შეკრულობა
რამდენიმე კვირაა ჩემი გონება
და მთლიანად ორგანიზმი
ამპუტირებულია შეკრულობით;
ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად
ის რაც შიგნით მქონდა დაგროვებული
არ გამოვიდა დროებითი არსებობის წერტილიდან.
ჯიუტად, მთელი არსებით გავიჭინთე,
ვენები სხეულზე საგამოფენო ექსპონანტივით გამომესახა,
თუმცა, არაფრით ინება პატივცემულმა
მყუდრო ადგილის დატოვება,
მოგზაურობა მილის გავლით
ქალაქის საკანალიზაციო არხში,
და ბოლოს, სამუდამო ნავსაყუდელი
ქალაქის მთავარ მდინარეში,
რომელთანაც ჩვენი ქვეყნის უდიდესი პოეტი იჯდა,
და ურთულეს საქმეს, ფიქრს ეწეოდა,
როგორც კუბურ სიგარას,
და ჩვეული სევდიანი მანერით სტროფებს კრეფდა ფურცელზე,
რათა საუკუნეების შემდეგ, აბიტურიენტების გონებას
მისი ჩახლართული კოდების კითხვა დაეწყო.
ერთი სიტყვით, ამ ამბიდან არაფერი გამოვიდა,
ვიჯექი დაცქვეტილი,
რამდენიმე საათი უნიტასზე და ვიჭინთებოდი
მშობიარობა გაწელილი ტანჯული ქალივით,
არადა ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი პროცესია,
აუცილებელი აქტი,
სხვა დროს, როცა ნაწლავები მემორჩილებოდა,
მე დილის სიმშვიდეში მშვიდად ვაგდებდი
უნიტაზის წყლით სავსე ტბაში
ჩემს შინაგან მდგომარეობას,
შემდეგ, ჩარეცხვამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში
დიოგენეს მიმიკით ვიდექი მის წინ და ჩემს შინაგან სამყაროს,
ჩემს მოსაქმებულს გავცქეროდი,
როგორც ულამაზესად გაშლილ ხედს,
რომელიმე ძვირადღირებული ზღვისპირა ქალაქის
სასტუმროს ვერანდიდან,
და ვიკვლევდი ჩემს პიროვნებაში გაჩენილ ღრიჭოებს –
თავნებობას, სიუხეშეს, დიდ წილად ეგოიზმს,
მთელი არსებით ვცდილობდი საქმის გამოსწორებას,
რათა ვყოფილიყავი უფრო სპეტაკი,
ვიდრე ვიყავი, და ამიტომაც,
მოსაქმების დასრულებისას, როგორც გითხარით
ვით დიოგენე დავცქეროდი საკუთარ ნეხვს,
ჩემი არსებობის არსის შესაგრძნობად.
ახლა კი... აბა რა გითხრათ,
უკვე რამდენიმე კვირაა არაფერი გამომდის,
და თუ გამომდის, ისიც მცირე,
საკუთარი არსებობის არსის ძიებისთვის არა საკმარისი.
ისიც ვიფიქრე, იქნებ საქმე ცუდად წავიდა,
იქნებ არასწორად ვხელმძღვანელობდი
საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოჯანმრთელების პროცესს,
იქნებ ჩემი არსებობა დაპატარავდა,
თანაც, თუ ვენდობით წამყვან, როგორც ადგილობრივ,
ასევე უცხოურ სამედიცინო საიტებს
შეკრულობას ძირითადად მშრალი და მწარე საჭმელი იწვევს,
მე კი, ეს ბოლო დროა, რაც ცოტა მომეცა
ფინანსური საშუალება
სუპერმარკეტში შესული, ფერად ვიტრინასთან მდგარი
სამომხმარებლო კულტურის მსხვერპლი ვხდები,
და ორგანიზმისთვის არაჯანსაღ, მაგრამ ლამაზად შეფუთულ
პროდუქტს ვყიდულობ,
ასევე, ეს ბოლო დროა, ხშირად დავდივარ
ძვირადღირებულ რესტორანში,
სადაც მძიმე ხალხთან ერთად მშრალ ღვინოს
და მშრალ საჭმელს ვეახლები – თევზი, მოლუსკები,
ნივრის და გოგრის ხარჩოში ჩალაგებული
საწყალი ბატკნის ხორცი,
თანაც უზომოდ დიდი რაოდენობით,
რადგან, ახლა, როგორც უკვე იცით
ფინანსური საშუალება მომეცა
და რასაც იქამდე ვერ ვჩუქნიდი საკუთარ თავს,
ყველაფერს ზედ ვაყრი,
სასაჩუქრე ცხენიდან გადმოყრილი ფერადი კანფეტებივით.
სწორედ ამიტომ, შესაძლოა ჩემი ეგო დაკმაყოფილდა
და შესაბამისად, ჩემი არსებობის არსიც შემცირდა,
სწორედ ამიტომ, შესაძლოა ვისაქმებ ცოტას,
უმეტეს შემთხვევაში კი თითქმის არაფერს,
რაც საგრძნობლად დაეტყო ჩემს სხეულს –
რამდენიმე კილო სრულიად შეუმჩნევლად მოვიმატე,
ცხადია, დიდი ტკივილის ფასად.
ისე კი, რაც ეს მჭირს,
ეს საშინელი გაუალობა,
ასე მგონია, ყველა ჩემსავით იტანჯება,
ასეთია ადამიანი, უფრო სწორად, ასეთია
ეგოკმაყოფილი ადამიანი,
ასე ჰგონია, ყველაფერი მის გარშემო მოძრაობს,
თუმცა შესაძლოა ეს აზრი, სულაც არ იყოს აზრს მოკლებული
და მართლაც, მთელ მსოფლიოს გამოეღვიძა შფოთიანი
სიზმრების შემდეგ, და საშინელი შეკრულობა იგრძნო,
როგორც ერთ წიგნშია, რომელშიც სამყაროს ეპიდემია გადაურბენს
და უკლებლივ ყველა ბრმავდება,
იქნებ, ჩვენ ყველა ეპიდემიის მსხვერპლნი ვართ,
დაგვეწყო შეკრულობა და გვერიდება ამის შესახებ საჯაროდ საუბარი.
მართლაც, დღეს ტელევიზორში, პრემიერ მინისტრი ვნახე,
პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა და ოპონენტების კითხვებს პასუხობდა,
უკმეხი სახე ჰქონდა, თითქოს მისი მტაცებელი
ცხოველივით გაშმაგებული სახე სევდამ დაიპყრო,
ისეთმა სევდამ, რომელიც მხოლოდ შეკრულობის დროს გეუფლება.
(მე უკვე დეტალურად ვიცნობ უკლებლივ ყველა დეტალს)
მისი ოპონენტებიც, თითქოს, რაღაც უცნაურს ჰყავდა შეწუხებული,
კითხვებს ძლივს აბამდნენ თავს,
და სხეულს აქეთ-იქით უცნაურად ათამაშებდნენ,
თითქოს, სკამზე, რომელზეც ლამის მეხუთე მოწვევაა სხედან
ლურსმნები იყო ჩალაგებული
და მათ მანერებს უხერხულ აქტად აჩენდა.
როცა ზიხარ უნიტაზზე,
იჭინთები და გარეთ არაფერი გამოდის,
როცა ეს პროცესი გრძელდება საათობით,
ავტომატურად იწყება ფიქრი,
და ყველა ფიქრი, ერთადერთს, ამ მდგომარეობას ეკუთვნის:
ეს ფილოსოფიური საკითხია – შეკრულობა
და მას, სამომხმარებლო კულტურის მიმართ ქედის მოხრა იწვევს.
ამ დროს, ამ საშინელი მარცხის ჟამს, ასე ჰგონია,
რომ ყველა უბედურების მეტაფორა – შეკრულობაა:
იწვის ამაზონის ტყე,
სამყარო რვა ადამიანს ეკუთვნის,
ევროპა იშლება,
რუსეთი ისევ საბჭოთა კავშირის აღდგენას ოცნებობს,
ბიძინა ივანიშვილი ზვიგენების გამოსაკვებად უზარმაზარ
აკვარიუმში ზაქარია ქუცნაშვილს აგდებს,
აფრიკაში წყალი არ არის, სამაგიეროდ შიმშილია და შიდსი,
ჩვენთან დოლარი ღრუბელს უკაკუნებს,
სადღაც შორს ხალხი კვდება ტუბერკულიოზით,
ლევან ჯიბღაშვილის ახალი შეყვარებულის ბალოტისფერმა
ქურთუკმა, პეკინის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა შეაჩერა –
მთელი სამყარო ამ დედა მოტყნული შეკრულობით იტანჯება,
ევროპა იჭინთება, რუსეთი იჭინთება, ამერიკა იჭინთება,
ქვეყანა, რომელშიც დავიბადე, თითქმის ოცდაათი წელია
უნიტაზზე ზის და იჭინთება,
ვერაფრით ახერხებს მოჯვას დემოკრატია,
ძალაუფლების სურვილით შეპყრობილი კაცუნები უჭერენ ანუსზე
და მოსვენების საშუალებას არ აძლევენ.
უეჭველად ასეა, ან საერთოდ შევიშალე, საკუთარი არსებობა დავკარგე,
თუმცა ერთი დღესავით ნათელია – ეს არ არის ჩემი,
ანუ ინდივიდუალური პრობლემა,
ის საერთოა, როგორც ჰაერი,
ან როგორც უფრო ცუდი შედარება.
ახლა კი, როცა ამ ყველაფერს ვწერ, უცებ ტყლაპ –
გაისმის ხმა – ჩემი არსებობის ლეგიტიმაცია ტბაში ჩავარდა,
შესაძლოა საერთოდ არ იყოს საქმე ასე რთულად,
ასე რთულად, შესაძლოა საქმე საერთოდ არ იყოს.