უცნაური ფარაონი
1.
წყალში გადაყრილ ლექსებზე
სულის მოსათქმელად
ფეხს ვერ მოიკიდებ.
ჩქარობ და ლექსიდან ლექსზე
აბიჯებ ჯებირის გარეშე,
გაურბი მდინარეს.
ცოტაც და ნაპირიც ახლოა,
ახლა კი იკადრე,
გატოპე, პოეტო!
2.
პოეტი თავისი
ლექსების ექოში ცხოვრობს,
როგორც ეპოქაში
და სხვაგან ვერსად.
ამიტომ თავისი
ხმის გასაგონად
ეძებს ცოცხალ პოეზიას,
ძლიერ ძალაუფალს,
გამჭრიახ კრიტიკოსს,
ან, ჯანდაბას,
უბრალოდ კარგ მკითხველს,
ან მიმართავს
თავისი სიკვდილის კედელს.
ესე იგი, პოეტად
არ ივარგებს,
ვინც ჩემსავით იცის,
რომ სიკვდილი ბლანტია
და ვერაფერს აირეკლავს,
რომ ქართული პოეზია თივაა
და აქაური კრიტიკოსი არის ფუტურო,
რომ ნაგავია ნებისმიერი ძალაუფალი.
ხოლო მკითხველი აბა, საიდან,
ხომ არ ჩამოვარდებოდა ციდან?
3.
ვიდრე დღეს და გუშინ,
უსაკეტოდ დაგდებულის ხვალ
შემოღებას ნახავ
ქარით მეტი კარის.
რასაც უდრის, ყადრიც იცის,
სხვა მაქნისია თავისუფლების
არითმეტიკა რის.
წვიმაც რაა,
ნიშანია
უთვალავი ტოლობის.
4.
სჯა-ბაასი მიაჩნიათ
უსამართლო დასჯად
და ერთმანეთს იცილებენ,
როგორც წამებას
ცილისწამებით,
გონება და ტანი.
დროისთვის ღერძის დაგება
მათ ხაფანგის ჰგონიათ.
სირთულის თითო სართულის
ცრუ და ხელსაყრელ განმარტებას,
როგორც ტერფის დაცინვას,
ფლიდის ფლოქვი ფლობს.
მე კი ტატუდ დავიხატე ხელებზე
ლექსის ზედმეტი ხელობა
და მკრეხელობა
თვალის ახელის.
5.
მოწვეული სტუმარი
უმარილო ღიმილით,
კართან იდგეს
კართაგენის განაჩენი.
წესი დადასტურდება,
შემოწმების თანავე:
საღი აღიარება
დანაშაულს იწვევს.
განწირული ლექსის კოშკი
ლერწამივით ირხევა.
წარწერილი თარიღებით
გმინავს ნავსი გარეწარი
ნანგრევების ფსკერზე.
არ იღება კარი
მისდა საბედნიეროდ,
დერეფანში არ ინთება სინათლე,
მაინც უტეხ მასპინძელს
ფერად ედოს
ალანძული სპილენძი.
6.
თემა ემატება თემას,
ასაკს – ასკილის გემო.
წყნარად მიწყრები
გაქილიკების გამო.
მოგროვილ სიგრილეს
საგზალი ჰქვია,
გამოსადეგი ადრე თუ გვიან.
7.
წინაპარმა მარჯვენა გამართა
საკბილოს გადაღმა,
გამოქვაბულის კედელზე
მოიხატა თვალის ჩინი
და ყურთასმენას დაალევინა
დღის და ღამის
ორი ხელით
გათენების და
დაბნელების დროს
დაკრული ტაში.
და ისედაც ბარჯივით
დაკბილული სიცილი
დაანაბიჯა
და ლექსებიც ბოლივით
აუვიდა მიწას.
8.
შერიგება ერგება
წილად განმარტოებულ
განმარტებას, რომელიც
არაფერს ამარტივებს.
ჯილდო დაუჯერებელ,
თუმცა მაინც
გასაგებად ასაგებ,
გემისა და ხომალდის
შეჯვარების ნაირ ნაყოფ
გემალდის
ძველი ლექსიდან ახალში
გადმობარგებას გულისხმობს,
როგორც ტბიდან სრუტეში,
როგორც ფოტომ მოიშოროს რეტუში.
უკანასკნელი რუკა
რუკანასკნელი იქნება
და გაიშლება აფრად.
9.
ღმერთი ყოფილა
ყუნწივით ძუნწი,
ძლივს გაიმეტა
მეტასტაზები.
მოგეხსენება, დრო რომ ტანია,
არის სხეული, ეული,
წონასწორობა გამოლეული.
მოედო გონების გინება,
მოედო მეოტი პოეტი,
რომელიც ვერ დაეტია,
რადგან ადგილზე მეტია,
რომელსაც ვეღარ მიუჩენ,
იურჩებს ყველგან.
10.
მართლმადიდებელმა
უჩვეულო ლაჩრობა
პირში ქართველებს
ბურთივით ჩასჩარა.
ბრძოლაზე ალალ მეომარს
უარს მიუგდებს მოკლეს,
ხის ძირას ღვინისგან მძინარე
რომელიც მწყემსებმა მოკლეს.
ცხოვრება ლექსებით
რომ არ გაურთულოს,
მელექსეს ხელს ჰკრავს,
რუსთველ ურჯულოს.
და ქამანდარიც აკაპიწებულს
გაჰყვა თავის მკლავს,
დატოვა ამბებად ნათქვამი:
რაც მაცოცხლებდა, იგივე მკლავს.
სტუმრად მოსული
ისტორიის ღალატი
ხალხმა მოირგო,
როგორც ხალათი.
11.
ძველი აზია,
როგორც დაფდაფზე,
გადაჭიმული პოემაზეა.
ბოლო პოეტი,
ენამდინარე,
თქვენგან შორსაა,
როგორც მაზეგი.
დრო, როგორც
ბასრი მაკრატელი,
ცხოვრებას აწმყოზე ჭრის,
რომელსაც ზოგჯერ
მაგრად ელი.
მაგრამ რას იზამ,
ეგრეა თარგი
და თადარიგი
ვერაფერს გარგებს.
12.
თამარ
უკან და გვიან გავიან
და ღვარძლიანი
რძლის ბარძაყების
არდაძახება
როგორ იქნება
აქ, თვალის სანადიმოზე.
ყოველ ორ ნაბიჯს
კერტებით ითვლის
ტანით ლარნაკი მიმოზების
და გულახდილი,
როგორც სიკვდილი
დილით.
ქება ქართული
გაეთელოს მაღალი ფეხით,
ჭეშმარიტებას
რადგან არ ფარავს,
არ ერიდება.
13.
დღის შუქმა პირი მოკუმა,
მაღაზიების ანჩხლი ჟალუზები
ღამის ყბაზე ეშვება
ეშვებად
და წინ და უკან გამვლელებად
დანაწევრება ტროტუარის
არის მისი
თავის თავთან საუბარი.
მეჩხერ სიტყვებში გაერიე,
სხვა მხრივ უმაქნისი
ასე სხვათა შორის
მოსახდელი
ჯერ კი ხარ
ხარკი.
14.
სიტყვა-წერაქვით
მიჰყევი,
მითხარ-მოთხარე,
შესაბამისად,
ამბავი – მე და
ქვიანი მიწა – საურიკედ.
არაბულ მონეტას მოიტანს
საფლავარეული იორიკი.
თავის ტკივილის მტკავლით
დრო იზომება ეზოსავით.
გრილი აპრილი აფრიალებს
მონა-მორჩილ სარეცხს,
როგორც თოკებზე დარჩენილ
დამშვიდობება-მისალმებაში
გაწაფულ ხელებს მოუხეშავად.
დღის ბოლოა, მალე
გადაჭრილი გამოჩნდება შავად ხე.
მსუყე ქალაქს,
როგორც რბილი გალავანი,
დარაჯობს
საბანი, ბინა, აბანო.
15.
მხოლოდ აქა-იქ გადავაკერებ,
ჯერ არ გავამხელ
ამხელა ამბავს
შესართავის და სათავის,
ან ეს სიმეტრია
საიდან მოეთრია,
აქ რომ არ იცვლება ცვლილება,
იქ რომ უცვლელობა არ ჩანს.
დაავადებულ ნაბიჯებს
ქუჩაში გავლა არჩენს.
გრძელი წვეთების ონკანი
არ იკეტება:
გადაკეთება, გადაკეთება,
დღედ ღამეების,
რუმე-რამეების
გადაკეთება,
დრო წვიმასავით ცრის.
გადაკეთება,
სურს ვისაც რის
ან ენამუსება
და ყიფლიბანდის –
პლინტუსებად.
16.
კითხვებით გაპოხეს
ეპოქის პასუხი,
ბორბლებად დაუგეს ბრბო.
თუ გინდა, მართლა
წახვიდე შორს,
გადააბიჯო მორს,
თავი დააღწიო შმორს,
ზღურბლის ლაგამი აგემე
კითხვა-პასუხის
გამყოფ კარს,
როგორც ულაყს,
რომელსაც ძაღლის თავი
დამარხულიც უყეფს.
17.
დრო, დრომადერი,
მე რომ მედრება,
აქლემია ერთკუზიანი,
აწმყო კუზად აქვს,
კუზით საუზმედ
დააქვს თავისთვის
დროებითობის წვენი.
მისი გამყოლი,
დროის ბითური ადამიანი,
თავბედს იწყევლის,
გინდა იყოს გაწაფული შეგირდი
ან მოისარი ურია,
ვერ დაკრეფს სივრცეს
და ვერ დაწურავს
დროდ, როდესაც სწყურია;
დროს ვერც მოინადირებს
უდაბნოში სივრცის,
რომ შიმშილი მოიკლას.
აქ არც იპოდრომია,
დრომ რომ ჩორთით მოიაროს
და დროებითის
ნელი ნალებით დაჭედილი
უკან დაბრუნდეს.
18.
არამედ რამედ მოგეჩვენება,
არა არაფრად, თუ მიმდგარია
დამშვიდობების საქმე საქმეზე.
აქ მე ზემოდან
სართულებად გართულებული
მთელი სიმაღლე
მაქვს ჩასავლელი
ბედშავ ეზომდე.
იქ ამოდენა მოედანი
ქალაქის მკლავებში
ლავაშივით აგდია
და შენობები კლავიშებია.
ბეცი ფარდის გამოა
ბაცი ჰაერი
და თვალუწვდენელ მაგიდაზე
და თეთრი თეფშით
დგას ხორკლიან მუშამბაზე აჯაფსანდალი.
ორთქლი სიჩუმეს დირიჟობს
და სადილია იდილია მოსალოდნელი,
რომელსაც არ ჰყოფნის არყოფნის მარილი,
აკლია უკვალოდ
ჩვენი გაქრობის ბარაქა.
19.
მოცდა ოცდა, ვთქვათ, შვიდთან,
ოცდანარევებს შორის,
მოცდა მოცდენა ნუ გეგონება
საქმისგან დროის,
ის აქ გუბდება,
როგორც ზამბარა
და როგორც შორიდან
მოსული ქუსლი,
გროვდება, როგორც მასალა
და მასლაათი ჰამაკში.
მოცდა უცბად არ იქნება,
ნიჭის გარდა სწავლაც უნდა
თუნდაც მოცდის ანბანის,
რომ გაარჩიო გირჩებივით წარწერები
მოცდის ქუჩაზე
და არ გამოგრჩეს შენი გაჩერება,
რომელზეც მგზავრი ჩადიხარ.
ლოდინი ლოდი და ქვა-ღორღია,
შენ არ გეხება, მოცდის მოწაფეს.
20.
მე უცნაური ფარაონი ვარ,
წყალქვეშ ვაშენებ,
ფსკერზე, პირამიდას,
ვითომც არაფერი,
ზემოთ არაფერი მოჩანს.
აქა-იქ ნაპირზე ვიპარავ ქვებს,
ვარჩევ და ვთლი,
ისინი თვითონ იძირებიან
და პირამიდას პირამდე ვავსებ.
სტრიქონები ტალღებივით
ზედაპირზე გალღვება.
21.
არსებობის ტალღას
ალღო თუ აეღება,
ჩვენი ყოფნა
გამუდმებით აღარ ყოფნა ყოფილა.
ჩემი ჩემსას, შენი შენსას,
სიკვდილი შეწყვეტს
ჩვენს აღარყოფნას,
როგორც აგარაკს –
აგვისტოს ხმაში შენაკადი
სექტემბრის ტემბრის.
დაფნა დააფინეს გასაშრობად,
დაფნის ფოთოლი უხდება
კერძის ოხშივარს.
შენ უნდა თქვა –
ვიდრე სტრიქონს გავაპობ,
დამწყვდეული
კორძებიან ჯოხში ვარ.
22.
სად წაუვა ორაზროვნებას
დღეების ანსამბლი ან დასი კვირების,
რომ უავტორო აღწერაში მოხდა ცხოვრება,
ხარ უნებლიე დასკვნა, ირიბი.
23.
სიბრალულსა და დაცინვას
მათ აბა, ვინ გაუბედავდა.
რადგან იყვნენ სამნი
და გაიყვნენ სამად,
ქაჯეთის ციხეს მიადგა
სამი ამიტომ ტომი ომის მისატანად.
მეოთხეც ჰყავდათ –
ენით ავტორი და გამჭრიახი.
მე კი გარშემო მესმის რჩევები:
არ გამოგივა, რომ მხოლოდ ერთი
დაიახლოვო დიახით
ჩვენი სამყარო, ორაზროვანი,
ჭირვეული და უავტორო.
უნდა მივუხვდე, როდის რას ითხოვს,
სურს, რომ ვაცინო თუ ავატირო.
24.
ძაფივით აწმყოზე გავლა ავლა-დიდება
და მთელი ქონება არის პოეტის,
რომელსაც დაკარგავს უკვალოდ,
თუკი პირწმინდად არ გაღარიბდა.
წარსულის სცილა პირს გაისველებს
ცილის წამებით და მომავალიც კბილს
გაკრავს შებოლილ შურისძიებას
და გაიხარებს ხარბი ქარიბდა.
მთავარი ფოტო: Flavia M Dent