სპარტაკი | თემური, ცხინვალიდან
02.11.2020 | 7 წუთიანი საკითხავითემური, 56 წლის, ცხინვალიდან. დღეს ცხოვრობს დიღომში, დევნილთა დასახლებაში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
საღამოს თეატრის წინ, ბირჟაზე, ერთად ვიდექით ხოლმე. ნუ, ოსების ბირჟა ცოტა გვერდით იყო. მაინც ცალკე დგებოდნენ, იქვე, ათ მეტრაში.
ცხრა აპრილის მერე უფრო აირია ხალხი. არ მოსწონდათ ეროვნული მოძრაობა. იყო პატარა გამოხტომებიც, რუსეთია ჩვენი, ჩვენ მაინც საბჭოთა კავშირი ვართო. მიწაზეც დაიწყეს ლაპარაკი, ეს ქართული მიწა არ არის, ალანიააო. რაჭის ბოლო სოფელია ირი, პირდაპირ ეგრეთწოდებულ საზღვართანაა კვაისა და ჯავა. იქ დიდი მთა იყო. ბავშვობიდან მახსოვს, ჯავაში და შოვში დავდიოდი დასასვენებლად. და იქ ეწერა დიდი ასოებით, საიდანაც არ უნდა გაგეხედა სულ ჩანდა, განათებული: „Цвети Осетия Моя“. ჯერ დავცინოდით. მერე დაიძაბა სიტუაცია. ბოლოს, გამოვიდა ტიპი მიტინგზე და „ხაროში გრუზინ, მიორტვი გრუზინ“-ო პირდაპირ თქვა. მაგრა კი გაილახა იმ ღამეს.
მილიცია რომ შემოვიდა, გააკონტროლა ცხინვალიც და მთელი რეგიონის მისადგომები. ეგრევე დაფრთხნენ ოსები. იხიკებოდნენ ნელ-ნელა, მაგრამ ორ თვეში მოვიდა ბრძანება და გამოიყვანეს მილიცია. ეგენი წავიდნენ და დაიწყო მეორე ტალღა. დაიწყო და აღარ გაჩერდა. იქ ოთხი ქართველი დაიღუპა, აქეთ ხუთი ოსი, იქ მილიციას მოუწყვეს ჩასაფრება ოსებმა.
ცხინვალში აქედან რომ შედიხარ, სულ ქართული სოფლებია. მანდ იყო ხოლმე ქართველების და იქით ოსების პოსტი. გადი-გამოდიოდა ხალხი და ერთ გამოსვლაზე, ქართველებმა მთელი ოჯახი დააკავეს, ვილისით. პაპა, თავისი რძალი და შვილიშვილები - ორი გოგო, ორი ბიჭი. იქ ცოტა გართულდა საქმე. ერთი-ორი დღით ადრე, ქართველი ბიჭი მოკლეს ცხინვალში. ამათმა რა იცოდნენ, თავის დედულეთში მიდიოდნენ, ოსები იყვნენ ყველანი. მარა გადმოიყვანეს პაპა ვილისიდან. ხოდა, ისეთი სიტუაციაა, ყველას ვერ გააკონტროლებ. როგორ ეხლა? ახლობელი მოუკლეს და... მივა, ბოლო-ბოლო და გადაცხრილავს, სულ არ უყურებს (ღმერთმა დაიფაროს) ბავშვებიც რომ არიან. ან ტყვედ უნდა აიყვანოს, ან მოკლას ეს კაცი. ისე მოხდა, რომ მეც იქ ვიყავი. მოკლედ, გავუშვით ეს ხალხი ორ საათში. თან დავაბარეთ: ჩვენ ესა და ესა ვართ წადით სახლებში და უბრალოდ, გადაეცით, რომ გამოგიშვით-თქო. ორი, თუ სამი დღის მერე დაბრუნებულა ეს კაცი. დაუტოვებია რძალი და შვილიშვილები. ვუთხარი, ძაან კარგად მომექცნენ ქართველები და გაუკვირდათო. მე მაგათ ვერაფერი გავაგებინე, იმათთან ამსვლელი აღარც ვარ, ცხინვალში ვრჩებიო.
ომში მე მეგობრები დავკარგე. იყო ერთი, ასეთი პიროვნება - სპარტაკი. პოლიციის აკადემიაში სწავლობდა. ერთ ღამეს წავიდა, თქვა სახლს თვალს შევავლებ და დავბრუნდებიო, დაკეტილი ჰქონდა იქაურობა. ორი წავიდნენ. იქიდან მოკლეზე ამოჭრეს, ოსების პოსტთან ვინმეს არ შევეჩეხოთო, მაგრამ მაინც დაუხვდნენ. ატყდა სროლა. ეს მხარში დაიჭრა. ორივე აიყვანეს. მაშინ ჩვენც გვყავდა ტყვეები. მარტო სპარტაკს ათ კაცში გაგიცვლითო, ვეუბნებოდით. გვატყუეს, გვატყუეს და ერთი კვირის მერე გვითხრეს, საავადმყოფოში ჭრილობისგან გარდაიცვალაო. მკვდარსაც არ გვაძლევდნენ. მერე კიდევ წავიდა შეტევები ცხინვალზე. მოლაპარაკებებიც მიდიოდა, ჩაერია რუსეთის სამშვიდობო ძალების პოლკოვნიკი. ჩვენ ვუთხარით შევაკვდებით და მაგას მკვდარს, ან ცოცხალს მაინც გამოვიყვანთო. ათი დღის მერე გადმოგვცეს საწყალი. ნაწამები. 64 ჭრილობით. მთელი ტანი დანით ჰქონდა დასერილი.
მეორე გამოუშვეს. სპარტაკიზე ჯილდო ყოფილა დაწესებული. ძალიან ძლიერი მეომარი იყო. მაგის ათეული რომ გავიდოდა პოსტზე, შიშის ზარს სცემდა ყველას. ისე, ქათამს ვერ დააკვლევინებდი. მაღალი, მეტრაოთხმოცდაათი ვაჟკაცი იყო.
მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რისთვის უნდოდათ ეგ ომი.
ერთი მაგარი კაცი მასწავლიდა სამედიცინოზე და იმან მითხრა, ჩემო თემურ, დაიმახსოვრე, შვილო, მე მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები, მაგრამ ამის მოგვარებას ორმოცდაათი წელი მაინც დასჭირდებაო. გაგვეცინა, რას ლაპარაკობთ, ბატონო ბორის, დღეს-ხვალ დავბრუნდებით-მეთქი და ოცდაათი წელი კი გავიდა აგერ.
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპტზე მუშაობდა ანა სურგულაძე
რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან