ვენეციის კინოფესტივალის ხმები | გოგი გვახარია
„მოსტრას“ რამდენიმე ფილმის ხმოვანი გადაწყვეტის შესახებ
დღევანდელ დღესავით მახსოვს ჩემი პირველი მოგზაურობა ვენეციაში, ეიზენშტეინის კონფერენციაზე 1990 წლის ოქტომბერში. სასტუმროში დავბინავდით თუ არა, გამოვაღე ფანჯარა, რომელიც პირდაპირ არხზე გადიოდა. ვხედავ, ზუსტად იგივე გააკეთა ერთმა კარგმა კაცმა, ლეონიდ კოზლოვმა, რომელიც ჩემს მეზობლად, გვერდით ნომერში შეასახლეს. თვალი შეავლო ვენეციის პეიზაჟს და შემომძახა, „რაღაც არ მესმის მალერის მუსიკა!“. საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და კოზლოვი – კინოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორეტიკოსი, პირველად გაუშვეს საზღვარგარეთ. წარმომიდგენია, რამდენ ხანს ოცნებობდა იტალიაში მოგზაურობაზე; ვენეციის კონფერენციამდე რამდენიმე წლით ადრე გამოიცა მისი წიგნი ლუკინო ვისკონტიზე, რომელიც 2 წლის შემდეგ, ახლა უკვე ლუკინო ვისკონტის კონფერენციაზე მილანში, ვისკონტის საერთაშორისო საზოგადოებამ იტალიური კინოს კლასიკოსის შესახებ დაწერილ საუკეთესო მონოგრაფიად აღიარა. ვინ მიაგნო ვენეციის კინემატოგრაფიულ სახეს, რომელმაც ყველაზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი კინოს ი