ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხატვა

შრეებს შორის | რეცენზია თამარ ნადირაძის ნამუშევრებზე

  ,,თანამედროვე ინტერპრეტაცია, უმეტეს შემთხვევაში, პრიმიტივიზმამდე დადის. ხელოვნების აღქმას უმეცრებით ზღუდავს, ამრიგად, უმჯობესია იგი ხელშეუხებელი დარჩეს. ნამდვილ ხელოვნებას აქვს უნარი აგვაფორიაქოს. ნამუშევრის შინაარსამდე დაყვანა და შემდეგ მისი ინტერპრეტირება ხელოვნებას ათვინიერებს, მას დაქვემდებარებულს და მართვადს ხდის“.

თამარ ნადირაძის ნამუშევრები დამთვალიერებელს ემოციური გამოწვევის წინაშე აყენებს. ოღონდ ეს არ არის ხელოვანის მიზანმიმართული განზრახვა. ზოგადად განზრახვაზე საუბარი რთულია, რადგან მხატვრის საკუთარ შემოქმედებასთან დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს ერთი მხრივ, შინაგან აუცილებლობასა და, მეორე მხრით ხელოვნების საშუალებით სამყაროს კვლევას შორის.

დამთვალიერებლის პირველი იმპულსი კი, უმეტეს შემთხვევაში, ინტენსიური რეაქციაა, რომელიც მიზიდულობასა და დისტანციას შორის გადის.
მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ თამარ ნადირაძე თავისი ნამუშევრებით ჩვენი გარე თუ შიდა სამყაროსთან დამოკიდებულების ბევრ თვალსაჩინო თუ დაფარულ მხარეს ეხება. ის მეტაფორული, თითქმის სურეალისტური ზედაპირით და მისთვის დამახასიათებელი სიზმრისეული განწყობით, ადამიანური კონფლიქტების, სურვილების, თვითძიების, საზოგადოებრივი ადაპტაციის თუ ბუნებასთან დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობს. როგორც სირი ჰუსტვედი წერს ლუის ბურჟუას შესახებ: “ის, რაც მისთვის შეიძლება ღრმად პირადული იყოს, გარდაიქმნება ხელოვნებად, რომელიც ზედმეტად დაფარულია იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს’’. [1]

ეს ციტატა არა მარტო თამარ ნადირაძის კონკრეტული ნამუშევრების შესაძლებელ ინტერპრეტაციაზე ვრცელდება, არამედ მის ზოგად მიდგომაზეც ხელოვნებისადმი. თუ დამთვალიერებელი არ მიეცემა ილუზიას, რომ თითქოს ხედავს ნამუშევრების ფაქტობრივ კონტექსტს ვიზუალური ზედაპირის შინაარსობრივი გაშიფვრით, ის შეძლებს ერთმანეთში ბუნებრივად შერწყმული შრეები აღიქვას.  და რასაც ამ შრეებში დაინახავს, უნივერსალური, ასევე გარკვეული კულტურულ-მითოლოგიური და პირადი მდგომარეობების კომპლექსური ნაზავია.

მხატვრის ვიზუალურ ენაში ორი უნივერსალური თემა ერთიანდება - ბავშვობის გამოცდილება (ანუ ის ფაზა, როდესაც შემეცნება ყველაზე თავისუფალი და ღიაა გარე სამყაროს უხილავი იმპულსების მიმართ) და ადამიანის ინტერაქცია მის გარემომცველ არესთან. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ბუნებასთან, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან ადამიანები თამარის შემოქმედებაში დიალოგურ, გარდაქმნით და ადაპტაციურ პროცესებში ერთვებიან.

კომპოზიციაში ადამიანისა და ბუნების გამთლიანება მეტაფორაც შეიძლება იყოს, მაგალითად, როგორც თავად მხატვარი აღწერს, ადამიანის ემოციური, ირაციონალური, ან დიონისური მხარის.

2018 წელს შექმნილ სერიაში „The crows”  ნათლად ჩანს ზემოთ აღწერილი ასპექტი.

აქ განსხვავების და მსგავსების სპექტრი ადამიანსა და, ამ შემთხვევაში, ყვავს შორის, ორი ფიგურის რიტუალურ-ტრანსფორმაციულ ქორეოგრაფიაშია ასახული. კონტრასტს ადამიანის თბილ-ვარდისფერ ინკარნატსა და ყვავის შავ ბუმბულს შორის მხატვარი თითქმის შეუმჩნევლად უზავებს ერთმანეთს და მათ შორის სიმბოლურად აბათილებს საზღვრებს. თუმცა,  მითოლოგიური ტრადიციიდან გამომდინარე, ადამიანის მიერ ყვავის სიბრძნით სარგებლობა ზოგადად  ადამიანის  სხვა არსებების დომინირებისა  და ანტროპოცენტრისტულ იდეებზე დამყარებული მსოფლმხედველობის კრიტიკულ ასპექტებზეც მიგვანიშნებს. ეს პროცესი საპირისპირო მიმართულებითაც შესაძლებელია განვითარდეს. “ბუნება ოდესმე სამაგიეროს გადაუხდის თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო, უხმო და უჩრდილო ნაპირზე“. [2]

ამ თემაზე თამარმა 2019 წელს შექმნილ ციკლში პომპეის ტრაგედიის მაგალითზეც იმუშავა.



აქ უზარმაზარი წითელი ბურთი/ბაბლი, რომელიც ლავას ასახავს და ერთი შეხედვით არა დასასრულისთვის, არამედ თითქოს მხიარული ზეიმისთვის ამზადებს მთის ძირს განლაგებულ იდილიურ პატარა ქალაქს, სერიის განმავლობაში სხვა და სხვა შრეებს ეუფლება, შთანთქავს და გადმონაშთურ ეპიზოდებს ტოვებს, რომლებიც საბავშვო დაბადების დღეების და სათამაშო მოედნების ესთეტიკასაც უახლოვდება. ეს კონტრასტი სტატიკურობის, ყოველდღიურობის რუტინულ მომენტებთან თითქოს საზეიმო განწყობასაც კი ქმნის იმით, რომ ბანალურობას დაკონსერვებულ მარადისობად აქცევს.

სუბლიმირებული, რეალურად კრიტიკული მოცემულობა, რომელიც მსგავსი ხერხით, ფერადი და ზღაპრულ-ილუსტრატული ზედაპირით იქცევს ყურადღებას, მნიშვნელოვნად ისახება თამარის ერთ-ერთ საკვანძო ნამუშევრების ციკლში, სათაურით ,,Stories from the playground”. 



აკვარელში, ფანქარში და კოლაჟის ტექნიკაში შესრულებული კომპოზიციები სრული სიმძაფრით ამხელს დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას, მის სირთულეს, სისუსტეს, შიშს თუ  მცდელობას - საკუთარი წებოვანი სტრუქტურები გადალახოს. ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა, რომელიც ზემოთ ხსენებულ კომპოზიციებში ხშირად კლიმატური კატასტროფების ფონზე ვითარდება, არის ურთიერთობა ადამიანებს შორის და ამ ურთიერთობების დესტრუქციული ხასიათი, რასაც, თავის მხრივ, იერარქიული, გენდერული, კულტურული ან უბრალოდ არაცნობიერ-ავტომატური საწყისი და ნიადაგი აქვს.

ადამიანური ურთიერთობის თემა, როგორც მითოლოგიურ, ლიტერატურულ, ასევე, ისტორიულ-ფემინისტურ ჭრილში განვითარდა თამარის 2019/2020 წლებში შექმნილ ნამუშევრებშიც მედეას მითის შესახებ.

მედეა ალბათ ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ემიგრანტია მითოლოგიისა და ლიტერატურის ისტორიაში. ფიქტიური პერსონაჟი, დღემდე მრავალჯერ ინტერპრეტირებული და ჯერ კიდევ პოლარიზებული. ზემოთ აღწერილ სერიაში, რომელიც დაახლოებით 17 ნახატს მოიცავს,  შეიძლება ითქვას, რომ ხელოვანმა სტილისტიკური ცვლილება განიცადა. მისეულ ინტერპრეტაციაში მითის  განვითარების ეტაპები თითქმის ნეორეალისტურ-ნეოფიგურატული მეთოდებით არის განხორციელებული.


თამარ ნადირაძის ნახატებში არსებობის ყველა ელემენტს ერთდროულად სრულიად  ახალი და ამავე დროს ნაცნობი, ბუნებრივი კავშირი აქვს ერთმანეთთან.  ისევე, როგორც აკვარელის ფენები და კოლაჟის ნაწილები ინარჩუნებს საკუთარ ფორმალურ ავტონომიას, თუმცა ერთმანეთის გარეშე ვერ ფუნქციონიერებს. ამგვარად, კომპოზიციისა და თემატური კომპონენტების ჯამი გარკვეულ ციკლურ ურთიერთქმედებაშია ჩართული. სიმბოლურად, სხვა და სხვა ავტონომიურად შექმნილ ნაწილებს, რომლებიც ერთ მთლიანობაში უნდა იკითხებოდეს, პარალელი აქვს ჩვენს ყოველდღიურ მცდელობასთან, გარკვეულწილად ვიქცეთ გარემოს ნაწილად, მაგრამ გამუდმებულ თვითძიებასა და თვითდამკვიდრებაში თან გავემიჯნოთ მას.
ეს ამბივალენტური პროცესი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესში. ისევე, როგორც პიროვნულ განვითარებაში.


26 თებერვალს, გალერეა 4710 თამარ ნადირაძის სოლო გამოფენას “სადაც მივდივარ, წყალი მომყვება” წარმოადგენს.




დანართი:

 ,,In most modern instances, interpretation amounts to the philistine refusal to leave the work of art alone. Real art has the capacity to make us nervous. By reducing the work of art to its content and then interpreting that, one tames the work of art. Interpretation makes art manageable, comfortable’’. [3]


________________________________________________________________
[1] In Siri Hustvedt,  Living, Thinking, Looking, Picador (2012), p. 247. „What may be deeply personal to her is transformed into an art that is far too mysterious to be confessional.’’
[2] ვაჟა-ფშაველა, ,,ბუნებისა და ადამიანის შესახებ."
[3] Susan Sontag, Against Interpretation and Other Essays, New York: Farrar, Straus and Giroux, 1966, p. 5.
(იხ.თარგმანი, დანართში)


ტექსტი: თინათინ ღუღუნიშვილი-ბრუკი

ხელოვნებათმცოდნე, კურატორი
მიუნხენი, 2020 წელი