გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შემოდგომის იასამნები | ელა, ცხინვალი

ელა, 45 წლის, ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

2008-ში მთელი ზაფხული ისროდნენ ჩვენსკენ, მაგრამ 1 აგვისტოს მაინც ყველაზე მაგარი სროლა იყო. 18 წლის მერე, პირველად გვეძინა იატაკზე. უკვე სერიოზულად იყო საქმე. მაგ ღამეს ჩვენი ძაღლიც, სარაც ავად გახდა. გადავარდა გვერდზე და ცხვირიდან სისხლი წასკდა. ნასხლეტი ხომ არ მოხვდა-თქო, ვფიქრობდით, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ნერვული შეტევის მსგავსი რაღაც ჰქონდა. სამ აგვისტომდე წამალს ვასმევდით და ცოტა გამოკეთდა. 

მერე ოდნავ ჩაწყნარდა თითქოს, დღე ჩვეულებრივად ვცხოვრობდით.

6 აგვისტოს მახსოვს კაფე „ფარნიში“ ვისხედით, ქალაქის ცენტრში. ვინ იფიქრებდა კაფეს ორ დღეში ციდან ბომბი რომ დაეცემოდა. 

ერთი სული გვქონდა შვიდში, საღამოს ოლიმპიადის გახსნა როდის დაიწყებოდა. ტრადიციასავითა გვაქვს, მთელი ოჯახი ვუყურებთ ხოლმე, ზამთარსაც და ზაფხულსაც. მე და ჩემი ძმა მამაჩემთან ვრჩებოდით. დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დედა იმ ღამეს მორიგე იყო, საავადმყოფოში მუშაობს. მამაჩემი მეგობართან გელენჯიკში რჩებოდა. ათ საათზე დედამ დაგვირეკა, დოკუმენტები აიღეთ და სარდაფში ჩადითო. სარდაფში დაგვეზარა და პირველ სართულზე, მეზობელთან ჩავედით. დაბომბვა რომ დაიწყო, ფანჯრები და კარები სულ ჩაილეწა და მერე ჩავედით. სარა ისევ გადავარდა და სისხლდენა დაეწყო. ვერაფრით ვშველი, რა ვქნა, ვუყურებ როგორ გდია სისხლის გუბეში. ჩემი ძმა, მიშა სადღაც გარბის პერიოდულად. მე მარტო ვზივარ ამ სარდაფში ძაღლებთან ერთად. მთელი ქუჩის ძაღლები ჩვენთან მოგროვდნენ. გასუსულები ისხდნენ.

9-ში დილით ქართული ლაპარაკი მომესმა, გამიკვირდა, თურმე სამხედროები არიან შემოფარებულები და ქართულ რადიოს უსმენენ, რას გადაცემდნენ იქით, რომ გაეგოთ. ჩემ ძმას უთხრეს შენი და სადმე ქალაქის ცენტრისკენ გაიყვანე, აქ საშიშიაო. ცხინვალში ქართული მხრიდან შემოსასვლელ ხიდთან ახლოს ვიყავით. 

წავედით. ქალაქში ხეები სულ დალეწილი იყო, სახლები იწვოდა. ეუთოს ოფისთან საშინელება ხდებოდა! ბავშვები, ქალები, ყველა ღრიალებდა, ტიროდა, ერთმანეთზე ისხდნენ, დასადგომი ადგილიც აღარ იყო. მილიონჯერ ვინანე სარდაფიდან რომ წამოვედით. უკან ვინღა გაგვიშვებდა, ქუჩებში ქართული ჯარი დადისო. დედები შვილებს პირზე ხელს აფარებდნენ, რო გაეჩუმებინათ. დაჭრილებიც მოჰყავდათ. ვნატრობდი ნეტავი, ჩემი ძაღლებით და რწყილებით სავსე სარდაფში ვიყო-მეთქი. 

ღამე მიშა წავიდა, მე დილამდე დავრჩი. უკვე 10 აგვისტო იყო. არტილერია აღარ ისროდა.

სახლში მივედი, სარა რომ მენახა. ძალიან მძიმედ იყო, ცხვირი სულ გათეთრებული ჰქონდა, სისხლის გუბეში იწვა და ხროტინებდა. საავადმყოფოში გავიქეცი, ასე ვერ დავტოვებდი. 

გორკის ქუჩაზე, საავადმყოფოსთან გეგონებოდა ომი საერთოდ არ ყოფილაო. ყველა სახლი უვნებლად იდგა, ხეებიც. აი, საავადმყოფოსთან ახლოს უკვე სულ განადგურებული იყო ყველაფერი. დედა უნდა მენახა. ჩვენი სახლიც დანგრეული დამხვდა. მეზობელმა მითხრა, ნუ გეშინია, დედაშენი სახლში არ მოსულაო და საავადმყოფოსკენ გავიქეცი. დედა სარდაფში ვიპოვნე. ყველა იქ იყო, დაჭრილებიც, ექიმებიც, მეზობელი ქუჩის მაცხოვრებლებიც… თვითონ შენობაც ძალიან დაზიანებული იყო.  

დედაჩემმა შეშინებულმა გამომკითხა. სარაა-მეთქი ცუდად, წამლები მჭირდება-თქო. ჩაეცინა, ექთნებს ჰკითხე, ან მოგცემენ, ან არაო. უხერხულად მივედი ერთ-ერთთან, სისხლის შემაჩერებელს რამეს ხომ ვერ მომცემთ-მეთქი. ვინაა დაჭრილიო, მკითხა. ჩემი ძაღლისთვის მინდა-თქო, ვუპასუხე. ისე შემომხედა, ვიფიქრე, ეხლა შავ დღეს დამაყრის-თქო.  ამ საგიჟეთში ძაღლისთვის წამალს რომ ვთხოვდი. წავიდა და გამომიტანა ამპულები, ბამბა, ბინტი, დეტალურად ამიხსნა რა როგორ გამეკეთებინა, აბა, მოაკეთე ძაღლიო. წავედი სარას სამკურნალოდ.  მალე დადგა ფეხზე, მაგრამ ოქტომბერში უცბად, სულ გაჭაღარავდა. კიდევ ერთი წელი იცოცხლა, მერე მოკვდა.  

სახლში, მადლობა ღმერთს არაფერი დაკარგულა, გრადის ჭურვი მეზობლის სახლს მოხვდა, ჩვენ მოშენება ჩამოგვენგრა, საქათმე განადგურდა, ქათმები სულ აქეთ-იქით ვენახში მიყარ-მოყარა, ვენახიც მთლიანად გადაიბუგა. ომამდე ორი კვირით ადრე, დედას ერთი კვერცხმდებელი დედალი დაეკარგა. რო ჩაწყნარდა, მერე გამოჩნდა, გამოჩეკილი წიწილებით.  

ოქტომბერს ეზოში ვაშლები აყვავილდა. იმ წლის შემოდგომაზე ბევრის ბაღებში აყვავდა ხეები, იასამანიც ყვაოდა. 

 
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ფოტო/ტექსტი: ზარინა სანაკოევა

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა