერვალი, 2014

.... რატომ ააფეთქეს მსოფლიოში საყდრის-ყაჩაღიანის პირველი ოქროს საბადო ყაჩაღურად? და დადგება თუ არა კულტურის მინისტრ გიორგაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი?


1 ოქტომბერი, 2018

... საყდრისი მთელი სიდიადით წარმოჩინდება არქეოლოგიურ გამოფენაზე "ოქრო და ღვინო. საქართველოს უძველესი საგანძური". გამოფენა მიმდინარეობს ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში 2018 წლის 6 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

საყდრისი 10 წელიწადში რეალობიდან ისეთივე მითად იქცა, როგორც „საქართველო ტრაპიზონიდან დარუბანდამდე“, „უძლეველი თამარ მეფე“ და ასობით სხვა, ქართველების ეროვნულ სიამაყეს რომ უდევს საფუძვლად. ალბათ, რამდენიმე თვე დააკლდა საყდრისს, რომ უნიკალურ მეცნიერულ აღმოჩენად დადასტურებულიყო. ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ: ნამდვილად იყო თუ არა ის უძველესი ოქროს მაღარო; იყო თუ არა, მის მახლობლად აღმოჩენილი უძველესი დასახლება, სამარხები, და მადნის დამამუშავებელი სახელოსნოები სამთოელების დასახლება; რა ცივილიზაცია ცხოვრობდა ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე ათასწლეულში ამ ტერიტორიაზე და როგორ შექმნეს სახელმწიფო ორგანიზმი, მადნეულის წარმოება და ორგანიზებული შრომა, რაც მხოლოდ სახელმწიფო სისტემაშია შესაძლებელი.

მკითხაობა რთულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ყოფილ შუამდინარეთში, ყველაფერი, რაც ისტორიულ ცივილიზაციებს მოწმობდა, ტერორისტებმა, სულ ახლახან, მიწის პირამდე გაასწორეს. ტერორისტებს არც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ჩამორჩა და 10 წლის წინ აღმოჩენილი უნიკალური ძეგლი მიწის გულამდე ამოჭამა. როგორც აღმოჩნდა, ისტორიული მემკვიდრეობა განუვითარებელი სახელმწიფოებისათვის ფუფუნებაა, მით უმეტეს, თუ ეს მემკვიდრეობა მსხვილ ბიზნესინტერესებთან იკვეთება.

2013 წლის ზაფხულში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფში ჩავერთე. ჩემი დავალება თანამედროვე ხელოვნების შესახებ დოკუმენტის შექმნა იყო. ჯგუფს მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე თვეში, სწორედ სამინისტროში შევიტყვე, რომ 7 ოქტომბერს საბოლოოდ გადაწყვეტილა საყდრისის ბედი – მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ძეგლს არქეოლოგიის სტატუსი მოუხსნეს. კონცეფციაზე მომუშავე კოლეგებისგან შევიტყვე, რომ სტუდენტების ჯგუფი „მწვანე მუშტი“ ამ თემაზე უნივერსიტეტში უკვე შეხვედრებს მართავდა. 19 ოქტომბერს კი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და გეოლოგმა დავით სახვაძემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. სტუდენტებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. ძეგლზე მუშაობის დასაწყებად კომპანიას კულტურის სამინისტროს თანხმობა სჭირდებოდა. „არემჯიმ“ საკუთარი „ექსპერტების“ ჯგუფს კვლევა შეუკვეთა. კვლევამ დაასკვნა, რომ საყდრისი სტერილური იყო და მას არქეოლოგიური ფენები არ გააჩნდა.

კულტურის სამინისტრომ დასკვნა არ მიიღო და 2014 წლის 13 იანვარს მუშაობის დაწყებაზე უარი განუცხადა. კომპანიამ შანტაჟი დაიწყო: წარმოება დახურა და საწარმოდან 180 მუშა გაათავისუფლა.

კომპანიაში დასაქმებულებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია მოაწყვეს. 14 თებერვალს კი კაზრეთში კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის თანამშრომლების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი მივიდა. გაფიცულები მძიმე შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. გაფიცულებს მხარი ბოლნისელებმა, დმანისელებმა და კაზრეთის მოსახლეობამაც დაუჭირა და დემოსტრანტთა რიცხვი 3000-მდე გაიზარდა. ძირითადი მოთხოვნები: სამსახურიდან განთავისუფლებულთა აღდგენა, ხელფასების ზრდა, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა იყო; შიგადაშიგ იკვეთებოდა მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად; თუმცა ოფიციალურ მოთხოვნაში მუშებს საყდრისის გადარჩენის საკითხი არ წამოუყენებიათ.

თბილისიდან კაზრეთამდე სულ 100 კილომეტრია, ის ბოლნისის მუნიციპალიტეტშია, რომელსაც ფაქტობრივად მთლიანად „არემჯი“ ინახავს. იქ ადამიანურ ურთიერთობებსა და ყოფასაც კი კომპანია განსაზღვრავს. თებერვალში პირველად ჩავედი „მწვანე მუშტის“ წევრებსა და მარინე მიზანდართან ერთად. შთაბეჭდილება მძიმე იყო – დაგვხვდა პატარა საბჭოთა ქალაქი, ულიფტო მაღალსართულიანი კორპუსებით,  სკოლებით, სადაც წყალი არ ჰქონდათ, კარაქივით ჩამოჭრილი მთები, დაბინძურებული მდინარე, მტვერი და დაცვის მანქანები, საიდანაც კაცები ძალაუფლებითა და ქედმაღლობით სავსე თვალებით იმზირებოდნენ. განსაკუთრებით თავზარდამცემი იყო კომპანიის მახლობლად მდებარე დაუმთავრებელი შენობა, სადაც უსახლკაროები შეესახლებინათ. კორპუსის ქვის იატაკზე ეძინათ ბავშვებს, კედლებზე წყალი ჟონავდა.

კაზრეთმა გააბათილა ჩემი სუბიექტური მითი საყდრისზე, კაშკაშა ოქროს საბადოზე... პრობლემა ბევრად უფრო კომპლექსური იყო. საყდრისში დაწყებულ მოძრაობას როგორმე უნდა გაეერთიანებინა ადგილობრივების მდგომარეობაც და თბილისიდან ჩასული აქტივისტების უპირველესი მიზანიც – მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის გადარჩენა. ეს განსხვავება და თითქმის შეუთავსებლობაც მაშინვე გამოიკვეთა. მთავარი და პირველხარისხოვანი თბილისიდან ჩასული აქტივისტებისთვის სხვა რამ იყო, მუშებისთვის – სხვა. არ ვიცი, რამდენად განსაზღვრა ამ ყველაფერმა საყდრისის მოძრაობის ბედი, თუმცა სხვაგვარი მიმართულება რომ მისცა პროცესს, ეს ცხადია.

იმ პირველ ჩასვლაზე, ერთ-ერთმა კაზრეთელმა გვიმასპინძლა და მისგან გავიგეთ სწორედ, რას გულისხმობდნენ მძიმე სამუშაო პირობებში, რაც გაფიცვის მიზეზი გახდა: არც უსაფრთხოება ჰქონდათ, არც სასადილო და არც საპირფარეშო; რაც ყველაზე ცინიკურია, საშინელ უთანასწორობას ხედავდნენ ხელფასებშიც: ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი 5.000-22.0000 ლარამდე მერყეობდა, მუშა კი მხოლოდ  300-800 ლარს იღებდა. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა და კომპანიის შანტაჟისა, რომ საყდრისის ბორცვის დამუშავების გარეშე, მუშები თავიანთ კუთვნილ ხელფასებსაც ვეღარ აიღებდნენ, კაზრეთელები და გარშემო დასახლებების მცხოვრებლები მაინც აქტიურად ჩაებნენ საყდრისის დაცვის კამპანიაში.

პროტესტი გამძაფრდა. ხელოვანების ჯგუფმა „ბულიონმა“ კულტურის სამინისტროს შესასვლელთან წითელი ხაზი გაავლო და სახელმწიფო მოხელეებს მიუთითა, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია. „მწვანე მუშტმა“ სამინისტროს კიბეებზე 30 კვერცხი დააწყო, როგორც გაყიდული საყდრისის სიმბოლური ღირებულება. სამოქალაქო სექტორმა 70 ორგანიზაციის ხელმოწერით განცხადება გააკეთა. აქტივიზმში ჩაერთო საპატრიარქოს ახალგაზრდული ფრთა „დავითიანი“.  წერილები მოიწერეს ბოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, არქეოლოგიურმა ინსტიტუტებმა, სამეცნიერო ცენტრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „საყდრისის დაცვის“ მოთხოვნები გაჩნდა გაფიცული მუშების აქციებზეც, ოღონდ უფრო ფრაგმენტულად, უფრო ინერციულად.

არც ის ვიცი, რამდენად გააზრებული იყო ერთად დგომა 22 მარტს, როცა თბილისიდან რამდენიმე ავტობუსი დაიძრა ცოცხალი ჯაჭვის აქციაზე საყდრისის გადასარჩენად. სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, „მწვანე მუშტი“, „დავითიანი“ და საყდრისის დამცველი მოქალაქეები დაბა კაზრეთში მუშების გაფიცვაზე მივიდნენ, და ყველანი გაერთიანდნენ: საყდრისის დამცველებიცა და გაფიცული მუშებიც თავიანთი მხარდამჭერებით, და ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს საყდრისის ბორცვს. ჩვენ ჩვენი ოქროდან ნამცეციც კი არ გვრჩება, შიმშილით, ვალებითა და ჰაერის დაბინძურებით ვიხოცებით. ავიღოთ და არ დავუთმოთ საყდრისი „არემჯის“, – ამბობდნენ გაფიცული მუშები.

აქციის შემდეგ საყდრისის დამცველი ჯგუფები ერთმანეთს შეხვდნენ. მარინე მიზანდარსა და საყდრისზე მომუშავე არქეოლოგებს საკმაოდ რეალისტური ხედვა ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა მისი შენარჩუნება ისე, რომ ძეგლი არ დაზიანებულიყო და მუშებს მუშაობა არ შეეწყვიტათ. შესაძლებელი იყო აფეთქების გარეშე ძეგლზე მადნის მომპოვებელი მუშაობის გაგრძელება. ბოხუმის უნივერსიტეტმა ჩვენს მთავრობასა და კომპანიას საყდრისის მუზეუმ-მაღაროდ გადაქცევაც შესთავაზა, მადნეულის მოპოვების ქვედა ფენებში დახურული მაღაროს პრინციპით მუშაობა უსაფრთხოების გარანტიით და ობიექტის ასევე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, სადაც ტურისტს შესაძლებლობა ექნებოდა, უძველესი მაღაროც ენახა და მადნეულის მოპოვების პროცესიც. ეს პერსპექტივა მისაღები იყო მუშებისთვისაც, მაგრამ არა „არემჯისთვის“, რომელმაც იცოდა, რომ ამ მეთოდით მუშაობას ბევრად მეტი დრო და რესურსი სჭირდებოდა, ვიდრე  აფეთქებას.

ზუსტად 2 დღეში მუშათა გაფიცვა მოულოდნელად შეწყდა. 22 მარტის აქციის შემდეგ, „არემჯი გოლდმა“ ყველა ხერხს მიმართა, რომ სასწრაფოდ აელაგმა გაფიცვა. დატერორებითა და მოსყიდვით გადაიბირა მუშები. გაფიცულები არ იღებდნენ ხელფასებს, უმრავლესობას ჰქონდა ბანკის კრედიტები. მაღაზიებიც კი არ მუშაობდა. გაფიცვამ 40 დღე გასტანა. მუშებს გაფიცვის მოთხოვნების დიდი ნაწილი არ დაუკმაყოფილდათ. ისინი გაჩუმდნენ, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა კი მნიშვნელოვანი ძალა დაკარგეს. ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე რუსული ფესვების მქონე კომპანია „არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ „მძევალია“.

კაზრეთის ორმოცდღიანი გაფიცვა პირველი მასშტაბური და კონსოლიდირებული გაფიცვა იყო საქართველოში. ეს 40 დღეც სიმბოლური პერიოდია, კაზრეთის მუშები და მათი ოჯახები მეტს ვეღარ გაუძლებდნენ. კომპანია კი უხამსი მეთოდებით იბრძოდა: იძახდა, რომ მუშაობა შეჩერებულიაო, სინამდვილეში კი სხვადასხვა რეგიონიდან ქირაობდა მუშებს და მადნის მოპოვებას მაინც აგრძელებდა. გაფიცვის დროს, დაბინძურებული წყალიც გაუშვეს კაზრეთულაში, თითქოს, მუშების გაფიცვამ საწარმოო ავარია გამოიწვია. კომპანიის წინაშე აბსოლუტურად უუფლებო იყო მუშა, და ოდნავი დათმობაც კი კომპანიის მხრიდან, მათთვის გამარჯვებას ნიშნავდა.

საყდრისი განწირული იყო. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ადგილზე დაცვა იყო. შეიქმნა „საყდრისის დაცვის კომიტეტი“, რომლის ერთ-ერთმა დამაარსებელმა „დავითიანმა“ კარვების მობილიზება ითავა და 14 აპრილს საყდრისთან კარვების აქცია გამოცხადდა.

კარვებში სხვადასხვა იდეოლოგიის დაჯგუფებებმა მოიყარა თავი: მემარცხენე, მემარჯვენე თუ ულტრამემარჯვენე, რომლებიც პროცესს ეროვნულ მოძრაობად აცხადებდნენ. კარვების აქციებში უკვე აღარ ჩანდნენ ადგილობრივები. როგორც მაშინ შევიტყვეთ, კომპანია მკაცრად აკონტროლებდა კარვებთან კომპანიის დასაქმებულების ან მათი ახლობლების მოძრაობას. ისინიც, სამსახურის დაკარგვით შიშით, აშკარა მხარდაჭერას ერიდებოდნენ. თუმცა ხშირად, აქციის მონაწილეებს საჭმელს უგზავნიდნენ ან სახლში ეპატიჟებოდნენ. საყდრისი ადგილობრივებისათვის იმაზე მეტად ღირებული იყო, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მას 2004 წლამდე – აღმოჩენამდეც კი – მუზეუმს ეძახდნენ. ბევრი მითი დადიოდა საყდრისზე, ზოგი ირწმუნებოდა, რომ თამარ მეფის საფლავი იქ იყო...

იმავე დღეს ჩავედით საყდრისის კარვების აქციაზე. დემონსტრანტებს უკვე კარვები გაეშალათ, სამლოცველო კუთხე მოეწყოთ. პარალელურად, საყდრისის ბორცვზე კომპანიის მანქანები მუშაობდნენ.

ფართომასშტაბიანი კარვების აქცია საყდრისთან 2014 წლის 13 ივნისამდე გაგრძელდა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივისა“ და დავით სახვაძის მოთხოვნა და სამინისტროს გარემოებების გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

ეს დიდი გამარჯვება იყო. დემონსტრანტების დიდი ნაწილი გულდამშვიდებული დაბრუნდა კარვების აქციიდან. მათ ეგონათ, კომპანია მუშაობას ვერ გააგრძელებდა, ვიდრე მეცნიერები ძეგლის მნიშვნელობას ბოლომდე არ გამოიკვლევდნენ. თუმცა ყველაზე თავდადებული 2-3 ადამიანი მაინც პატრულირებდა ბრძოლით მოპოვებულ ბორცვზე.

2014 წლის 13 დეკემბერს შპს „RMG-GОLD“-მა საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი აქტივისტების, დაინტერესებული მხარეების, სოფლისა და მუშების გაუფრთხილებლად ააფეთქა.

საყდრისის ნგრევა მრავლობითი დამაზიანებელი ეფექტით დასრულდა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ კომპანიის არალეგალურ საქმიანობას შეუწყო ხელი, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ გამოვიდა მმართველობა საკანონმდებლო ჩარჩოდან; რამდენ არაკანონიერ მანიპულაციას მიმართა სისტემამ; მსხვილი კომპანიის ზეწოლის ქვეშ მყოფმა, როგორ დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია. საყდრისის აფეთქება არ ნიშნავდა მხოლოდ წარსულის განადგურებას, ამ ქმედებამ ნახევრად დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. და, რაც ყველაზე დიდი ბოროტებაა, ეს ყველაფერი „RMG Gold“-ში დასაქმებულ „3000 მუშას“ გადააბრალა.

ყველა ის ჩინოვნიკი თუ მეცნიერი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო საყდრისის ნგრევის პროცესში, დააწინაურეს. დღეს ისინი არც საჯარო გამოსვლებს ერიდებიან. „RMG Gold“-მა თბილისში დედაენის ბაღი საახალწლოდ მორთო, ბოლნისში მუზეუმი ააშენა.

წელს, ოქტომბერში, საყდრის-ყაჩაღიანის მიდამოებში მოპოვებული არტეფაქტები, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამაში ჩართეს. ეს არტეფაქტები, მათი აღმომჩენი არქეოლოგის, ირინე ღამბაშიძის შრომითა და ძალისხმევით, ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში გამოიფინა.

საქართველოს სახელმწიფომ პოსტმოდერნისტული კულტურის შესაფერისი აქტი ჩაიდინა – საყდრისი აქცია ასლად, სიმულაკრად, რომელსაც ორიგინალი არ გააჩნია.

თუ ფილოსოფიურ ჭრილში და თან ირონიულად შევაფასებთ, ასეა. რაც ეხება იურიდიულ შეფასებას, სამართლის სპეციალისტების დასკვნები უკვე არსებობს, და იმედი მაქვს, ეს დასკვნები კიდევ ერთხელ იქცევა სასამართლო პროცესად, როგორც საყდრისის ნგრევით შელახული სახელმწიფოებრიობის რეაბილიტაციის მცდელობა.

როდესაც საქართველოს გარეთ პრეზენტაციებს ვაწყობთ საყდრისის საქმის შესახებ, ხელოვნების სპეციალისტები ვერ ხვდებიან, რატომ იყო დამოკიდებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბედი ადგილობრივ მუშებზე, რადგან ძეგლი ლოკალური კი არა, გლობალური მნიშვნელობის გახლდათ. ამის ახსნა რთულია. რომ გაიგო, კაზრეთში უნდა ცხოვრობდე. საქართველო დღევანდელი მდგომარეობით „ნეოკოლონიალური“ ან „თვითკოლონიალური“ უფროა, ვიდრე პოსტკოლონიალური ქვეყანა. საყდრისიდან გადამუშავებული ოქრო აქ წარმოებაშიც კი არ მიდის, არამედ პირდაპირ ნედლეულის საექსპორტო პროდუქტია. დაახლოებით ისეა, ფიროსმანის ფერწერა დახარჯული საღებავისა და მუშამბის ფასად რომ გაყიდო.

საყდრისის პროტესტი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ერთ-ერთი პირველი მასშტაბური მოძრაობაა პოსტსაბჭოთა საქართველოში. იგი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესანარჩუნებელ ანტისაბჭოთა მოძრაობასაც კი შეადარეს. მოძრაობა სპონტანური და იმპულსური იყო, დაგეგმვა და სტრატეგია კომპანიისა და მთავრობის სინქრონულად მიღებული გადაწყვეტილებების საპასუხოდ მუშავდებოდა.

საყდრისის მოძრაობა დამარცხდა და კომპანიამ სრულებით დახურა რეგიონი ნებისმიერი სამოქალაქო ინტერვენციისათვის.

მიუხედავად ამისა, საყდრისის მოძრაობა დღემდე არის პირველი ანტინეოლიბერალური ამბოხი საქართველოში, რომლის პროვოცირებაც კულტურის ობიექტმა გამოიწვია.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა