თამუნა სირბილაძის დაუსრულებელი სათქმელი
როცა მხატვარ თამუნა სირბილაძის სიკვდილი გავიგე, ქრისტოფერ ჰიტჩენსის „უკანასკნელ 100 დღეს“ ვკითხულობდი. ცნობილმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა, ინტელექტუალმა და დაუღალავმა მოკამათემ, ჰიტჩენსმა – სიკვდილის წინ, 62 წლისამ – ერთგვარი ლიტერატურული ანგარიში დატოვა ავადმყოფობასა და საავადმყოფოზე, მკურნალებზე, მათ დამოკიდებულებაზე მომაკვდავის მიმართ, იმედის გაქრობასა და მოახლოებულ სიკვდილზე. იმ დღეს ეს შესანიშნავად გამოცემული წიგნი ჩემს საწერ მაგიდაზე იდო, სწორედ იმ გვერდზე გადაშლილი, რომელზეც ერთი ფრაზა მუქად მქონდა გახაზული: „To the dumb question “Why me?” the cosmos barely bothers to return the reply: Why not?“ „იდიოტურ კითხვაზე – „რატომ მაინცდამაინც მე?“ – სამყარო თავს ძლივს იწუხებს პასუხით და აგდებულად მეუბნება: „და რატომაც არა?“
„რატომ თამუნა?“ – ვფიქრობდი, როცა მახსენდებოდა მისი პირველი (და უკანასკნელი) გამოფენა ნიუ იორკში. და ყოველ ამ გაფიქრებაზე ჩნდებოდა დამცინავი პასუხი: „და რატომაც არა?“ – სინამდვილე სასტიკი აღმოჩნდა. ეს მოხდა. დამნაშავე არავინ არის. ტრაგიკულმა წამმა, რომელიც თ