ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სექსი ოღონდ ზომიერად

იმის გამო, რომ სხეულებრივი მოთხოვნილებები თავისას შვრებოდა, ინტელექტუალურ თავმოყვარეობაშელახულმა პლოტინმა თქვა, მრცხვენია, რომ სხეული მაქვსო. 

მეორე ფილოსოფოსმა ორიგენემ კი, სექსუალურ ცდუნებებს რომ არ ემძლავრა მასზე, სულაც, კასტრაცია ჩაიტარა და ნაფერებ-ნალოლიავები კვერცხები ხელის ერთი მოსმით წაიჭრა.

არც მეთექვსმეტე საუკუნის რუსეთი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი, სადაც ანტისექსუალურმა კამპანიამ რიტუალური ფორმა მიიღო. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გაჩნდნენ ე.წ. სკოპცები, რომელთაც ქრისტეს გზაზე შესადგომად რიტუალური თვითდაყვერვა აირჩიეს.

რთული სათქმელია, ქრისტესთან მისაახლოებლად საჭურისობა რამდენად ახლო გზაა. ფაქტი ისაა, რომ სექსის დემონიზაცია დღეს არ დაწყებულა და, სავარაუდოდ, არც დღეს დამთავრდება.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს სახელმწიფოების დიდი ნაწილი გახდა სეკულარული და, შესაბამისად, დაკარგა ადამიანის სულზე დომინაცია, ის ებღაუჭება დომინაციის უკანასკნელ შანსს – სხეულს. ამიტომ ცდილობს ასე სასოწარკვეთით სახელმწიფო, რომ „განკარგოს“ ჩვენი სხეულები, შემოლესოს ის კანონმდებლობის ბათქაშით. კანონი უწესებს მოქალაქეებს, რა უნდა დალიონ, მოწიონ, როგორი სექსი უნდა ჰქონდეთ – პოლი თუ მონოგამიური, ჰომო თუ ჰეტეროსექსუალური.

1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „პროლეტარიატის სექსუალური ცხოვრების კოდექსი“ სახელმწიფომ კანონმდებლობაში სხეულის ექსპორტის „იდეალური“ გზა აჩვენა: „კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება“.

ასე მიამიტურად გაიყიდა სახელმწიფოს სურვილი, აწარმოოს მოქალაქეთა სხეულების ესთეტიკა და ეთიკა. 

სახელმწიფო ცდილობს, სექსუალური სურვილები ჩააყენოს საწარმოო სამსახურში.

„არაოფიციალური“, ანუ სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის, სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი სულაც არაა.

რეპროდუქციის მართვა კაპიტალზე პირდაპირ აისახება. მეტი რაოდენობა ნიშნავს მეტ მუშახელს, მეტი მუშახელი ნიშნავს მეტ კაპიტალს, მეტი კაპიტალი ნიშნავს მეტ ძალაუფლებას. მაგრამ მხოლოდ რაოდენობა არაა მთავარი, მთავარია ლეგიტიმაცია. სახელმწიფომ უნდა „აკურთხოს“, დასტური სცეს წყვილის სექსუალურ ცხოვრებას – ამისათვის კი მომავალ ცოლ-ქმარს ბიუროკრატიული მღვიმეების გავლა უწევს. მართალია, ამ უფლებებში სახელმწიფოს ეკლესია ეცილება, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. მთავარი გასაღები, როგორც იტყვიან, სახელმწიფოს ხელშია.

ალბათ არც არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ, საბოლოოდ, ძალაუფლებამდე მივდივართ.

თუმცა, წყალი სხვა მხრიდან იმღვრევა. ფსიქოლოგები კარგა ხანია, შეთანხმდნენ, რომ იქ, სადაც სექსი აკრძალულია, ის  ყველაზე უხეში და შეურაცხმყოფელი ფორმით იჩენს თავს ხოლმე. და ეს ჩვენ ვნახეთ. ვნახეთ, როგორ სასტიკად მოექცნენ ადამიანების ინტიმურ სივრცეს, როგორი შეურაცხმყოფელი ფორმით გამოდეს პირადი ცხოვრების დეტალები.

მართალია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაგვამშვიდა, ნუ შეუშინდებით შანტაჟს, სექსი მეც მაქვსო და არათუ უბრალოდ მაქვს, მრავალფეროვანი სექსიც კი მაქვსო, მაგრამ რეალობა ცოტა უფრო ბუნდოვანია.

ჩვენთან სექსი, რა თქმა უნდა, აკრძალული არაა, მაგრამ მთლად ნებადართულიც არ ეთქმის. ცოლქმრულს იქით, სექსის სხვა ფორმატი მკაცრად ლიმიტირებულია და განწირულია  შერისხვისთვის. 

წერისას სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასაც გავეცანი და საინტერესო მაგალითებიც ვნახე. „გარდიანის“ გამოკითხულთა მესამედი ქალწულობას/ვაჟიშვილობას გარდატეხის ასაკამდე კარგავს. ამ მხრივ, საქართველოსთან დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, ოღონდ მხოლოდ ცალმხრივად. ბიჭების უმეტესობა უფროსი ბიძისა და კეთილი მამაშის მეშვეობით დაახლოებით ამ ასაკში კარგავს ვაჟიშვილობას. გოგონებთან რთულად რომ არის საქმე, ეგ უკვე ვიცით. თუ ოფიციალურად დაქორწინებული არაა, ქალწულობის დაკარგვა რომ ეროვნული ტრაგედიაა, არც ესაა სიახლე.

და რაკი პრეზიდენტმაც კი ისაუბრა საკუთარ სექსუალურ გამოცდილებებზე, მეც ორ სიტყვას გავხარჯავ.

ვინაიდან ერთი ბიძა მოსკოვში მყავდა და მეორე – ერგეტაში, მამას კი სექსზე საუბარს ვერ ვუბედავდი, მომიწია საკუთარი ჰორმონების ჩაცხრობაზე თავად მეზრუნა. ვეჯინიდან გურჯაანში ერთი თვე ფეხით დავდიოდი და ასე დავზოგე ავტობუსში გადასახდელი ფული. მტკიცედ გადავწყვიტე, ეს დანაზოგი ერთიანად ჩემი სექსუალური პრაქტიკისთვის მიმეძღვნა. ასე ამოვყავი თავი გურჯაანის ბორდელში, სადაც ქალაქის ყველაზე პოპულარულმა პიროვნებამ – მამაშა მაყვალა დეიდამ (სახელი შევცვალე) – მიმასპინძლა, მკითხა, აბა, რომელი გინდაო. რავი, რომელიმე-მეთქი. ამორჩევის თავი სად მქონდა, ვღელავდი კაცი. გახდილი ქალი იქამდე არ მენახა და პირველი, რაც გავიფიქრე, ეს იყო: ღმერთო, რამხელა ყოფილა! ძალიან შემეშინდა და თავს შევუძახე, გამხნევდი, პაატა-მეთქი. მაგრამ მთავარი განსაცდელი წინ იყო.

შიში რომ შემატყო, შიშველი გოლიათი ქალი წამოიმართა, თავზე ხელი დამადო და „ნუ გეშინია, დედიო“, – გამამხნევა, თავისი ჭკუით. აი, მანდ გავფუჭდი. მაგრამ მალევე მოვედი აზრზე და იმის მერე ორი თვე ისევ ფეხით დავდიოდი ვეჯინიდან გურჯაანში. 

ბოლოს ფეხები დამეღალა და შევეშვი.

მაშინ გამართულად ორადორი ინსტიტუტი მუშაობდა საქართველოში: ბოზის ინსტიტუტი და ქალიშვილობისა. თითქოს, ერთმანეთს გამორიცხავს, მაგრამ სიღრმისეულად რომ ჩავიხედოთ, მიზეზშედეგობრივი კავშირები ხელისგულზე გადაგვეფურჩქნება.

მაშინ ერთი ასეთი ისტორიაც დაიარებოდა: ერთ ჩვენს თანასოფლელს ბორდელში სექსმუშაკისთვის ორალური სექსი უთხოვია. იმას კიდე, ეგ ვის აკადრეო და ისე უტკეცია, როგორც ზაქარია მხარგრძელმა სტკიცა რუქნადინის ელჩს ბასიანის ბრძოლის წინ. 

არ მინდა, ტრაგიკული სურათი დავხატო. სექსთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველგან ტაბუირებული იყო, მარტო ჩვენ არ ვართ გამონაკლისები, ცხადია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვეწელა სექსუალური რევოლუცია. სწორედ ამიტომ იყენებენ მოქალაქეების სექსუალურ ცხოვრებას კომპრომატად. 

ვიქტორიანულ ინგლისში ზრდილობა და მორალური ნორმები ძალიან მკაცრად რომ კონტროლდებოდა, ეს არახალია. იმ დროს გოგოები ისე თხოვდებოდნენ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ სექსის შესახებ. პირველი ღამის წინ კი ქალიშვილებს დედები „ანათლებდნენ“. „დაწექი გულაღმა და იფიქრე ინგლისზეო!“ ამ გადმოცემაში ცოტა გადაჭარბებაც იქნება (იმედი მაქვს), მაგრამ ერთ საინტერესო ასპექტს კი უსვამს ხაზს – სექსს წარმოგვიდგენს, როგორც რაღაც ისეთს, რაც სიამოვნებას კი არა, თავგანწირვას მოითხოვს.

დღევანდელ ინგლისში ასე ალბათ აღარავინ ფიქრობს, მაგრამ ჩვენთან რა სიტუაციაა, რთული სათქმელია. მით უფრო, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების სერიების შემდეგ, კაი ჯანმრთელი კოიტუსი მართლაც თავგანწირვა გამოდის.

მე პირადად ყოველი სექსის დროს, სამშობლოზე არა, მაგრამ მეგის ქარდავაზე მეფიქრება.

ჰოდა, არ უნდა იყოს ეს კარგი ამბავი. ასე მგონია.  

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა