გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტომას ელიოტის კატები | პაატა ჩხეიძე

ტომას სტერნზ ელიოტს შვილები არ ჰყავდა, მაგრამ ბავშვები უყვარდა და კატებიც უყვარდა ტომას სტერნზ ელიოტს.

დღემდე არავის ეპარება ეჭვი, – ლიტერატურის კრიტიკოსებს ვგულისხმობ, – რომ ტომას ელიოტი უდიდესი მოდერნისტი პოეტია; არც მისი „ბერწი მიწის“ სიდიადეში დაეჭვებულა ვინმე.

მკითხველთა სიმრავლე არ ადარდებდა ელიოტს. სწამდა, რომ პოეზია ყველასათვის არ იყო და არც უნდა ყოფილიყო მაღალი პოეზია პოპულარული. მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და მეგობრის შვილებისათვის თუ ნათლულებისათვის დაწერილი და მათთვის წაკითხული „კატები“, ბესტსელერი გახდა.

სერიოზული კაცი იყო ტომას სტერნზ ელიოტი, დაჯერებული და მორწმუნე კონსერვატორი გახლდათ; არ უყვარდა საჯაროობა, აურზაური, პირად ცხოვრებას უფრთხილდებოდა, არ სურდა კარადაში ჩაკეტილი ჩონჩხების გამომზეურება; ლეონარდ ვულფს უთქვამს, დაბეჭდილ კონვერტს ჰგავდაო.

და თუ რამემ გამოიტანა საჯაროდ მისი გრძნობები, კატების სიყვარული იყო და ბავშვებისათვის დაწერილი წიგნი, რომელიც დიდებისთვისაცაა განკუთვნილი.

ესაა მოხუცი ოპოსუმის წიგნი კატათა ნაირსახეობის შესახებ.

ბევრი კატა ჰყოლია ცხოვრებაში ტომას ელიოტს და უცნაური სახელებიც დაურქმევია და არა მგონია, რომელიმე, ერთგული მეგობარი ჰგონებოდა და სწორედ ეს არამეგობრული, ცივი და ოფიციალური ურთიერთობა მოსწონდა.

თვითონაც ხომ კატასავით იყო მეგობართა შორის; მათთან იყო, მაგრამ თავის ნებაზე დადიოდა და ბოლომდე არ გაშინაურებულა არავისთან.

ელიოტის რამდენიმე წერილი შემორჩა მეგობრებისადმი, სადაც „კატების“ ვარიანტებია მოსინჯული. ისიც ცნობილია, რომ მეგობრების შვილებს, ნათლულებს უკითხავდა ხოლმე ამ ვარიანტებს.

კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატა – სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევისა გამო.

ამ სალაღობო წიგნშიც არ უღალატებდა ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა, და გაითვალისწინებდა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილ გამოცდილებას, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული, რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო. „შერლოკ ჰოლმსი“ უყვარდა და მაკავიტისა თუ სხვა კატებისათვის დეტექტიური განწყობილებანი უნდა ესესხა.

მთელი სერიოზულობით მოეკიდა ამ საქმეს, რადგან ბავშვები უყვარდა, თავისი არ ეღირსა და სხვებისას ეფერებოდა, შორიდან.

პირველი გამოცემის ყდა თვითონ გაუფორმებია.

ნახატზე კედელია, ზედ კიბე მიუყუდებიათ; კედლის თავზე წვერულვაშიანი კაცი დგას და კიბეს იჭერს. კიბეზე კატები ადიან; ცხრა კატაა; საკმაოდ მოუხერხებლად მიძვრებიან, ეგებ გაურბიან ვინმეს, ეგებ ავტორთან მიდიან ან ეგებ კიბეზე ადიან და მორჩა...

მოხუცი ოპოსუმი არსად ჩანს. ეს სახელი მეგობარმა, Il miglior fabbro – უკეთესმა ოსტატმა – ეზრა პაუნდმა შეარქვა; ეხუმრებოდა ხოლმე, განაბვა ანუ გამელვა გიყვარსო, ოპოსუმებს სჩვევიათ თავის მომკვდარუნება. ელიოტი კი ძამიკო კურდღელს უწოდებდა ეზრა პაუნდს, ჯოელ ჩენდლერ ჰარისის, „ბიძია რემუსის მოთხრობების“, გმირის სახელს, ეშმაკობით რომ ჯაბნის და დასცინის ძამიკო მელიას.

პატრონი სახელით რომ მოიხმობს ძაღლს, ის მაშინვე მოიხედავს, მოირბენს და კუდს გაუქიცინებს.

აბა, სცადეთ და კატა მოიხმეთ სახელით, ყურსაც არ შეიბერტყავს. ამიტომ კატას სამი სახელი უნდა ჰქონდეს, საყოველდღეო, სათავისო და იდუმალი სახელი. ეს ამბავი მოთხრობილია პირველ ლექსში, „სახელისდება კატისათვის,“ და ამას მოჰყვება თოთხმეტი პორტრეტი, თუნდაც თავგადასავალი და თუნდაც დეტექტიური მოთხრობა.


არ ვიცი უყვარს თუ არა კატები ანა კოპალიანს და არც ანა კოპალიანის კატებს ვუწოდებდი ქართულ თარგმანს, რომ არ მჯეროდეს რომ მისი თარგმანი ორიგინალის ბადალია.

 
When you notice a cat in profound meditation,
The reason, I tell you, is always the same:
His mind is engaged in a rapt contemplation
Of the thought, of the thought, of the thought of his name:
His ineffable effable
Effanineffable
Deep and inscrutable singular Name.

თუკი თქვენს ფისოს წააწყდებით გართულს ღრმა ჭვრეტით,

თუ გატრუნული და ფიქრებში ჩაფლული ნახეთ,

ამის მიზეზი არის ერთი და მხოლოდ ერთი,

რომ იგი ეძებს, ეძებს, ეძებს საკუთარ სახელს,

ენითუთქმელ და ენითსათქმელ,

ენითუსათქმელ,

ღრმააზროვან და გამოუცნობ ერთადერთ სახელს.

 

ამაზე იტყოდა დავით წერედიანი, „მთავარი ემოციური დარტყმა“ დაიჭირაო. ეს „ემოციური დარტყმაცაა“ და ოსტატობის ანალოგიაც. ტომას ელიოტი თამაშობს „კატებში“, სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე; თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო „ენითუთქმელ და ენითსათქმელ, ენითუსათქმელ,“ ემოციურ დარტყმებს და ოსტატობაც ეყო.

ჩემი არგუმენტის გასამყარებლად მაგალითებია საჭირო და მაგალითები თქვენს წინაშეა ამ წიგნში. და, თუ მაინც, მოდით სწორედ კატის სახელებსა და მათ ქართულ შესატყვისებზე ვისაუბროთ.

საკუთარი სახელი არ ითარგმნება! ეს თარგმანის კანონია, მაგრამ არის გამონაკლისები და ერთი გამონაკლისთაგანია, როცა სახელი სახასიათოა და პერსონაჟის პორტრეტის დასრულებას ემსახურება.

Rum Tum Tugger  – რამ ტამ ტაგერია, Jellicle Cats – ჯელიკლის კატები, და ასე შემდეგ: მისტოფელესი, მაკავიტი, გუსი, ბასტოფერ ჯონსი, მაგრამ აქვეა,

Old Gumbie Cat – კუტი კრუტუნა კატა; ორიგინალში ცხადად წერია, Old - მოხუცი, Gumbie-ც კრუტუნას არ ნიშნავს. მაგრამ მთარგმნელმა ხასიათის გადმოტანა დაისახა ამოცანად და ალიტერაციული ჟღერადობა შემატა სათაურსაც და სახელსაც, რაც ორიგინალშიც ბუნდოვანია და რაკი Gambie-ს ზუსტი თარგმანი არცთუ ადვილი მოსახელთებელია, არა დაშავდებოდა, თუ მთარგმნელი კონცეპტით გავიდოდა ფონს; ასე თუ არ იზამდა, აბა რასა ემგვანებოდა, ბებერი ზანტი კატა?! კუტი კრუტუნა კატა კი სხვაა:

 

მასზე ამბობენ, ერთთავად სკამზე, კიბეზე ანდა ფარდაგზე ზისო,

სულ ზის და ზის და ზის და მიტომაც შეარქვეს კუტი კრუტუნა ფისო.

 

Growltiger – ვეფხფხუკიანა, გამორჩეული მიგნებაა! პირდაპირი თარგმანით, ღრენია ვეფხი უნდა ყოფილიყო და დაიკარგებოდა მთელი ეშხი, ირონია; იუმორი დაიკარგებოდა და პორტრეტი შეილახებოდა მებრძოლი და მუხანათური თავდასხმის მსხვერპლი კატისა. და ამ ამბავში მარტო ხომ არ არის აქ არიან, ჩექმაჩანჩურა, ბოთებრუტუსი და სალუქმყესებაც.

Mungojerrie and Rumelteazer – ჯვალოჯერი და ფეთხუმთათაც იღბლიანი და ოსტატური მიგნებაა; შეძლებისდაგვარად ზუსტიც არის, ქუჩურ-სლენგურიცა და უწმაწურიც.

Old Deuteronomy – ბებხრუხანა მეორერჯულა რომ ზუსტი თარგმანია მტკიცება არ უნდა, მაგრამ ნახეთ როგორი პასაჟია:

 

და უხუცესი იმ სოფლისა ჩხავის: „მიწყალე,

ღმერთო... ო, ნუთუ?.. ვინძლო... არა! კი, კი, ის არის!

ჰოი და ჰუი!

ეგება ვტყუი,

მაგრამ თუ შემრჩა თვალისჩინის ერთი მისხალიც -

მას ვუმზერ ახლა, ხანმოთრეულ მეორერჯულას!“

 

ანდა როგორი დინამიკაა პიკებისა და პოლიკლების ჩხუბის აღწერისას:

 

მძვინვარე პიკებს და პოლიკლებს ყველა იხსენებს

როგორც ულმობელ და განუყრელ დანასისხლელებს,

თუ ერთი ატყდა, ვერც მეორე ვეღარ ისვენებს,

უერთდებიან მერე სხვებიც... ნუ ატეხთ ვიშვიშს,

რომ შპიცებსა და მოპსებს არ აქვთ მოჩხუბრის ჯიში,

პირდაპირ თავით ეშვებიან ყოველგვარ ქიშპში -

და მერე მათი ყეფა და ყეფა

მათი ყეფა და ყეფა და ყეფა,

ყეფა და ყეფა, ყეფა და ყეფა

ისმის მთელ პარკში ყურისწამღებად.

 

და უეცრად, შუაგულ ჩხუბში, გამოჩნდება Great Rumpuscat რომლის დიდებულ ქოთქოთკატად თარგმნა, შინაარსობრივადაც ზუსტია და კონცეპტუალურადაც.

ან, ავიღოთ ცქვიტკვარახჭინა – რკინიგზის კატა. ორიგინალში Skimbleshanks-ია. Skimble ცალკე არაფერს ნიშნავს, skimble-skamble, ისეთივე უაზრობაა, როგორც ლაყა-ლუყი და თლახა-თლუხი; shank – წვივია, აბა შეაჯვარეთ და ნახეთ რა გამოვა; ამიტომაა, რომ ამბობენ დიდი მთარგმნელები, სიტყვები კი არა, აზრი თარგმნეთო! და როცა ლექსის აზრსა და ამ კომიკურ გარემოში კატის ფუნქციას ჩავუკვირდებით, დავმშვიდდებით, ცქვიტკვარახჭინა სწორედაც რომ თავის ადგილზეა, არც აგვიანებს და არც არაფერი ავიწყდება. ელიოტი ხომ თამაშობდა სიტყვებით, არც ნეოლოგიზმებს ერიდებოდა და მეთოდის ანალოგიით მთარგმნელსაც გზა ხსნილი აქვს, როცა სათანადო ოსტატობას იჩენს. ისეთ ოსტატობას, Firefrorefiddle, the Fiend of the Fell-ის თარგმნისას რომ იჩენს ანა კოპალიანი. ძნელია გამოიცნო ბოლომდე, თუ რისი თქმა სურდა ტომას ელიოტს, როცა ეს სახელი გამოძერწა და ასევე მოიქცა მთარგმნელიც, როცა აფერუმაფერისტი-აფრათაზაფრა მოქსოვა.

ხელი წინ მისწრებს, რომ ორიგინალისა და თარგმანის შედარებას ანუ უკვე შედარებულის ჩვენებას შევუდგე, მაგრამ ვჩერდები და მკითხველს, ყმაწვილებსა თუ ზრდასრულებს, კატების მოსანახულებლად, ლიტერატურულ სახლსა თუ სოფელ-ქალაქში შესვლას ვურჩევ, რომლის კარიც თავის დროზე ტომას სტერნზ ელიოტმა გახსნა და, ახლა, ანა კოპალიანმა გამოგვიღო ფართოდ ქართველებს.

თარგმანი ძველი და მარადახალი საზომებითა და ხმებითაა შესრულებული და ჩვენი თეატრისათვისაც გამოწვევაა ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლის ქართულ ენაზე და ქართულ სცენაზე აჟღერება.



ტექსტის ავტორი: პაატა ჩხეიძე


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა