
თავისუფლება სამოთხეა | ლევან ბერძენიშვილი
13.08.2017მხოლოდ ძალიან გამორჩეულ პატიმრებს აქვთ უფლება, მკერდზე ამოისვირინგონ აბრევიატურა СЭР (Свобода Это Рай).
ეს ამბავი ოცდაათი წლის წინ მოხდა. ოცდაათი წლის წინ, 1987 წლის 3 იანვარს, დილის 6 საათზე, სასჯელის მოხდის შემდეგ მე გავთავისუფლდი მორდოვეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზუბოვო პოლიანას რაიონის ქალაქის ტიპის დასახლება პოტმაში. გათავისუფლებას წინ უძღოდა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის მუხლით გასამართლება, თბილისის უშიშროების კომიტეტის სამძებრო იზოლატორი, ე.წ. სტოლიპინი, ანუ „პერესილკა“ – გადაგზავნა (ხანგრძლივი მგზავრობა ციხიდან ციხეში საბოლოო დანიშნულების წერტილამდე), პატიმრობის სამი წელი, 1096 დღე, რომელთა უდიდესი ნაწილი გავატარე მორდოვეთის ცნობილ პოლიტიკურ ზონაში, ე.წ. დუბრავლაგში.
ბანაკში ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც ერთ-ერთმა პატიმარმა, გიორგი ხომიზურმა, რომელმაც დედამიწის ზურგზე ყველაფერი იცოდა, რაც გეოლოგიასა და სტატისტიკას შეეხებოდა, მომახსენა, რომ მე „პერანგში ვიყავი დაბადებული“. ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემი პერანგში დაბადების ამბავი იმდენად ოჯახური მნიშვნელობის ინფორმაცია მეგონა, რომ მისი ამოდენა დროსა და სივრცეში გაჟონვა დაუჯერებელი მომეჩვენა. გაირკვა, რომ ჩემი პერანგი არაფერ შუაში იყო, თანაპატიმარი გიორგი, ანუ ჟორა ჩემს ბედიანობას უსვამდა ხაზს.
– სასჯელმისჯილო ბერძენიშვილო, შენ ხომ 1984 წლის 4 იანვარს, ოთხშაბათს დაგაპატიმრეს? – მკითხა ჟორამ.
– ნამდვილად 4 იანვარს, ოღონდ ოთხშაბათი რომ იყო, არ მახსოვდა, – ვაღიარე მე.
– რა დაუდევრობაა, რა გჭირთ ამ ქართველებს ან, უფრო სწორად, რა გვჭირს ამ ქართველებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას! – აღშფოთდა ბაქოში დაბადებული, სახალინსა და მოსკოვში გაზრდილი რუსულენოვანი ქართველი ჟორა.
– ვითომ რითაა ის ამბავი მნიშვნელოვანი, რომ 4 იანვარი რომელიღაც წელს ოთხშაბათი იყო? – გავიკვირვე მე. არ ვიყავი გულწრფელი, უკვე კარგად მესმოდა, რომ ჟორა ამ თარიღს ტყუილად არ ჩაუღრმავდებოდა.
– იმით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ 1984 წლის 4 იანვრის ოთხშაბათობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 1987 წელს იგივე თარიღი კვირას მოუწევს: სამი წელი – სამი დღე, პლუს 1984 წლის ნაკიანობა და სულ ოთხი დღე: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, – საზეიმო ხმით მომახსენა ჟორამ.
ამასობაში პირსაბან ოთახში, რომელსაც სიყვარულით „კურილკაც“ ერქვა, სხვებიც შემოუერთდნენ ჟორას გათვლებზე აგებულ მსჯელობას.
– და ეს ყველაფერი რას ნიშნავს? – იკითხა კიდევ ერთმა ქართველმა პატიმარმა, ჯონი ლაშქარაშვილმა, რომელიც ჟორას რიცხვებით მუდმივ გართობას ეჭვის თვალით უყურებდა.
– ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლევან ბერძენიშვილმა თავისი პატიმრობის, სულ ცოტა, ერთი დღე მოიპარა, ხოლო, თუკი კანონი მთელი სიმკაცრით აღსრულდება, მთელი ოთხი დღე ან, რაც, საერთოდ, თავზარდამცემია, მთელი წელიწადი! – ბრძანა ჟორამ და ისე გაიღიმა, როგორც მხოლოდ მას და უკვდავ შერლოკ ჰოლმსს შეეძლოთ, როდესაც რომელიმე ჯონის, ვთქვათ, ვატსონის ან ლაშქარაშვილის, ოდნავ გაოგნებულ სახეს შეხედავდნენ.
– როგორ თუ წელიწადი! – აღმოხდა ჯონის.
– წელიწადი მხოლოდ თეორიულად! – ჩააცხრო მღელვარება ჟორამ, – დღეს ან დღეებს რაც შეეხება, ეს სრულიად პრაქტიკულად.
საყოველთაო დუმილის ვითარებაში ჟორამ განმარტა თავისი დებულება: ვინაიდან 4 იანვარი კვირაა, ანუ უქმე დღეა, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს წინა დღეს; ხოლო ვინაიდან წინა დღე შაბათია, ანუ თეორიულად ასევე უქმე დღეა, თუმცა ამ უქმე დღეს პირველ ნახევარში ჩვენ მაინც გვამუშავებენ, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს პარასკევს, ანუ 2 იანვარს...
–...მაგრამ ვინაიდან პირველი და ორი იანვარი უქმე დღეებია, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს წინა წლის 31 დეკემბერს, ანუ 1984 წელს დაპატიმრებული ბერძენიშვილი უნდა გათავისუფლდეს 1986 წელს, ესეც მოპარული წელიწადი! – საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანდა ჯონი ლაშქარაშვილი.
– ბერძენიშვილი გათავისუფლდება 3 იანვარს, დილის საათებში, – განაცხადა სერიოზულმა მიხაილ პოლიაკოვმა, – თუმცა, კანონი რომ კანონობდეს, 31 დეკემბერი ზუსტი თარიღი იქნებოდა, ის კი არა, კომუნისტებმა რამდენჯერმე ეგ დღეც უქმად გამოაცხადეს.
– ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, შესაძლოა, ეს ანგარიში კაგებეში უკვე ჩაატარეს, როდესაც 1984 წლის 4 იანვარს მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. უკვე მაშინ იცოდნენ, სამ წელს რომ მიუსჯიდნენ და ჩვენ რომ გათავისუფლების დღეს ვიანგარიშებდით, – განაცხადა თავის სიმართლეში ღრმად დარწმუნებულმა ჟორამ.
– არა, ჩემო ჟორა, კაგებეში სრული არეულობა, უთავბოლობა და გაუგებრობაა, სად შეუძლიათ იქ ამდენი ანგარიში! – ამ მოსაზრებას მიშა მუდმივად იმეორებდა.
მთელი 1986 წლის განმავლობაში ხანგრძლივი განხილვის საგანი იყო ისიც, თუ როგორ მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება. ვარიანტები რამდენიმე იყო: პირდაპირ ბარაშევოში გათავისუფლება, პოტმაში წაყვანა და იქიდან გათავისუფლება, თბილისში ეტაპით ჩაყვანა და იქაური იზოლატორიდან გათავისუფლება. მე ყველაზე სავარაუდოდ ბოლო ვარიანტს განვიხილავდი, რადგან ჩემი ძმის, დათოს, შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა: ბარაშევოდან მორდოვეთის დედაქალაქში, სარანსკში, ჩაიყვანეს, იქაურ იზოლატორში ღამე გაათევინეს, პატივი სცეს და აბანოში შეუშვეს; სარანსკიდან მოსკოვში გადააფრინეს, ლეფორტოვოს სახელგანთქმული იზოლატორი მოანახულებინეს; შემდეგ კი ეტაპის გზას გაუყენეს: როსტოვისა და ადლერის ციხეები მოატარეს, თბილისში ჩაიყვანეს და უშიშროების იქაურ იზოლატორში ჩასვეს, ჩემს ცოლს ამანათის მიტანის უფლებაც კი მისცეს (პატიმარი მეტისმეტად გამხდარი იყო) და ერთ კვირაში გაათავისუფლეს. საბოლოო ანგარიშით, გზაში 20 დღე დაჰყო.
ამ ცოდნას ვემყარებოდი და ვფიქრობდი, რომ დეკემბრის შუაგულში გამიყვანდნენ ზონიდან, მაგრამ რადგან დეკემბრის თხუთმეტმაც გაიარა და ოცმაც, მივხვდი, რომ ჩემი გზა შინისაკენ განსხვავებული იქნებოდა. ოცდახუთმა დეკემბერმაც რომ ბარაშევოში მომისწრო, გადავწყვიტე, რომ სწორედ იქიდან გამათავისუფლებდნენ და მეგობრებთან ერთად ახალი წლისთვის მომზადება დავიწყე. მეორე დღეს, 26 დეკემბერს, საამქროდან გამიყვანეს და მოსამზადებლად თხუთმეტი წუთი მომცეს. ამ დროის განმავლობაში ჩემი ნივთები იქაურ მეგობრებს დავურიგე და ის „მცირე მიწა“ და წლები დავტოვე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ქრონოტოპოსად იქცა ჩემს ცხოვრებაში.
პოტმის ციხეში ჩამიყვანეს. საკანში მარტო ვიჯექი. არც მეგობრები, არც საამქრო, არც რადიო, არც წიგნი, არც კალამი, არც ქაღალდი, არც რაიმე მარაგი. ყოველდღიურად თითო საათით სასეირნოდ გასვლა მერგებოდა. ოცდაექვსში მართლა გავედი, მაგრამ მინუს 45 გრადუსში „სეირნობა“ თვალში აღარ მომივიდა და შემდეგ დღეებში უარი ვთქვი შედარებითი თავისუფლების ამ კუნძულზე. 31 დეკემბერს საკნიდან გამიყვანეს, ციხის ბუღალტერიაში რაღაც ქაღალდებზე ხელი მომაწერინეს, სამი წლის განმავლობაში გამომუშავებული 418 მანეთი და 3 კაპიკი და, რაც მთავარია, პასპორტი გადმომცეს.
ფულმა და პასპორტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იმედიც კი გამიჩნდა, იქნებ დღესვე გამათავისუფლონ-მეთქი, მაგრამ მიშა პოლიაკოვის გაფრთხილება გამახსენდა, სანამ გრძელ ცისფერ ქაღალდზე დაბეჭდილ გათავისუფლების სურათიან ცნობას არ მოგცემენ, მანამდე თავისუფლებაზე არ იფიქროო. ცნობა არ მოუციათ, ასე რომ, იმედი როგორც გაჩნდა, ისე გაქრა ზედამხედველებთან ერთად საღამოს ექვსი საათის შემდეგ.
საახალწლოდ სუფრა ვერ გავშალე, აბსოლუტურად არაფერი არ მქონდა, ერთი ქილა სანუკვარი „ტურისტის საუზმის“ გარდა (თევზიან-ბრინჯიან-ტომატიანი მასა იყო). ქილა კი მქონდა, მაგრამ გასახსნელი არ მქონდა. ამასწინათ ინტერნეტში ვნახე, როგორ იხსნება კონსერვი გასახსნელის გარეშე (მყარი კედლის გარდა არაფერია საჭირო) და რეტროსპექტულად დამწყდა გული. მაშინ კი იმდენად გავმწარდი, რომ, სავარაუდოდ, თორმეტი რომ დადგა (ამას მხოლოდ ტანით თუ ვიგრძნობდი), ეს ჩემი კონსერვი რკინის ლოგინის შვერილს ჩამოვაცვი, შიგთავსის ნაწილი დავკარგე, მაგრამ ახალ, 1987 წელს, რომელსაც ჩემთვის თავისუფლება უნდა მოეტანა, ლუკმის გარეშე არ შევხვედრივარ.
პირველ იანვარს მშვიდად ვიყავი. მღელვარება დამეწყო ორში, მაგრამ ორში საერთოდ არავინ მოსულა, ის კი არა, საუზმე, სადილი და ვახშამიც არ მოუტანიათ. არ გამკვირვებია, პირველში ჩვენი ზედამხედველები, ანუ „კონტროლიორები“ იმდენს დალევდნენ, რომ ორში ფეხზე ვერ დადგებოდნენ. ღამით არ მიძინია. წამოწოლილი ველოდებოდი კარის გაღებას.
დილის ექვს საათზე კარი გაიღო, ციხის უფროსმა, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა, გათავისუფლების ცნობა გადმომცა, რატომღაც გადამეხვია და ციხის რკინის კარიბჭებდე მიმაცილა. ცუდად არ დაიმახსოვრო პოტმაო, დამაბარა და კარი ბოლომდე გააღებინა. რამდენიმე კაცი ერთად გავედით, მაგრამ სხვები ისეთი სიჩქარით გაიჭრნენ წინ, რომ მათი დაწევა არც მიფიქრია. მივდიოდი სიბნელეში და ვერანაირად ვერ ვხვდებოდი, რომ თავისუფალი ვიყავი. პოტმის სადგურს მივადექი და მივხვდი, სხვები რატომ გამორბოდნენ. ჩემი სადგურში მისვლა და ტაშკენტი-მოსკოვის მატარებლის გაჩერება ერთი იყო. გამცილებელთან ვაჭრობის შემდეგ ძლივს ავაღწიე მატარებელში.
მატარებელში რომ აღმოვჩნდი, ამდენ მგზავრს რომ შევხედე, მეგონა, ახლა მაინც ვიგრძნობ თავისუფლებას-მეთქი, მაგრამ სრულიად ვერაფერი ვერ ვიგრძენი. გაოგნებული ვიდექი და ვფიქრობდი, ვერასოდეს გავთავისუფლდები-მეთქი. აზრი მომივიდა, ვაგონ-რესტორანში წავალ, რამეს ვიყიდი, თავისუფლება ხომ ეგაა, ჯიბიდან ფულს რომ ამოიღებ და რამეს იყიდი-მეთქი. ვაგონ-რესტორანში აბსოლუტურად არაფერი არ იყო. ასე რომ, მოსკოვში ჯერ კიდევ პატიმარი ჩავედი. მოსკოვის სადგურში, უპირველეს ყოვლისა, თბილისის ბილეთი შევიძინე. მეორე დღის ბილეთი იყო. ერთი ღამე მოსკოვში უნდა გამეთენებინა. თავისუფლება არა და არ მოდიოდა. სადგურის ბუფეტში რაღაც საჭმელი ვიყიდე, მაგრამ თავისუფლების არც სუნი ჰქონდა და არც გემო. გავედი ქუჩაში. ძალიან ციოდა.
პირველი საათის განმავლობაში სამმა სხვადასხვა მილიციელმა გამაჩერა და პირდაპირ გათავისუფლების ცნობა და პასპორტი მომთხოვა. ჩემი ტანსაცმელი, მოკლე თმა, ფერმკრთალობა და საერთო იერი ყველას უკარნახებდა, ყოფილი პატიმარი რომ ვიყავი. პირველი ორი მილიციელი მტრულად მიყურებდა, მაგრამ მესამემ ცნობა ყურადღებით წაიკითხა, პოლიტიკურიო, ჩაილაპარაკა და შინაურულად გამიღიმა. მირჩია, ეგ ტანსაცმელი გამოიცვალე, თორემ ყველა მილიციელი გაგაჩერებს და შეიძლება განყოფილებაშიც ამოყო თავიო. გუმში იაპონური ქურთუკი და თბილი შარვალი ვიყიდე, ხოლო ჩემი ზონის ძვირფასი სამოსი იქაურ ტუალეტს დავუტოვე. თბილ ქუდს, ე.წ. უშანკას ვერ შეველიე.
ასე ჩაცმულ-დახურულმა დავიწყე სასტუმროების დალაშქვრა. სამი მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ სასტუმროს ადმინისტრატორებს მილიციელებზე გამჭრიახი მზერა ჰქონიათ. სასტუმროში ნომრის ძიება უპერსპექტივო საქმე იყო. ღამე სადგურში უნდა გამეტარებინა – თავისუფლება არ მოდიოდა.
ექვსი წლის წინ დისერტაციაზე სამუშაოდ ვიყავი ჩასული მოსკოვში და იქ თვე-ნახევარი დავყავი. ქუჩაში შემთხვევით ჩემი უფროსი ძმის კლასელი შემხვდა. სახლში მეპატიჟებოდა. თავისი მისამართი და ტელეფონის ნომერი მითხრა. არ ჩამიწერია: სასტუმროში ვცხოვრობდი, პრობლემები არ მქონდა. სწორედ ეს გამახსენდა, როდესაც სადგურში ღამისთევის პერსპექტივაზე, მილიციელების ეჭვიან მზერასა და თავისუფლების დაყოვნებაზე ვფიქრობდი. პირველად მისამართი გამახსენდა: ქუჩა, სახლი, ბინა, ყველაფერი. გამიკვირდა. შემდეგ ცხადად დავინახე ტელეფონის ნომრის შვიდი ციფრი. ბედის ირონიით ორკაპიკიანი მქონდა. ტელეფონ-ავტომატით დავრეკე და მასპინძელს თავი გავახსენე. ძალიან გაუხარდა და მისამართის ახსნა დამიწყო, მაგრამ დავასწარი. ზღაპრული საახალწლო სუფრა ჰქონდა, მაგრამ, როგორც მწარედ გამოცდილმა პატიმარმა, ძალიან ფრთხილად ვსვი და ვჭამე.
კუპეში ოთხნი ვიყავით. ორი ციმბირელი გოგონა იყო და ერთი თბილისელი სომეხი ბიჭი. გოგონებმა აიჩემეს, ყველამ ვთქვათ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართო. ასე გავიგე, ნიჟნი-ვარტოვსკიდან რომ იყვნენ, ფაბრიკაში მუშაობდნენ, თბილისში მიდიოდნენ. თბილისელი ბიჭიც სახლში ბრუნდებოდა, მოსკოვში დეიდასთან ყოფილა. მეც თბილისში მივდივარ-მეთქი, მაგრამ ჩამეკითხნენ, საიდან მოდიხარო. ციხიდან-მეთქი. რა მოხდა მერეო, იხტიბარი არ გაიტეხეს გოგონებმა. რაზე იჯექითო. პოლიტიკურზე-მეთქი და კუპეში მარტო დავრჩი.
სამტრედიაში ჩემებმა ჩამომსვეს მატარებლიდან. ცოლი რომ დავინახე, ციხე სამუდამოდ წავიდა. ციხე წავიდა და თავისუფლებამ მოსვლა დაიწყო. და ასე მოდის და მოდის ოცდაათი წელია.