ლიმინალობები | სიკვდილი, პანდემია და ომი
ჯერაც არ ვიცით როდის დასრულდება პანდემია, თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა ამ თემამ უკანა პლანზე გადაიწია და პირველობა უკრაინის ომს და იქ განვითარებულ მოვლენებს დაუთმო.
პანდემიას და ომს საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ. ორივე ყოველდღიური ცხოვრების წესისაგან გადახრას გულისხმობს და ახალი წესებისა და ნორმებისადმი დამორჩილებას ითხოვს. რაც მთავარია, ორივე ახალ რეალობასთან და სიკვდილის საშიშროებასთან გამკლავებას მოითხოვს. ამიტომ უკრაინაში ომის დაწყებამ ადამიანებს თითქმის დაავიწყა, რომ პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და უმრავლესობა ახლა უკვე იმაზე ფიქრმა მოიცვა თუ როდის დასრულდება ომი.
ომს და პანდემიას საერთო აქვთ მათ თანმხლებ სიკვდილთანაც, არა მარტო პირველი ორი, უკანასკნელიც გარკვეულწილად ლიმინალობაა (გარკვეული შუალედური მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი გაურკვეველია და რომელიც საბოლოოდ უნდა გადაილახოს, რათა ახალი წესრიგი დამყარდეს( Turner, 1967, გვ. 94)).
კულტურათა და რელიგიათა უმრავლესობაში სიკვდილი არა დასასრულად, არამედ სხვა მდგომარეობაში, ახალ სამყაროში გარდასვლად მიიჩნევა. ამაზე მიუთითებს თვითონ სიტყვა „გარდაცვალებაც“ რაც მდგომარეობის ცვლილებაზე მიანიშნებს.
ახლა ათასობით უკრაინელი ახლობელ ადამიანს კარგავს და ხშირ შემთხვევაში გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ხვდება როგორ მოიქცეს, როგორ შეხვდეს სიკვდილს, რადგან რიტუალებისა და ცერემონიების დრო უბრალოდ არაა. ადამიანებიც, რომელთაც ახლობლები ამ ორი წლის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაკარგეს ხშირად იმავეს გრძნობდნენ. ამ დროს ისინი ახალი რეალობის წინაშე დადგნენ და არ იცოდნენ, როგორ უნდა დამშვიდობებოდნენ ახლობლებს, რადგან პანდემიის გამო დაწესებული ახალი რეგულაციები გარდაცვლილთან ყოველგვარ კონტაქტს კრძალავდა. კრძალავდა არა მარტო პირდაპირ კონტაქტს, არამედ იმ რიტუალების ჩატარებასაც კი, რომლებიც მათ სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას აგრძნობინებდა მძიმე ვითარებაში.
ეს სტატია ერთ ასეთ შემთხვევას ჰყვება და ცდილობს დაინახოს, როგორ გაუმკლავდა ამ ამბის გმირი ახალ რეალობას და რა ბედი ეწია რიტუალებს, რომლებიც სიკვდილს, როგორც მოვლენას თან ახლავს.
ნინო შუახნის, დაოჯახებული ქალია თბილისიდან. მისი ძმა 2020 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა, ამ დროს საქართველოში კოვიდ 19 -ის გავრცელების ერთ-ერთი პიკი იყო. იმ დროს მოქმედი რეგულაციები გარდაცვლილის მალევე დაკრძალვას მოითხოვდა.
დაკრძალვის დღე დღესასწაულს - გიორგობას დაემთხვა, რამაც ნინოს უფრო გაუძნელა ძმის მიწისთვის მიბარება, თანამედროვე საზოგადოებაში ხომ დაკრძალვას მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურებიც ახლავს თან. მისი ძმა საავადმყოფოში მიყვანისას არ დაურეგისტრირებიათ და შესაბამისად საავადმყოფო ვერც მისი გარდაცვალების ცნობას გასცემდა. ცნობის გარეშე კი ნინო ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალვის უფლებას ვერ მიიღებდა, მიწის გაჭრაზე თვითონ მესაფლავეებიც კი უარს ამბობდნენ, რადგან გიორგობა დღესასწაულია, დღესასწაულზე მუშაობა კი გარკვეულწილად მიუღებელია.
ნინოს უნდოდა მიცვალებული სახლში დაესვენებინა და მისთვის პანაშვიდი მოეწყო, მაგრამ ყოფითმა სირთულეებმა აიძულა სხვა გზა მოეძებნა. თვითონ ვერ აიტანდა გვამს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე და ვერც ჩამოიტანდა. სხვა კი ვერავინ ნახა ვინც ამას მის მაგივრად გააკეთებდა, ყველას ეშინოდა ვირუსის, რომელიც იმ დროს ბევრად მომაკვდინებელი ჩანდა ვიდრე ახლა.
თუ არა სახლი იქნებ ეკლესია, სივრცე ბევრად დიდია და მიცვალებულის დასვენებაც უფრო მარტივია, მაგრამ ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარმა ჩათვალა, რომ მრევლს საფრთხეს შეუქმნიდა ნინოს ძმის ეკლესიაში დასვენებით. ამიტომ გარდა იმისა, რომ იმ დროს არსებული რეგულაციები მოითხოვდნენ მიცვალებულის მალევე დაკრძალვას, თვითონ სივრცეც ვერ მოიძებნა პანაშვიდის მოსაწყობად. ნინოს სხვა გზა აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ძმა 23 ნოემბერს, მეორე დღესვე დაეკრძალა. ამისათვის კი თავისი პირადი კონტაქტების გამოყენება დასჭირდა, რადგან მანამდე ძმის გარდაცვალების ცნობის გარეშე დაკრძალვაზე უარი უთხრეს.
დაკრძალვის რიტუალიც არ ყოფილა ხალხმრავალი. მაშინ ნინოს უკვე კითხვა გაუჩნდა თუ რატომ მოხდა ასე. სასაფლაო ხომ ღია სივრცეა და დისტანციის დაცვა არავის გაუჭირდებოდა, ვირუსის გავრცელების შანსიც ბევრად ნაკლები იყო ღია სივრცეში, ვიდრე ეკლესიასა თუ სახლში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნინოს ძმის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად კოვიდ- 19 არ ყოფილა, თუმცა, არსებობდა ეჭვი, რომ გარდაცვლილის მდგომარეობა, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა სწორედ ვირუსმა დაამძიმა. ნინომ დაკრძალვის ბოლო დღეს გარდაცვლილთან უშუალო კონტაქტზე და საბოლოო გამომშვიდობებაზე უარი ვერ თქვა, ამიტომ იზოლაციაში ყოფნა და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად ელოდა თანადგომას მარტო დარჩენა მოუწია.
ინტერვიუს ჩაწერისას ნინომ და დედამისმა გაკვირვება გამოხატეს იმ ფაქტით, რომ დაკრძალვას რამდენიმე ადამიანი დაესწრო, იხსენებდნენ, რომ არასოდეს არავის ტკივილი არ გამორჩენიათ, ყოველთვის თანაუგრძნობდნენ სხვებს და ახლა ელოდნენ, რომ სამაგიეროდაც იმავეს მიიღებდნენ.
არა მარტო ნინო და დედამისი, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში პანაშვიდზე თუ დაკრძალვაზე წასვლისას ხშირად იგონებს ვინ მიუსამძიმრა, ვინ გაიზიარა მათი გასაჭირი და ვინ დაივიწყა. ხოლო როდესაც პანაშვიდზე მომსვლელი არავინაა თანაგრძნობის გამოხატვა, როგორც უმაღლესი სოციალური ღირებულება უფასურდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართული დაკრძალვის რიტუალი თავისი არსით სოციალური მოვლენაა, რადგან როგორც პანაშვიდზე, ასევე უშუალოდ დაკრძალვაზე თუ ქელეხზე ხალხის დიდი მასა იყრის თავს, რომელთაც ერთმანეთი შეიძლება წლები არ ენახოთ. ქელეხი კი არა მარტო ემოციურ, არამედ მატერიალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისადმი.
ნინოს ძმის დაკრძალვისას კი თითქმის ყველა რიტუალი გაქრა, რომელიც სიკვდილს თან ახლავს საქართველოში. თუმცა, ეს მისი სურვილით არ მომხდარა. ყველა რიტუალს შორის კი მთავარი დარჩა აღსრულებულიყო ერთი - გარდაცვლილის მიწასთან მიბარება, რომლის განხორციელებაც კი მისთვის საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. სტატიის გმირს ძმის დაკრძალვისას გადატანილმა ამბავმა სიკვდილის შიში გაუმძაფრა და იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ დედამისი და თავისი შვილი თუ მასაც იგივე დაემართებოდა.
ნინოს ამბავი აჩვენებს, რომ
სიკვდილი ე.წ. შუალედური მდგომარეობისას ორმაგად რთული გადასატანია, რადგან ის სოციალური კონსტრუქციები, რომლებიც რიტუალის სახით აქამდე არსებობდა უქმდება და მოვლენის გადატანა მიცვალებულის ახლობელთათვის უფრო რთული ხდება, მითუმეტეს როცა არც თვითონ არიან დაზღვეულნი სიკვდილისგან.
ამიტომაც თითქმის ორი წელია ველოდებით საბოლოოდ როდის დასრულდება პანდემია, სამ თვეზეა მეტია კი უკრაინაში ომის შეწყვეტის მოლოდინში ვართ, ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძველ წესრიგს დაუბრუნდება, რადგან წესრიგის ცვლილებასთან ერთად ადამიანური ურთიერთობებიც იცვლება, ძველი ღირებულებები ქრება და მათ ადგილას ახალი ჩნდება.
ავტორი: ქეთევან ლაფაჩი
ილუსტრაცია: სალომე ლეჟავა