ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაკარგული მთის ძიებაში

„გადამალვა“ დედის რძესავით წიგნია, მისი ყოველი ეპიზოდი გერგება.

წლების წინ შემთხვევით ერთი უმაგრესი მოთხრობა შემხვდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში მოულოდნელად გრძელი სათაურით – „პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის“. მაშინ აღმოვაჩინე ჩემთვის უცნობი და დღემდე სრულიად დაუფასებელი ავტორი ალეკო შუღლაძე. მას შემდეგ ხშირად ვახსენებდი ამ მოთხრობასაც და მის ავტორსაც ინტერვიუებსა თუ პირად საუბრებში, თითქმის ყველას ვურჩევდი, წაიკითხეთ „პასუხები“, ნამდვილი შედევრია-მეთქი. ეგაა, ერთი-ორი ბეჯითი მკითხველის გარდა, ყურიც არავინ შეიბერტყა. ამას ისიც დაემატა, რომ თვითონ ალეკოც დიდი ხნით აორთქლდა ლიტერატურული ასპარეზიდან.

დღევანდელ პოსტმოდერნულ ეპოქაში უმაღლესი ღირებულებები ჩამოიშალა და ყველაფერი შეფარდებითი გახდა. დღეს თავისუფლად შეიძლება ერთ სიბრტყეში განვიხილოთ „ვეფხისტყაოსანი“ და გლდანის შაურმა. ჰოდა, ამ გაშუალებული რეალობიდან კიდევ უფრო ეგზოტიკურად ამომხტარია „გადამალვა“. თითქმის ასეთივე კონტრასტს შექმნიდა ვენახში ამოსული პალმა. ეს წიგნი არანაირ ქართულ ტრადიციას არ აგრძელებს. 

პირადად მე ძალიან დიდხანს ველოდი ალეკოსგან რაღაც განსაკუთრებულს. და აი, ისიც გამოჩნდა. „გადამალვა“ სრულიად ბრწყინვალე წიგნია. იმდენად ბრწყინვალე, რომ თითქოს არც არის ქართული.

იშვიათია ასეთი ზუსტი ფორმატის წიგნი. იგი ზუსტად იმხელაა, რამხელაც უნდა იყოს. აქ არაფერია ნაკლები ან ზედმეტი. წიგნის დასრულების შემდეგ კი ისეთი განცდა გრჩება, თითქოს რაღაც მიუწვდომლად ახლოს შეეხე, ანუ ყველაფერს ერთად – წარსულსაც, მომავალსაც, მარადიულსაც.

აქ ყველაფერია, რაც კარგ პროზას სჭირდება: მოლოდინის ეფექტიც, მოქნილი სიუჟეტიც, მშვენიერი მონტაჟიც, კვანძის სრულიად მოულოდნელი გახსნაც... თუმცა „გადამალვის“ მთავარი ღირსება მე მაინც ატმოსფერულობა მგონია. ალეკო შუღლაძე ორიგინალური ატმოსფეროების შექმნის დიდოსტატია. ასე იყო „პასუხებში“, ასეა „გადამალვაში“. შეიძლება ამიტომაც მახსენებს მისი ტექსტები სერგეი შიკერას „ეგვიპტურ მეტროს“. ერთგვარი სიზმრისეული განწყობებით კი – რობერტ ირვინის „არაბულ კოშმარს“. აი, დღეც რომ  არის და მზეც რომ ანათებს, შენ კი მაინც ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ბნელ ოთახში იმყოფები, უახლოესი სინათლის წყარო კი მოპირდაპირე კორპუსის ფანჯარაში მბჟუტავი სანთელია. ამა თუ იმ ყოფით სცენას ალეკო ისეთ გარსში მოაქცევს ხოლმე, რომ თვით სცენა სრულიად განსაკუთრებულ ელფერს იძენს. გეგონება, ავტორმა პერსონაჟებს მაგიური წრე მოავლო, რომლის შიგნითაც ისინი თავწაცლილი მამლებივით ფართხალებენ. აქედან ვერავინ გააღწევს, სანამ თვითონ ალეკო არ აიტატებს ხელში და არ გაიყვანს მის მიერვე დადგენილი საზღვრიდან. ფინალში კი იგი სულაც ისე მასშტაბურად ანაცვლებს ერთ დისციპლინას მეორით, ფილიპ დიკი რომ ჩამოშლის ხოლმე რეალობას – ძირეულად და უკომპრომისოდ. თბილისი აქ ჩაბნელებული გვირაბივითაა, საიდანაც გაღწევის შემდეგღა ნათდება.

„გადამალვა“ შავ-თეთრი წიგნია ფერადი დასასრულით. ამიტომაც ჩამოჰგავს იგი ტალახიანი გუბის თავზე შემომდგარ ცისარტყელას.

რად ღირს თუნდაც საბურთალოს „ხრუშჩკოვკიდან“ ინდოეთში გატაცებული პამპერსამოცმული დედა, მხრებზე თუთიყუშები რომ ასხდებიან. ეს ის დედაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ ლოგინში იკრუნჩხებოდა ტკივილებისგან, მორფინს გაბრუება და დროებითი შვებაღა მოჰქონდა მისთვის, ახლა კი ხან მაიმუნებს აჭმევს ბანანს, ხან ალეკოს აყრის ქოქოლას. ამ ფინალურ ქოქოლასაც თავისი მიზეზი აქვს. დედა ხედავს ჯადოსნურ მთას, რომელიც ალეკოსთვის უხილავია... ეს სცენა იმ ტრადიციიდანაა, როცა დედა მუდამ ხედავს რაღაც ისეთს, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია.

ოღონდ ეს სხვა ინდოეთია. არა ბოლივუდური სიმღერებითა და ცეკვებით აჭრელებული, არამედ მომღერალი ძაღლებითა და ცრუ-ფაკირებით დასახლებული ინდოეთი, სადაც ხანგრძლივი ძიებით, თვინიერებითა და ლმობიერებით შეიძლება მიაგნო ნამდვილსა და ჯადოსნურს.

„გადამალვა“ ვირტუოზული ფოკუსია, ლამაზი ავანტიურაა. ესაა ზიარება რაღაც დიდთან, მიუწვდომელსა და უხილავთან. შეუძლებელია მისი ფინალი გამოიცნო, სანამ ბოლოში არ გახვალ, სანამ ავტორი თვითონ არ გაგიმხელს რას უპირებს მოტაცებულ დედას.

ამ წიგნში არის უამრავი დაუვიწყარი სცენა. რად ღირს თუნდაც ნაკითხი გამომძიებელი, რომელსაც თვითონვე ვერ გაუგია, რას იძიებს, დიდი ხნის უნახავ ნაცნობ გოგონასთან სტუმრობა და მის გამოქლიავებულ ბოიფრენდზე მტვერსასრუტით თავდასხმა, საპირფარეშოს კარში აღმუვლებული ქეთუშა. მომღერალი ძაღლი, ზოგჯერ ფურცელზეც რომ წერს კალმით, და სხვა და სხვა. ასევე მრავალი სხვა ბრწყინვალე ეპიზოდი, რომლებიც ისეთ სევდიან და მხიარულ განწყობებს ქმნიან, რომ მკითხველი ვერ ხვდება, თანდათან როგორ ითრევს მას სიუჟეტი, როგორ იზრდება კულმინაცია…

გასაგებია, რომ ჩვენ ბევრი წიგნი წავიკითხეთ უკვე და ჩვენი ნდობის მოპოვება არც ისე ადვილი ამბავია. სანამ ამა თუ იმ ტექსტის თამაშის წესს ალღოს ავუღებთ, მექანიკურად იმხელა სამუშაოს ჩატარება გვიწევს გონებრივად, რომ ხშირად ვიღლებით კიდეც. ამის გამო, ზოგჯერ წიგნი ისე ჩამთავრდება, გემოს ბოლომდე ვერც ჩავატანთ ხოლმე. ალეკო შუღლაძის ხმამ კი შეუძლებელია არ მოგნუსხოს და დაგატყვეოს თავისი ტემბრის სევდიანი მხიარულებითა და ლამის ჭექა-ქუხილისებური რევერბერაციით.

„გადამალვა“ არის ზეიმი მკითხველისთვის. ეს არის კეთილი წიგნი, რომელიც გვეუბნება, რომ ტალახიდანაც შეიძლება ცისარტყელას შესწვდე, ოღონდაც ხელი ასწიე იმავე ტალახიდან. შეუძლებელია ეს რომანი ერთხელ წაიკითხო და სამუდამოდ შენში არ დარჩეს. არადა, რამდენი წიგნი ვიცით უკვე, რომელიც დრომ გაცრიცა, გაანიავა, გადამალა. „გადამალვა“ არ გადაიმალება.

ზაზა: რუსთაველი „ვეფხისტყაოსანზე“ გვეუბნება, ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანებიო... შენ რას იტყოდი „გადამალვაზე“, სადაური ამბავია სადაურად ნათარგმანები?

ალეკო: არ ვიცი, ასე უცბად მიჭირს თქმა. თუ შეიძლება, დავფიქრდები და ცოტა მოგვიანებით გიპასუხებ ამ კითხვაზე.

ზაზა: კარგი. მე პირადად, „გადამალვაში“ განსაკუთრებით იმან მომხიბლა, რომ იგი არ ამოდის ქართული პროზის ტრადიციებიდან, ქართულ ენაზეა დაწერილი, საქართველოშია გამოცემული, მაგრამ იგი სასიამოვნოდ უცხოა ქართული ლიტერატურის წეს-ჩვეულებისთვის. ვინ არიან შენი ავტორები, საიდან ამოდიხარ, როგორც მწერალი, შენ როგორ ფიქრობ?

ალეკო: სკოლაში მე შემაძულეს ქართული ლიტერატურა, არაფერი მქონდა წაკითხული, პირველად ახლა ვამბობ ამას და აქვე ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა იყო. ჭავჭავაძე არც ადრე მომწონდა, არც ახლა მომწონს. არადა, როგორ წერს, არა? თითქოს შეცდომას არ დაუშვებს, მაგრამ არ მომწონს. წერეთელიც – არა. ვაჟა იყო ერთადერთი. რობაქიძე საერთოდ ვერ წავიკითხე. ინანიშვილი ცოტ-ცოტა და ალაგ-ალაგ. ოთარ ჭილაძეს რომ ახსენებენ, ვჩუმდები, საერთოდ არ ვიცნობ.

ამიტომ არ თუ ვერ ამოვდივარ ქართული ლიტერატურის ტრადიციებიდან. შეიძლება ეს კარგიც იყოს. შეიძლება რაღაცას გადავრჩი…

ზაზა: სხვა თუ არაფერს, დაბინძურებას გადარჩი... დავუბრუნდეთ „გადამალვას“. თანამედროვე ქართულ პროზაში თუკი ბუნტარი ჩნდება, ეს არის თეატრის ერთგვარი ტიკინა მეამბოხე. „გადამალვაში“ კი მოულოდნელად იმან გამაკვირვა, რომ პერსონაჟი ალეკო, არა მარტო დაუპირისპირდა სისტემას, – ოჯახი იქნება ეს, სამეზობლო თუ სანაცნობო – არამედ, მოუგო მას.

ალეკო: „გადამალვაში“ ალეკომ მოუგო სისტემას. მაგრამ „გადამალვა“ ჩაფიქრებული ტრილოგიის ნაწილია. რეალურად, გაცილებით სერიოზული ბრძოლა მიდის. იმდენად, რომ უკვე ვეღარ ხვდები, ვინ იგებს. ერთმა მითხრა, შენი რომანი რომ წავიკითხე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მუდმივი ვარ, რომ სიკვდილი დავძლიეო. მაშინ მე მივხვდი, რომ ამაში არის აღმოსავლური ზეგავლენა, გამარჯვება. იქ ადამიანი რომ კვდება, ექვსდღიან პანაშვიდს არ უხდიან, არ ქმნიან იმის ილუზიას, რომ ვიღაც მართლა მოკვდა. არ დასტირიან. იმ დღესვე ან მეორე დღეს მიარბენინებენ მკვდარს და წვავენ. რატომ აკეთებენ ამას, მათ მუდმივობის სჯერათ. აქ ამ რელიგიამ, ამ სამყარომ, ამ უცნაურმა რწმენამ, რასაც ქრისტიანობა ჰქვია, – რაც არ არის მგონი ის, რაც ქრისტიანობა უნდა იყოს, – შექმნა წარმოდგენა, რომ სიკვდილთან ერთად მთავრდება ყველაფერი. მე ასე აღარ აღვიქვამ, როცა ვიღაც კვდება, ვწუხვარ, მწყინს, რომ ვეღარ შევხვდები, მაგრამ ვიცი, რომ მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება სადმე. რეინკარნაციის და სულის გადასახლების პრინციპი ჩემში იმდენად არის გამჯდარი, რომ წამიერად ვდარდობ. როცა შენ მარადიული ხარ, როცა აღარ განიცდი სიკვდილს, მერე შეგიძლია, სისტემასაც შეებრძოლო. ამაში იუმორია, აღმოსავლური ფანდი, ავანტიურა, ყველაფრის კომბინაცია რა.

ზაზა: პირადად მე, „გადამალვამ“ რატომღაც ფილიპ დიკი მომაგონა. რეალობის ასეთი ჩამოშლა, როგორიც შენს რომანშია, ქართულ ლიტერატურაში სხვა არც მახსენდება... ცბიერი წიგნია, რაღაცნაირად ეშმაკური. ისიც კი ვიფიქრე, რომ ეს არის „მატრიცას“ ქართული ვერსია. ალეკოს სახით ჩვენ ვხედავთ ნეოს ქართულ ვარიანტს, რომელიც აგენტებს, სისტემას ერკინება, ჩვენ შემსწრე ვარ ბრძოლისა, სადაც ალეკო-ნეო იმარჯვებს. ფინალური ჩამოშლის თუნდაც ოდნავ მსგავსი რამ, რომელიც ასე ფერადია და ლამაზი, მეორე არ მახსენდება ქართულ ლიტერატურაში. ეს იყო შენი ჩანაფიქრი, იცოდი, რომ ასე ჩაანაცვლებდი ერთ რეალობას მეორით, რომ აუცილებლად გაიტაცებდი დედას და ერთი მოცემულობიდან გაიყვანდი მეორეში?

ალეკო: იცი, რაშია საქმე? ინდოეთი მართლა სხვა სამყაროა, იქ სხვა რაღაც ხდება. ალბათ, ეს უფროა მატრიცა, სადაც მე ახლა ვარ. არ ვიცი, რამდენად კარგად გადმოვეცი დედაჩემის ინდოეთში ჩაყვანის ეპიზოდი, მოუმზადებელი ადამიანისთვის იქაურობა შოკია. შეიძლება კიდევ უფრო დაწვრილებით უნდა აღმეწერა, მაგრამ შორს წაიყვანდა ეს თხრობას. შეიძლება ამას ტრილოგიის მესამე ნაწილში შევეხო. იქ იქნება შოკები, უცნაურობები, როგორც მატერიალური, ისე ყოფითი და სულიერების თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ რამე გადაარჩენდა ადამიანს, ეს შოკები, უცნაურობები იყო. ინდოეთს უყვარს ხრიკების, გამოცდების მოწყობა. ჯიუტობს ხოლმე, ყველას არ იღებს, როგორც ზონა „სტალკერში“.

მოკლედ, იქაურობა არის შოკი. ამ შოკმა და მოულოდნელობამ გადაარჩინა დედა. ცოტა ხნით.

ზაზა: მახსოვს ერთ შენს ძველ მოთხრობაში კინორეჟისორთა მისტიკური შერკინება, სადაც ბუნუელი ამარცხებდა ბერგმანს. დღეს რას იტყოდი, ბუნუელი დაამარცხებს თუ ბერგმანი?

ალეკო: ოდესღაც ბუნუელი ამარცხებდა. ჩემთვის ასე იყო. მაგრამ ახლა ბერგმანია ზემოდან, ბერგმანი იგებს. ჯერჯერობით შვედს ბეჭებზე ჰყავს ესპანელი დადებული. აი, ძიუდოში როგორც არის, ოცდაათი წამი რომ არის დარჩენილი... ჯერ კიდევ რომ არსებობს გადარჩენის შანსი.

ზაზა: ვხედავ, უცნაური რამ ხდება შენს ცხოვრებაში, რაღაც აზრით, ფსიქოანალიზმა ფსიქოდელია დაამარცხა... შენ თვითონ ჰამლეტი უფრო ხარ თუ დონ კიხოტი?

ალეკო: ჰამლეტი, ცალსახად ჰამლეტი ვარ რა!

ზაზა: აქედან გამომდინარე, ბერგმანის გამარჯვება უკეთ მესმის, თუნდაც 30 წამი იყოს დარჩენილი, ჰამლეტმა დაამარცხა შენში დონ კიხოტი. თვითრეფლექსია წამოვიდა წინა პლანზე. შთაბეჭდილებებზე რას მეტყვი, ვინ მოახდინა შენზე გავლენა?

ალეკო: პირველი დიდი გავლენა კამიუს „უცხომ“ მოახდინა. გამაოცა იმან, რომ თურმე შესაძლებელია ასე მარტივად წერა, პატარა წინადადებებით, მაგრამ ღრმა, ძალიან ღრმა კონტექსტით... „გუშინ დედაჩემი მოკვდა. შეიძლება დღეს“... თუ როგორც არის. რა თქმა უნდა, შინაარსშიც ვეთანხმებოდი და მსოფლხედვაშიც. ამან იმოქმედა ძლიერ, და მეც ამაში ვიყავი, დიდხანს, მაგრამ მერე შემეშინდა, სუიციდალური განწყობილებები გამიჩნდა, იქ უკვე კამიუ ვეღარ მეხმარებოდა. ამის მერე შემოდის დოსტოევსკი, შემდეგ იყო ბულგაკოვი, რომელიც არავის ჰგავდა. ბულგაკოვმა შემოიტანა ირეალური სამყარო და მაგრად გაასწორა, ძალიან მაგრად. მერე ეზოთერული სამყარო მოდის, ბჰაგავატ-გიტა, ვედური ლიტერატურა, აღმოსავლეთი, ღმერთი შემოვიდა ჩემში ასე უცნაურად... დაბოლოს, ინდოეთი.

ინდოეთი შემოვიდა თუ არა, მე დავმთავრდი. წერის სურვილი გამიქრა. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ნორმალური, რადგან მოვიდა რაღაცის აღქმის დრო, შეწოვის დრო. ვხვდებოდი, რომ არ მინდოდა ვყოფილიყავი ზედაპირული. მაშინ დავწერე „სამსარა“, რომელზეც თქვეს, რომ ეს არის ყველაზე სუსტი ტექსტი, რაც კი დამიწერია. მე ასე არ ვთვლი, მაგრამ ასე მოხდა. მაშინ მე შევეშვი წერას. ასე გავიდა 15 წელი. ახლა დავბრუნდი. დედაჩემი რომ ავად იყო, წერა დავიწყე.

იმ მომენტში თავში არაფერი მქონდა, უბრალოდ, დავიწყე „გადამალვის“ წერა იმის პარალელურად, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ვუვლიდი დედაჩემს, თან ვწერდი. ამან გადამარჩინა. იქ რაღაც ხდებოდა, აქ ვწერდი, ანუ ვაუფასურებდი, თან ვადიდებდი, რომ არ მომრეოდა.

ფურცელზე გადამქონდა და ეს ძალიან მეხმარებოდა. წერა არასდროს დამხმარებია ასე მანამდე. ადრე წერა ტანჯვა იყო.

გავლენებს რომ მივუბრუნდეთ, ახლა აღარ მახსოვს, როდის შემოვიდნენ ჩემში ბიტნიკები... ამერიკელებს ვერ აღვიქვამდი წესიერად, ვერც პოეზიას, ვერც პროზას... პირველი ბუკოვსკი მივიღე. „მაკულატურამ“ ძალიან იმოქმედა. ძირითადად ეს ხალხი იყო, და კიდევ კინემატოგრაფი. ტარკოვსკი, ბერგმანი, ანტონიონი, გოდარი, ბუნუელი... „გადამალვას“ რომ ვწერდი, ვუყურებდი ბერგმანის ფილმებს და ძალიან მმუხტავდა, ვდგებოდი და ვწერდი.

ზაზა: ბევრი ადამიანის სიკვდილს შევსწრებივარ... ხელშიც ჩამკვდომიან, დაუხვრეტიათ, წამალშიც გაპარულან... მაგრამ ეს სწრაფი სიკვდილია. პირველად იყო ბაბუაჩემის ნელი კვდომა ინსულტით. შემდეგ მამაჩემის – კიბოთი... კარგად მახსოვს, მათთან კავშირი დღითი დღე უფრო და უფრო შეუძლებელი ხდებოდა. „გადამალვის“ კითხვისას არა მარტო გამახსენდა ეს ყველაფერი, უბრალოდ დავინახე, რომ თურმე შესაძლებელია კომუნიკაცია, როცა ადამიანში სიცოცხლე კლებულობს და მატულობს სიკვდილი. თურმე შესაძლებელია, რომ მომაკვდავთან ურთიერთობა შედგეს, დაუბრუნო მას ბედნიერების განცდა, თუნდაც ცოტა ხნით. საოცრად მომხიბლავია მაიმუნებითა და თუთიყუშებით გარშემორტყმული, ეტლში მჯდარი დედაშენი. საბჭოთა ხრუშჩოვკიდან გატაცებული ადამიანი, რომელიც ჯადოსნური მთის ძირში იდებს საბოლოო ბინას... და აი, ამ ახალ რეალობაში, შოკსა და მოულოდნელობაში, დედას უბრუნდება თავისი დედური ინსტინქტები…

ალეკო: რაშია იცი საქმე? როცა ტკივილისგან ხარ შოკირებული, მაშინ არათუ შორ მანძილზე, მაღაზიაშიც ვეღარ გადიხარ, ვეღარ ინძრევი. თან მორფით ხარ გაყუჩებული. მორფი როგორ აყუჩებს? გტკივა, მაინც გტკივა. მერე აღმოჩნდები ჯერ აეროპორტში, კიდევ სხვაგან, და უცბად სრულიად ქრება შენი შიდა სამყარო, იმდენად დიდია ეფექტი გარე სამყაროსი – ინდოეთის... და როცა ქრება შიდა სამყარო, ქრება ტკივილიც. თუ ორგანიზმი ხვდება, რომ მას ჰყავს პატრონი, მაშინ ავადმყოფობები რჩება, მაგრამ დედაჩემის შემთხვევაში ასე ვერ მოხდა.

დედაჩემს იესო უყვარდა, ქრისტეს ფენომენი უყვარდა, მაგრამ ბოლოს როცა შეატყო, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყო, მეუბნებოდა, შენი ღმერთი დამახმარო იქნებო. ჩემი კრიალოსანი აიღო, ჩემებურ მანტრებს იმეორებდა. ამაში მე დავინახე დიდი სასოწარკვეთა. ამიტომ არის ფინალური ეპიზოდი ასეთი. თუთიყუშები უყვარდა ძალიან, ჰოდა ეს თუთიყუშები დაფრინავენ წიგნის ფინალში. ასე უნდა ყოფილიყო.

ზაზა: თუმცა რომანში ალეკო ვერ ხედავს მთას, სამაგიეროდ ხედავს დედამისი...

ალეკო: მთასთან უნდა მიხვიდე მორჩილი, მშვიდი, მინდობილი... პირობაა ასეთი. დედაჩემის შემთხვევაში გარე სამყარო წყალობასავით შემოვიდა, მე კი ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ნაჭუჭში... ამის გამო დამიკარგავს მთა არაერთხელ. ხდება ხოლმე, წმინდა ადგილზე ჩასული ხალხი, მთაზე რომ უნდა ფიქრობდეს, ფულის გადაცვლაზეა კონცენტრირებული. ეს კოშმარია, გამოცდაა საშინელი. მთის დასანახად გახსნილი უნდა იყო. შეიძლება უვიცმა, გაუნათლებელმა, ბოროტმა ადამიანმაც კი დაინახოს მთა, მაგრამ ვერ დაინახოს ფილოსოფოსმა.

ზაზა: რა როლი აქვს მთელ ამ ამბავში ქეთუშას, ძალიან საყვარელს თავისი უმწეობით, არის თუ არა იგი ერთგვარი ღუზა, – ორივესთვის, ალეკოსთვისაც და ლენასთვისაც, – ერთგვარი ფიქსატორი. გაუქმებული ქვეყნის ფილმებიდან ციტატები, საპირფარეშოს კარში გაჭედვა, სტატიკად ქცევა, თავისთავად მნიშვნელოვანი სიმბოლოებია.

ალეკო: მანდ ორი მომენტია. პირველი ის, რომ ქეთუშა არის საოცრად საბრალო ადამიანი, ძალიან საწყალი. ჩვენ გარშემო არავინ არასდროს არსად ახსენებდა ქეთუშას, და ამიტომ, ძალიან კარგია, რომ იგი მოხვდა რომანში. მეორე ის, რომ მინდოდა ქეთუშა ყოფილიყო – როგორც მკითხველისთვის, ისე ჩემთვის, – დაკვირვების ობიექტი. მან მე დამაწყებინა ფიქრი, რატომ ჰგავდა იგი მცენარეს, რატომ მოხდა ასე. მინდოდა მკითხველს დაეწყო ფიქრი იმაზე, რატომ არიან ადამიანები არათანაბარ პირობებში დაბადებითგანვე. აქეთ მოცარტი, იქით ქეთუშა. მოცარტი და ქეთუშა. საიდან ჩნდებიან ისინი? საიდან მოდიან? მინდოდა მეთქვა, რომ ქეთინო განწირული იყო წინა ცხოვრებიდან რაღაც დანაშაულის გამო. რაღაცის გამო, რაც არასწორად გაკეთდა, პირობითად არასწორად. მაგალითად, ფაშისტი, რომელიც აწამებდა ვიღაცებს, შეიძლება შემდეგ მოვიდეს ქეთუშად. უბრალოდ განწირული ადამიანები არ არსებობენ, ისინი მერე ხდებიან ქეთუშები. არ ვიცი, რამდენად იყო ჩემს ან დედაჩემის ცხოვრებაში ქეთუშა ღუზა. ქეთუშა უფრო ტვირთი იყო. მაგრამ რატომ გვეძლევა ეს ტვირთი, რატომ უნდა ვზიდოთ იგი? რადგან დედაჩემმა ეს ტვირთი ზიდა, მან ძალიან დიდი პლუსები დაიწერა იქ, ზევით, ვიღაცის თვალში. თავისი ცხოვრება გადადო და მიუძღვნა ამ ადამიანს. ეს თავგანწირვაა. მე კი მან ფიქრი, აზროვნება დამაწყებინა.

ერთსაც დავამატებ. წერის პროცესში ვიყავი, რომ ერთ დღესაც მართლა მოვიტაცე, გადავმალე ქეთუშა. მეორე რომანში მყავს ერთი პერსონაჟი, რეალურად არსებული ადამიანის პროტოტიპი, რომელსაც ილო ბებურიშვილი დავარქვი. მაშინ არავინ იცოდა ამის შესახებ. სრულიად არავინ. მოკლედ, ერთხელაც წავედი გადამალული ქეთუშას მოსანახულებლად. ბოლოს უკვე სულ იწვა, ვეღარ დადიოდა, ვეღარც ხედავდა. ხმით მცნობდა მხოლოდ. ალეკო, მოხვედი? – მკითხა. შენ როგორ ხარ-მეთქი. ის იყო მოსულიო, მითხრა. ვინ იყო-მეთქი მოსული. ვინ იყო მოსული და ბებურიშვილი იყო მოსულიო. ვინ ბებურიშვილი? ბებურიშვილი... აი, ბებურიშვილი, ვითომ არ იცნობ რა.

ასეთი დამთხვევა ხომ არ არსებობს. მიხარია, როცა ასეთი რაღაცები ხდება. ძალიან მიხარია, რადგან ჩვეულებრივ, რეალურ ცხოვრებას უჯოკრავს.

ზაზა: „გადამალვაში“ საოცრად სასაცილო ეპიზოდია, როცა ალეკო მიდის მეგობარი გოგონას სანახავად, იქ კი ლიკა თავის ბოიფრენდთან ერთად დახვდება. ხმამაღლა ავხარხარდი, როცა ალეკომ მტვერსასრუტი აიღო ხელში. იქვე გამიჩნდა რაღაცნაირი შიში თუ მოლოდინი, რომ ახლა რაღაც საოცრებით ალეკო ამ მტვერსასრუტით შეისრუტავდა რეალობას. თუმცა, კიდევ კარგი, ასე არ მოხდა. მინდა ცოტა მეტი თქვა ლიკაზე.

ალეკო: რა კარგი ვერსიაა რეალობის შესრუტვა მტვერსასრუტით. მართალია, სხვა რომანის ნაწილი უფროა, მაგრამ ძალიან კარგია.

ლიკა რეალური პერსონაჟია. ლიკა მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიგს, ვინც ჩემში ხედავს მწერალს. მოსწონს ეს მწერალი, მაგრამ მის მიღმა მამაკაცი არ იზიდავს. იგი მართლა ახალგაზრდაა. მე მასთან გავწყვიტე კავშირი. ეს არის ადამიანი, ვისაც მე მამა ჩავუნაცვლე. მისი ნამდვილი მამა ცუდი ადამიანი იყო, ოჯახს ატერორებდა. ლიკა მიეკუთვნება ადამიანთა რიგს, რომელიც ჩემგან იღებდა, მაგრამ არაფერს გასცემდა სანაცვლოდ. ძალიან ტრაგიკული ადამიანია. ვნანობ, რომ ვეღარ ვუწევ დახმარებას, ეგოისტურად გამომივიდა, მაგრამ რას ვიზამ.

ზაზა: შენ თვითონ მწარმოებელი უფრო ხარ თუ მომხმარებელი?

ალეკო: უფრო მომხმარებელი. ერთხანს ვფიქრობდი, გავმხდარიყავი დედა ტერეზასავით, რომ გადამედო თავი და სულ ვიღაცებს დავხმარებოდი. მერე მივხვდი, ამას ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ეს არაადამიანურ, არაბუნებრივ ძალებს მოითხოვს, რომ გასცე იმაზე მეტი, ვიდრე მიიღო, ძალიან რთულია. შენ აღარ რჩები. რაღაც შემთხვევებში მეტს გავცემ, ვიდრე ვიღებ... მაგრამ რომ დავიანგარიშო, მაინც ექსპლოატატორი უფრო ვარ. არ დამითვლია, მაგრამ ასე ვფიქრობ.

ზაზა: არ გენატრება ინდოეთი, შენი მასწავლებელი?

ალეკო: მასწავლებლის წასვლის შემდეგ, – 2010 წელს გარდაიცვალა, – თითქოს ყველაფერს ძალა გამოეცალა. ელექტროენერგია რომ გამოირთოს და მთელი ქალაქი ჩაბნელდეს, ეგეთი რამ მოხდა. ჩვენი ძალები, პირადად ჩემი ძალა, განახევრდა. სანამ მასწავლებელი იყო, ყველაფერი თითქოს თავისით ხდებოდა. ბოლოს რომ ჩავედი ინდოეთში, ორ კვირაზე მეტხანს ვერ გავძელი. ავდექი და წამოვედი. როგორც კი თბილისში ჩამოვედი, აუტანლად მომენატრა იქაურობა. სხვანაირად მომზადებული უნდა ჩავიდე. ჩემს შვილს წავიყვან... ჩემი ცოლიც თუ წამოვა, ოჯახურ გარემოს შევიქმნი. ეს გამიმარტივებს მდგომარეობას.

ზაზა: ანუ კომფორტს შეიქმნი?

ალეკო: ჰო. ადრე ვახერხებდი კომფორტის გარეშე. დავტოვებდი ყველაფერს აქ და ვცხოვრობდი იქ შიშველ იატაკზე. ახლა აღარ გამომდის. ეს არის უკან დახევა. აი, ასეთი რაღაც მოხდა. რა ძალისთვისაც მივდიოდი, ის ძალა იქ აღარ არის. ტექსტი, რომელსაც მასწავლებელი გვიამბობდა, არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ, რაც ოდესმე მსმენია. იქ მე გავაცნობიერე, რას ნიშნავს, როცა ვიღაც რაღაცას გიამბობს და ნაამბობს მოჰყვება საოცარი ძალა.

ჩემი მასწავლებელი ბოლოს ვეღარ საუბრობდა დიდხანს, უჭირდა. 15 წუთი... თითქოს რა უნდა მოასწროს კაცმა თხუთმეტ წუთში, არა? მაგრამ მე გაცილებით მეტი ვიცოდი მისი ნაამბობის შემდეგ, ვიდრე მანამდე. ვივსებოდი. ეს კაცი აღარ არის... სხვის მონაყოლს კი ის ეფექტი აღარ აქვს, აღარ მაინტერესებს. ჩვეულებრივ ისტორიებს მიამბობენ, თუმცა დიდი არტისტულობით. არ მინდა გურამ საღარაძის წაკითხული გალაკტიონი, არ მაინტერესებს. ის ნაღდი იყო, ეს კი სიყალბეა, სიაფანდობაა.

ზაზა: ბედნიერი კაცი ხარ თუ უბედური?

ალეკო: რა თქმა უნდა, ბედნიერი... ცალსახად ბედნიერი კაცი ვარ. თუ რაღაც მომენტში მგონია, რომ უბედური ვარ, ტყუილია ეგ, მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი. ისეთი რაღაცები ვნახე, ისეთი რაღაცები განვიცადე... იმის მიუხედავად, რომ ახლა დაკარგული კაცი ვარ, მაინც ვიცი, რომ ბედნიერი ვარ. ეს უცნაურია, მაგრამ ასეა.

ზაზა: მხდალი ხარ თუ გულადი?

ალეკო: ახალგაზრდობაში უფრო მხდალი ვიყავი, მაგრამ მერე ნელ-ნელა ვისწავლე ამ სიმხდალის დაძლევა – ჩემი ცხოვრება გაუფასურდა. კი არ გაუფასურდა, არ აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი. როცა მივხვდი, რომ მუდმივი ვარ, შიშმა გაიარა. ახლა ვიცი, რომ მოვკვდე, მაინც დავიბადები. კიდევ რომ მოვკვდე, კიდევ დავიბადები.

ზაზა: დანა გიტარებია ჯიბით ოდესმე?

ალეკო: კი, როცა გეპეიში ვსწავლობდი. მარტო ვიყავი, მეგობრების გარეშე. სამხედრო კათედრაზე ცდილობდნენ ჩემს დაჩაგვრას. მაშინ დამქონდა ერთდროულად დანა და ატვიორტკა. პირველად დანა ჩავიდე ჯიბეში, მერე მივხვდი, რამე რომ ყოფილიყო, გახსნას ვერ მოვასწრებდი და ატვიორტკაც ჩავიდე. ატვიორტკის ამოღებას არაფერი უნდოდა. არასოდეს მისარგებლია ერთით ან მეორით. თუმცა გამბედაობა შემმატა. ატვიორტკის ქონამ განსაკუთრებით. რაღაცნაირად ძაან კარგი ატვიორტკა იყო, კარგად წავუწვეტე თავი.

ზაზა: ანუ უფრო დაცულად გრძნობდი თავს?

ალეკო: ჰო, მაშინ კი. მერე შევცვალე ეს. ინდოეთის მერე დავიწყე თავდაცვისთვის სხვა რაღაცების გამოყენება. მოკლე მანტრები შევისწავლე, რომელთა თქმასაც ვასწრებდი ხოლმე ჩხუბის დაწყებამდე.

ზაზა: ადრე რომ იყო კნოპკიანი დანები, ეგეთი კნოპკიანი მანტრები გაქვს?

ალეკო: ჰო, კნოპკიანი მანტრა! ჰო, ჰო, ერთი-ორი კნოპკიანი მანტრა მაქვს, დედას გეფიცები! მართლა მაქვს, გვერდიდან კი არ იხსნება, წინიდან რომ გამოსდიოდა დანას პირი, აი, ეგეთი.

ზაზა: ბოლოს როდის იჩხუბე?

ალეკო: ახლახან, ავტოსადგურზე. ავტობუსში უნდა დავმჯდარიყავი და ვიღაც ქალმა გამიხურა, წესიერ ბილეთს არ მაძლევდა. ჰოდა, სულ არ მინდა-მეთქი. მოულოდნელად ვიღაცები გამოესარჩლენ, უბრალოდ ჩხუბი უნდოდათ. და აი, აქ შევამჩნიე, რომ ერთ-ერთს დანა ჰქონდა, დარტყმას მიპირებდა. და გაგიკვირდება… წიხლი ჩავარტყი საკაიფოდ მუცელში. ისე, რომ სადღაც უკან გადავარდა. მერე კი ვინანე... იმ მომენტში კნოპკიანი მანტრის გამოყენება ვერ მოვასწარი. მერე იმავე მარშრუტკაში ავედი, ფულიც არ გამოურთმევიათ. რაღაც უცნაური ამბავი იყო. შემრცხვა. მაგრამ აღარასოდეს დავიხევ უკან. იმიტომ რომ, ერთი-ორჯერ დავიხიე და მერე მთელი ცხოვრება მრცხვენია. ყველანაირად შევეცდები, მშვიდობიანად მოვაგვარო, მაგრამ თუ ვატყობ, რომ ჩხუბია საჭირო – ვიჩხუბებ. რამდენად მოვკლავ ადამიანს, არ ვიცი. მაგრამ, სადაც კნოპკიანი მანტრა არ ჭრის, იქ წიხლს მაინც გამოვიყენებ.

ზაზა: ღმერთი გწამს?

ალეკო: ჰო, სხვანაირად უაზრობაა ყველაფერი.

ზაზა: რას ეტყვი ღმერთს, როცა მის წინაშე წარდგები?

ალეკო: როგორც იქნა, მოვედი, როგორც იქნა, დავბრუნდი...

ზაზა: დავბრუნდი, ანუ?

ალეკო: მართალი ხარ, მთლად დაბრუნება არ არის. მოდი, ასე ვთქვათ: „როგორც იქნა, ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა და მე მოვაღწიე შენამდე“.

ზაზა: ასე ხომ არ ეტყოდი: აი, მეც მოვედი!

ალეკო: ჰო! მშვენიერია, ძალიან კარგი, აი, მეც მოვედი! მშვენიერია! აი, მეც მოვედი! ძაან მაგარია, ძალიან მომწონს! მშვენიერია, იუმორიცაა, ყველაფერია... აი, მეც მოვედი! ძაან კარგია, ძაან!

ზაზა: რაზე გაცვლიდი თავისუფლებას?

ალეკო: თავისუფლება არა მაქვს, ზაზა. არავითარი თავისუფლება არა მაქვს. რა თავისუფლება მაქვს, აგერ ცხელა და უნდა გავიხადო ტანსაცმელი. მცივა და ვიცვამ, არანაირ თავისუფლებაზე არ არის საუბარი. საერთოდ ადამიანი ვერ არის თავისუფალი.

ზაზა: „მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კარგსა სჩადის“... ამას შენ როგორ თარგმნიდი?

ალეკო: ახლა სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. ეს ორმაგობა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ადამიანს ბოლოს უღებს, კარგის და ცუდის ჭიდილი. რომ ვერ ხვდები, რა არის კარგი და რა – ცუდი. თითქოს ვიცით ეს, დადგენილია, მაგრამ ეს ასე არ არის. არ ვიცი, რთული კითხვაა. მე არ მინდა, რომ არც კარგი და არც ცუდი მომერიოს, მე არ მინდა, რომ მათ შიში დაბადონ ჩემში.

ზაზა: თუ იმ გადმოსახედიდან ვილაპარაკებთ, სადაც შეგიძლია სიკეთესა და ბოროტებაზე მაღლა დადგე, მაშინ გასაგებია – როცა მზე ერთნაირად უნათებს გზას მკვლელსაც და მსხვერპლსაც...

ალეკო: ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. მორალის ორმაგობაზე მაღლა უნდა დავდგეთ. მაშინ შეიძლება ხალხიც დახოცო, გადაუარ-გადმოუარო, მაგრამ ამან ვერ დაგანგრიოს, ვერც შენ და ვერც სხვები.

ზაზა: შეიძლება ამ ყველაფრის მონანიება?

ალეკო: რა თქმა უნდა, თუ ეს მონანიებამდე მივიდა. წამი უნდა ამას, წამი. როცა პროპელერს აჩერებ, იმან შეიძლება ინერციით გააგრძელოს ტრიალი, მაგრამ გაჩერებას უნდა წამი.

ამას ჰქვია სამსარის პროპელერი, სიკვდილის და სიცოცხლის პროპელერი. ადამიანს შეიძლება ყველაფერი ეპატიოს, თუ ის მოინანიებს. ჰიტლერსაც კი ყველაფერს შეუნდობენ, როგორც კი იგი მოინანიებს. არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ვერ გამოძვრები.

ზაზა: შეიძლება მილიონობით ადამიანი დახოცო, ან შენი ბრძანებით დახოცონ, და შენ ეს ერთ წამში მოინანიო?

ალეკო: ჰო, რა. თუ ღვთიურს არ ეხები, ხარ ჰიტლერი, მაგრამ თუ ღვთიურს შეეხები, უცბად ხდება განათება, მაშინვე ყველაფერი იცვლება. აბა, ეგრე ხო არ დარჩება სულ ჰიტლერად.

ზაზა: რისი გეშინია ყველაზე მეტად?

ალეკო:

ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ რაც მე ამ 15 თუ 17 წლის განმავლობაში დამიგროვებია – სულიერი გამოცდილება, ტრანსცენდენტური, – ის არ დავკარგო, არ შემომეფშვნას... არ ამიორთქლდეს, აი, მაგის მეშინია ყველაზე მეტად.

ზაზა: როგორ ფიქრობ, ინდოეთთან შეხებამ შენ დაგხვეწა, გაგაკეთილშობილა, გაგალამაზა, თუ?

ალეკო: სანსკრიტზე არის ასეთი სიტყვა – დჰარმა. ეს აღნიშნავს მაგ ყველაფერს. ეს არის მოვალეობაც, განაწესიც, ადამიანის ისიც, ესეც. დჰარმის გაგება მომეცა – ასე ვიტყოდი.

ზაზა: ანუ დჰარმის მაწანწალა ხარ?

ალეკო: ჰო, დჰარმის მაწანწალა ვარ. სანატანა დჰარმა ჰქვია ამას. მუდმივი დჰარმა. ეს გამოხატავს გარკვეულ მოვალეობათა ერთობლიობას კოსმიური წესრიგის შესანარჩუნებლად.

ზაზა: საუბრის ბოლოს ისევ ბიტნიკებთან მივედით... ამ შემთხვევაში კერუაკს ვგულისხმობ („დჰარმის მაწანწალები“ ჯეკ კერუაკის რომანია. ზ.ბ.).

ალეკო: სხვათა შორის, შენი პირველი შეკითხვა გამახსენდა. „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“. აი, აქ შეგვიძლია ბიტნიკები გამოვიყენოთ. „გადამალვა“ მე ქართული ამბავი მგონია ბიტნიკურად ნათარგმანები.

ზაზა: რა გინდა, რომ შენი დაწერილი იყოს?

ალეკო: „ოსტატი და მარგარიტა“ და „ძმები კარამაზოვები“... ბულგაკოვის ფინალი ძალიან მიყვარს, ძალიან ნაღდია. იშვიათად, ასე ძალიან მომწონდეს რომელიმე რომანის ფინალი. ბოლოს რომ მიფრინავენ და სიმშვიდეს პოულობენ... პილატესაც კი რომ ეპატიება ყველაფერი…

ზაზა: იმიტომ ხომ არ ეპატია, რომ ბულგაკოვმა იგი მხდალ ადამიანად გამოიყვანა?

ალეკო: ჰო, ეგ მაგარი მომენტია, რა თქმა უნდა. მხდალი რომ იყო, ჩვენც უფრო მეტად გავიგეთ, რომ ეპატია. აი, ეგეთი ნაწარმოები უნდა დაიწეროს ვინმეზე, ვინც ძალიან ბოროტია, მაგრამ შენ ბოლოში მაინც პატიობ. ახალ რომანში ვცდილობ რაღაც მსგავსის გაკეთებას – მკითხველს გავუღვივო სიყვარული ბოროტი ადამიანისადმი და ვათქმევინო, მოდი ამასაც ვაპატიოთ.

ზაზა: ხომ არ გინდა, რამე შენგან დაამატო საუბრის ბოლოს?

ალეკო: მე წავიკითხე ერთი ბენგალიელი ქალის წერილი, რომელიც შუა საუკუნეებში შეესწრო, როგორ შევიდა კრიშნა ჩაიტანია მის სოფელში. ეს ქალი ჰყვება საოცარ რამეს. მე ვხედავდი, როგორ შემოვიდა ეს კაცი და როგორ მოჰყვებოდა მას მილიონობით ადამიანი, მათ გადაუარეს მთელ სოფლებს, ცეკვა-თამაშში შემოეჯეგათ. მაგრამ ჩვენ არ ვბრაზობდით ამაზე, გვიხაროდა, რომ ეს ხალხი მოვიდა. მღეროდნენ და ცეკვავდნენ, თან ინგრეოდა ყველაფერი. აი, ეს მინდა, რომ საქართველოში მოხდეს, და საერთოდ, შევესწრო ასეთ რამეს.

ზაზა: ანუ ცეკვა-თამაშით რომ დაინგრეს სამყარო?

ალეკო: ჰო, ჰო, სულიერი ცეკვა-თამაშით რომ დაინგრეს ყველაფერი, აი, ეს მინდა!

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა