გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უკანონო მიყურადების სისტემური პრაქტიკა


ინტერვიუ გურამ იმნაძესთან

განცდა, რომ ყველას უსმენენ, უთვალთვალებენ და საჭირო დროს გამოუქვეყნებენ, ბევრ მოქალაქეს დღესაც აქვს. საქართველოში უკანონო მიყურადების სისტემურ პრაქტიკაზე ათეული წელია უკვე სამოქალაქო საზოგადოების წევრები მიანიშნებენ. ამაზე საპასუხოდ 2012 წელს შეიქმნა კამპანია “ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ”, რომელიც მიზნად კანონმდებლობის ცვლილებას და ჭარბი ძალაუფლების ეფექტიან კონტროლს ისახავდა. 10 წლის თავზე, 2021 წლის 13 სექტემბერს საჯაროდ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისევ გვისმენენ. უსმენენ ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, დიპლომატებს. უკანონო მოსმენების პრაქტიკა ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არსად გამქრალა.

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა (ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი) კანონპროექტი მოამზადა, რომლის მიხედვით სამართალდამცველ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ფარული მიყურადების ვადები მნიშვნელოვნად ეზრდებათ. არა ერთი დანაშაულის გამოძიების შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა უსასრულოდაც გაგრძელდეს. ამ ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეს ცვლილებები ფარული მიყურადების მარეგულირებელ კანონმდებლობას კიდევ უფრო გააუარესებს. ეს ინიციატივა უშვებს მოქალაქეების ფართო წრეს შეუზღუდავ დროში მოუსმინონ და მიაყურადონ ისე, რომ ამის თაობაზე მათ ვერასოდეს გაიგონ. ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება.

დანაშაულთა წრე ფართოვდება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება  შესაძლოა 75-ზე მეტ-ნაკლებად მძიმე ისეთ დანაშაულზეც გავრცელდეს, რომელთა ნაწილი საერთოდ არ უკავშირდებოდეს უსაფრთხოებას.

რისთვის/რატომ იყენებს სისტემა ტოტალური  მოსმენების პრაქტიკას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი - ამ საკითხებზე გურამ იმნაძეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორს ვესაუბრეთ.

გურამ იმნაძე: სუს-ი ხშირად იწყებს გამოძიებას გადატრიალების, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მუხლით რომლის ფარგლებშიც, პოტენციური ბრალდებული შეიძლება იყოს ნებისმიერი აქტივისტი, ოპოზიციონერი, მედიის წარმომადგენელიც მათ შორის. ახალი ინიციატივით კი მათი ფარულად, შეუზღუდავად, ხანგრძლივად მოსმენის კანონიერი საფუძველი იქმნება. “მივიდეთ კანცელარიასთან” ამ მოწოდებითაც კი შეიძლება გამოძიება დაინტერესდეს. ასევე დიდი პრობლემა, რაც ამ კანონპროექტში დავინახეთ არის შეტყობინების ვალდებულება. დღევანდელი კოდექსი სამართალდამცველებს ავალდებულებდა, რომ თუკი ვინმეს მოუსმენდნენ, რაღაც ვადაში (ძირითადად, მოსმენის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში) მისთვის შეეტყობინებინათ, რომელი გამოძიების ფარგლებში და რის საფუძველზე უსმენდნენ.. ეს მხოლოდ შეტყობინება კი არ იყო, ადამიანს შეეძლო სასამართლოში ედავა, თუკი ჩათვლიდა, რომ უკანონოდ უსმენდნენ; ან ვთქვათ, კომპენსაცია მოეთხოვა. ახალი ცვლილებებით ეს გარანტიაც სუსტდება. იმდენად ბუნდოვანია ჩანაწერი, რომ ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და სამართალდამცავ უწყებებს თვითნებობის მეტ საშუალებას აძლევს.

შეიძლება ისეთი რეალობა დადგეს, რომ საზოგადოების ფართო წრეს: პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს მუდმივ რეჟიმში უსმენდნენ, არასოდეს შეატყობინონ საფუძველი და ეს ყველაფერი კანონიერი იყოს.

ამ განხილვაში არავინ ყოფილა ჩართული, ვგულისხმობ, პროფესიულ ჯგუფებს, სხვა უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებას. უფრო მეტიც, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არანაირი არგუმენტაცია არ არის, რა გახდა ამ ცვლილებების მიზეზი. მხოლოდ ზოგადი მითითებაა, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ და ეროვნული უსაფრთხოება და უშიშროება საფრთხის ქვეშ არის.

შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დააზარალებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს და განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი კვლავაც გამოუძიებელია. ეს საკითხი რელევანტურია ევროინტეგრაციის კონტექსტშიც. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარშიც ცალსახად არის ყურადღება გამახვილებული პირადი ცხოვრების უფლების დაცვაზე. შესაბამისად, ეს ნაბიჯი ვერ იქნება ადეკვატური და სწორი ვერც უფლებრივი თვალსაზრისით და ვერც ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მარიამ ჯაჭვაძე: რა არის დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის წინაღობა, რომ მასობრივი კონტროლი არ დაამყაროს ადამიანის პირად ინფორმაციაზე? მის პირად სივრცეში უკანონოდ არ შეიჭრას?

გ.ი:  აქ, ზოგადი კონტექსტი უნდა ავხსნათ. ეს არის მთავარი - საკითხის პოლიტიკური განზომილება. სინამდვილეში, მოსმენები  არის პოლიტიკური პრობლემა. აქედან გამომდინარეობს უკვე საკანონმდებლო, თუ ინსტიტუციური პრობლემები. როცა ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსზე, შეთანხმებაზე მიმართული პოლიტიკური ცხოვრება;  როცა არ გვაქვს პასუხისმგებლობის, ძალაუფლების გაზიარების პრაქტიკა და პრეცედენტები; როცა ასეთი პოლარიზებულია გარემო; როცა ხელისუფალი ბუნებრივად ისეთ მდგომარეობაშია, რომ მან მთლიანი ძალაუფლება უნდა მოიპოვოს; როცა შემოდის იერარქიულობის კომპონენტი და არა თანამშრომლობის, ამ პირობებში ბუნებრივად ჩნდება კონტროლის აუცილებლობა. პოლიტიკური პარტიები არ ენდობიან ერთმანეთს; არც პოლიტიკოსები და სასულიერო პირები; არც პოლიტიკოსები და სახელმწიფო ინსტიტუციები; სამოქალაქო ორგანიზაციებსაც არ ენდობიან. ეს ყველაფერი ზუსტად აირეკლავს ჩვენს პოლიტიკურ წესრიგს. როცა ასეთი რეალობაა, მოსმენები არა თუ სასურველია, არამედ გარდაუვალიც კი. თავისუფლად შესაძლებელია, ამ დროს, მოსმენებს აბსოლუტური ხასიათი ჰქონდეს. ამიტომაც არის დღეს მოსმენები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 

არა მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტში, პოლიტიკური ოპოზიციის საკონტროლებლად, არამედ ჩვენს ყოველდღიურობაში. მისი მსხვერპლები ხდებიან  სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები, დიპლომატები და ა.შ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, სამოქალაქო ინიციატივები თავის დროზე ფრაგმენტული ჩანს. კამპანია “ეს შენ გეხებას” ძალისხმევა, ძირითადად, პრობლემის ერთ მცირე ნაწილზე იყო მიმართული,რომელიც მოსმენების საკითხს საგამოძიებო მიზნებისთვის ეხებოდა.

ზოგადად, ქვეყანაში მოსმენების ორი ძირითადი ფორმატი არსებობს: გამოძიების ფარგლებში ადამიანის მოსმენა/მიყურადება, და კონტრდაზვერვის ფარგლებში მიყურადება. როცა  გამოძიების მიზნებისთვის უსმენენ ადამიანს, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობის დონეზეც და პრაქტიკაშიც, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რეფორმები გატარდა. ამ დროს სასამართლო კონტროლიც ერთვება და უფრო ნაკლები რისკია უსაფრთხოების სამსახურმა უფლებამოსილებას გადაამეტოს.

თუმცა,  წლების განმავლობაში აბსოლუტურად გამოტოვებული იყო კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ანუ სუს-ის მეორე საცეცი, რომელიც, სინამდვილეში, ბევრად უფრო ძლიერი და უხილავი არის, ვიდრე გამოძიება. ეს მიმართულება დახურულია, აბსოლუტურად უკონტროლო. მასზე არასაკმარისი სასამართლო კონტროლი ვრცელდება;

მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურმა რომ გადაწყვიტოს დაამონტაჟოს ფარული სათვალთვალო კამერა, ან ფარული აუდიო მოსასმენი აპარატურა ვიღაცის ოფისში, ან საცხოვრებელ სახლში,ამისთვის მას სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება. დღეს სასამართლო ამას არ აკონტროლებს. უსაფრთხოების სამსახურებს ძალიან მარტივად შეუძლიათ მოსასმენი აპარატურა ნებისმიერი ჩვენგანის საცხოვრებელ, სამუშაო სივრცეებში დაამონტაჟონ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სუს-ის მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების დამუშავებას არავითარი ეფექტიანი ბერკეტი არ აზღვევს. შესაბამისად, დიდია რისკი, რომ ის იქნება კანონგარეშე, შერჩევითი, ვიწრო პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებული.

  • 2021 წლის 13 სექტემბერს საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ფარული მოსმენების შინაარსს ასახავდა. ფიგურანტებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც საჯაროდ დაადასტურეს, რომ დოკუმენტებში მათი საუბრები ნამდვილია. 

 -  არც-ერთ ჩვენს მოქალაქეს, არ ჰქონია მოლოდინი, რომ მოსმენების პრობლემა 2012 წლის შემდეგ აღარ არსებობს. რადიკალური ნაბიჯები არ გადაგვიდგამს იმისთვის, რომ უკანონო მოსმენების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო. ბოლო შემთხვევაში გასაოცარი ზუსტად მასშტაბი იყო. რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ერთი, რომ სამსახურებს ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ და მასიურად ყველა ინფორმაციას მოიპოვებენ. თუმცა, როგორ გამოიყენებენ ამ ინფორმაციას უკვე მათზე არის დამოკიდებული.  შეიძლება დასჭირდეთ რომელიმე ჟურნალისტის კავშირების დასადგენად; შესაძლებელია ეს ინფორმაცია დღეს არ იყოს ღირებული, მაგრამ ხვალ გახდეს მნიშვნელოვანი. სხვა ამბავია, თუკი ეს მასალა მეორე ადამიანისთვის მაკომპრომეტირებელია. ეს ცხადია, ზრდის ამ ინფორმაციის ღირებულებას. ის შეიძლება კონტროლის, იძულების, დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენონ არა მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანის მიმართ, არამედ მისი ახლობლების, მეგობრების, ნათესავების, თანამშრომლების მიმართაც. 

შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის უკანონო ქმედება ერთი თანამშრომლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყოს. ეს მასშტაბურობა, პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ ის ხელმძღვანელისგან წამოსული დაკვეთაა. 

საყურადღებოა, რომ ამ მოსმენების ობიექტი მათ შორის ისეთი კომუნიკაცია გახდა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის უფლებების სტანდარტი განსაკუთრებულად იცავს.  მაგალითად, ადვოკატისა და მისი კლიენტის კომუნიკაცია. ეს ადამიანის უფლების ძალიან ბაზისური პრინციპის უხეში დარღვევაა.

ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასაც აკვირდებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსმენების მასშტაბურობას. ანუ რამე განსაკუთრებულ, არაორდინალურ კომუნიკაციას კი არ აკვირდებიან, უბრალოდ იმას, რაც ჩვენი რუტინაა.

მივმართეთ პროკურატურას, გამოძიებას. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გამოძიება დაუყვონებლივ დაიწყო. მაგრამ როგორ მიმდინარეობს, აღარ ვიცით. დაზარალებულის სტატუსი არ მოგვანიჭეს, უარი გვითხრეს.

ამ სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ადამიანი იძენს კონკრეტულ უფლებებს. პირველ რიგში, უფლებას იმაზე, რომ ჩაიხედოს გამოძიებაში, საქმის კურსში იყოს რა პროცესები მიმდინარეობს: რამდენად ეფექტიანია გამოძიება, რა ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ საქმე გაიხსნას. თითქმის ნახევარი წელი გავიდა და არაფერი ვიცით გამოძიებაზე. ისიც კი არ ვიცით, მაგალითად, გამოიკითხნენ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები; დაუსვეს თუ არა მათ კრიტიკული კითხვები.

მ.ჯ: რატომ გახდა მოსმენები თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა? რა მიზეზები აქვს საზოგადოების მხრიდან გულგრილობას?

გ.ი: საზოგადოების გულგრილობა ამ ამბის მიმართ ბევრი რამით შეიძლება აიხსნას. მათ შორის იმითაც, რომ ჩვენი საზოგადოება წლების განმავლობაში პრობლემებს ეჩვევა; მეორე მხრივ, ხელისუფლება ხელს უწყობს იმ აზრის კულტივირებას, რომ არ ჩაიდინო არაფერი უკანონო და არავინ მოგისმენს; თუ გისმენენ, ესე იგი, ვიღაცას აინტერესებს რაღაც. ან პირიქით, მომისმინონ, რა პრობლემაა, არაფერი მაქვს დასამალი. გასათვალისწინებელია, რომ ამ შინაარსის მოსაზრებებს აჟღერებენ არა მოქალაქეები, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუსტად აქ არის პრობლემა. არ შეიძლება, უკონტროლო წვდომა ჰქონდეს ხელისუფლებას ჩვენს პირად ცხოვრებაზე და იმ შემთხვევაში, თუ რამე საინტერესო დაინახა, ჩაეჭიდოს. 

ამ ფონზე ნამდვილად არ იყო ისეთი საზოგადოებრივი რეაქცია, როგორიც უნდა ყოფილიყო.  მაგრამ ამ საპასუხო რეაქციაზე მძიმე, პოლიტიკურ ველზე არასაკმარისი სიმწვავე უფრო იყო.  ეს საკითხი მთლიანად ვიწროპარტიულ მიზნებამდე დაიყვანეს. პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას დიდი საპარლამენტო ინსტრუმენტები არ აქვს, მან ის მცირე მექანიზმებიც კი არ გამოიყენა, რომელიც შეეძლო რომ გამოეყენებინა.

მ.ჯ: რა მექანიზმები უნდა ამუხრუჭებდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თავმოყრილ ჭარბ ძალაუფლებას? ვინ უნდა ასრულებდეს კონტროლის ფუნქციას?

გარე კონტროლის ძლიერი მექანიზმები აქვს ხოლმე პარლამენტს. ძლიერი უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ძლიერი ბერკეტები აქვს, როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური და პროგრამული თვალსაზრისით, ეს თავისთავად პრობლემა არ არის. პირიქით, ლოგიკურია. უბრალოდ, რაც უფრო ძლიერია სამსახური, პროპორციულად უნდა იზრდებოდეს ამ უწყებაზე გარე მაკონტროლებელი მექანიზმებიც. საპარლამენტო კონტროლი ამის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი უნდა იყოს. ეს შეიძლება გამოიხატოს სპეციალური კომიტეტის შექმნით, ან სამუშაო ჯგუფით, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე სპეციალიზდება. იმისთვის, რომ ეს ჭარბი ძალაუფლება უკონტროლო არ გახდეს, მას აუცილებლად სჭირდება დაბალანსება. ამ ჯგუფს აუცილებლად უნდა მიუწვდებოდეს ხელი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზეც. დღეს ჩვენ ასეთი მექანიზმი არ გვაქვს.

იმისთვის, რომ კონტროლის ინსტრუმენტების ფუნდამენტური რეფორმა მოხდეს ზოგადი კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თამაშის წესები უნდა შეიცვალოს. მოსმენების, მიყურადების, კონტროლის აუცილებლობა უნდა მოიხსნას. ამის შემდეგ უკვე უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა გავიაზროთ რადიკალურად. 

ჩვენ რომ უსაფრთხოების სამსახურების ყოველწლიური მოხსენებები, ანუ სუს-ის ანგარიშები  წავიკითხოთ, დავინახავთ, რომ იქ ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები მონიშნულები არიან როგორც რისკი/გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ამ დროს, ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. უსაფრთხოების ამგვარი გაგება რადიკალურად გადასააზრებელი და შესაცვლელია.

პარლამენტში ძლიერი გარე კონტროლის ინსტრუმენტების შექმნა რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი უნდა იყოს. გარე კონტროლისთვის და ბალანსისთვის პარლამენტი ყველაზე შესაბამისი ორგანოა.  

 

ფოტო: Sulakauri Publishing-ის იუთუბ ვიდეოდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა