
ტანსაცმლის მასობრივი სტილის ტრანსფორმირება პოსტსაბჭოთა საქართველოში
არსებობს აზრი, რომ საბჭოთა საქართველოში, როგორც ტოტალიტარულ სახელმწიფოში, მოდა არ არსებობდა. მოდა შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ოფიციალური. თუმცა ამ ოფიციალურ ტენდენციაში მსოფლიო მოდის გავლენაც აშკარა იყო, მართალია, ირიბი და საბჭოთა იდეოლოგიის წნეხქვეშ მოქცეული, მაგრამ მაინც – ორიგინალური. ეს ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიული აზრის ტოტალური დეფიციტისა და ზეწოლის მიუხედავად, საბჭოთა საქართველოშიც ცდილობდნენ, მოდურად ჩაეცვათ და უსახური მასობრივი გემოვნების იმპერატივს ასე დაპირისპირებოდნენ.
ტანსაცმლის ვიზუალურ ენას ნიშნების თავისი სისტემა, თავისი კოდები აქვს. ერთ-ერთია ტრადიციული სისტემა და მისი ფესვები წარსულშია, მეორეა თანამედროვე. პირველში უამრავი კლიშე და სტერეოტიპი გვხვდება, ძალიან ნელა იცვლება. მეორე სწრაფად რეაგირებს ცვლილებებზე.
ტანსაცმელი წარსულიდან მომავალში ინფორმაციის გადაცემის თავისებური კოდია.

დამოუკიდებელი საქართველოს მოდა, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოების მოვლენა, ცდილობს, საზოგადოებას ახალი, თანამედროვე ესთეტიკა შესთავაზოს. ცდილობს, უფრო მოსახერხებელი და სასურველი გახდეს. კოსტიუმის ფორმა რადიკალურად შეიცვალა, ტანსაცმლის მოხმარების პრინციპულად ახალი სახეობები გაჩნდა.
მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან, ქართული მოდის სრული ტრანსფორმაციის პროცესი თანდათან იწყება. ეს მოვლენა ვესტერნიზაციის, გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის ნიშნებს ერთბაშად შეიცავს. ტანსაცმლის სტილი და არჩევანი წარმოუდგენლად მრავალფეროვნდება. თუმცა, რადგანაც პროცესი ნელია, 1990-იან წლებში ტანსაცმელი ჯერ კიდევ შეიცავს საბჭოთა წარსულის „სემიოტიკურ ტვირთს“. ამ დროს სამოსის ზოგიერთი ნიშანი აშკარად გვახსენებს კონსუმერიზმის საბჭოურ კულტურას. ეკლექტიკა (ჰიბრიდულობა), შეუმჩნევლობა, ჰერმეტულობა, „გაპრანჭულობა“ – ეს ნიშნები სწორედ ძველის გადმონაშთია. სამაგიეროდ, იცვლება მთავარი – თუ მეოცე საუკუნის შუა წლებში მოდაში ერთდროულად ორი-სამი მკვეთრად გამოხატული მიმართულება არსებობდა, 1990-იანებში პირველხარისხოვანი გახდა არა რომელიმე სტილს აყოლა, არამედ – საკუთარი იმიჯის ძიება. პირველ დამოუკიდებელ ათწლეულში საქართველოში უკვე მოდურია მკაფიო სახე, გამოკვეთილი ინდივიდუალობა.
ტანსაცმლის კულტურის თავისებური სპეციფიკა 1990-იანი წლების საქართველოში ფერების შეხამებაშიც ვლინდება. ვისაც ახსოვს, ადვილად აღიდგენს, რომ საბჭოთა ტანსაცმლის მთავარი სტილისტური პარამეტრია უფერულობა, უღიმღამობა, ზედმიწევნით ნეიტრალური ფერები (ნაცრისფერი, ჩალისფერი, შავი, თეთრი). სხვა პარამეტრები – ფაქტურა, ფასონი, ნივთების ჟანრობრივი შესაფერისობა – საბჭოთა დროში არ არის მნიშვნელოვანი. მეცნიერები ტანსაცმლის ამ საბჭოურ მოვლენას შეუმჩნეველ შეუმჩნევლობას უწოდებენ. ამ იმიჯს ირგებს 1990-იანი წლების ქართული მასობრივი მოდაც და გამორჩეულად „ჩამცხრალი“, პირქუში ფერებით ხასიათდება. თითქოს, ტანსაცმლის მუქი ტონები იმ ეგზისტენციალური მდგომარეობის ანარეკლია, რომელშიც ქართული საზოგადოება გარდამავალ პერიოდში ცხოვრობდა; თითქოს, იმ დროის კოსტიუმის ენა ტრავმებს აშიშვლებს. ფოტოსურათებზეც ჩანს, რომ 1990-იანი წლების მანდილოსნები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა, იმავე წლებში შეინიშნება „ბურჟუაზიული ბრწყინვალების“, „გაპრანჭულობის“ სასაცილო ირონიზებაც. ტიპური გამოპრანჭული მანდილოსანი – მუდმივი საღამოს ვიზაჟი, სამკაულები (დღისით და საღამოთი), ნატურალური ბეწვეული და ტყავი (ხშირად უადგილოდ), აუცილებლად თვალშისაცემი დასავლური ეტიკეტები ტანსაცმელზე – თბილისელები ამგვარ მორთულობას, საუბარში სარკაზმით რუსული სიტყვით „ნავაროჩენით“ მოიხსენიებენ.

დაახლოებით 2000-იანების პირველი ათწლეულიდან ქართული მოდა ერთიან მსოფლიო მოდის ველს უფრო სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება. იგი საბაზრო ურთიერთობებზე გადადის და სოციალურ-კულტურულ ძვრებსაც თავისებურად აირეკლავს. თუმცა, არა მხოლოდ აირეკლავს, საზოგადოების განვითარებაზე, მომხმარებელთა ქცევაზე გავლენას თვითონაც ახდენს. აქტუალური ხდება მოდის ლიდერების თანამედროვე თეორია პოლიცენტრულობის შესახებ და თანდათან უფერულდება მეორე თეორია მოდის „ზევიდან ქვევით“ (Trickle-down) ჩამოდინების შესახებ. უკვე მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი სტილი. თუმცა, ამავე დროს, ერთგვაროვანი საერთო ელემენტები კვლავაც რჩება იმ ჯგუფებში, რომელთა წევრებიც ერთნაირ ფასეულობებს, სოციალურ მახასიათებლებს იზიარებენ. ჩაცმის სტილით ვასხვავებთ ერთმანეთისგან სუბკულტურებს, სქესს, ასაკს და ა.შ. – მოდა ცხოვრებას ახალი სულიერი და ფასეულობებითი ორიენტირებით იწყებს.
ყველაზე გავრცელებულია სტილი „ქეჟუალი“ (Casual) – საყოველდღეო, მაგრამ ძალიან მოდური. საინტერესოა, რომ ევროპელები დღევანდელ მოდას უხალისოს და ერთფეროვანს უწოდებენ, ჩვენი თანამემამულეებისათვის კი – მკვეთრი, წარმოსადეგი და მრავალფეროვანია. განსხვავების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ინდივიდუალიზაციის და თვითგამოხატვის აღზევების პერიოდი სამომხმარებლო სფეროში დასავლეთის ქვეყნებმა ჯერ კიდევ 1960-იანებში გაიარეს, მერე ინტერესიც კი დაკარგეს და ჩაცმის მიმართ გულგრილები გახდნენ. საქართველოში კი ეს პროცესი ახლა იწყება – უფერული და უხალისო ერთფეროვნება, უღიმღამობა ის ძველმოდური მოცემულობაა, რომელსაც ქართული მასობრივი მოდა, თითქოს, დღეს ახლოსაც აღარ იკარებს. თუმცა, მაინც მგონია, რომ ამდენი მცდელობის, ჰორიზონტის ასე გახსნის მიუხედავად, ადამიანები ჩვენთან დღეს მაინც ერთნაირად გამოიყურებიან. ქართველების ტანსაცმელში სიჭრელე და მრავალფეროვნება მხოლოდ მოჩვენებითია. შესაძლოა, სხვადასხვაა ფასონი, თარგი ან ქსოვილები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სიჭრელეა ერთფეროვანი და უსახური, ევროპელებისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ არ ჩანს ინდივიდუალიზაცია ტანსაცმელში. ერთადერთი, რაც აშკარად შეიმჩნევა, ტანსაცმელზე კონსერვატორული შეხედულებების „დემოკრატიზებაა“ – ახალგაზრდობის კულტის დანერგვა სამომხმარებლო სტილში. სულ უფრო ვრცელდება სუბკულტურული სტილების ინდუცირებული პროცესი, რომელიც ქართულ მოდაში სთრითსტაილის სახით (Street Style) მკვიდრდება. სთრითსტაილს სუბკულტურული ნოვაციები სამომხმარებლო სფეროში გადმოაქვს და ქართულ მოდას უნივერსალობას, თავისუფლებას, გარდასახვის უნარს სძენს. ის ნიშნები, რასაც საზოგადოება თავიდან უარყოფდა, საბაზრო პროდუქციად სწრაფად იქცევა და საერთო სამომხმარებლო განზომილებაში გადადის.
ქართველ ახალგაზრდებში ტანსაცმლის შერჩევა სუბკულტურული მიმართულების აუთენტურ „მოდელებს“ არ ეფუძნება, ის მათ „ასლებს“ იმეორებს – ანუ, ტანსაცმელს, სადაც საპროტესტო, კონტრკულტურული კოდები პირველწყაროს მხოლოდ მოგვაგონებენ. ცალკეული ექსპერიმენტები პირადი ფანტაზიითა და იმ მასალითაა შემოფარგლული, რაც ხელმისაწვდომია მათთვის – ინგლისური ქინძისთავები იქნება, ტყავის ქურთუკები, დახეული ჯინსები თუ კიდევ რამე სხვა. შედეგად, გარეგნობა თავისებური ხდება. „ჰიპ-ჰოპის“ მიმდევრებს სპორტული ტანსაცმელი აცვიათ. მათ გარეგნობას ე. წ. კროსოვკებთან და ბეისბოლის ქუდებთან შეთავსებული ფართო მოჯაჯული შარვალი გამოარჩევს დაბალი ჭრილით, ან – კაპიუშონიანი ბლუზები. ტანისამოსი აუცილებლად დიდი ზომის და თავისუფალია. თბილისის ქუჩებში პოპულარულია სტილი ნეოპანკი – ხასხასა ფერები, დახეული ჯინსები, ეკლებიანი სამაჯურები, ელვასაკეტები, ძეწკვების და გალაქული ტყავის სიუხვე, ჭრილები ტანსაცმელზე – ეპატაჟი და ტრადიციების პაროდირება.
შეიძლება შეხვდეთ გოთური სუბკულტურის წარმომადგენელსაც, შავი ფერის სამოსის ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციით. ფეთხუმობა, ბაცი ფერის ტანსაცმელი, განზრახ დახეული და ჭუჭყიანი ნივთები, ძველი მაისურები საყვარელი მუსიკალური ჯგუფების ლოგოტიპებით, ზომაზე დიდი ტყავის ქურთუკები, წვეტიანი აქსესუარები – დღევანდელობაში ძალზე პოპულარული სტილ „გრანჟის“ ატრიბუტიკაა. შეიძლება ვნახოთ „რეპერებიც“. მათი სტილი ადვილად საცნობია: ტანსაცმელი ვითომ გამონაცვალია, განიერი ჩაწეული ჯინსები ან სპორტული შარვალი, ბენდენა და ხშირად მასზე გვერდულად ჩამოფხატული ბეისბოლის ქუდი, დიდი ზომის მაისური ან ზედატანი კაპიუშონით, „კროსოვკები“, აქსესუარები. თბილისელი რეპერები ბრონქსელი შავი ბიჭების კულტურის ციტირებას ცდილობენ. ეს ოღონდ „ინსცენირებაა“, რომელიც მოწყვეტილია პირვანდელ – ჭეშმარიტ – მნიშვნელობას. თუმცა, ეს სესხებაც მნიშვნელოვანია თვითიდენტიფიკაციისა და ინდივიდუალიზაციისათვის; საერთოდ, მოდის მიდერნიზებისათვის.
ჩვენთან იცვამენ როგორც ჰიპები, პანკები, გოთები, სკეიტერები, როლერები, ბაიკერები, როკერები და სხვა, თუმცა თვითონ არცერთი სუბკულტურის იდეას არ იზიარებენ, არცერთ მათგანს არ მიეკუთვნებიან. მათთვის ტანსაცმელი თვითგამოხატვის და საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნის ყველაზე მისაღები და ხელმისაწვდომი საშუალებაა.
თამაში გენდერული სტერეოტიპებით, „მამაკაცურ-ქალური“ დიქოტომიის შერყევა და საერთოდ, ყოველგვარი გენდერული ამბივალენტობა – ეს თემებიც დღეს მოდაში ინაცვლებს. ნიშნები, რომლებიც წინა კულტურულ ეპოქებში გენდერულ კუთვნილებას აღნიშნავდნენ – შარვალი – მამაკაცის სქესის ნიშანი იყო, ქვედატანი – ქალის, დღეს მკაფიო მნიშვნელობას აღარ შეიცავენ.
დღეს ადამიანი თავისუფალია, ნებისმიერი ნიშანი და სიმბოლო გამოიყენოს თავისი „მე“-ს თვითგამოხატვისათვის, სტილიზაციის, სიმულაციისა და მისტიფიკაციის ჩათვლით.
ისტორიულად სულ მცირე ვადაში ქართველმა ქალებმა მამაკაცის ტანსაცმლის პრაქტიკულად ყველა ელემენტი აითვისეს. გოგონები და ვაჟები ერთნაირ ჯინსებს, მსგავს ქურთუკებს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს იყენებენ. თმას ვაჟებიც იზრდიან, თავს უვლიან და კოსმეტიკას ხმარობენ. XXI საუკუნის პირველ ათწლეულებში ქალის მოდაში საბოლოოდ დამკვიდრდა სტილი აგრესიული სექსუალურობის ნიშნებით, ან, უფრო რბილი ფორმით – ეროტიკულ თამაშზე მინიშნებებით. ქალის ტანსაცმელი თითქოს მოწოდებულია, კი არ დაფაროს, გააშიშვლოს სხეული. ასევე სწრაფად მიდის მამაკაცთა მოდის ლიბერალიზაციის პროცესი, მამაკაცის ტანსაცმლის ფემინიზაცია – ქალის ტანსაცმლის ელემენტების მამაკაცის სამოსში ჩართვა და ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მაინც არსებული, ანდროგინობისკენ სწრაფვა. მამაკაცებმა ტრადიციულად „ქალურად” შერაცხული სილუეტების, სახეებისა და პრინტების სესხება დაიწყეს. გენდერული საზღვრები აქსესუარებშიც მოირღვა. ეგზოტიკურ სამკაულებს – მძივებს, ფერადთვლებიან სამაჯურებს, საყურეს მამაკაცი დღეს უკვე თამამად ხმარობს, უფრო კონსერვატორულები კი შარფს იკეთებენ პლეიბოის სტილში. მამაკაცის ჩანთებს ტრადიციულად ხისტი ფორმა და მუქი ფერი ჰქონდა, ახლა კი თანდათან „კარგავენ გენდერს“ და ტილოს სხვადასხვა ფერის ჩანთები უკვე მამაკაცის მოდურ სახესაც ავსებენ.
არც ისე შორეულ წარსულში საქართველოში საკუთარი სტილით ჩაცმას ერთეულები ბედავდნენ. თანამედროვე მოდა კი სხვადასხვა მიმართულების ფართო დიაპაზონს გვთავაზობს. შეთავაზებების არსებული ქაოსიდან ყველას შეუძლია თავისი, ინდივიდუალური სტილი აირჩიოს და საკუთარი იმიჯი შექმნას. სტილების ეკლექტურობა თვითგამორკვევის საშუალებასაც იძლევა. თანამედროვეობაში ძველი, ზნეობრივი, ესთეტიკური ნორმები და წესები ინგრევა. ის, რაც ცოტა ხნის წინ ურყევი და უკვდავი ჩანდა, დღეს უარყოფილია, ჩანაცვლებულია რაიმე ახლით, უცნაურით, ვიღაცისთვის რთულად მისაღებითაც კი. იგივე ხდება ტანსაცმელშიც.
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი | ლაშა ბაკურაძე