ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სრული დასაქმება მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში | ჯოზეფ სტიგლიცი

ფრაგმენტები წიგნიდან „ხალხი, ძალაუფლება და სარგებელი“. 

მეოცე საუკუნეში ადამიანებზე ძლიერი მანქანები შევქმენით. ახლა კი ისეთი მანქანების შექმნა შეგვიძლია, ადამიანებზე უკეთესად რომ გაართმევენ თავს ყოველდღიურ სამუშაოს. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემაც უფრო დიდია, ვიდრე უწინ. შეგვიძლია ისეთი მანქანები შევქმნათ, რომლებიც მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებულ ამოცანებს კი არ შეასრულებენ ადამიანებზე უკეთესად, არამედ უფრო მეტს ისწავლიან – გარკვეულ სფეროებში მაინც. ამგვარად, მანქანები მრავალი მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისას გვაჯობებენ. კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლოა დროებით დამამშვიდებელ საშუალებად გამოჩნდეს, მაგრამ ცხადია, რომ რენტგენოლოგებს კომპიუტერები უკვე ანაცვლებენ, ანუ ექიმებიც კი ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში თვითმავალი მანქანები გამოჩნდება და მძღოლების საჭიროება გაქრება. არადა, დღეს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ირჩევს მძღოლის პროფესიას, ვისაც საშუალო განათლება აქვს, ან ესეც არა. სადარდებლად აი, რა ჩანს – ეს ახალი მანქანები შემოსავალს მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დასაქმებულებს, განსაკუთრებით დაბალკვალიფიციურ მუშებს, და უმუშევრობის დონესაც გაზრდიან. გამოსავალი მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იქნებოდა, მაგრამ ბევრ სფეროში ეს საკმარისი არ აღმოჩნდება: ხელოვნურინტელექტიანი რობოტები უფრო სწრაფად ისწავლიან რთული ამოცანების შესრულებას.

ზოგიერთი ამბობს, რად უნდა ვიდარდოთ – გადახედეთ წარსულს, ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისას ბაზარი ყოველთვის ქმნიდა სხვადასხვა სამსახურსო. ეს ტექნოოპტიმისტები იმასაც აცხადებენ, ცვლილებები ასე სწრაფად არ მოხდებაო. არადა, წარსულის გამოცდილება შეიძლება სულაც არ გამოგვადგეს მომავალში. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა გამოჩენილმა მათემატიკოსმა, ჯონ ფონ ნოიმანმა ივარაუდა: დადგება დღე, როცა უფრო იაფი იქნება ადამიანის შემცვლელი მანქანის წარმოება, ვიდრე ადამიანის დაქირავება და სამუშაოს შესასრულებლად მომზადებაო. კომპანიები მანქანებს მხოლოდ გაზრდილი პროდუქტიულობის გამო არ მიანიჭებდნენ უპირატესობას... მანქანა ხომ არასდროს გაიფიცება. არც ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გახდება საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი უკმაყოფილონი არ არიან. მანქანებს ემოციები არ ამძიმებს.

შესაძლებელია, სამსახურის ისედაც მწვავე პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდეს. ტექნოლოგია შეიძლება ისე განვითარდეს, რომ შედეგად ეკონომიკურ ლიტერატურაში არაერთხელ ნახსენები „პოლარიზაცია“ მოჰყვეს: მოიმატებს ისეთი სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც ძალიან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, და ასევე გაიზრდება დაბალკვალიფიციური მუშახელის დასაქმების მაჩვენებელი, შესაბამისად დაბალი ხელფასებით.

სამსახურების ნაკლებობამ შეიძლება მოთხოვნილების ნაკლებობა გამოიწვიოს და ეკონომიკა (მთავრობის მკვეთრი ჩარევის გარეშე) ხანგრძლივი სტაგნაციის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მეტად ირონიულია ის, რომ ასეთ დროს ტექნოლოგიის განვითარებამ შესაძლოა კეთილდღეობის ზრდის ნაცვლად ეკონომიკური პრობლემები გაამრავლოს. ზოგიერთის აზრით, სწორედ ეს მოხდა შეერთებულ შტატებში „დიდ დეპრესიამდე“. სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების სწრაფად დანერგვამ ზოგიერთი პროდუქტის ფასის შემცირება გამოიწვია. 1929-1932 წლებში გლეხებს შემოსავალი 70%-ით ან უფრო მეტით შეუმცირდათ. მიწა გაიაფდა, უმუშევარ გლეხებს ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაც აღარ შეეძლოთ. ამდენად, უფრო მეტს მუშაობდნენ და უფრო მეტს აწარმოებდნენ, რაც პროდუქტებს კიდევ უფრო აიაფებდა. თანაც ასეთი შემოსავლით ქალაქში წარმოებულ პროდუქციას, მაგალითად, ავტომობილებს ვერ ყიდულობდნენ. გლეხების გასაჭირი ქალაქმაც იგრძნო. ეკონომიკა ერთგვარ მახეში აღმოჩნდა, რომლიდან თავის დახსნაც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის გამოისობით მოახერხა. საბოლოოდ მთავრობის ანგარიშგასაწევმა ჩარევამ სოფლების მცხოვრებლებს ქალაქში გადასახლებისა და ახალი პროფესიების შესწავლის საშუალება მისცა. 

ჩვენ კი აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ თუ ინოვაციებს კარგად ვერ ვმართავთ, კეთილდღეობის საპირისპირო შედეგს მივიღებთ.

სრული დასაქმების შენარჩუნებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როცა მონეტარული პოლიტიკა შედეგს ვერ იძლევა, შესაძლოა ფისკალური პოლიტიკა გამოვიყენოთ (გადასახადების შემცირება, სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა – ეკონომიკის სტიმულირებისათვის). შესაბამისი წახალისებით ეკონომიკა ყოველთვის შეიძლება დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც სრული დასაქმების სახელითაა ცნობილი.

ამდენად, მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში „სამსახურის პრობლემა“ პოლიტიკური პრობლემაა. ბრმა იდეოლოგიას – განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინძურ პოლიტიკას გადაჯაჭვულია – შეუძლია გააძნელოს საკმარისი ფისკალური სტიმულის გაცემა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ვნახეთ. 

შემცირებული ხელფასი და გაზრდილი უთანასწორობა

შესაძლოა, სრული დასაქმების უზრუნველყოფაც კი არ იყოს საკმარისი. თუ მანქანები მშრომელებს ჩაანაცვლებს, მაშინ მოთხოვნა მუშახელზე – ნებისმიერი ანაზღაურებით – შემცირდება. ამგვარად, ეკონომიკაში სრული დასაქმების მდგომარეობის აღდგენისათვის ხელფასები უნდა შემცირდეს. ამას მოთხოვნა-მიწოდების კანონი განაპირობებს. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის ჩაურევლად ეკონომიკა დიდწილად გაუარესდება.

რასაკვირველია, ტექნოლოგიურმა წინსვლამ, ისევე როგორც გლობალიზაციამ, ცხოვრება უნდა გაგვიუმჯობესოს. ქვეყანაში უფრო დიდი ნამცხვარი გამოცხვება და თითოეულს უფრო დიდი ნაჭერი შეხვდება. თუმცა, თუ მუშახელს მანქანები ჩაანაცვლებს, ასე აღარ მოხდება: შემცირებული მოთხოვნა მუშახელზე – განსაკუთრებით დაბალკვალიფიციურზე – ხელფასსაც შეამცირებს; ეროვნული შემოსავალი კი გაიზრდება, მაგრამ მშრომელებისა უფრო მცირე იქნება.  

სულ ცოტა, ოთხი მიმართულებითაა საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება: 1. უფრო სამართლიანი წესებია შემოსაღები ეკონომიკური თამაშისათვის, რათა ის მშრომელთა წინააღმდეგ არ იყოს მიმართული. უმნიშვნელოვანესია, რომ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებმა არ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები კორპორაციული ბაზრის გასაძლიერებლად. 2. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ისე უნდა განისაზღვროს, რომ უფრო მეტისთვის იყოს ხელმისაწვდომი ამა თუ იმ მიღწევის შედეგი. 3. შემოსავალ-გასავლის პროგრესული პოლიტიკა შესაძლებელს გახდის, რომ შემოსული თანხა უფრო სწორად გადანაწილდეს. და ბოლოს, 4. უნდა ვაღიაროთ მთავრობის როლი ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის საქმეში – წარმოების სფეროდან მომსახურების სფერომდე. მსგავსი სტრუქტურული ცვლილებები მოხდა ასი წლის წინაც, როცა ეკონომიკის მამოძრავებელი მრეწველობა გახდა სოფლის მეურნეობის ნაცვლად. დღევანდელი სტრუქტურული ტრანსფორმაციისას კი მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მაშინ, რადგან ბევრ სექტორში, ჯანდაცვასა თუ განათლებაში, სახელმწიფო დაფინანსებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ მთავრობა დაიქირავებდა უფრო მეტ ადამიანს ჩვენი ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა თუ ავადმყოფების მოსავლელად, ასევე უმცროსი თაობის აღსაზრდელად და მათ შესაფერისად გადაუხდიდა, ეს ხელფასების მატებას ბევრ სხვა სფეროშიც გამოიწვევდა. უფრო მეტად რომ ვაფასებდეთ ჩვენს ბავშვებს, ავადმყოფებსა თუ ხანდაზმულებს, მათზე უფრო მეტის დახარჯვა გვენდომებოდა. თუ გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთესი განათლება მიიღონ, მაშინ უფრო მეტ მასწავლებელს უფრო მეტი უნდა გადავუხადოთ. მაღალი ანაზღაურება კი უფრო მეტ პროფესიონალს მოანდომებდა მასწავლებლობას. ცხადია, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს უფრო მეტის გადახდა მოგვიწევდა სახელმწიფოსათვის, მაგრამ უფრო დიდი ნამცხვარი, ტექნოლოგიური პროგრესით განპირობებული გაზრდილი შემოსავალი ამის შესაძლებლობას მოგვცემდა და თან კაპიტალისტებისა და ინოვატორების კეთილდღეობასაც არაფერი დააკლდებოდა. მოკლედ, უმუშევრობა, შემცირებული ხელფასი და მშრომელების გაზრდილი პრობლემები ადვილად მოგვარდებოდა, პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო.

დინამიკური ეკონომიკა – სამსახური და შესაძლებლობა ყველასათვის

ზრდა და პროდუქტიულობა

ეკონომიკური ზრდა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: სამუშაო ძალის ზრდასა და პროდუქტიულობის მატებაზე (საათში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა). როცა ერთ-ერთი მათგანი იზრდება, ეს პოზიტიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ცხადია, მხოლოდ ეროვნული პროდუქციის ზრდა კი არ არის მნიშვნელოვანი, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად ისიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ უბრალო მოქალაქემ შესაფერისი წილი მიიღოს. ბოლო ათწლეულების პრობლემა კი ისაა, რომ არც სამუშაო ძალის ზრდაა თვალშისაცემი და არც პროდუქტიულობისა, რის გამოც მთელი სარგებელი საზოგადოების ზედა ფენისაკენ მიემართება.

სამუშაო ძალის ზრდა

სამუშაო ძალის ზრდა გარკვეულწილად დემოგრაფიას უკავშირდება, ამ მხრივ კი მთავრობას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. თუმცა სხვა მიმართულებით შეიძლება გააქტიურდეს, ვთქვათ, უფრო მეტ ქალს მისცეს მუშაობის საშუალება ქალებზე ორიენტირებული პოლიტიკის მეშვეობით (უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დეკრეტული შვებულების უკეთესი პირობები და ა.შ.). შესაძლებელია კარგი სამსახურების გამოძებნა მათთვის, ვისი ცოდნა და უნარებიც დღევანდელ ბაზარს არ სჭირდება. ჩვენ ხომ სათანადოდ არასდროს ვეპყრობოდით ხანდაზმულებს – მადლობას ვეუბნებოდით და პენსიაზე ვუშვებდით. ეს იძულებითი „დასვენება“ კი – როცა ადამიანს შეუძლია და სურს კიდეც მუშაობა – ადამიანური რესურსების ნამდვილი ფლანგვაა. თუ რამეს არ ვიღონებთ, სწრაფად მზარდი ინოვაციების გამო უფრო მეტი ადამიანი გავა პენსიაზე ნაადრევად. ეს კი ძვირად დაუჯდება ჩვენს საზოგადოებას, სადაც ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. სამუშაო ადგილები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მუშაობა არ გაუძნელდეთ მათ, ვისაც პატარა შვილები ჰყავთ და ასევე – არც ხანდაზმულ თანამშრომლებს. 

სამწუხაროდ, ამ რეფორმებს ბაზარი თავად ვერ გაატარებს. კორპორაციების ძალაუფლება მეტისმეტად დიდია, მათ ამგვარი რამ არ სჭირდებათ და სულაც არ ადარდებთ, საზოგადოება რამდენად ისარგებლებს. ამიტომ უნდა იმოქმედოს მთავრობამ აქტიურად და ცვლილებებს დაუდოს დასაბამი. ჩვენ უფრო ჯანმრთელი მოსახლეობა გვჭირდება, უფრო მეტმა რომ შეძლოს მუშაობა. არც კლიმატის, არც ჰაერისა თუ წყლის ბრალია, რომ ამერიკაში ნაკლებად ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში და ნაკლებად შეუძლიათ და სურთ აქტიურად მუშაობა. კვების მრეწველობის უკეთესად რეგულირება და უკეთესი ჯანდაცვის სისტემაა საჭირო.

პროდუქტიულობა

პროდუქტიულობაზეც უამრავი რამ ახდენს ზემოქმედებას. ჯანმრთელი და ბედნიერი სამუშაო ძალა პროდუქტიული სამუშაო ძალაა და ცხადია, ვისი შემოსავალიც ამერიკელთა ნახევრისას ჩამორჩება, ვერც ბედნიერი იქნება და ვერც ჯანმრთელი. ამერიკის შრომით ბაზრებზე გავრცელებული დისკრიმინაცია მშრომელებს არა მხოლოდ ხალისს უკარგავს და უსამართლობის განცდას უჩენს, არამედ იმაზეც მიუთითებს, რომ შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაფერისებს არ ეძებენ.

დახმარება პოსტინდუსტრიულ სამყაროში გადასასვლელად

ჩვენ უფრო მეტად უნდა ვეხმარებოდეთ მათ, ვინც სამსახურს კარგავს გლობალიზაციისა თუ ტექნოლოგიური პროგრესის გამო. მთავრობამ სამომავლო სტრუქტურული ცვლილებების ერთგვარი მონახაზი უნდა შექმნას.

სწორედ მთავრობამ უნდა შეასრულოს უმთავრესი როლი შრომის ბაზართან დაკავშირებული აქტიური პოლიტიკით, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ახალი სამსახურისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლებასა და ახალი სამუშაო ადგილების პოვნაში. ზოგიერთმა ქვეყანამ – მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებმა – აჩვენა, რომ კარგად ორგანიზებულ, აქტიურ შრომის ბაზარსა და ინდუსტრიულ პოლიტიკას შეუძლია, სწრაფად შექმნას ახალი სამსახურები ძველის სანაცვლოდ და ადამიანები სამუშაოს გარეშე არ დატოვოს.

სოციალური დაცვა

დაუცველობის განცდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რის გამოც ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს. მას პროდუქტიულობაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა: როცა დარდობ, რომ შეიძლება სახლიდან გამოგაგდონ, ან სამსახური და შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგო, ისეთი ყურადღებით ვეღარ ასრულებ სამუშაოს, როგორც საჭიროა. ვინც თავს უფრო დაცულად გრძნობს, სარისკო წამოწყებებსაც არ უფრთხის, რას შედეგადაც შესაძლოა უფრო მეტი სარგებელი ნახოს. ჩვენს არაერთგვაროვან საზოგადოებაში მუდმივად ვაწყდებით რისკის გაწევის აუცილებლობას. ახალმა ტექნოლოგიებმა შესაძლოა ახალი სამსახურები გააჩინოს და ძველი გააქროს. კლიმატის ცვლილება თავისთავადაა სარისკო რამ – გავიხსენოთ ბოლოდროინდელი ხანძრები თუ ქარიშხლები. ასეთ დიდ რისკსა და აგრეთვე უმუშევრობასთან, ჯანმრთელობასა და პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებულ არაერთ რისკს დღეს ბაზარი ვერაფერს უხერხებს. 

უმუშევრობის დაზღვევა

რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, მალევე მოძებნონ ახალი. თუმცა ადამიანებს ხშირად აქვთ არარეალისტური მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით და ვერ აფასებენ თავად დასაქმების სარგებელს – სოციალური კავშირების გაბმას, რაც კეთილდღეობის განცდისთვისაა აუცილებელი.
 

ღირსეული სამსახური კარგი სამუშაო პირობებით

შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში დიდ მღელვარებას იწვევს კარგი სამუშაო ადგილების საკითხი. დასაქმებულებს ეშინიათ, რომ მიგრანტები სამსახურს წაართმევენ და ხელფასების შემცირებას გამოიწვევენ. იმისიც ეშინიათ, რომ გლობალიზაციის გამო ქვეყანა სამუშაო ადგილებს დაკარგავს და მათ საზღვარგარეთ გადაიტანენ. ისინი ზღაპრად მიიჩნევენ ეკონომისტების სტანდარტულ არგუმენტს, რომ ძველი სამსახურების გაქრობას ახალი, უკეთესი სამსახურების გაჩენა მოჰყვება. ასეც რომ მოხდეს ზოგ შემთხვევაში, უმრავლესობისათვის მაინც არაფერი შეიცვლება. ბევრი იბრძვის იმისათვის, რომ ერთგვარ წონასწორობას მიაღწიოს – იმუშაოს კიდეც და იცხოვროს. ქალებს კარიერული წინსვლაც სურთ და ბედნიერი ოჯახიც. კაცებიც ხშირად დარდობენ კომპრომისებზე, რადგან სამსახურში დაწინაურებაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ცხოვრების სხვა მხარეებიც, უპირველესად კი, შინ მეტი დროის გატარება.

შესაძლებლობებისა და სოციალური სამართლიანობის აღდგენა 

ბაზრის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ხვდებიან, რომ ის დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობასა და შესაძლებლობებს. კონკურენციის პირობებში ხელფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე განისაზღვრება. საბაზრო ძალების ურთიერთქმედებამ კი შესაძლოა დაბალკვალიფიციური მუშა ისეთი ხელფასის ამარა დატოვოს, რომლითაც თავს ვერ გაიტანს, რომ აღარაფერი ვთქვათ სრულფასოვან ცხოვრებაზე. უმთავრესი როლი მთავრობამ უნდა შეასრულოს სოციალური სამართლიანობის წახალისებაში – უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანებს ისეთი შემოსავალი აქვთ, რომლითაც ცხოვრება შეიძლება; რომ ახალგაზრდებს წარმატებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოუმუშავდათ და ხელი მიუწვდებათ კარგ სამსახურზე, განურჩევლად მათი მშობლების სოციალური მდგომარეობისა, განათლებისა თუ შემოსავლისა; რომ ზოგიერთი პიროვნება თუ კომპანია არ იყენებს საბაზრო ძალაუფლებას „ეროვნული ნამცხვრის“ უზომოდ დიდი ნაჭრის ხელში ჩასაგდებად.

უთანასწორობას მხოლოდ ის წესები კი არ ქმნის, რომელთა მიხედვითაც ხალხი ხელფასს იღებს, არამედ ისინიც, რომლებიც კორპორაციებს ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს. ჩვენი ფინანსური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ უფრო და უფრო ზრდის ამ უთანასწორობას: დაბალშემოსავლიანები მაღალ პროცენტს იხდიან სესხის აღებისას, ხოლო როდესაც ანაბარი აქვთ ბანკში, მაშინ დაბალი პროცენტი ერიცხებათ. „რეფორმებმა“ ფინანსურ სექტორში მხოლოდ გააუარესა ყველაფერი. არადა, შეიძლებოდა ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც თანასწორობის სასურველ დონეს მიგვაახლოებდა.

ღირსეული ცხოვრება ყველასათვის

გასულ საუკუნეში ბაზრების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის რეგულაციებისა და პროგრამების ერთობლიობა საშუალო კლასს ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას აძლევდა, მუშათა კლასს კი ბევრად უკეთესად აცხოვრებდა, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნეში. თუმცა ბოლო ათწლეულებში ეს ყველაფერი ბუნებრივად მივიჩნიეთ და თვითკმაყოფილებამ შეგვიპყრო. შედეგად, ბევრი მოქალაქე ვეღარ ახერხებს თავისი ცხოვრების წესის შენარჩუნებას. როდესაც ხელფასი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უმცირდება მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ ქვეყანაში, ცხადი ხდება, რომ საქმე ცუდადაა.

ღირსეულ ცხოვრებას რამდენიმე მთავარი ფაქტორი განაპირობებს: ადამიანებს სურთ, რომ მუშაობდნენ და ამისათვის შესაფერისად უხდიდნენ; რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ პენსიაზე გასვლამდეც და მას შემდეგაც; რომ მათ შვილებს განათლების მიღება შეეძლოთ; რომ სახლი ჰქონდეთ და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელი მიუწვდებოდეთ. ამერიკული სტილის კაპიტალიზმმა ვერცერთის უზრუნველყოფა ვერ შეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. ჩვენ კი შეგვიძლია, რომ ყველაფერი უკეთესად გავაკეთოთ. აქამდეც უნდა გვეღონა რაღაც მათ დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა და ვისაც ახალი ტექნოლოგიებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ არაფერი ვიღონეთ. უკეთესი ჯანდაცვის და განათლების სისტემები უნდა გვქონოდა, მაგრამ არ გვაქვს. უნდა დავხმარებოდით იმ ქალაქებს, რომლებიც დეინდუსტრიალიზაციისა და თემების განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ არ დავეხმარეთ. ახლა სწორედ ამის საფასურს ვიხდით. წარსულს ვერ შევცვლით, ის კი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. და თუ ვინმე მეტყვის, თავს ამის უფლებას როგორ მივცემთო, ვუპასუხებ: ჩვენ, როგორც მდიდარი ქვეყანა, სწორედაც იმის უფლებას ვერ მივცემთ თავს, რომ უფრო მეტი მოქალაქისათვის არ გავხადოთ ხელმისაწვდომი საშუალო კლასის ცხოვრება. სხვა სამყარო შესაძლებელია და მის შექმნაში პროგრესული დღის წესრიგი დაგვეხმარება.

საყოველთაო კეთილდღეობის ხელშეწყობა

საყოველთაო კეთილდღეობა მხოლოდ 1%-ის კეთილდღეობას კი არ ნიშნავს, არამედ ყველა ადამიანისას. ჩვენ ვხედავთ, სად ვართ, საით შეგვიძლია წავიდეთ, რად შეგვიძლია ვიქცეთ და როგორ მივაღწიოთ ამას. ეს ხედვა ემყარება ისტორიის განცდასა და ასევე ეკონომიკისა და იმ საზოგადოებრივი ძალების სიღრმისეულ ცოდნას, რომლებიც მასზე ზემოქმედებენ და თავადაც განიცდიან მის ზემოქმედებას. მიზნის სიცხადით უნდა დავიწყოთ – გაცვეთილი ფრაზა კი არ უნდა გავიმეოროთ, რომ ღირებულებები გვაქვს, არამედ კარგად უნდა გავიზროთ ეს ღირებულებები და ისიც, რომ ეკონომიკა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. წარმატებულია თუ არა ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით კი არ უნდა გაიზომოს, არამედ მოქალაქეების კეთილდღეობით. ახალი სოციალური კონტრაქტი მომავალი თაობებისათვის გარემოს შენარჩუნებასაც ითვალისწინებს და უბრალო ხალხისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების დაბრუნებასაც.

ახალ კონტრაქტში ის ვალდებულებაც უნდა ჩაიწეროს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება და რომ თითოეული ადამიანის ხმა ისმოდეს ჩვენს დემოკრატიაში. ამ პროგრესულ დღის წესრიგში მთავრობა უმთავრეს როლს ასრულებს – უზრუნველყოფს ბაზრების შესაბამისად ფუნქციონირებას და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევასაც. და თუ ეს პროგრამა მისაღები აღმოჩნდება, მაშინ იმ იდეასაც უნდა შეველიოთ, რომ მთავრობა ყველგან და ყოველთვის არაეფექტიანი და ხელისშემშლელია. როგორც ყველა ინსტიტუციამ, მანაც შეიძლება დაუშვას შეცდომები და გამოასწოროს. ჩვენს პრობლემებს მხოლოდ ბაზრები ვერ გადაწყვეტს. მთავრობაა ის, ვისაც შეუძლია გარემოს დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის უზრუნველყოფა და ისიც, რომ საზოგადოებას ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმაროს კვლევებსა და ტექნოლოგიაში ინვესტირებით, რაც ხანგრძლივი პროგრესის საფუძველია.  

ოცდამეერთე საუკუნის დღის წესრიგის მთავარი პუნქტი უკეთესი წონასწორობის მიღწევაა საზოგადოებასა და ეკონომიკაში – საზოგადოების ნაწილებს შორის, მთავრობას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. აღდგენილი წონასწორობა სხვა ელემენტებსაც გულისხმობს: ბოლო ათწლეულების მატერიალისტური უკიდურესობებისა და ამორალიზმის მოთოკვას; როგორც პიროვნული, ასევე კოლექტიური ინიციატივების წახალისებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას; ცალკეული ადამიანებისა თუ მთელი საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ მათი ქმედებები მაღალ ღირებულებებზე, შთაგონებაზე უნდა მეტყველებდეს. ამ ღირებულებებს შორის კი ცოდნისა და ჭეშმარიტების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუციების პატივისცემაა. მხოლოდ ასე თუ გაგრძელდება ის პროგრესი, რომელსაც ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვხედავდით. 


თარგმნა ირმა ტაველიძემ