ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროზა

სხეული ორგანოების გარეშე | ზურა ჯიშკარიანი


− ჩემი მფარველი ანგელოზი მოვტყან ეგრე თუ არ ეთქვას – ვახალე ვანოს იმის იმედად, რომ ასეთი გინება მაინც გაჭრიდა, აღძრავდა მასში ემპათიის მინიმუმს, მაგრამ იქვე დავფიქრდი: «იქნებ მფარველი ანგელოზიც არ მყავს?»
− რაო, რომელი ორგანოები გაკლიაო? - სხვათა შორის მკითხა ვანომ და გააგრძელა ორმაგი ჩიზბურგერით მაკდონალდსში შემოპარული ალიგატორის კვება.
− ყველა! ანუ არცერთი ორგანო არ გაქვსო და ეგრე ვერ გიმკურნალებო, ლომკას ვერ მოგიხსნიო! ყველა ექიმი თოკზე უნდა დაკიდო!

 ისე სიმართლე ითქვას, ისეთი კარაკულებით დამიწერა დიაგნოზი ნოდარ ექიმმა: «პაციენტის სხეულს არ გაჩნია ორგანოები», რომ წამით ვიფიქრე ეს წარწერა ტატუდ ხო არ დამერტყა.

ამასობაში ორივეს მოგვბეზრდა ამერიკულ თრეშში ჯდომა და ალიგატორის გამოკვება და გარეთ გამოვედით. მზე ისე აჭერდა, როგორც მხოლოდ თბილისში იცის, ასფალტიდან ამოსულ ოხშივარში რომ მირაჟებს ხედავ, თითქოს უდაბნოში ოაზისებს, რომელსაც უცებ მავანი მანქანა მოგიჭრის შუაში, ამიტომ სასწრაფოდ ჩრდილის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ყველა ჩრდილი დაკავებული იყო. ერთ-ერთში ბომჟი იჯდა, რომელსაც 10 ლარი მივეცით, რომ ქალაქის მერიის ესთეტიკა არ დაერღვია და სადმე ჯანდაბაში გადამალულიყო რაც შეიძლება მალე და მისი ადგილი დავიკავეთ.

− ესეიგი შავ ბაზარზეც კი ვეღარ გაყიდი ვერაფერს, პირდაპირ გეტყვი – შენგან ნული სარგებელი აქვს საზოგადოებას – მითხრა ვანომ დარქნეტის გადმოსახედიდან
− საზოგადოება მყიფე შეთანხმებათა სერიაა, საკმარისია ერთგან გაწყდეს, მერე დომინოს პრინციპით ჩამოიშლება – განვაცხადე ისტერიულად და ჩრდილიდან წამოვდექი. მეტ საუბარს ამ ვიგინდარასა და ორგანოებით მოვაჭრესთან აზრი არ ჰქონდა.

სახლში მისულმა ჯერ მედიტირება დავიწყე დიდ აფეთქებაზე, წარმოვიდგენდი 13 მილიარდი წლის მდინარებას, შემდეგ, ამ წლების წინ როგორ შეიქმნა სამყარო საოცარი აფეთქებით და ჩემი ფიქრები იმ პატარა წერტილს დაემსგავსა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მედიტაციიდან გამორკვეული, მაინც დილით ექიმთან ვიზიტის მსხვერპლი აღმოვჩნდი და პურის საჭრელი დანით ჰარაკირი გავიკეთე, რათა საკუთარი ნაწლავების არსებობა-არარსებობაში დავრწმუნებულიყავი, მუცლიდან მხოლოდ ბლანტმა სითხემ და ჟელიბონმა გამოჟონა. «ნუთუ მთლიანად ჟელიბონი ვარ?» - გამიელვა ტვინში, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ტვინი მქონდა თუ არა, აკი ექიმმა თქვა ორგანოები არ გაგაჩნიაო და ხელები გაასავსავა. არა, სიმართლე რომ ითქვას, ყოველთვის ვგრძნობდი რომ უგულო ნაბიჭვარი ვიყავი, მაგრამ ფილტვებიც თუ არ მქონდა, თირკმელიც, ტვინიც და ა.შ. ვერასოდეს წარმომედგინა. თუმცა რას ცვლიდა ეს ჩემს ცხოვრებაში?

ერთადერთი ვანოს ვერ მივასაღებდი რამე ორგანოს შავ ბაზარზე გასაყიდად (არადა ფული სასწრაფოდ მჭირდებოდა ჩემი უძღები ადიქციის დასანაყრებლად), დანარჩენი არაფერი შეცვლილიყო: პარასკევი საღამო მოდიოდა და უკვე მზად ვიყავი ექსტაზების საღეჭად აპოკალიფსის მოლოდინში რომელიმე კლუბის დარქ რუმში. არავინ იცის, როდის დაიწყება აპოკალიფსი, მაგრამ მე მაინც სულ მზად ვარ,  პლანეტა უკვე რა ხანია აბრახუნებს ჩვენს კარებზე, ჩვენ კი თითქოს არ ვიმჩნევთ ისე ვაგრძელებთ სადილს. ამ დროს გამახსენდა მამა ზაზა (ყველას უნდა ჰქონდეს ერთი მამაოს, ერთი განგსტერის და ერთი ქლაბერის ნომერი, რა იცი რაში გამოგადგება).

− მამა ზაზა, ადამიანს, რომელსაც ორგანოები არ გააჩნია რა ელის უფლის სამსჯავროზე?
− ანგელოზი ყოფილხარ შვილო, მათ არ გააჩნიათ შინაგანი ორგანოები, ამიტომაც არასოდეს დადიან, მაგალითად, ტუალეტში – მანუგეშა მამა ზაზამ, ხოლო იმ აზრმა რომ შესაძლოა ანგელოზი ვარ ისე ემოციურად იმოქმედა ჩემზე, რომ ყურმილი სასწრაფოდ დავკიდე და მესამე სართულიდან გადავხტი.

მიწაზე ისე დავეშვი, თითქოს კატა ვყოფილიყავი, არცერთი მოტეხილობა, არანაირი ტკივილი, ახლა იმაზე დავფიქრდი საერთოდ ძვლებიც მქონდა თუ არა.

− ვანო ანგელოზებზე არის მოთხოვნილება ბაზარში? - დავურეკე ვანოს
− მოთხოვნადობა მაღალია, მიწოდება დაბალი – საქმიანად მომიჭრა ვანომ
− ვალდებულებებში რა შედის?
− არ არის აუცილებელი სულ გვერდით იყო, მაგრამ როცა გამოგიძახებენ უნდა იყო გულისხმიერი, გასაჭირის ჟამს ანუგეშო, უნდა ფლობდე სხვის თვალებზე ცრემლების შეშრობის ნატიფ ხელოვნებას, ბევრი რატომღაც კარატის ცოდნასაც ითხოვს, რატომ არ ვიცი, ალბათ «მფარველი» - ბოდიგარდში ეშლებათ. არცერთი პარამეტრი შენ არ მიგესადაგება
− მამა ზაზამ მითხრა ანგელოზი ხარო შეჩემა, რა არ მიმესადაგება? კარატეს რაც შეხება ავიღებ კურსებს, ხომ იცი როგორ ძაან მჭირდება შემოსავალი და საერთოდ ჩემი უორგანო სხეული პირდაპირ კარატისთვისაა შექმნილი

მამა ზაზას ვანოც იცნობდა და ენდობოდა, ასე რომ მისი ხსენება კოზირი იყო ჩემს ხელში.

− ნუუ, ასეთ შემთხვევაში მოვიფიქრებ რა შეიძლება გაკეთდეს, პრინციპში შენი ადიქციითაც შესაძლოა კარგი ანგელოზი გამოვიდეს, ჩაგწერო waiting list-ში?
− ჩამწერე – მოჭრილად ვუპასუხე ვანოს, შემდეგ ხელები თვითმფრინავივით გავშალე და კორპუსის გარშემო მსუბუქი სირბილით დავიწყე ირაოების კეთება – ასე მხოლოდ ღრმა ბავშვობაში ვაკეთებდი, ჰეროინის მორიგი დოზის მიღების შემდეგ.