ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თემირლანი და ზაზა სარალიძე

თემირლანი

26 დეკემბერი დგება. პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჯერაც ღამეა ჩამოწოლილი. 19 წლის თემირლანი თავის ლოგინში წევს. მან ჯერ არაფერი იცის. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან ერთი თვეა გასული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს] აცხადებს, რომ თბილისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების გეგმა საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა იყო. უთითებენ იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები დაჯგუფების წევრებს ეხმარებოდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადაადგილებასა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაში. სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიტერორისტული სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს დაჯგუფების ერთ-ერთ დამხმარედ თვლის. ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის არც თემირლანმა და არც მისმა ოჯახმა. არ იციან, რადგან თემირლანს ბრალი არ აქვს წაყენებული, არც დაკითხვაზეა დაბარებული. იგეგმება შეიარაღებული სპეცოპერაცია. რატომ არ იბარებენ თემირლანს დაკითხვაზე?

იმ დღეს, თემირლანი მთელი დღე მამას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში: მამამ, ჭალაში ლობიოს სარი მოჭრა და თემირლანს სთხოვა სარის ჩამოზიდვა. სახლის საქმეები რომ მოათავა, ჩვეულებისამებრ, მეჩეთში ღამის ნამაზი შეასრულა, ოჯახთან ერთად ივახშმა და თავის ოთახში ავიდა. ყველამ დაიძინა.

26 დეკემბერს, დღის 12 საათზე სუს-ი საგანგებო ბრიფინგს მართავს. საქართველოს მოსახლეობა ტელეეკრანებიდან იგებს, რომ

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე – 4 პანკისის სოფლებში და ერთი თბილისში“.

ერთ-ერთი დაკავებული თემირლან მაჩალიკაშვილია. ბრიფინგზე ირკვევა, რომ ის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

თემირლანის მშობლები იხსენებენ: დაახლოებით დილის 4 საათზე კარის ჩამტვრევისა და სროლის ხმა გაიგეს და გარეთ გაცვივდნენ. სახლის ეზო და აივანი სპეცრაზმელებით იყო სავსე. მშობლებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. თემირლანის მამა, მალხაზი, უფრო მეტად აღელდა, როდესაც სუს-ის თანამშრომლებმა მას შვილის ოთახში შესვლის უფლება არ მისცეს. იკითხა, თემირლანს ხომ არ დამართეს რამე. უპასუხეს, რომ მიმდინარეობს ჩხრეკა. დაახლოებით 3 საათის შემდეგ ოთახში შეუშვეს. თემირლანის საწოლი სისხლიანი იყო, ზედ გასისხლიანებული ტელეფონი იდო, საწოლის ქვეშ კი სისხლის გუბე იდგა. უთხრეს, რომ თემირლანმა წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ გასროლა მოუწიათ; დაარწმუნეს, რომ თემირლანი მხარში იყო დაჭრილი. მამა ცოტათი დამშვიდდა: მხრის ჭრილობას გადაიტანს. თუმცა მაინც იკითხა – საწოლში მწოლიარემ წინააღმდეგობა რით გაუწია? ოთახის კუთხეში იატაკზე დადებულ ყუმბარაზე მიუთითეს. მალხაზი იხსენებს: საწოლისა და ტელეფონისაგან განსხვავებით, ხელყუმბარას წვეთი სისხლი არ ჰქონდა. და თან რა – ფიქრობს მამა, თემირლანის გვერდით ოთახში მის დას ეძინა; მისი ოთახის ქვემოთ, ხის იატაკით გაყოფილ პირველ სართულზე მის მშობლებს – ყველას აფეთქებას გვიპირებდა? აბსურდია. თემირლანის ოთახში მდგარი მისი ორსაწოლიანი ლოგინის საზურგეზე, შუაში, ცოტა მარჯვნივ, ნატყვიარები მოჩანს. მამა იხსენებს: თემირლანი მაღალი ბიჭი იყო, საზურგეზე ჰქონდა ხოლმე თავი მიდებული და ასე ეძინა.

2018 წლის 10 იანვარს, სპეცოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში, ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობით, გარდაიცვალა. გაიგო თუ არა ბოლოს თემირლანმა რა ხდებოდა, როდესაც შეიარაღებული სპეცრაზმელები მის ოთახში შევიდნენ?

ფრაგმენტი კვლევის შესავლიდან „უსაფრთხოების მზერის ქვეშ:
ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში”
კვლევის ავტორები: მაია ბარქაია, ბარბარე ჯანელიძე
© ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ზაზა სარალიძე

ერთ თვეში დაგვიხოცეს შვილები.

1 დეკემბერს ჩემი შვილის მკვლელობის ერთი წლის თავია.

მარტო ტელევიზიებიდან გვესაუბრებიან.

ჩემთვის თორმეტივე ჭრილობა მომაკვდინებელია, მაგრამ კანონით ერთია სასიკვდილო. იმ ჭრილობის ავტორი, რომელმაც შვილი მომიკლა, არ არსებობს.

ხელს აფარებენ.

ჩიხში ვარ შესული.

ორ თვეზე მეტია, ქუჩაში ვდგავართ და არავინ მოდის ჩვენთან.

არაფერს გვეკითხებიან.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა