ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტალღები სარკეში: შავი ზღვის (ანტი)გმირი ქალები

„ტალღები სარკეში“ სარკისებური პრინციპით დაწერილი ტექსტია, დიალოგი საკუთარ თავთან, როგორც სხვასთან. აქ ფორმა იმეორებს შინაარსს, და გმირები და ანტიგმირები ერთმანეთში სარკისებურად აირეკლებიან. ეს არეკვლა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ სივრცული და პოლიტიკურიცაა.

სარკის მეტაფორას ორად გაყოფილი ბერლინელებისა და მათი სახელმწიფოებრივი თუ ნათესაური პრინციპების აღწერისას იყენებს ანთროპოლოგი ჯონ ბორნემანი, წიგნში Belonging in the Two Berlins. ბერლინის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრებას განსხვავებული პოლიტიკური და ნაციონალური რიტორიკა სდევდა თან, რაც ადამიანებს უბიძგებდა, საკუთარი თავი მათივე ქალაქის მეორე ნაწილში მცხოვრებთა საპირისპიროდ განესაზღვრათ და აღექვათ. ეს კი ბერლინელებში მუდმივ გაუცხოებასა და ერთმანეთის ვერმიღებას იწვევდა.

ჩვენი სარკე ასეთ გაუცხოებას და მიუღებლობას გაურბის. აქ ტექსტის ავტორებიც და ამ ტექსტში აღწერილი შავიზღვისპირელი ქალებიც სარკეს ერთმანეთის შესაცნობად და ერთმანეთის ზღვის სამყაროებში სამოგზაუროდ იყენებენ. მათ სურთ, ამ სარკეში აღმოაჩინონ ისტორიები, რაც მათი კავშირის საფუძველია.

სარკე 1: ორი მედეა

შავი ზღვა ირეკლავს ქალების წინააღმდეგობებით სავსე ბიოგრაფიებს, მითოლოგიასა და ისტორიას. ამ ზღვაზე მომხდარ ყველა ამბავს და აქ მცხოვრებ ყველა პერსონაჟს თავ-თავიანთი ორეულები ჰყავთ. ამიტომ გარდაუვალია ამ ისტორიების ამბივალენტურობაც.

ისინი შავი ზღვის სიღრმეებში ინახება – მის უდაბურ და გაუკვალავ არაცნობიერში. იქიდან წამოსული დაფარული ცოდნა, მხოლოდ შემთხვევით და იშვიათად ამოხეთქავს, როგორც დიდი და მშვენიერი ტალღა, როგორც შეხსენება, რომ დალექილ ამბებს გახსენება სჭირდება და თუ დროდადრო თვალს არ გადავავლებთ, ოდესმე აუცილებლად შურს იძიებენ. 

ეს ისტორიები ორი განსხვავებული ბედისწერის მქონე მხარეს ეკუთვნის, ორ ავტონომიურ რესპუბლიკას – აფხაზეთსა და აჭარის ზღვისპირეთს, თითქოს, მათი კოლექტიური მეხსიერების საცავები გაიხსნა. ორივე შავი ზღვის საკურორტო ზონაა. ორივეშია საპორტო ქალაქები და ერთმანეთს ჰგვანან ოსმალურ-რუსული კოლონიური ბიოგრაფიითაც. მათი პოლიტიკური სხეულები – ერთ დროს ზღვა, გემები და საერთო საზღვრები რომ აკავშირებდა – ახლა ერთმანეთის საპირისპიროდ ვითარდება, თუმცა, მაინც ერთმანეთთან შედარებაში არიან და ისევ სარკისებურად განსაზღვრავენ საკუთარ წარსულსა და მომავალსაც.

მაგალითად, მედეას ორი კონტრასტული ქანდაკება. ერთი აფხაზეთშია – ბიჭვინთაში (მერაბ ბერძენიშვილი, 1968), მედეა იქ დიდი ქალია, მსხვილი ფორმებით, რომელიც ბავშვებთან ერთად მიაბიჯებს და თან მათკენაა მიმართული, როგორც მზრუნველი და მოსიყვარულე დედა. კონტრასტს ამ ყველაფერთან, ამოხეთქილი ტალღა ქმნის, ბერძენიშვილის მედეასთვის ის დამატებითი აქსესუარია; ამოფრქვეული ბრაზის, შურისძიების, არაცნობიერიდან ამოსული ძალის სიმბოლო.

საინტერესოა, რომ 2007 წელს ბათუმში დადგმულ დავით ხმალაძის ფრონტალურ და გაშეშებულ მედეას ქანდაკებას ბერძენიშვილის დინამიკური მედეასგან ისტორიული დრო და კონტექსტი განასხვავებს და ფორმასაც ეს უკარნახებს. სააკაშვილის მმართველობის დროს დადგმულ მედეას ხელში ოქროს საწმისი უჭირავს, როგორც „ცივილიზაციაში დაბრუნების“ ნიშანი; როგორც ევროპისკენ გაწვდილი ხელი, თითქოს, მედეა მათ ისევ ყველაზე არაცნობიერ ცოდნას და სივრცეს აძლევს. ბათუმის მედეას ავტორები თითქოს გამორიცხავენ ამ ქალის ორმაგ ბუნებას, დგამენ მის ძეგლს და ასე ცდილობენ, დაიმორჩილონ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ქალი, რომელიც სამყაროს მეხსიერებას შემორჩა.

შავი ზღვის მითოლოგიური ქალები ხშირად არღვევენ გმირობის გავრცელებულ წარმოდგენებს. თუ გმირი გამორჩეული და სანიმუშო უნდა იყოს, შავი ზღვის ქურუმი მედეა სანიმუშოობისგან შორსაა. ამიტომაც, არაერთხელ გაუკრიტიკებიათ და არაერთხელ უცდიათ, მოეთვინიერებინათ მედეა – მოერგოთ მისი ბიოგრაფია. ეს სურვილი ჩანს ბიჭვინთისა და ბათუმის მედეას ქანდაკებებშიც. ერთი მზრუნველი დედის გმირულ არქეტიპშია ჩამოსხმული, ხოლო მეორე – კეთილდღეობის ევროპულ საფარველში გახვეული. ერთ შემთხვევაში, გმირობა დედობის მძიმე ტვირთს უკავშირდება, ხოლო მეორეში – ევროპელობის. მართლაც, ბათუმის მედეა ქალაქს თავზე ამაყად დაჰყურებს – მას ვერ შესწვდები, ის გმირია, ზეადამიანი, რომელმაც „საქართველო ევროპასთან დააკავშირა“. ბიჭვინთის მედეა კი სანაპიროზე დგას, როგორც მზრუნველი დედა და შვილებს კორინთელების შურისძიებისგან იცავს.

გმირობის ასეთი სიუჟეტები მედეას ამბივალენტურ ბუნებას ერთ მონოლითურ ფიგურად აქცევს და ამით კიდევ უფრო აუცხოებს მას ადამიანებისგან. მეტიც, ბათუმის მედეა, ბიჭვინთის მედეასგან განსხვავებით, სივრცულადაც გაუცხოებულია ადამიანებისგან – მისი ბრინჯაოს სხეული ოქროს საწმისით ხელში ისე მაღლა დგას და ისე ხელმიუწვდომელია, როგორც – თავად ევროპა.

სარკე 2: მშრომელი ქალები

ბათუმის სანაპიროზე მოვაჭრე ქალებისთვის მედეას ძეგლი არაფერს ნიშნავს, ალბათ, გარდა ერთისა: მისი გაბრწყინებული სხეული და ოქროს საწმისი, როგორც კეთილდღეობის სიმბოლო, მათი ყოფისგან რადიკალურად განსხვავდება.

თუ გმირობა არაადამიანური უნარების ქონას და ყოფის აუტანლობის დაძლევას გულისხმობს, მაშინ, სწორედ ეს მოვაჭრე ქალები არიან შავიზღვისპირეთის ნამდვილი გმირები. თუმცა, მათი გმირობა არათუ უხილავი, არამედ ბევრისთვის არასანიმუშოცაა. ისინი თავდაყირა აყენებენ სანაპიროზე ყოფნის ნორმალურობას: ზღვაზე დასვენებას და მზეზე ნებივრობას. ეს ქალები ამ განცხრომისთვის „განკუთვნილ“ ადგილზე არანორმალურად შრომობენ და თაკარა მზის ქვეშ სარჩოს საშოვნელად საათობით დადიან. შრომის ეს ფორმა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება და იმგვარ ფიზიკურ ძალებსაც კი მოითხოვს, გრძნეული მედეა მხოლოდ ალქიმიისა და ჯადოქრობის დახმარებით თუ მიაღწევდა.

მაგრამ სანაპიროზე მოვაჭრე ქალებისთვის გმირობის მიღებულ წარმოდგენებში ადგილი არ მოიძებნება. ყოველდღიურობის აღმატებული აქტები, რასაც ეს ქალები სჩადიან, გმირობის ყალიბში საერთოდ არ ჯდება. ამიტომაც მაღალ პედესტალზე მდგარი მედეასავით, მათ არავინ აქცევს ქალაქის მთავარი სკვერის სიმბოლოებად. თუმცა კი შესწევთ ძალა, ჯიქურ გადალახონ დასაზღვრული ზღვებიცა და სანაპიროებიც, რომ საღამოს, აჭარის ზღვისპირეთში ნავაჭრით, შვილები გამოკვებონ.

სანაპიროს მოვაჭრე ქალები გმირებად პირველად არტისტმა თეა გვეტაძემ დამანახვა. თეა, ალბათ, ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროზე გაცნობილ ბლითების გამყიდველ ქალს პირდაპირი და სიმბოლური მნიშვნელობით მადლიერების ძეგლი დაუდგა, ხეში გამოკვეთა და თავისი შემოქმედების ერთ-ერთ ცენტრალურ ნამუშევრად აქცია. ამით, თითქოს, ჩვენი, ზღვასთან უდარდელად წამოწოლილი დამსვენებლების უთქმელი მადლიერება შეაკოწიწა და ფორმა მისცა. ამ ზაფხულს ჩემს მეგობარს, სტატიის თანაავტორს, ვუზიარებდი ბოლო წლებში გაჩენილ უხერხულობას: როგორ სულ უფრო მიჭირს, ჩემთვის საყვარელ შავ ზღვაზე ბედნიერების წუთებით დავტკბე, რადგან თაკარა მზის ქვეშ ამდენ დაუფასებელ შრომას ვხედავ. ამაზე ვფიქრობდი მაშინაც, როცა ერთ დღესაც, ზღვაში შევცურე, სანაპიროსკენ გამოვიხედე და შორიდან დავინახე ვარდისფერკაბიანი ქალი – ქოლგით. ნახევრად ცარიელ სანაპიროზე მოაბიჯებდა და ცივი ყავა მოჰქონდა გასაყიდად. შორიდანვე მოვინუსხე და აღფრთოვანების გამოხატვა მომინდა, მაგრამ დაბნეულმა ზღვიდან ამოსვლა ვერ მოვასწარი. მეორე დღეს ისევ შემხვდა, ბათუმიდან უკვე საკმაოდ შორს (იქვე ვიფიქრე, ალბათ, დღეში რამდენჯერ და რამდენ კილომეტრს გადის-მეთქი ასე გამოწყობილი), ისევ ისეთივე მშვენიერი და მომხიბვლელი იყო. ფოტოს გადაღება ვთხოვე. მერიდებოდა, მაგრამ მინდოდა მეხსიერებაში მისი გამოსახულება შემომრჩენოდა, ამით კი მისდამი პატივისცემა გამომეხატა და მისი განსაკუთრებულობა დამემახსოვრებინა.

ამ ქალმა ისევ თეას ნამუშევრები გამახსენა, რადგან მათი მიზანიც ზუსტად ამ ქალების სახეების უკვდავყოფაა, არა გამოყენება და ობიექტივიზაცია, არამედ ოდის მიძღვნა სიამაყის, ძლიერებისა და ქალურობის მიმართ.

მართალია, მონუმენტურობის განსხვავებული მნიშვნელობით და მასშტაბით, მაგრამ თეა გვეტაძის ეს ქანდაკება მაინც მაბრუნებს თამარ აბაკელიას კოლმეურნე ქალების გამოსახულებებთან. ცხადია, ამ ორ ხელოვანს, მათ დროსა და კონტექსტს უამრავი რამ განასხვავებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში საინტერესოა ის, თუ როგორ ხედავენ სხვადასხვა ეპოქის ხელოვანი ქალები მათ თანამედროვე მშრომელ ქალთა სახე-ხატებს.

გმირი მშრომელი ქალების საბჭოთა სახეებმა გამახსენა პარიზის მარქსისტული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცული აჭარის ტურისტული ბუკლეტის ყდა, რომელზეც ჩალის ცილინდრიან ქალს მხარზე შედგმული, ციტრუსით სავსე დაწნილი კალათა ამაყად მოაქვს. ქალის უკან საკურორტო ქალაქის პეიზაჟი გადაშლილა პალმებით, შავი ზღვითა და ზედ მოტივტივე ნავებით. ეს ტურისტული ბროშურა 1930-იან წლებში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მოსკოვში დაიბეჭდა და მისი მიზანი ევროპელი პუბლიკისთვის აჭარის გაცნობა იყო. საბჭოთა კავშირი დასავლეთს უმზერდა როგორც სარკეს, რომელშიც საკუთარი თავი უნდა განესაზღვრა – ევროპიდან მოპყრობილი მზერის საპირისპიროდ. საბჭოთა ბროშურაში გამოსახული ციტრუსის მკრეფავი ქალიც თავის მზერას აპყრობს დასავლეთს და ცდილობს აჩვენოს, რომ საბჭოთა აჭარაში ქალები ღირსეულად შრომობენ. რომ სწორედ ამ შრომის ნაყოფია მის უკან გადაშლილი ფერადი ბუნება. თუმცა, ნახატში ქალს თვალები მთლიანად დაჩრდილული აქვს და ეს უთვალებო მზერა გვაფიქრებინებს, რომ ის შრომით დაღლილ თვალებს მალავს.

მშრომელი ქალების ასოციაციური კვლევა რომ გავაგრძელოთ და შავ ზღვასაც არ მოვშორდეთ, ისევ „სოციალური რეალიზმის“ ნიმუშები გავიხსენოთ საბჭოთა აფხაზეთიდან. მაგალითად, „კოლმეურნე ქალების“ სერიები, რომელთაც, ძირითადად, საქინფორმი იღებდა. ამ ფოტოებზე ბედნიერ ქალებს დიდი, ლამაზი ქუდები ახურავთ და კარგად მოვლილ ჩაის პლანტაციებში ბედნიერად შრომობენ. ანდა მწველავები არიან, თეთრი ხალათებით ფერმებში მუშაობენ და ვერმეერის უზრუნველ ყოფას მოგვაგონებენ. რაც უფრო დიდხანს ვუყურებ ამ ფოტოებს, ამ ქალების მშვენიერ ღიმილს, დაწყობილ და დავარცხნილ თმას, მით უფრო მძაფრად ვგრძნობ დაფარულს – ვამჩნევ ძალადობას, რომელიც ამ სიმშვიდის და იდეალურობის უკან დგას, იმასაც კი წარმოვიდგენ, როგორ დაჰყვება ამ გაპრიალებულ გამოსახულებებს ოფლის სუნი. ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ, რამდენად შორს არის „სოციალური რეალიზმი“ რეალურობისგან.

სარკე 3: ნადი

მაშინ, როდესაც შრომამ, ძირითადად, მუშახელის დაქირავების ფორმა მიიღო, ეს მუშახელი კი ხან შრომის გმირებად, ხანაც სასტუმროს მიმტანებად გვევლინებიან, შავიზღვისპირეთში ცხოვრობენ ქალები, რომელთა შრომაც ურთიერთდახმარების პრინციპზე, შრომა-მიგებით წესზე დგას. შრომის ორგანიზაციის ამ ფორმას ნადი ეწოდება.

ნადი უცხოა ორივე – სოციალისტური და კაპიტალისტური შრომის ორგანიზაციის ფორმებისგან, რადგან ანაზღაურების ფულად, მონეტარულ პრინციპს არ ეფუძნება. ასეთია თუთუნის ნადი აჭარაში, როცა მეზობელი ქალები ერთმანეთის ნალიების ქვეშ ფეხმორთხმულები სხდებიან, თუთუნს გრძელ მახათებზე აგებენ და კანაფის ძაფზე თამბაქოს ფართო ფოთლებს მწკრივებად ასხამენ. ამ ქალების თითები დაკოჟრილია თამბაქოს სუსხიანი ფოთლებისგან, რომელთა გამხმარ ღეროებსაც თვითონ, ხშირად, არც ეწევიან. მეზობლები მონაცვლეობით სტუმრობენ ერთმანეთს და ამ რთულ ფიზიკურ შრომას იყოფენ, თან ნადური მელოდიებით, შრომისადმი მიძღვნილი კოლექტიური სიმღერებითა და შაირებით ირთობენ თავს.

თუთუნის ნადამდე ბევრად ადრე, რთვის ნადები იყო გავრცელებული. ამ დროს, მატყლის დართვისას, ქალები ერთად ამღერდებოდნენ ხოლმე: „მოდი, ნადური ვიმღეროთ, ნუ ჩაგვარდნია ენაო. ხერტალი დავატრიალოთ, შევაყოლოთ ფარტენაო1“.

ლაზი მხატვარი და პოეტი, ჰასან ჰელიმიში თავის 1975 წლის ნამუშევარში ნადურ ჯაფაში ჩართულ ქალებს ჭრელი კაბებითა და თავსაბურავებით მორთულ-მოკაზმულებს ხატავს. მათ ხელში თოხები მოუმარჯვებიათ და შავი ზღვის ფონზე დგანან. ქალების სხეულები ყანის გასწვრივ ისეა ჩამწკრივებული, რომ ერთ სხეულებრივ სიმეტრიას ქმნიან. სხეულთა ეს სიმეტრია კოლექტიური შრომისადმი მიძღვნილი მანტრაა და რიტუალურ ცეკვას ჰგავს. ჰელიმიშის ნამუშევარი განსხვავდება შრომის გმირებზე შექმნილი ნამუშევრებისგან. აქ გმირები ცალკეული ინდივიდები კი არ არიან, არამედ გმირია თავად ნადი, ეს ერთიანი, კოლექტიური სხეული, რომელიც ქალთა გადანაწილებულ შრომაში განსხეულდება. 

ნადური შრომა გამონაკლისია. ის არ ჯდება კაპიტალისტური შრომითი ურთიერთობების ნორმაში, რადგან ნადი მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პრინციპების მიღმა არსებობს. სწორედ ნადზე დაკვირვებით შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც ჩვეულებრივ არ ჩანს. არ ჩანს, რომ ხშირად გმირობა არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური აქტია. შავიზღვისპირეთის ქალების ყოველდღიური შრომა იმასაც კი გვახსენებს, რომ კოლექტიური სამყარო არათუ არაა უტოპია, არამედ ის ჩვენ გვერდით არსებობს და, უბრალოდ, ჩვენგან აღიარებას ელოდება.

წელს პირველად ვნახე ნადი ზემო აჭარაში. ამ მოგზაურობის დროს წამითაც არ მტოვებდა განცდა, რომ სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებ. ის, რასაც აფხაზეთში იმის გამო ვაკლდები, რომ იქ ვერ ჩავდივარ, თურმე, შეიძლება, ახლო მეგობრის სოფელში ავინაზღაურო. იქაურობის შენელებულ, მოშვებულ მოტორიკაზე დაკვირვებით მოვიხელთო ის, რაც აფხაზეთში მეგულება.

ერთ-ერთ სოფელში, პირველივე სახლის ქვედა სართულზე შეკრებილ ქალებს მოვკარით თვალი. სახლის გადახურულ ნაწილში ჩრდილს შეფარებულები ლობიოს არჩევდნენ. ჩემმა მასპინძელმა ჩუმად მითხრა, ალბათ, ნადი აქვთო. ეს ჩურჩულიც ინიციაციას ჰგავდა, განდობას, სადაც სხვისი ადგილი არ არის, მეზობელი ქალების გარდა. აჭარაში ჩასვლა ჩემთვისაც მეტაფიზიკური ნადი იყო, სადაც მეგობარი და მისი ოჯახის წევრები დანაკლისის შევსებაში უანგაროდ დამეხმარნენ.

სარკე 4: ერთმანეთის გმირები

აფხაზეთში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც გემით, რომელიც სოხუმის პორტში ერთი დღით ჩერდებოდა და შემდეგ შავი ზღვის სხვა ქალაქებისკენ იღებდა გეზს. ამიტომ აფხაზეთის შესახებ ჩემი მოგონებები ბუნდოვანია და იმ კადრებში ეტევა, რაც მამაჩემმა გემით მოგზაურობისას 1991 წელს VHS კამერით გადაიღო. ახლახან, ჩემი ახლო მეგობრის სტუმრობა ჩემთან, ზემო აჭარაში, სწორედ ამ მეხსიერების დაცლილი საცავის შევსებასავით იყო. მას აჭარა აფხაზეთს ახსენებდა, მისი ჩემს სივრცეში ყოფნით, მეც სარკისებურად ავირეკლე და წაშლილი მოგონებები აღვიდგინე აფხაზეთიდან. ასე არა მხოლოდ აფხაზეთზე გავიგე ის, რაც აღარ მახსოვდა, ან არ ვიცოდი, არამედ ახლებურად დავინახე საკუთარი სივრცეც. სწორედ ასე გაგვიჩნდა იდეა, რომ კავშირი, რასაც ჩვენ „სინქრონულ ცურვას“ ვუწოდებთ, ალბათ, ამ ჩვენს სარკისებურ გამოცდილებას ატარებს.

ჩვენი ასეთი კავშირი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა სინქრონული ბოლო დროს გახდა და ზემო აჭარაში ჩასვლით საერთოდაც დაგვირგვინდა. ეს ტექსტიც იქაურ ქალებზე დაკვირვებით და იმ შესაძლებლობების გაცნობიერებით დაიწერა, რაც ჩვენი სამყაროების ერთმანეთში არეკვლას მოსდევს.

ჩემი ახლო მეგობრისთვის აჭარაში ყოფნა საკუთარ სახლში დაბრუნებას უფრო ჰგავდა, ჩემთვის კი, მისი სტუმრობა – მის დაკარგულ სახლში წარმოსახულ მოგზაურობას, მის მოყოლილ ამბებზე ამხედრებულს, ზღვებსა და მდინარეებს რომ გადამატარებდა. სწორედ ასე, ჩვენ ერთმანეთის წარმოსახვების გმირებადაც გადავიქეცით, რომლებიც ერთმანეთს ნაკლული მეხსიერებისა და მონატრებული სივრცეების შევსებაში ეხმარებიან.