ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შეხება, ყნოსვა, გემო | დიანა ანფიმიადი

ვიღაცისთვის ეს ლათინური, დიდი ასოებით დაწერილი საშიში სიტყვაა, რომელსაც ჯობს არ გაეკარო. ვიღაცისთვის – გენიოსი, სუპერშესაძლებლობის ბავშვები, სტივ ჯობსი, აინშტაინი, ბეთჰოვენი, რამე. ვიღაცისთვის – არც არაფერი, სიტყვა, რომელიც ხშირად ესმის და დიდად მნიშვნელობაც არ იცის. ჩემთვის რა არის აუტისტური სპექტრის აშლილობა? – ერთი პატარა, საოცრად ლამაზი ბიჭია, უცნაური აზრებით, საინტერესო ნახატებით, თასმების შეკვრის პრობლემებით, ტვინში ჩამონტაჟებული გამრავლების ტაბულით, საკვების მიმართ თავისებური (რბილად რომ ვთქვათ) დამოკიდებულებით.

ოჰ, როგორი წუნიაა, უჭმელი, მე ამის ასაკში ისეთი გურმანი ვიყავი, ან კიდევ შენ უარესი იყავი, ახლა ნახე, როგორია უჭმელი ბავშვი: გიო, ერთი კოვზი დედის, ერთი კოვზი მამის, ერთი კოვზი ბებოს ხათრით, რა გაგიკეთო, რომ შეჭამო და ა.შ და ა.შ.

კვების პრობლემები ბავშვებში ძალიან გახშირდა, არ არის აუცილებელი, რომელიმე კონკრეტულ დიაგნოზს ან განვითარების თავისებურებას უკავშირდებოდეს. ისედაც, ძალიან ხშირად გსმენიათ, როგორ ერიდებიან ბავშვები წვნიანში სხვადასხვაგვარი სტრუქტურის შემადგენლებს, როგორ ურჩევნიათ დაბლენდერებული სუპები და კრემსუპები, როგორ არ ჭამენ ბოსტნეულს, სხვადასხვა ფაქტურის ხილს, როგორ ერიდებიან ახალ გემოებს და კერძებს (ერთი ჩემი მეგობრის ბავშვია, რომელმაც ერთხელ თავზარი დასცა დედამისს კითხვით: – დე, ეს ბარკალია? – ვაშლს გულისხმობდა?)... ალბათ, თქვენც ბევრჯერ გინახავთ, რომელიმე თეფშის გვერდით აზიზად ჩამოწყობილი მოხარშული ბოსტნეული სუპიდან, სხვადასხვა სახის მარცვლეულისა და ბარდეულისკენ ბრაზით მიპყრობილი მზერა. ცნობილი ამბავია – ენის წვერით ხახვს გამოარჩევ მთლიანი ლუკმიდან და ჯერ ხელზე მოითავსებ, მერე ხელსახოცში გაახვევ და შეუმჩნევლად გადააგდებ.

მოკლედ, თუ თქვენი შვილი ბროკოლის დაუქუცმაცებელს მიირთმევს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაგიმართლათ, მე ამ ბედნიერთა რიცხვში ვერ მოვხვდი. მე სენსორულად მეტისმეტად მგრძნობიარე ბიჭი მყავს, რაც, რასაკვირველია, კვებით სირთულეებზეც აისახება.

როგორ ვიქცევი?  

რამდენიმე მარტივი წესი, იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენს შვილსაც თხელი და ერთგვაროვანი საჭმელი ურჩევნია. მე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვასქელებ თხელ პიურეს თუ დაბლენდერებულ ქათმის წვნიანს და ვუცვლი სტრუქტურას, ჯერ სულ რამდენიმე ყველის კუბი პიურეში, მერე უმი ბოსტნეული, რამდენიმე ცალი, თხელი სტაფილოს რგოლი ანდა ბროკოლის პატარა ყვავილედი, მოკლედ, ასე, თანდათან ვართულებ საკვების შემადგენლობას, უფრო მრავალფეროვანს ვხდი.

როდესაც ბავშვი განსხვავებული ზედაპირის ან გემოს საკვებს არ მიირთმევს, მას შეხების პრობლემაც ექნება. ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ ადამიანი, ვინც თითსაც ვერ დააკარებს გაუფცქვნელ ატამს და გემოსაც ვერაფრით გაუსინჯავს, ამიტომ ჩემი და გიორგის კვებითი თერაპიული თამაშები გრძნობის სხვადასხვა სფეროს ეხება.

ჩვენ ვუყურებთ, განვიხილავთ, ვხატავთ იმ პროდუქტს, რომლის გასინჯვაც გვსურს და გვეშინია, მაგალითად, ვიღებთ მწიფე ლეღვს ან ოქროსფერ კარალიოკს, კარგად განათებულ მაგიდაზე ვდებთ, შევხედავთ, რა ლამაზია, როგორი ხასხასა ფერი აქვს, მოდი, დავხატოთ, საღებავები ან პასტელის ფანქრები იქვე გვაქვს, ვხატავთ. 

მოდი, შევეხოთ, ვნახოთ როგორია, ვეხებით, ვეფერებით, თითებით ვსწავლობთ. შემდეგ სურნელს შევიგრძნობთ, ვყნოსავთ, სხვა სუნებს ვადარებთ. შემდეგ სულ პაწუკა ნამცეცს ვსინჯავთ, ეს შეიძლება მაშინვე არ გამოვიდეს, იქნებ შეჩვევის პროცესი დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ სარგებელი, რომელსაც ეს თუ სხვა ხილი თქვენს შვილს მოუტანს, ნამდვილად ღირს ექსპერიმენტად.

კიდევ ერთი სასარგებლო მეთოდი ერთად მზადებაა. თანამედროვე ბავშვებს ძალიან უყვართ ჩაძიებ-ჩაკირკიტება, უამრავი კითხვის დასმა, სათამაშოებისა თუ წინადადებების შემადგენლებად დაშლა, ამიტომ, თუ ზუსტად ეცოდინებათ,  მათთვის შეთავაზებული კერძი რისგან მოამზადეთ, უფრო გაბედავენ გასინჯვას. ჩვენთვის ეს საყვარელი თამაშია, გიორგი მიჭრის ბოსტნეულს, თქვეფს კვერცხს ან თუნდაც კრემს, რეცხავს ლობიოს თუ ბარდას და ჩემთან ერთად ზელს ცომს თავისი საყვარელი ჭვიშტარისათვის.

დაკვირვებული ვარ, გემრიელი საწებლის თუ სოუსის თანხლებით ყველაფერი შეგიძლიათ შეაპაროთ, საწებელი კი სულ, სულ ახალი, ცოცხალი პროდუქტებისგან მოამზადეთ. პომიდვრის საწებელი თუ ახალი ტყემლის, ჟოლოს სმუზი თუ მაყვალი, ყველის სოუსი, ანდაც შოკოლადის... ამის დახმარებით, ასე სასარგებლო ხორცსაც გაასინჯებთ და ხაჭოს ბლინებსაც.

ხაჭოზე გამახსენდა. თქვენს შვილსაც არ უყვარს? იქნებ ჩემი რეცეპტით გეცადათ და ხაჭოს ბურთულები სულ მარტივად ქოქოსის ფხვნილში, შოკოლადში ან ნიგოზში ამოგევლოთ? სულ ცოტა თაფლს მოასხამთ ან თბილ-თბილ კრემს და სასარგებლო დესერტიც მზადაა.

შეგრძნებების მრავალფეროვნების გასაძლიერებლად შეგიძლიათ ციტრუსებიც გამოიყენოთ, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი. კიდევ? კიდევ გემოთა ოპოზიციები – ტკბილი-მწარე (მეტისმეტი არ მოგივიდეთ), ნეიტრალური-მჟავე, სტრუქტურაც ასე – ხაოიანი-სრიალა, მაგარი-რბილი...

ფუდარტის გამოყენება გიცდიათ თამაშისას? ეს მეთოდი მეტყველების განვითარების სავარჯიშოდაც გამოდგება, ჯერ ფერებს ჩამოთვლით, მერე ხილის თუ ბოსტნეულის დასახელებებს, ბოლოს კი – სურათსაც აღწერთ.

მოკლედ, წუნია ბავშვების მშობლებო, იმ ფაქტს, რომ თქვენი შვილი საკვებს ერიდება, შეზღუდული რაციონი აქვს და სიახლეების ეშინია, შესაძლოა მრავალი მიზეზი ჰქონდეს: რომელიმე დიაგნოზი ან უბრალოდ მშობლის მცირე ჩართულობა, თამაშის ნაკლებობა გემოთა სამყაროს შეცნობისას.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა