გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

შიზოგადოება | პაატა შამუგია

ლიტერატურა გახდა შეუძლებელი,
როგორც მრგვალი ოთხკუთხედი.
იქნებ ყოველთვის ასე იყო?
ექო მიამინებს.
ვინ აუმუშავებს გრამატიკას გულს?
მკვდარი ლექსები ჩამოაქვს მდინარეს.
დაწერე, რამდენიც გინდა,
ერთ ლექსში ორჯერ მაინც ვერ შეხვალ.
მცივა და მოგონებების იმპორტს ვეწევი პოეზიაში,
იქნებ სითბო ენაში მაინც ჩამიდგეს,
ვცდილობ, შემოვზიდო სტრიქონებში მერცხლები,
ჩიტები,
მოკლეკაბიანი გოგონები,
პარკში მჯდომი წყვილი.
რატომ ვცდილობ, შემოვზიდო სტრიქონებში მერცხლები,
ჩიტები,
მოკლეკაბიანი გოგონები,
პარკში მჯდომი წყვილი?
შეიძლება თუ არა კითხვების მატერიალიზაცია?
ვწერ ჩიტს და ვგრძნობ, რომ
მისი ფრთა სავსეა ფრენის შესაძლებლობით.
არის ჩიტის ფრთა სავსე ფრენის შესაძლებლობებით,
როდესაც ვწერ, რომ
ვწერ და ჩიტის ფრთა სავსეა ფრენის შესაძლებლობით?
მნიშვნელობებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია
სანამ ტუჩის კიდეს გადმოცდებიან.
ენა მკაცრი მებაჟეა,
ზოგ მნიშვნელობას საზღვარზე ტოვებს.
ვსვამ არაყს – იდენტობას მიძლიერებს,
დღეს ძალიან პაატა შამუგია ვარ,
გუშინ ცოტათი პაატა შამუგია ვიყავი,
ვწერ. ვწერვწერვწერ
ჩემი ტვინის ორივე ნახევარსფერო ჩემი ცხენებია,
მარცხენა ცხენმა არ იცის თუ რასა იქმს მარჯვენა ლაფშა.
აღვირი მიჭირავს, მაგრამ ვერ ვიმორჩილებ,
მე გახლეჩილი ვარ,
ორ-ორი ვარ,
ბინარული ვარ,
მინორული ვარ,
მე ვწერ შიზოგადოებას.
მილორადმა „ხაზარულ სიტყვისკონაში“ აღნიშნა, რომ
ამბავი, საერთოდ, ორჯერ უნდა ითქვას.
მეც ვიმეორებ დაუსრულებლად:
„უნდა გვესმოდეს, ზოგიერთი რამ,
კერძოდ კი – ყველაფერი.
უნდა გვესმოდეს, რომ
პოეზია საგნებისთვის ადგილის შეცვლაა,
და როცა მეტს ვთხოვთ,
ხდება კიდეც უფრო მეტი,
მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია.“
პოეზია ლოჯისტიკური სამუშაოებით კმაყოფილდება,
გადაიტანე A საგანი A1 სივრცეში.
მე ვწერ, რაც ნიშნავს,
რომ ჩემში მყოფი ყველა მნიშვნელობა დასრულდა
და მათში განვითარების შესაძლებლობა
დასასრულის აგონიამ ამოავსო.
მნიშვნელობები დამთავრდნენ,
მიაღწიეს გამოხატვის იდეალურ წერტილს
და ახლა გაქვავებული ექსპონატები არიან,
დავათვალიეროთ „სიყვარული“ (მტვერი დასდებია)
ან კონსპირაციულად ნათქვამი „მეშენმიყვარხარ“…
ცნობიერების ქალწული ტერიტორიები ათვისებულია,
პირველი ღამის უფლება ჩამოერთვა რეალობის ქმარს – ადამიანს –
და რეკლამას გადაეცა.
ადამიანის ცნობიერებას ახლა რეკლამა ჟიმავს.
დალიე „ფანტა“, იყავი სანტა.
ავეჯის გადაზიდვის სერვისი გთავაზობთ საგნების ექსტრაპოლაციას
ინტელიგიბელურ წიაღში.
ბევრი უცხო სიტყვა, არც ერთი ჭკვიანი სიტყვა.
ლაპარაკობს და უჩვენებს ტელევიზორი.
სკანდალი.
სირცხვილი.
სიკვდილი.
საინფორმაციო კრიმინალური ქრონიკა.
მკვლელები კლავენ.
მკვლელებსაც კლავენ.
მეორდება ისტორია,
როცა ძველ სამყაროში  ბიჭი სახელად აბელი მოკლა ძმამ
(რომლის სახელს უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო
შეგნებულად არ ვასახელებ).
კიბერ-დედავ, გვაწოვე შენი რკინის ძუძუ,
გაამთელე გადაჭრილი ნეირო-ჭიპლარი
და ხელახლა გამოგვიბი. სამყარო სავსეა ხიფათებით,
ჩვენ, კიბერ-თეზევსები გაცილებით სუსტები ვართ,
ვიდრე ჩვენი ანტიკური ასლები.
არიადნე გერმანიაშია, მოხუცს უვლის.
გებრალებოდეს, კიბერ-დედავ,
შენი კიბერ-შვილები,
ცივილიზაციის პიკზე მდგომები,
მაგრამ ველურის ცნობიერებით. 
რა არის კიტჩი? – კითხულობს მეგობარი აფრიკიდან,
რომელმაც სოლოლაკში სპილოს ძვლის საფლავი ნახა.
და ფილოსოფოსი იქვე პასუხობს:
კიტჩი ესაა იდეალურის შექმნის მცდელობისას განცდილი მარცხი.
რა უნდა მოგვცეს პოეზიამ?
ის არ აწარმოებს ბედნიერებას
არ ამრავლებს დროს  და არ ყიდის მას.
რა უნდა მოგვცეს პოეზიამ?
ის არაა ბანკი,
არაა მევახშე,
მას მხოლოდ საკუთარი თავის დასახელება შეუძლია,
და ისიც – გაჭირვებით. 
რატომ უნდა მოგვცეს პოეზიამ რამე?
რიტორიკულ კითხვებში ვვარჯიშობ.
მივდივარ ნინოსთან, თემქის მეათე კვარტალში.
კარგი იქნებოდა, ახლოს ეცხოვრა.
მეგობარი ახლოს უნდა ცხოვრობდეს.
ვდგავარ ავტობუსის სუნში,
როგორც მდინარეში,
ქალაქის შედედებული სიმყრალეც აქვე უხერხულად ჩამომდგარა,
როგორც შვილის ხელცქვიტობას წასწრებული დედა.
არ ვიმჩნევთ ერთმანეთს.
საფანტივით მეყრება გვერდით მდგომის ოფლის წვეთები,
დინება მოდენის პენსიონერს,
რომელსაც ადგილს არავინ უთმობს,
ორი ნაცნობი უკვე ჩამოატარა ოფლის ნიაღვარმა.
მე ვფიქრობ შენზე.
მე ვწერ შენზე,
მაშინაც კი, როცა მე ვწერ სხვაზე, მე ვწერ შენზე.
მაშინაც კი, როცა პრინციპულად არ ვწერ შენზე, მე ვწერ შენზე.
შენ როცა გისმენ,
თავში იდეების ტყე მიშრიალებს,
სიბნელიდან ყვავები მოფრენენ
და ტოტებზე თავს ითაგავენ.
ყვავიან ყვავები…
ჩემი სიტყვები აყვავდნენ და
დაიბუდეს უცხო ხალხის ყურებში.
საოჯახო ჭურჭელივით უბრალოა ჩემი სიტყვები,
ჩემი სიტყვები უბრალოა, როგორც ჭურჭელი
საოჯახო. შესაკრებთა გადანაცვლებით
ვსიმულირებ განწყობის შეცვლას
ასე ვებრძვი მოწყენილობას,
დეპრესიას,
მარტოყოფნას.
მე მომწონს შენი უბრალო სახლი,
„მადონას“ სერვიზი და რაფაელის „მადონა“ ერთ ჭერქვეშ
გამოხატავენ იდეების სწორხაზოვან სვლას –
როგორც „თუნუქის დოლში“,
სადაც ჰიტლერის და ბეთჰოვენის სურათები
ერთმანეთს დაბოღმილები შეჰყურებენ
როგორც მე და შენ –
როცა ერთმანეთის წარმოსახვის
გლუვ ზედაპირზე ფეხს ვერ ვიკიდებთ
და ასე უსინდისოდ ვიტყუებით,
რომ სიყვარული მარტოობაში ვარჯიშია
და ეს კარგია.
ეს ცუდია, უნდა შევთანხმდეთ,
და შეგვიძლია ამაშიც ღმერთს დავდოთ ბრალი.
მაგრამ ის გამოცდილი დემაგოგია
და ყოველთვის ექნება ალიბი,
რომ ჩვენი შექმნისას არ არსებობდა.
ეს სიმღერაა, ხეებიდან დაძრული, კვირტების ენა,
ეს ტკივილია, ეს სიხარული.
ეს ქართველი ჟურნალისტია,
თუმცა გულის სიღრმეში – მწერალი.
ეს სარეკლამო პაუზაა – 25 60 60…
ეს სარკეა,
მე იქ არასდროს ვიხედები.
ჩემი ტვინის ორივე ნახევარსფერო ჩემი ცხენებია,
მარცხენა ცხენმა არ იცის თუ რასა იქმს მარჯვენა ლაფშა.
აღვირი მიჭირავს, მაგრამ ვერ ვიმორჩილებ,
მე გახლეჩილი ვარ,
ორ-ორი ვარ,
ბინარული ვარ,
მინორული ვარ,
მე ვწერ შიზოგადოებას.
შენ ვინც ყოველ დილით შენს გამხდარ თითებს ჩემს თმებში თესავ
შენ ვინც თრთოლას ამწიფებ ჩემს ტანზე
და ჟრუანტელს კრეფ ჩემი ხერხემლიდან,
როგორც ალუბლებს.
მე მინდოდა, ეს პოემა მომეძღვნა შენთვის.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა