შედედებული ღამეები | ready-made
ready-made (ალექს ჩიღვინაძე, „ინდიგო“ #36)
იქ,
სადაც სადღესასწაულო დეკორაციების მიღმა
ყოველთვის ქვიშით სავსე ტომრებია,
იქ,
სადაც მოედანზე მდგარი ნაძვის ხის პაროდიის შიგნითაც ტომრებია,
ბინძური, ოკუპირებული მიწით სავსე,
სანტას ხელოვნური წვერი კი ყოველთვის თამბაქოს სუნად ყარს,
რადგან ის გიჟივით ეწევა შესვენებაზე ანორექსიკ ირმებთან ერთად.
და დილით ისეთი ლამაზი ამბები ხდება ქალაქში:
ქურთი მეეზოვეები საზოგადოებრივ ტუალეტებში ცეკვავენ,
ბეღურები ნარწყევის ტბასთან დაძაბულად ხტუნავენ,
მეგრელი მიმტანი გოგოები ასობით შანდალს თეთრ სანთლებს ამაგრებენ,
რომლებიც ახალი ქართველებით სავსე დარბაზში უნდა აანთონ.
და
გაჭვარტლული თბილისიდან კი დათოვლილი მთები მოჩანს,
შორს,
რაღაცნაირ იმედად,
თუ პირიქით, ნიშნისმოგებად,
თუ მინიშნებად,
სიმშვიდეზე.