გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტყვია

ტყვია ტვინში | ტობაიას ვულფი

ანდერსმა ბანკში მისვლა დახურვამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეძლო. რა თქმა უნდა, დიდი რიგი დახვდა და თანაც წინ ორი ქალი ედგა, რომელთა ხმამაღალმა, სულელურმა საუბარმა ვიღაცის მოკვლის ხასიათზე დააყენა. კარგ ხასიათზე თითქმის არასდროს იყო ანდერსი – ლიტერატურული კრიტიკოსი – განთქმული დაღლილი ელეგანტური სისასტიკით, რომლითაც უსწორდებოდა თითქმის ყველაფერს, რასაც მიმოიხილავდა.

რიგი ჯერ კიდევ ძალიან გრძელი იყო, როდესაც ერთ-ერთმა მოლარემ „დაკეტილია“ გამოდო ფანჯარაში და ბანკის სიღრმეში გაემართა, სადაც დროის გატარებას შეუდგა ვიღაც მამაკაცთან, რომელიც ქაღალდებს ერთი დასტიდან მეორეზე აწყობდა. ანდერსის წინ მდომმა ქალებმა საუბარი შეწყვიტეს და მოლარეს ზიზღით გახედეს. „რა კარგია“, თქვა ერთ-ერთმა. მეორე მოუტრიალდა ანდერსს და მის თანხმობაში დარწმუნებულმა დაამატა, „პატარა დეტალი, რომელიც მუდმივ მოგაბრუნებს. აბა, სად წახვალ?“

ანდერსს თავად ჰქონდა აშენებული მოლარისადმი ზიზღის კოშკი, მაგრამ მან მყისვე შემოუტრიალა ყველაფერი თავდაჯერებულ წუწუნას. „ჰო, საშინლად უსამართლოა“, თქვა მან. „ტრაგიკულია. ჯანმრთელ ფეხს თუ არ გაჭრიან ან საგვარეულო სოფელს თუ არ გიბომბავენ, „დაკეტილიას“ მოგაჯახებენ“.

ქალმა თავისი პოზიცია დაიცვა. „მე არ მითქვამს ტრაგიკულიაო. უბრალოდ, მე მგონი ცუდია, შენს კლიენტებს ასე რომ ექცევი“.

„მიუტევებელია“, თქვა ანდერსმა. „ღმერთს არ გამოეპარება“.

ქალმა ლოყები შეისრუტა, მაგრამ აღარაფერი თქვა და მზერა სხვაგან გადაიტანა. ანდერსმა შენიშნა, რომ მისი მეგობარიც იმავე მიმართულებით იყურებოდა. და უცებ მოლარეები გაშეშდნენ, კლიენტებმა ყველამ იქითვე გაიხედეს და ბანკში სიჩუმე ჩამოვარდა. ორი კაცი, შავი ნაქსოვი ნიღბებით, ლურჯ კოსტიუმებში იდგა კარებთან. ერთ-ერთს პისტოლეტი ჰქონდა დაცვის კისერზე მიდებული. დაცვას თვალები ჰქონდა დახუჭული და პირს ამოძრავებდა. მეორე ნიღბიანს გადაჭრილი თოფი ეჭირა ხელში. „მოკეტეთ!“ თქვა პისტოლეტიანმა, იმის მიუხედავად, რომ ხმა არავის ამოუღია. ვინმემ სიგნალიზაცია რო ჩართოს, ყველა ტრუპები ხართ“.

მოლარეებმა თავები დააქნიეს.

„ოხ, ბრავო“, თქვა ანდერსმა. „ტრუპები“. ის მის წინ მდგომ ქალს მიუტრიალდა. „რა მაგარი სცენარია, არა? კასტეტივით მკაცრი, საშიში კლასის პოეზია“.

ქალმა მას ისე შეხედა, თითქოს იხრჩობოდა.

კაცმა გადაჭრილი თოფით დაცვა დააჩოქა. თოფი პარტნიორს მიაწოდა, დაცვას ხელები ზურგს უკან ამოუქაჩა და ბორკილები დაადო. ზურგში ფეხი კრა და იატაკზე დაანარცხა. მერე თოფი დაიბრუნა და მოლარეთა სექციაში შესასვლელ კარებთან მიისეირნა. მოკლე იყო და მსუქანი, ზანტად, უხალისოდ მოძრაობდა. „შეუშვით“, თქვა მისმა პარტნიორმა. თოფიანმა კაცმა კარი გააღო და ჩამოუარა მოლარეთა რიგს. თითოეულს ნაგვის დიდი პარკი მისცა. როდესაც ცარიელ ფანჯარასთან მივიდა, პისტოლეტიანს გახედა და იკითხა „ეს ვისი ადგილია?“

ანდერსმა მოლარეს გახედა. მან მკერდზე ხელი მიიჭირა და მიუტრიალდა კაცს, რომელსაც ელაპარაკებოდა. კაცმა თავი დაუქნია. „ჩემი“, – თქვა მოლარემ.

„მაშინ მოეთრიე აქ, შე მახინჯო, და აავსე ეს პარკი!“

„აი, ბატონო“, უთხრა ანდერსმა ქალს, რომელიც მის წინ იდგა რიგში. „სამართლიანობა“.

„სხარტო ბიჭუნა! გითხარი, ხმა ამოიღე-მეთქი?“

„არა“, თქვა ანდერსმა.

„ჰოდა, მოკეტე“.

„გაიგე?“ ანდერსმა თქვა. „სხარტო ბიჭუნა“. პირდაპირ „მკვლელებიდან“ ისესხა.

„გაჩუმდი, რა“, ქალმა თქვა.

„შენ ყრუ ხარ?“ პისტოლეტიანი ანდერსთან მივიდა. იარაღი მუცელში ჩააჭირა. „შენ გგონია, გეთამაშები?“

„არა“, თქვა ანდერსმა, მაგრამ ლულა უღიტინებდა, როგორც მოუქნელი თითი და ხითხითი ძლივს შეიკავა. შეიკავა იმის ხარჯზე, რომ პისტოლეტიანს შეხედა თვალებში, რომლებიც ნიღაბის ხვრელებში ელვარებდნენ: ღია ცისფერი და ჩაწითლებული. პისტოლეტიანს მარცხენა ქუთუთო უცახცახებდა. მან ამოისუნთქა და ამიაკურმა სუნმა ანდერსი ყველაფერ მომხდარზე უფრო დაშოკა. მას დაეუფლა გრძნობა, რომ რაღაცა ცუდად მიდიოდა.

„მოგწონვარ, ბიჭუნა?“ თქვა პისტოლეტიანმა. „გინდა ყლე მოგაწუწნინო?“

„არა“, თქვა ანდერსმა.

„ჰოდა, ნუ მიყურებ!“  

ანდერსმა მზერა ამ კაცის „ინსპექტორებზე“ გადაიტანა.

„ქვევით არა. ზევით“, პისტოლეტიანმა პისტოლეტი ანდერსს ნიკაპის ქვეშ ამოსდო და სახე ჭერისკენ ააწევინა.

ანდერსს ბანკის ეს ნაწილი არასდროს შეუმჩნევია. შენობა ძველი და  პრეტენზიული იყო, მარმარილოს იატაკით და ბოძებით, მოოქროვილი ხვეული დეკორაციებით მოლარეთა ფანჯრებზე. გუმბათოვანი ჭერი მოხატული იყო მითოლოგიური ფიგურებით, რომელთა სიმახინჯე ანდერსს ერთი შეხედვით ჰქონდა დაფიქსირებული წლების წინ და მას შემდეგ მათ აღარ იმჩნევდა. ახლა კი არჩევანი არ ჰქონდა და მხატვრის ნამუშევრის შესწავლას შეუდგა. საქმე კიდევ უფრო ცუდად იყო, ვიდრე მას ახსოვდა, და თან ყველაფერი სრული სერიოზულობით იყო შესრულებული. მხატვარს არსენალში მხოლოდ რამდენიმე ილეთი გააჩნდა და მათ გამუდმებით იმეორებდა: ღრუბლების კიდეზე ვარდისფერი ღაჟღაჟი, მორცხვი მზერა ფავნებისა და კუპიდონების სახეებზე. ჭერზე ჭარბობდა დრამატურგია, მაგრამ ანდერსის მზერა ზევსმა და ევროპამ მიიქცია – აქ ისინი წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც ხარი და ძროხა, რომლებიც ერთმანეთს თვალებს უნაბავდნენ თივის ზვინის უკან. ძროხა სექსუალურად რომ გამოეხატა, მხატვარმა მას თეძოები გაუზვიადა, და გრძელი წამწამებით დააჯილდოვა, რომლებიც მას ხარისკენ გამომწვევად მიემართა. წარბაწეული ხარი თავმომწონედ იღიმებოდა. თავზე დიალოგის ღრუბელი რომ ჰქონოდა, იქ ალბათ „მოდი, მოდი“ ეწერებოდა.

„რა გაცინებს, ბიჭო?“

„არაფერი“.

„მე ვარ სასაცილო? მე რა, კლოუნი ვარ?“

„არა“.

„მეღადავები?“

„არა“.

„აბა, კიდევ ერთხელ გაიცინე და ნახავ. Capiche?“

ანდერსს სიცილი აუტყდა. მან პირი ორივე ხელით დაიფარა და თქვა, „ბოდიში, ბოდიში“. მერე თითებს შუა უნებლიეთ წაიფრუტუნა „Capiche – ღმერთო – Capiche“. ამაზე პისტოლეტიანმა კაცმა პისტოლეტი ასწია და ანდერსს თავში ესროლა. 

ტყვიამ ანდერსის თავის ქალა გაარღვია, გადახნა მისი ტვინი და მარჯვენა ყურის უკან გამოვიდა, რამაც ძვლის ფრაგმენტები გაფანტა ცერებრულ ქერქში, კოჟრისებრი სხეულის მარყუჟში, უკან ნერვული კვანძებისკენ, და ქვევით თალამუსში.

მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ტვინში ტყვიის პირველადმა შეჭრამ ნეიროტრანსმისიების ჯაჭვი გამოიწვია. უცნაური წარმოშობის გამო მათ გარკვეული ფორმა მოხაზეს და გამოაცოცხლეს ორმოცი წლის წინანდელი ზაფხულის შუადღე, რომელიც მეხსიერებას დიდი ხნის წინ ჩაბარდა. თავის ქალასთან კონტაქტის დროს ტყვია 274.5 მეტრით წამში მოძრაობდა. საცოდავად ნელი, გაყინული ტემპით იმ სინაპტიკურ ელვასთან შედარებით, რომელიც მის გარშემო მძვინვარებდა. ტვინში აღმოჩენისას ტყვია ტვინის დროს დაემორჩილა. ამან ანდერსს საკმარისი თავისუფლება მისცა, რომ დაჰკვირვებოდა იმ სცენას, რომელმაც „თვალწინ ჩაუარა“. სხვათაშორის, ეს ფრაზა მასში სიძულვილს გამოიწვევდა.

აღსანიშნავია ის, თუ რა არ გაახსენდა ანდერსს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა გაახსენდა მას. მას არ გაახსენდა პირველი საყვარელი, შერი. ან ის, რაც ანდერსს მასში უზომოდ მოსწონდა, სანამ უზომოდ შეზიზღდებოდა – მისი სირცხვილისგან დაცლილი ვნებები, და განსაკუთრებით მისი გულითადი დამოკიდებულება ანდერსის პენისსთან, რომელსაც ის მისტერ თხუნელას ეძახდა. მაგალითად, „მისტერ თხუნელას თამაში უნდა“ და „მოდი, დავმალოთ თხუნელა!“ ანდერსს ასევე არ გაახსენდა თავისი ცოლი, რომელიც ასევე უყვარდა, სანამ მან არ გადაღალა თავისი პროგნოზირებადობით; ან თავისი დაღვრემილი ქალიშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის პროფესორი იყო. მას არ გაახსენდა, თუ როგორ იდგა თავისი გოგოს ოთახის კართან და ჩუმად უსმენდა როგორ ასწავლიდა ჭკუას მისი შვილი სათამაშო დათუნიას. მას არ გაახსენდა არცერთი სტროფი ასობით ლექსიდან, რომლებიც დაიზეპირა იმისთვის, რომ ჟრუანტელი განეცადა, როდესაც მოუნდებოდა. ანდერსს არ გაახსენდა თავისი მომაკვდავი დედის ფრაზა მამამისზე, „ეგ კაცი მე ძილში უნდა დამეჭრა“.

მას არ გაახსენდა, როგორ უყვებოდა პროფესორი ჯოსეფსი სტუდენტებს ათონელ პატიმრებზე, რომლებსაც ათავისუფლებდნენ, თუ ესქილეს ციტირებას მოახერხებდნენ, და მერე როგორ ციტირებდა თავად პროფესორი ჯოსეფსი ესქილეს ბერძნულად. მას არ გაახსენდა ის გაკვირვების გრძნობა, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებისას განიცადა, როდესაც თავისი თანაკურსელის სახელი რომანის ყდაზე ამოიკითხა, ან ის პატივისცემა, რომელმაც მასში გაიღვიძა წიგნის წაკითხვის შემდეგ. მას არ გაახსენდა ის სიამოვნება, რომელიც ვიღაცის პატივისცემიდან გამომდინარეობს.

ანდერსს ასევე არ გაახსენდა ის ეპიზოდი, რომელშიც მისი შვილის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიღაცა ქალი მოპირდაპირე შენობის ფანჯრიდან გადმოხტა.  მას არ გაახსენდა, როგორ წამოიყვირა „ღმერთო, შეგვიწყალე!” მას არ გაახსენდა, როგორ მოჰპარა მამამისს მანქანა და სპეციალურად შეაჯახა დიდ ხეს, ან როგორ ჩაუმტვრია ნეკნები სამმა პოლიციელმა ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე, ან ის დრო, როდესაც შეეძლო სიცილით გაეღვიძებინა თავი. მას არ გაახსენდა, როდის დაეუფლა მოწყენილობის და შფოთვის გრძნობა თავის მერხზე წიგნების დანახვისას. ან როდის გაბრაზდა მათ ავტორებზე, რომლებმაც წერა გაბედეს.  მას არ გაახსენდა, თუ როდის დაიწყო ის, რომ ყველაფერი რაღაცა სხვას ახსენებდა.

აი, რა გაახსენდა ანდერსს. სიცხე. ბეისბოლის მოედანი. ყვითელი ბალახი, მწერების ბზუილი, თვითონ ხეზეა მიყუდებული და უბნის ბიჭები თამაშისთვის იკრიბებიან. აქეთ სხვები დავობენ ვინ უფრო მაგარია – მიკი მენტლი თუ უილი მეისი. ეს თემა, რომელსაც ბიჭები მთელი ზაფხული ებღაუჭებიან, ანდერსისთვის მომაბეზრებელი გახდა, დამთრგუნველი, როგორც სიცხე.

ბოლო ორი ბიჭიც მოდის, კოილი და მისი ბიძაშვილი მისისიპიდან. ანდერსს კოილის ბიძაშვილი აქამდე არ უნახავს, და ვეღარასდროს ნახავს. სხვებთან ერთად ახალმოსულებს ესალმება და მერე არც კი აქცევს კოილის ბიძაშვილს ყურადღებას, სანამ ვიღაცა არ ეკითხება რა პოზიციაზე გინდა თამაშიო და ის პასუხობს შორტსტოპიო. „შორტსტოპი საუკეთესო პოზიციაა, რაც კი არსებობს“, ამბობს კოილის ბიძაშვილი მძიმე სამხრეთული აქცენტით. ანდერსს უნდა, რომ კოილის ბიძაშვილმა გაიმეოროს ეს ფრაზა, მაგრამ ამას არ ეუბნება. სხვებს ეგონებათ, რომ ბოროტად დასცინის. მაგრამ არა, საქმე ისაა, რომ ანდერსი უცნაურად აღგზნებულია ამ ბოლო სამი სიტყვით, მათი წმინდა მოულოდნელობით და მუსიკით. ის გადის მოედანზე ტრანსში და იმეორებს ამ სიტყვებს თავისთვის.

ტყვია უკვე ტვინშია; მას მუდმივად ვერ გაექცევი და ვერ მოხიბლავ ისე, რომ შეჩერდეს. საბოლოოდ ის თავის საქმეს გააკეთებს და უკან მოიტოვებს მშფოთვარე ქალას და კომეტის კუდივით გაასხამს მოგონებებს, იმედს, ნიჭს და სიყვარულს კომერციის მარმარილოს დარბაზში. ამას ვერაფერს უზამ. მაგრამ, ჯერჯერობით, ანდერსს კიდევ რჩება დრო. დრო იმისთვის, რომ აჩრდილები გაიჭიმოს ბალახზე, დრო იმისთვის, რომ დაბმულმა ძაღლმა მფრინავ ბურთს შეჰყეფოს, დრო იმისთვის, რომ ბიჭმა მოედანზე ოფლით დალაქულ ხელთათმანს ხელი მოუსვას და ჩუმად იგალობოს, რაც კი არსებობს, რაც კი არსებობს, რაც კი არსებობს. 

პირველად გამოქვეყნდა 1995 წლის 25 სექტემბერს, ჟურნალ The New Yorker-ში.

თარგმანი : შოთა პაპავა
ავტორი : ტობაიას ვულფი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა