თეთრი რუსების სტამბოლი
სტამბოლი... რუსეთის იმპერიის ცარგრადი, მესამე რომის შეუცვლელი მეორე რომი და ქალაქი, რომელსაც რუსულ ნარატივში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სტამბოლი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. როგორც თურქეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, ისე იმ მხრივაც, რომ თურქეთი არ შეუერთდა ევროპის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები და მიმოსვლა.
და სტამბოლი კიდევ ერთხელ იქცა სანქციებს, პუტინის რეჟიმს, თუ უბრალოდ ცივ კლიმატს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების თავშესაფრად. ისევე როგორც ერთი საუკუნის წინ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.
რუსბაში, რუსული სალათა, ხარაშოები, ფლორიას პლაჟი, ბიფსტროგანოვი, აიასფაშას ცნობილი რესტორანი და ყვავილების პასაჟი, რომლის სახელიც, გადმოცემის თანახმად, რუსი გენერლის ქვრივისგან მოდის, რომელიც იქ, მაშინდელ საიდ ფაშას პასაჟში, ყვავილებს ყიდდა... დღეს, სტამბოლის კულტურის ნაწილად ქცეული ეს ყველაფერი ყოველდღიურობის და პოპულარული კულტურის იმდენად ჩვეულებრივ ნაწილადაა ქცეული, რომ მათზე ყურადღებას აღარავინ ამახვილებს, თუმცა, თავის დროზე, როდესაც ნოვოროსიისკიდან და ყირიმიდან გამოქცეული თეთრი რუსები სტამბოლს მოაწყდნენ, რევოლუციის მოწყობის ჯერი უკვე მათზე მიდგა და მათი წასვლის შემდეგ სტამბოლი უკვე აღარ იყო ის, რაც მანამდე.
ამ დროს, 1920 წელს, სტამბოლი ანტანტის ჯარებს ეკავათ, მისი საბოლოო ბედი კი ბეწვზე ეკიდა. პორტო-ფრანკო, კონსტანტინოპოლი,დემილიტარიზებული სულთნის სტამბოლი, თუ ანატოლიიდან მომავალი ქემალ ფაშას ოცნებებში არსებული ახალი თურქეთის ძველი დედაქალაქი? ამაზე პასუხი არავინ იცოდა. ქალაქის გულში - პერაში, რომელსაც მაშინდელი სტამბოლის არამუსლიმი და ალაფრანგად წოდებული გაევროპელებული საზოგადოების ცენტრს შეადგენდა, სიცოცხლე ჩქეფდა. მის ცენტრში - პერას დიდ ავენიუზე, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ არ ერქვა ისთიქლალი, წითელი ტრამვაის, არტ-ნუვოს შენობების და ფერად-ფერადი პასაჟების გარემოცვაში, მილეთის ხალხი ირეოდა. სულთნის კარისკაცები, ადგილობრივი ბოჰემიური საზოგადოება, ევროპელი ოფიცრები და კომერსანტები, ბურჟუაზია, ლევანტერები და დიდ-დიდ ფაშათა მფლანგველი შთამომავალნი დროს ბერძნულ ტავერნებში, ფრანგულ საკონდიტროებში და მდიდრულ პასაჟებში კლავდნენ. ანატოლიაში მიმდინარე ომი და ის ფაქტი, რომ სადღაც უსკუდარში, რომელიღაც დერვიშთა მონასტრიდან ხალხი გაურკვეველ ვითარებაში ქრებოდა და შემდეგ მათ ანკარაში, ცოცხლებს და უვნებლებს პოულობდნენ, მხოლოდ ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს თუ ადარდებდათ.
თეთრი რუსები შეემატნენ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ ოსმალური რეფორმის პერიოდიდან - თანზიმათიდან, თავს ევროპის ნაწილად მოიაზრებდა და იმდროინდელი ევროპული სტამბოლის - პერას და შიშლის ლინგვა ფრანკაზე - ფრანგულად მოსაუბრე არისტოკრატიამ, ინტელიგენციამ და ოფიცრობამ სტამბოლში მალევე დაიმკვიდრა ადგილი. ვისაც ფული და გავლენა გამოჰყვა, სტამბოლის მაღალ საზოგადოებაში გაერია, ზოგმა რუსული რესტორანი გახსნა, ზოგმაც ყვავილების გაყიდვა დაიწყო, ზოგიც მუსიკის თუ ფრანგულის მასწავლებლად, ოფიციანტად ან შვეიცრად იქცა. უსახსროდ დარჩენილმა არისტოკრატმა ასულებმა კი მაღალი საზოგადოების იდუმალი დებიუტანტების როლი აითვისეს და იმ დროინდელი სტამბოლის ელიტაში მოდის წამყვან ძალადაც კი იქცნენ.
სწორედ რუსებმა დაამკვიდრეს იმ დროინდელი სტამბოლის ელიტური ქალბატონების საყვარელი ვარცხნილობა რუსბაშიც ანუ რუსული თავი, რომელიც მოკლედ შეჭრილ თმაზე ან გადაპარსულ თავზე შემოხვეული ქსოვილი გახლდათ და რომლის წარმოშობასაც, იმ დროის პოპულარული ჟურნალისტი ისმეთ ჰულუსი (გვარის კანონის შემდეგ იმსეთი) საკმაოდ არა რომანტიკულად ხსნიდა. ბოლშევიკებს გამოქცეული რუსი ქალები, რომელთაც არც საგარეო ქუდის და არც გრძელი თმების მოსავლელი ფული არ გააჩნდათ, თმებს იპარსავდნენ ან მოკლედ იჭრიდნენ, ზედ კი თავიანთივე დახეული ბლუზის ან ქვედაკაბის ნაჭერს ლამაზად იხვევდნენ, ისე ლამაზად, რომ მათმა შემყურე მოდურმა სტამბოლელმა ქალბატონებმა
რუსბაშით თავდამშვენებულმა ქალებმა, რომლებმაც სტამბოლი უკვე ბინად იგულეს, მიიხედ-მოიხედეს და ზღვა დაინახეს, გაიხსენეს ბერლინში თუ პარიზში ტრადიციად ქცეული სენასა თუ ჰაველში ბანაობა და ფლორიასა თუ სალაჯაქში, გაოცებული მუსლიმების და ჯერ ისევ ტრადიციული ბერძნების თვალწინ, მოურიდებლად შეცურეს ზღვაში... სამუშაოდ კი პერას დიდი ავენიუს, ტაქსიმისა თუ შიშლის კლუბებს, პასაჟებსა და რესტორნებს მიაშურეს და ასე გამოჩნდნენ “ხარაშოები” - დღევანდელი ნატაშების წინაპრები. რომლებიც მალევე იქცნენ პოპულარული თურქი მწერლების რომანების პერსონაჟებად და იმდროინდელ თურქულ ელიტაში გაცხარებული დისკუსიის წარმოშობის მიზეზად იქცნენ, რომელსაც ცნობილმა თურქმა მწერალმა და იუმორისტმა რეფიკ ჰალიდ ქარაიმ სარკასტული ფრაზით დაუსვა წერტილი „რა დაგიშავეთ ლენინ, ანატოლიას მეგობრობით ავნე, სტამბოლს კიდევ მტრობით, ერთს ასწავლე სიტყვა ამხანაგი, მეორეს კი ხარაშო და ეს ძვირად დაგვისვი!“
მეფის ყოფილმა გენერლებმა, თავად-აზნაურებმა და ინტელიგენტებმა, რომელთაც სტამბოლის მაღალი საზოგადოების მოსაწონი სხვა უნარი არ გააჩნდათ, რესტორნები გახსნეს და ხარაშოების წყალობით მოპოვებული რეპუტაცია, ამ უკანასკნელთა წასვლის შემდეგ, ბიფ-სტროგანოვით და რუსული სალათით, ჩვენი ხალხური ენით, ვინეგრეტით შეინარჩუნეს და თეთრი რუსების დიდი ნაწილის წასვლის შემდეგაც, რესტორნები დარჩა და თუკი სტამბოლის ფოლკლორს დავუჯერებთ, სწორედ რუსი ემიგრანტის - ბორის კრიჟანოვსკის მიერ გახსნილ აიასფაშას ცნობილ რუსულ რესტორანში სთხოვა ხელი თავის გულისსწორს და მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ქალბატონს, რაჰშან ჰანიმს, ბულენთ ეჯევითმა, პოეტმა, მისი ამომრჩევლის ქარა ოღლანმა ანუ შავტუხა ყმაწვილმა, თურქეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა და მისი მთავარი კონკურენტის - სულეიმან დემირელის მიერ, სოციალ-დემოკრატიული შეხედულებების და სალვადორ ალიენდესადმი სიმპათიების გამო, ბულენდედწოდებულმა.
1922 წელს, ანკარის ხელისუფლებამ,მუსტაფა ქემალ ფაშას მეთაურობით, ანატოლიიდან განდევნა ბერძნული არმია. სტამბოლში მდგარ ანტანტის ჯარებს კი ომის გაგრძელების დიდი სურვილი არ გააჩნდათ და 1923 წელს, ქალაქის კონტროლი თურქეთის ახალ ხელისუფლებას გადაეცა. ახლად შექმნილ თურქეთის რესპუბლიკას წინ რთული გზა ელოდა, მთავარ მიზნად კი ახალი თურქი ერის აშენება ჰქონდა დასახული. ჭრელი და მღელვარე პერას დიდ ავენიუს ისთიქლალი ანუ დამოუკიდებლობა ეწოდა, ახალმა ხელისუფლებამ კი აქტიურად დაიწყო ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით არამუსლიმების და უცხოელების ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვა.
ომის შემდგომი კრიზისი კი თეთრი რუსების ვიოლინოს გაკვეთილების, გუვერნანტობის, სარესტორნო ბიზნესების თუ საროსკიპოებისათვის ბევრ პერსპექტივას აღარ ტოვებდა და გაუყვნენ თეთრი რუსები გზას ევროპისაკენ, პარიზში, ნიცაში თუ სან რემოში მცხოვრები ნათესავების ნაკვალევზე. სტამბოლში კი დარჩა რამდენიმე რუსული რესტორანი, რუსბაში და მოგონებები ხარაშოებზე. რუსბაში და ხარაშოები თაობათა ცვლაში ჩაიკარგნენ, მაგრამ თუკი სტამბოლში, ანკარაში თუ იზმირში რომელიმე სასენდვიჩეს ეწვევით, რომლის ვიტრინაშიც ხილი აწყვია, წვენსაწური დგას და სენდვიჩს შეუკვეთთ, აუცილებლად გკითხავენ „რუსული სალათაც?“ და კოვზს ვინეგრეტით სავსე ქილას დაუმიზნებენ...
გარეთ 2022 წელია, ისთიქლალზე, უსკუდარში თუ სულთანაჰმედზე რუსული საუბარი ისმის, შიშლიზე, ეიუბში თუ ფისთიქაღაჩში მაკლერების ოფისებში ქერა, ცისფერთვალება, შესახედაობის ადამიანთა რიგი დგას, ჩანს რომ რუსეთისაკენ აღარავინ იხედება. გენერლების, გუვერნანტების და თავადის ქალების ნაცვლად რიგში პროგრამისტები, ფიტნესინსტრუქტორები თუ ჟურნალისტები დგანან და ჩანს,რომ სტამბოლში კიდევ რაღაც ძალიან,ძალიან შეიცვლება. როგორ? ამას მომავალი გვაჩვენებს, სტატისტიკაში კი ვხედავთ, რომ „ძველი“ რუსებიდან თითქმის აღარავინ დარჩა.