
თბილისის კონფლიქტური სამეზობლოები და ნაციონალიზმის საფრთხე
09.07.2019„პიდარასტების, რაღაც ელჭიპიტი არსებების, წადებილო ელემენტებისა და სირისტიანი ხალხის საყურადღებოდ მინდა ვთქვა,
არ გაბედოთ გუდაურში ამოსვლა და კაზანტიპისა თუ რაღაცის დომხალ ცვანცების მოწყობა თორემ ყაზბეგიდან მახევეების მთელი ლაშქარი მოდის, ექა გადასახედზე მთიულებს აქვთ ტერიტორიები გამაგრებული, გელოდებიან და თქვენი დედების ძვლების
რახარუხი და ლეწვა ასტყდება ვერ მაგისწრებთ ვერცერთი სასწრაფო მგლის დაგლეჯილებს დეემგვანებით!“
მთისა ყველაშვილი ‒ ფეისბუკპოსტი
აიეტსა და მედეას, ორ ქართველ გულანთებულ სტუდენტს, ევროპაში ჩასვლის შემდეგ კულტურული შოკი დაეწყოთ: ახალგაზრდებმა დასავლეთთან შეხვედრის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მე ვარ ქართველი = მე ვარ ევროპელი, სულაც არაა უნაშთო არითმეტიკა. „მე“ და „ევროპა“ არაა ერთი, არამედ მათ შორის დგას გადაუთარგმნელი და ენით გამოუთქმელი განსხვავება. აიეტი ამ განსხვავებას წინააღმდეგობად აღიქვამს ‒ მან „ევროპა“ „საქართველოს“ ანტითეზად გადმოთარგმნა: აიეტის გონება ნაციონალისტურმა აზრებმა მოიცვა ‒ ევროპა მის იდენტობას გამოეყო და დაფიქსირდა, როგორც უცხო. აიეტმა უკან დაიხია, თავი წარსულისკენ მიაბრუნა: ის მიიჩნევს, რომ დასავლეთის იმპერიალისტურ ზრახვებს მხოლოდ ადგილობრივი ნაციონალისტური სულისკვეთება შეაკავებს. თუმცა, ზუსტად იმიტომ, რომ მისი მზერა წარსულში იცქირება და იქ წითელი საქართველო ხვდება, ხშირია, რომ აიეტის ნაციონალიზმი პრორუსულ დისკურსს ებმის [1]. მისი ცნობიერება ლოკალურ ნიშნებს აცოცხლებს და ერთმანეთთან აკავშირებს. ასეთებია: ჯვარი, წინაპრების საფლავის ქვები, საეკლესიო კალენდარი… ეს ყველაფერი აიეტს კულტურული იდენტობის დადგენაში ეხმარება.
განსხვავებას მედეაც წინააღმდეგობად აღიქვამს, თუმცა, აიეტთან შედარებით, ის საპირისპირო პოზიციას ირჩევს. მისი ცნობიერება გლობალურმა ნიშნებმა და სიმბოლოებმა მოიცვა: ფერადი დროშა, მწვანე ფოთოლი, თავისუფლების ქანდაკება, პარიზის საკათედრო ტაძარი და ბერლინის კედლის ნამსხვრევები. მედეა საკუთარ თავს ხედავს, როგორც უფრო გლობალურს, ვიდრე ‒ ლოკალურს. მედეა მიიჩნევს, რომ „მე-ს“ და „ევროპას“ შორის განსხვავება დასავლეთის უპირატესობაზე მიანიშნებს. მან იცის, რომ განსხვავების თავი და თავი საბჭოთა წარსულში იმალება, ხოლო გონივრული მუშაობის შემთხვევაში ის შეიძლება დაიძლიოს.
დისკურსები, რომლებსაც აიეტი და მედეა წარმოადგენენ, ყველას კარგად მოგვეხსენება: ლოკალური vs გლობალური, ნაციონალიზმი vs პროდასავლური… თითქმის ყოველდღიურად, ტელევიზორების ეკრანებსა თუ ქალაქის ქუჩებში, ვხედავთ, როგორ კამათობენ აიეტი და მედეა, რაც ხანდახან ფიზიკური დაპირისპირების სახესაც იღებს: აიეტი მედეას ხან სკამით, ხანაც კომბლით დასდევს. მედეას კი ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ერთ დღეს აიეტმა რუსული ჩექმებით არ გადაუაროს.
პარადოქსია, მაგრამ ყოველი მსგავსი შეტაკების შემდეგ, აიეტი და მედეა სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და კონფლიქტურ სამეზობლოებად ყალიბდებიან: ეს უფრო ვირტუალური ან, გნებავთ, კონცეპტუალური სამეზობლოებია, ვიდრე გეოგრაფიული (Bhabha, Schulze-Engler, Malreddy & Karugia, 2018, p. 714). აიეტსა და მედეას შორის გადებულია განსხვავების სადემარკაციო ხაზი, რომელიც ისეთსავე დაბრკოლებას ქმნის, როგორსაც ამერიკისა და მექსიკის, ანდა ამერიკისა და მუსლიმური სამყაროს ვირტუალური საზღვარი (Bhabha, Schulze-Engler, Malreddy & Karugia, 2018, p. 713).
აიეტი და მედეა, ორი ქართველი სტუდენტი, დაპირისპირებულ ბანაკებში აღმოჩნდნენ. ახლა ისინი ერთმანეთისთვის უცხონი არიან. დაპირისპირების მიზეზი ხან კლუბები და ნარკოტიკია (12 მაისი), ხან LGBTQ თემები (17 მაისი) და ხანაც პარლამენტში რუსი დეპუტატების გამოჩენა (20 ივნისი). თუმცა, ეს დაპირისპირების ფორმები მხოლოდ აისბერგის ხილული წვერია ‒ წყლის ქვეშ თუ ჩავყვინთავთ, შევნიშნავთ, რომ მთავარი განსხვავება ლოკალურისა და გლობალურის ჯახზე დგას, რის გასაგებადაც საჭიროა საერთაშორისო ნაკადების ანალიზი.
მოდერნიზმისა და კოლონიალიზმის შედეგად, პოლიტიკურ კომპასზე ორი ძირითადი ვექტორი გამოისახა: გლობალური და ლოკალური. ეს ორი პოლუსი ინტერპრეტაციის ველს ქმნის, საიდანაც განსხვავებები, იდეოლოგიები, დისკურსები, ტექნოლოგიები, პროგრესი და რეგრესი, დრო და სივრცე გარკვეული პერსპექტივით ითარგმნება. ჩვენთანაც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი და ფრაგმენტული ურბანული ტომები მივიღეთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც შეგვიძლია გლობალური ან ლოკალური ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ [2]. ჩვენთან გლობალური ტომი პროდასავლურად გაფორმდა, ლოკალური ტომი კი ნაციონალიზმის გზას დასდგომია, რომელიც, როგორც ვთქვით, ხშირად, რუსულსა და ნაციონალურს ერთმანეთში ურევს, შედეგად კი ნაციონალიზმის რუსულ ჰიბრიდებს აწარმოებს.
საქმე ისაა, რომ ის გლობალური და ლოკალური ვექტორები, რომლითაც აიეტი და მედეა ხელმძღვანელობენ და საითაც მოძრაობა მათ ათეულობით წლების წინ დაიწყეს, დღეს უკვე აღარც კი არსებობს. ერთი მხრივ, შეუძლებელია დაბრუნება ლოკალურ მიწაზე, მეორე მხრივ, შეუძლებელია დასავლური პარადიგმის გლობალური განვრცობა. როგორც ლატური აღნიშნავს, ჩვენი მდგომარეობა არასასიამოვნო ფრენას ჰგავს: დანიშნულების წერტილი გლობალური გვქონდა, თუმცა პილოტმა გამოაცხადა, რომ გლობალური გაქრა; თვითმფრინავის ავარიული დაშვება ლოკალურისკენ დაიგეგმა, თუმცა, პილოტმა კიდევ ერთხელ გვამცნო, რომ ლოკალური მიწაც აღარ არსებობს (Latour, 2016a). სად უნდა დაფრინდნენ აიეტი და მედეა, გაურკვეველია: ნება მოგვეცით, ამ კატასტროფული რეისის „შავი ყუთი“ გავშიფროთ.
ამბავი მედეასი: მართალია, გლობალური პარადიგმა კულტურულ მრავალფეროვნებას ემხრობა, თუმცა, გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ყველა განსხვავება შესაძლოა „ევროპამ“ თავის თავში დაიტიოს. დეკოლონიზაციის თეორიებმა, 2008 წლის ეკონომიკურმა კოლაფსმა და მიგრანტების კრიზისმა, გლობალური პერსპექტივის შესაძლებლობაში დასავლეთიც დააეჭვა.
ცივი ომის შემდგომ, ისტორია, რომელიც დასრულებული მოჩანდა და ლიბერალური დემოკრატიის გლობუსზე გავრცელება მხოლოდ დროის საკითხი გვეგონა, დღეს ლოკალურისკენ დაიძრა. ბრიტანეთი, რომელიც გლობალურის ერთ-ერთ მთავარ დრაივერად გვევლინებოდა, ბრექსიტმა ლოკალურ კუნძულად აქცია… იმავე ლოკალურისკენ შემობრუნდა ტრამპის ამერიკაც. მაისის ევროპარლამენტის არჩევნებმაც უჩვენა, რომ ულტრანაციონალისტური ძალები მოძლიერდნენ იტალიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, გერმანიაში, ესპანეთში, უნგრეთსა თუ პოლონეთში. თუ ლოკალურის რევანში ასე მწვავედ ურტყამს ასწლოვან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორ გადაიტანს მას ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიაც კი არ აქვს? როგორ ახსნას მედეამ ევროპის ლოკალურობა? „ევროპას, რომელიც პატარა პროვინციამდე რედუცირდა, კიდევ შესწევს უნარი, სხვა ძალებს ისეთი გლობალური ჩარჩო შესთავაზოს, სადაც მათი გეოპოლიტიკური ურთიერთობები მოთავსდება“ (Latour, 2016b, p. 310). მედეას ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოუწევს.
ამბავი აიეტისა: რაც შეეხება აიეტის ლოკალურს, ის, უპირველეს ყოვლისა, გლობალურზე რეაქციაა და, მედეასგან განსხვავებით, ძალადობის დიდ საფრთხეს შეიცავს. ბაბა მსგავს ლოკალურობას „ტომურ ნაციონალიზმად“ ან „შეუძლებელ ნაციონალიზმად“ მოიხსენიებს. ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია, თანამედროვე ნაციონალიზმის ტალღა განვასხვაოთ მე-19 საუკუნის ნაციონალიზმისგან, რომელიც ერთ დროს სახელმწიფოს კონსტრუირების ისტორიულად გამართლებული ფორმა იყო. მისგან განსხვავებით, „შეუძლებელი ნაციონალიზმი“ გარდაუვლად ძალადობრივია, რადგან „ეს ის ნაციონალიზმია, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ეთნიკური წმენდითა და ძალადობით გამოხატავს. ისინი თავიანთ ტერიტორიულ ინსტინქტებს იმ გზებით გამოხატავენ, რომელიც უცხოს განადგურების ხარჯზე საკუთარი იდენტობის დამოწმების საშუალებას იძლევა“ (Bhabha, Anfeng, 2009, 168). „შეუძლებელი ნაციონალიზმი“ აიეტს ჰობსიანურ მაქციად აქცევს, რომელიც მედეას და მის მეგობრებს ემუქრება „მგლის დაგლეჯილებს დეემგვანებითო“.
მსგავსი ტიპის ნაციონალიზმი ქმნის ილუზიას, რომ აუთენტურობა და უსაფრთხოება შესაძლებელია უცხოსთან მკვეთრ გამიჯვნაში ვიპოვოთ. აიეტს სჯერა, რომ ნაციონალიზმი უპროგნოზო, ქაოტური, საშიში, გაურკვეველი გლობალური ნაკადებისგან იხსნის. როგორც ბაუმანი მიუთითებს, ჩვენი დროის მთავარი დაძაბულობა უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორისაა: ლიბერალიზაცია უსაფრთხოების შეგრძნებას ამცირებს, ხოლო უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენს მეამბოხე ხელებზე ბორკილებად გვედება. ამიტომაც, ბაუმანმა თხევადი დროის, ჩვენი თანამედროვეობის მთავარ დამახასიათებელ ნიშნად გაურკვევლობა განსაზღვრა (Bauman, 2013). როგორც ჩანს, აიეტი მთლიან ფსონს უსაფრთხოებაზე დებს და იწყებს „უცხოს“ წმენდის სამუშაოს, რაც თხევადი, უპროგნოზო, რისკიანი და გაურკვეველი ეპოქის სტაბილიზაციისა და გაყინვის ძალადობრივი მცდელობაა.
რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ, არის „შეუძლებელი ნაციონალიზმის“ საერთაშორისო ტალღა: აიეტი მეზობელ მედეას მკაცრ საზღვარს უწესებს ‒ ის ცდილობს, ააშენოს კედელი „მე-სა“ და „უცხოს“ შორის, ნამდვილ ქართველსა და გლობალურ ჰიბრიდებს შორის, წმინდა კულტურასა და შერყვნილ კულტურას შორის. ეს პროექტი კი შეუძლებელი თუნდაც მხოლოდ იმიტომაა, რომ ნებისმიერი კულტურა ჰიბრიდული და სხვა კულტურებთან შერეულია: ის წმინდა ფორმით ვერ იარსებებს. აქ ძალადობრივ წმენდასთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს, უცხო (მაგ. LGBTQ) საკუთარი ტერიტორიიდან განდევნოს. ესაა უცხოს დეპორტაცია, როგორც კონცეპტუალურად, ასევე ფაქტობრივად ‒ კონცეპტუალურად იმიტომ, რომ გარკვეული ჯგუფები საჯარო სივრციდან განიდევნებიან და ფაქტობრივი იმიტომ, რომ იმავე LGBTQ თემში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, სწორედ, ძალადობრივი წმენდის სამუშაო და ლოკალური პოლუსისკენ მიზიდულობაა. თუმცა საკითხავია, ხელისუფლება, რომელიც მედეას აიეტისგან ვერ იცავს, რომელიც LGBTQ მანიფესტაციის გამართვას ვერ უზრუნველყოფს, რომელიც პარლამენტს რუს დეპუტატებს უთმობს, ხოლო უკმაყოფილო პროდასავლელ მოსახლეობას უმოწყალოდ არბევს ‒ საკუთარ მოქალაქეებს ძალადობრივი ნაციონალიზმისა და რუსული იმპერიალიზმისგან დაცვის გარანტიებს როგორ მისცემს?
საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროპულ ქვეყნად ფორმირების გზაზე გაიჭედა. მგზავრობა ხანგრძლივი და ტურბულენტური ზონებით სავსე აღმოჩნდა; დანიშნულების ადგილები კი შეიცვალა, გაქრა ან გადასხვაფერდა. შესაბამისად, შიდაპოლიტიკური ვითარებაც ორ [არარსებულ] პოლუსს შორის ტორტმანებს: ზოგი გლობალურისკენ იხრება, ზოგიც ‒ ლოკალურისკენ. მოკლედ, დღეს ჩვენ ტრანზიტული საზოგადოება მივიღეთ, რომელიც არც აქაა და არც იქ, არამედ სადღაც შუაში: აქა-იქ.
ეს სულაც არაა პრობლემა ‒ გარდასახვა, როგორც პროცესი (becoming) ნიშნავს იყო მუდმივად შუაში (in between) ან შორის (Among) (Deleuze, 1997): [რაღაცად] გარდასახვა ყოველთვის ჰიბრიდულ ფორმებს იღებს. პრობლემა ისაა, რომ ამ პროცესმა შესაძლოა სრული რევერსია განიცადოს და ევროპული ელდორადოს ნაცვლად, ძალადობრივი ნაციონალიზმი მივიღოთ. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ საფრთხეს ჩვენს შიდაპოლიტიკურ პრობლემებსა და რუსეთის ფაქტორთან ერთად, ზურგს „შეუძლებელი ნაციონალიზმის“ საერთაშორისო ნაკადიც უმაგრებს.
დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ხედავს ‒ ისე, თითქოს ვიღაც ბოროტმა ჯადოქარმა ატლასის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაგვიხია. ხელუხლებელი მხოლოდ რუსეთი დატოვა, რომელიც დასავლეთთან კონტრასტში ცივი ომის ფარსს, კიჩს, თუმცა, ბრუტალურ სიმულაციას ქმნის. გარდა ამისა, ჩვენი რუკა ძველი, 1:0 რუკაა, რომელიც არ ახლდება, დინამიკაში არ განიხილება და ვიღებთ დასავლეთისა და რუსეთის ფიქსირებულ, სტერეოტიპულ იმიჯებს, თითქოს, იგივე ევროპა ან რუსეთი უძრავი ძეგლები იყვნენ და დროის დინება ამ მონუმენტებს უცვლელად ტოვებდეს (Bhabha, 2012, p. 66). სწორედ ამ ფიქსაციის ბრალია, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების მიმართ გაუცხოებულები ვართ და მათი სიკეთისა თუ ბოროტების შესახებ მითოლოგიური წარმოდგენები გვიყალიბდება.
აღმოსავლეთი და სამხრეთი საჯარო დისკუსიიდან საერთოდ გამქრალია: არც ახალი და არც ტრადიციული მედია მათ შესახებ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო თემატიკაზე მასალებს არ ამზადებს. ხანდახან, ვხედავთ, როგორ იბრძვის ქართველი სუმოისტი ოძეკის ტიტულისთვის, ან როგორ ფეთქდებიან ტერორისტები ახლო აღმოსავლეთში, ანდა, რა სახის ვარცხნილობაა დაშვებული ჩრდილოეთ კორეაში. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ ორიენტალისტურ ხედვაზე კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და მისი წარმომავლობაც უცნობია. თუმცა, ცხადია, რომ იმ კარიკატურებზე დაყრდნობით, რაც მსოფლიო რუკისგან შევქმენით, საერთაშორისო პოლიტიკის გაგება გაგვიჭირდება. ასევე გაგვიჭირდება, შევამჩნიოთ, თუ როგორ ირეკლება საერთაშორისო დისკურსები ქართულ პოლიტიკაში.
გამოყენებული ლიტერატურა
Bauman, Z. (2013). Liquid times: Living in an age of uncertainty. John Wiley & Sons.
Bhabha, H. K. (2012). The location of culture. Routledge.
Bhabha, H. K, Schulze-Engler, F., Malreddy, P. K., & Karugia, J. N. (2018). "Even the dead have human rights": A conversation with Homi K. Bhabha. Journal of Postcolonial Writing, 54(5), 702-716.
Deleuze, G. (1997). Literature and life. Critical Inquiry, 23(2), 225-230.
Latour, B (2016a) Why Gaia Is Not the Globe. [Video file] Faculty of Arts, Aarhus University. Accessed 08 June 2019. Retrieved from: https://www.youtube.com/watch?v=7AGg-oHzPsM
Latour, B. (2016b). Onus orbis terrarum: About a possible shift in the definition of sovereignty. Millennium ‒ Journal of International Studies, 44(3), 305-320. doi:10.1177/0305829816640608
[1] ცხადია, რუსული დისკურსი არაა მხოლოდ ნოსტალგია. ესაა აწმყოში ნაწარმოები იდეოლოგია, რომელსაც ზურგს რეალური რუსული მედია, რუსული პროპაგანდა, მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისები და სხვა ხელშესახები ფაქტორები უმაგრებს.
[2] ჩვენ არ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ურბანული ტომი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ცვლილებისთვის იბრძვის, ავტომატურად თავსდება აღწერილ დიქოტომიაში. შეიძლება მათ აქვთ განსხვავებული სტრატეგიები და ხედვები; თუმცა, გვერდს ჯერჯერობით ვერ აუვლიან იმ ქსელებს, ჰიბრიდებსა და ნიშნების სამყაროებს, რომლებიც ლოკალურისა და გლობალურის დიქოტომიებს სტატიკურად ქმნიან და პოლიტიკურ დღის წესრიგსაც დიდი გაყოფის ლოგიკის ქვეშ ათავსებენ.
მასალა მომზადებულია “ინტერნიუს საქართველოსთან” და “ინტერნიუსთან” თანამშრომლობით, პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში.