გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბექა ქურხული უკრაუნული ჩანაწერები

როცა შენი და სხვისი ომი ერთია | ბექა ქურხულის უკრაინული ჩანაწერები

ეს არის ამბავი უბრალო ადამიანების ომზე - გადარჩენისთვის, ერთმანეთისთვის, სხვებისთვის, ყველასთვის, თავისუფლების სიყვარულზე, დაუმორჩილებლობაზე, დიქტატურის, მსოფლიო წესრიგის არევის წინააღმდეგ ბრძოლებზე ყველგან - ფრონტის ხაზი იქნება ეს, თუ ქუჩა, მოედანი, სახლი, ტრიბუნა. და იმაზეც, ზოგჯერ, როცა საჭიროა, ასე შორიდან კი არ უნდა უყურო, საწერი და კლავიატურა გვერდზე გადადო და ჩახვიდე იქ, სადაც ბომბდამშენების, აფეთქებების, ნგრევის, სიკვდილის მიუხედავად, ხელახლა იბადება სიცოცხლე, მოუთოკავი ენერგია და თავიდან შენების სურვილი.


უკრაინული დღეები ომის ქრონიკაა, რომელიც აერთიანებს ერთის მხრივ ვიწრო, უკრაინულ კონტექსტს, ამავდროულად კი ის მხოლოდ ლოკალური წიგნი არ არის - რეგიონულ და მსოფლიო წესრიგთან შეუსაბამობაზე გვიყვება, საფრთხეებზე, ბრძოლებზე, უბრალო ადამიანებზე, მათ ოპტიმიზზე, ცხოვრებაზე ტყვიების ზუზუნში, ბომბდამშენების ყოველწამიერ მოლოდინში.. უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება მწერლის ინსტიქტი იყო, საკუთარი თვალით გენახათ, შეგეგრძნოთ ყველაფერი, რაზეც მომავალში დაწერდით, თუ არის კიდევ რაღაც, რამაც არ მოგასვენათ?

საერთოდ, თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ლიტერატურას და ომს ძალიან უცნაური ურთიერთკავშირი ახასიათებს. გავიხსენოთ პირველი უდიდესი ლიტერატურული ძეგლები - შეუმერული „გილგამეშიანი“ და ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, ინდური „ბხაგავადგიტა“, თუ სკანდინავიური „კალევალა“.

კაცობრიობის ფოლკლორის და ეპოსის უდიდესი ნაწილი სწორედ ომებს და ბრძოლას ეძღვნებოდა და მეომარი, მებრძოლი განსხეულებულ ღვთაებად, ან ღვთის შვილად ითვლებოდა...

გამონაკლისი არც ქართული ლიტერატურა  და ქართული და კავკასიური ფოლკლორი გახლავთ. სვანური და ფხოვური მითოსური გმირები - ბეთქილ და იახსარი, კოპალა და თორღვა ძაგანი, ხოგაის მინდი და გახუა მეგრელაური, აფხაზური აბსკრილი და ოსური უასთირჯი, ბოროტებასთან, ავსულებთან, დევებთან და მაცილებთან ბრძოლა და რაც ასე მნიშვნელოვანია, ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა უცხოელ დამპყრობლებთან...

თვით მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ლიტერატურული ძეგლიც „ვეფხისტყაოსანი“, სწორედ ომების  და ბრძოლების ქრონიკაა და სხვათა შორის, მზა სცენარიც!... მაგარ რეჟისორს შეუძლია ასევე მსოფლიო მნიშვნელობის თრილერიც გადაიღოს...

ასევე, უცნაური ლტოლვა აქვთ აწ უკვე კლასიკოსებად ქცეულ მწერლებს, ბრძოლისა და სიკვდილთან თამაშისადმი. ესქილე, სერვანტესი, სეხნია ჩხეიძე, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაირონი, ტოლსტოი, დავით კლდიაშვილი, ერიხ მარია რემარკი, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი პროფესიონალი, კადრის სამხედროები იყვნენ... ცნობილი სამხედრო რეპორტიორები იყვნენ ჯორჯ ორუელი, ჯონ დო პასოსი, ერნესტ ჰემინგუეი და პირიქით, ძალიან დიდ სამხედროებს, მთავარსარდლებს და მეფეებს ასევე  უჩნდებოდათ სურვილი, ლიტერატურულ ნაწარმოებებში უკვდავეყოთ თავისი ცხოვრება და ბრძოლა. მაშინაც კი, თუ კარლოს დიდივით, ან თემურ-ლენგივით წერა-კითხვასთან მწყრალად იყვნენ, უცნაური აზარტით ცდილობდნენ თავიანთი თავგადასავლების შთამომავლობისთვის გადაცემას, რისთვისაც მემატიანეებს და მწერლებს იახლებდნენ ხოლმე თან!... ცნობილია ჩვენი მეფე-პოეტების ლიტერატურული ნაწარმოებებიც, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანით“ დაწყებული და ასე რომ, სამხედრო მემუარული ლიტერატურა ცალკე ჟანრადაც კი ჩამოყალიბდა...

არ ვიცი, რა განაპირობებს ამ უცნაურ ერთობას. შემოქმედებითი და სამხედრო-პოლიტიკური პატივმოყვარეობის სინთეზი? რისკის, ან როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, ხიფათის სიყვარული? სიკვდილის და სიცოცხლის ძალიან მძაფრი, ხელშესახები დუელი? მისტიკური დაწყვილება აღსასრულისა და სიკვდილის შემდეგ, თავიდან დაბადების კათარსისისა,  რომელიც ყოველ ჯერზე განუმეორებელ შეგრძნებებს გიტოვებს და უფრო ვნებიანია, ვიდრე ლტოლვა საყვარელი ქალისადმი და გაცილებით უფრო მეტად გხდის მასზე დამოკიდებულს, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკი? თუ უბრალოდ  უსამართლობასთან, ბოროტებასთან, ძალმომრეობასთან ბრძოლის, თავისუფლებისთვის ბრძოლის დაუოკებელი სურვილი, რომელიც ყველა ჭეშმარიტ შემოქმედს სისხლში უნდა ჰქონდეს გამჯდარი...

რა თქმა უნდა, ყველაზე კეთილშობილურად და ჰუმანურად ბოლო ვერსია ჟღერს, თუმცა თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, არ ვიცი...

შეიძლება ეს ყველაფერი ერთადაც იყოს თავმოყრილი!...

არ ვიცი!.. დანამდვილებით ვერ გეტყვით!..

მოკლედ, თუ მოგახსენებთ, კი, დიახ, არის კიდევ რაღაც, რამაც არ მომასვენა!.. და ალბათ არც მომასვენებს სიკვდილამდე!..

წიგნის დასაწყისში ამბობთ, რომ უკრაინაში თქვენს გამგზავრებას წინ არაერთი წინაღობა უძღოდა, დაბრკოლებები, თუმცა დანებების და უკან დახევის მოგერიდათ. წერთ, რომ ამით საკუთარი თავის პატივსცემას დაკარგავდით. ვისი მოგერიდათ, ან რის? ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც პასუხისმგებლობა ვინმეს, ან რაღაცის წინაშე?

ჩემმა მასწავლებელმა,თამაზ ჭილაძემ, როგორც ჩანს 21-ე საუკუნეში გამეფებულ,ნიჰილიზმითა და ეროვნული ენერგიის დაშრეტით გულმოკლულმა და გაბრაზებულმა, დახვეწილი ინტელიგენტისთვის მოულოდნელად მკვეთრად დასცხო -

„მე ვიცი,რომ დიადი ერის შთამომავალი ვარ და ვინც ასე არ თვლის, ერთი იმათი დედაცო!..“

მე 300 არაგველის შთამომავალი ვარ, რომლებიც აგერ, სულ ახლა, მე-18-ე საუკუნის ბოლოს უკვე წაგებულ კრწანისის ბრძოლაში შეცვივდნენ!.. ხედავდნენ, რომ საქმე უკვე წასული იყო და ამ დროს დაიფიცეს, ვინც დამარცხებული შემობრუნდესო... და აი, ვერცერთმა იმ 300 არაგველიდან ვეღარ გაბედა დამარცხება და სიცოცხლე ამ ფიცის მერე!... ესეც ლეგენდა, მითი და ზღაპარი ხომ არ არის, აგერ ორი საუკუნის წინ მოხდა, ჩვენი პაპის პაპების დროს!...

ვერცერთმა!... არადა, დარწმუნებული ვარ, ჩვენზე ნაკლებად არ უყვარდათ იმ ბიჭებს სიცოცხლე, თუ ჩვენზე მეტად არა და არც მზის ყურება არ მობეზრებოდათ...

და სწორედ მაგიტომაც შეცვივდნენ, რომ ბოლომდე შეერგოთ სიცოცხლეც და მზეც!...

და ეს ჩემთვის არც ლირიკაა და არც ჰეროიზმი... დიახ, ნებისმიერი ადამიანის და ერის ისტორიაში დგება დღე, როდესაც უქმად დარჩენილი სიცოცხლის დღეების თრევას გაცილებით დიდი და მტანჯველი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე თუნდაც ჯოჯოხეთის შტურმით აღებას და იქ ცოცხლად ჩაწვას...

ვის მოერიდნენ ის ბიჭები?... ან ვის წინაშე იყვნენ პასუხისმგებლები?...

არავისი დედამიწის ზურგზე!... სრულიად მშვიდად შეეძლოთ ეჩხაკუნებინათ ფანდური თავისი ჭერხოს წინ და სხვების, თუნდაც საკუთარი წინაპრების გმირობაზე ემღერათ.

ასევე, სრულიად მშვიდად შემიძლია ჩავიცვა ფუმფულა ჩუსტები და ტელევიზორის წინ, ან შიგ ტელევიზორში აღვშფოთდე, ვივიშვიშო  და დავგმო და არც არავის წინაშე არ ვიქნები პასუხისმგებელი, საკუთარი თავის გარდა!...

მე კი ძალიან მიყვარს საკუთარ თავთან მარტოდმარტო დარჩენა და არანაირი სურვილი არა მაქვს ალმაცერად მიყუროს!

ეგ არი, მეტი არაფერი!

ყველამ თავისი უნდა ზიდოს!..

„მიუზღე კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“, - გვასწავლის წმინდა ევანგელე...



უკრაინის ომს ადგილობრივთან ერთად, პირველივე დღეებიდან აშუქებენ უცხოელი და ქართველი ჟურნალისტები. საინტერესოა, რა დაგხვდათ ადგილზე. როგორია ყველაზე ცუდი და კარგი შთაბეჭდილებები, აღქმა ამ ომის, ომთან თანაცხოვრების, რაც შეიძლება ყველაზე მძიმე ფოტო-ვიდეო კადრებშიც კი არ ჩანს და რასაც ციფრული მედია ვერ მოერია?

უკრაინის  ომის დაწყებისთანავე ქართველი მებრძოლები უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად დაიძრნენ... ისინი სულ სხვადასხვა ბიოგრაფიის, ხასიათის და შეხედულებების ადამიანები არიან, მაგრამ მთავარი აერთიანებთ - მათი სრული უმრავლესობა რუსეთ-საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანები არიან და რუსებთან ძველისძველი ანგარიშები აქვთ გასასწორებელი!..

ქართველ მეომრებს ეგრევე კვალში მიჰყვნენ ქართველი ჟურნალისტებიც... ჩემმა მეგობარმა, ლევან ახალაიამ „საზოგადოებრივი არხიდან“ და რატი მუჯირმა „ფორმულადან“, ჩამასწრეს კიდევაც კიევში და კიდევ რამდენჯერმე იყვნენ მივლინებულები. მადლობა ღმერთს, მშვიდობით დაბრუნდნენ.

ცუდს რაც შეეხება, მე პირადად ომზე ცუდი არაფერი მეგულება დედამიწაზე!.... თუმცა, ისევ ჰემინგუეის დავესესხები, „ღალატია ომზე უარესი, ლაჩრობაა ომზე უარესი, ეგოიზმია ომზე უარესი...“

ახლა რამ განმაცვიფრა და მართლა გულწრფელად აღმაფრთოვანა:

უკრაინელი ხალხის სიმტკიცემ, სიმამაცემ, ერთიანობამ და გაუგონარმა შეუპოვრობამ!... ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ლვოვიდან დნეპრამდე, ანუ თითქმის 1000 კილომეტრი და უკანა გზაზე, ერთი მოწუწუნე, დამფრთხალი და სასოწარკვეთილი ადამიანიც კი არ შემხვედრია. არავინ არ მოთქვამდა, რომ „აი, რუსეთი რამხელაა... შენ მოერევი რუსეთს?.. ატომური ბომი აქვს... და ხომ არ დავნებდეთ და ხომ არ გავჩერდეთ...“ ასე ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული, თავგანწირვისთვის და გამარჯვებისთვის მზადმყოფი ხალხი მართლაც საოცარი სანახავია. არანაირად არ ველოდი ასეთ წინააღმდეგობას, მით უმეტეს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული ასე სამარცხვინოდ, ტყვიაგაუსროლელად ჩააბარეს რუსეთს და ეს პირდაპირ ვუთხარი მათ!...

არც ჩვენ არ ველოდითო - ღიმილით მიპასუხეს უკრაინელებმა ისე, რომ ოდნავადაც არ სწყენიათ ჩემი უტაქტობამდე მისული პირდაპირობა და აი, ეს უკვე  საკუთარ თავში დარწმუნებული და გამარჯვებული ერის და ხალხის გულწრფელი პასუხი იყო...

ყველაზე მეტად რაც თვალში მეცა, სულ სხვა მასშტაბთან და ლანდშაფტთან ერთად (აქ კავკასიაში, მაინც მთებს და ხეობებს ვართ მიჩვეულები და თითქოს ბრძოლის დროსაც უფრო იმედიანად ვგრძნობთ თავს, როდესაც მშობლიური მთები გვიმაგრებს ზურგს), უკრაინაში სულ სხვა სივრცეა, სხვა ჰორიზონტები, სტეპები, გულაი პოლე, ზაპოროჟიეს სეჩი, ტარას ბულბა, კოზაკები... იყო ასევე სრულიად სხვა მენტალიტეტი... რაღაცნაირად დინჯი, მოწესრიგებული, აწონილ-დაწონილი, საქმიანი... სრულიად მოკლებული ჩვენს, ქართულ, გამომწვევ თავზეხელაღებულობას და ბრძოლის არტისტულ მანერას, როდესაც აფხაზეთში ჩვენს მეომრებს სანგრების გათხრა, ჯავშანჟილეტების ჩაცმა, მუზარადის დახურვა და სროლისას თავის დახრაც კი ეთაკილებოდათ...   

უკრაინელები სანგრებსაც მშვენივრად თხრიან, უსაფრთხოების ზომებსაც ზედმიწევნით იცავენ, უმუზარადოდ და ჯავშანჟილეტის გარეშე ფრონტზე უბრალოდ არ დაგიშვებენ და ისეთი ამბები რომ ჩაატარო ბრძოლის ველზე, ან დაბომბვისას, რაც საქართველოში მაქსიმუმ ზედმეტ ბრავადად ჩაითვლება და შენიშვნასთან ერთად მოწონების ღიმილს ვერ დამალავენ, იქ, უკრაინაში ამის გამო კლინიკურ გიჟადაც ჩაგთვლიან. უკრაინელები ამ ომს სრულიად სერიოზულად, როგორც გარდაუვალ და მოსახდელ უბედურებას, ისე უყურებენ თავისუფლებისთვის აუცილებელ და გადამწყვეტ ბრძოლაში... ვიმეორებ, ძალიან სერიოზულად და საქმიანად უდგებიან  საკუთარ ბრძოლას რუსეთის იმპერიის აგრესიის წინააღმდეგ, ყოველგვარ ზედმეტი აჟიტირების, ზედმეტი ემოციების და ფუჭი ეიფორიის გარეშე... მშვიდად, წყნარად, დინჯად, წინდახედულად და დაბეჯითებით იბრძვიან... სხვათა შორის, ამ მხრივ სამაჩაბლოელ, ცხინვალელ ქართველებს ჰგვანან დიდი და პატარა ლიახვის, ან რუსების მიერ განადგურებული სოფლებიდან - თამარაშენი, კეხვი, ხეითი, ერედვი, ქურთა, აჩაბეთი, ფრისი. მაგათ იცოდნენ ეგეთი ომი, ყოველგვარი ყიჟინის გარეშე, საქმიანად, ვაშლის დასაკრეფად და რუსებთან საბრძოლველად ერთნაირი ნაბიჯით და გამომეტყველებით რომ მიდიოდნენ...


რა არის „უკრაინული დღეების“ მთავარი სათქმელი, გზავნილი თავად უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის და სხვა, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის? და რა გინდათ, რომ ამ ჩანაწერებით რუს ხალხს უთხრათ?

„უკრაინული დღეების“ მთავარი სათქმელი უკრაინელებისთვისაც, ქართველებისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ის გახლავთ, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში, როდესაც მსოფლიო ასე გლობალურად შეიცვალა და ჩვენი პლანეტაც ერთ პატარა, მყუდრო და საკმაოდ მოწყვლად  საერთო სახლად იქცა, რომ მშვიდობის ფასი ამქვეყნად არაფერია, მით უფრო, როცა პუტინი ყოველდღე ბირთვული კატასტროფით გვემუქრება დედამიწის თითოეულ მცხოვრებს.

მაგრამ... მაგრამ რაც უნდა პარადოქსულად და აბსურდულად ჟღერდეს თავად ფრაზა - „მშვიდობისთვის ბრძოლა“, სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მთელი პლანეტისთვის დაუნდობელი და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვიწევს და ამ დროს პაციფიზმი ისეთივე  უადგილოა, როგორც მოძალადის, ან მონსტრის პირისპირ მცირეწლოვანის, ან უმწეო ადამიანის დაუცველად დატოვება და ამით მისი უცილობელ მსხვერპლად შეწირვა... ეს ეხება მთელს ქვეყნებს, ერებს და სახელმწიფოებს... კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ საერთაშორისო სამართლისა და უფლებების თვალსაზრისით არ არსებობს დიდი და პატარა  ქვეყნები. მხოლოდ რუსეთმა და მისმა დიქტატორმა პუტინმა ვერ გაიგო ეს უდავო  ჭეშმარიტება და როგორც ჩანს, მოგვიწევს გავაგებინოთ!...

რუსეთთან და რუსებთან მე არაფერი მაქვს სათქმელი!.. მით უმეტეს, ვიდრე ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მეტიც, საშინლად მაღიზიანებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების „შემრიგებლური“, „თავაზიანი“ და „ფრთხილი“ პოლიტიკა რუსეთისადმი, რომელიც ჩვენ თვალწინ თვალსა და ხელს შუა ღია და დაუფარავ კოლაბორაციონიზმად ყალიბდება. ასევე, ძალიან მაბრაზებს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში, სულ რომ მართლა ტურისტები იყვნენ, მათი აქ ზღვის სანაპიროზე კოტრიალი და დასვენება არანაკლებ მკრეხელობად მეჩვენება ჩვენი დაღუპული  მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე, ვიდრე ცხინვალში და სოხუმში ტანკებით დგომა...

შარშან, სწორედ ამ დროს, როდესაც უკრაინაში ვიყავი, სანკტ-პეტერბურგიდან იაკობ გორდინმა (იოსებ ბროდკსკისა და სერგეი დოვლატოვის თანამებრძოლმა) თავის ჟურნალში შემომთავაზა ჩემი ნაწარმოების, „მკვლელის“ გამოქვეყნება, რომელიც რუსეთ-საქართველოს - აფხაზეთის ომზეა და რამდენიმე ქვეყანაშია ნათარგმნი და გამოცემული. ბატონი იაკობ გორდინისგან ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გაბედული და მტკიცე ნაბიჯი გახლდათ, ასეთ დროს ქართველი მწერლის დემონსტრაციული დაბეჭდვა, თან სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინაში ვიმყოფებოდი. ჟურნალიც ძალიან სოლიდური და დიდი ტრადიციებისა გახლავთ. 1924 წლიდან უწყვეტად გამოდის. საკმარისია ავტორების ჩამოთვლა: ანა ახმატოვა, ალექსეი ბლოკი, მარინა ცვეტაევა, მიხეილ ზოშჩენკო, მაქსიმ გორკი, ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი, მიხაილ ბულგაკოვი, ვარლამ შალამოვი, ვლადისლავ ხოდასევიჩი და ა.შ. მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი დაბეჭდვაზე და არცერთი წამით არ მინანია!.. მეტიც, იაკობ გორდინმაც მშვენივრად გაიგო ჩემი უარის მიზეზი და პატივისცემის ნიშნად საკუთარი წიგნიც გამომიგზავნა ავტოგრაფით და სამახსოვრო წარწერით - „В ожидание мира“. თუმცა, ალალად თუ ვიტყვი, ბატონი იაკობ გორდინისგან განსხვავებით, მე „ვ აჟიდანიე პობედი..“ უფრო ვარ!..

ამ უარის მიზეზი მხოლოდ ომში დამარცხებულის ბანალური დაბოღმვა, ან წყენა არ გახლავთ... უარის უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ მტრებთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!..

სასროლი კი, სალაპარაკო არა!..

რუსეთი კი ისტორიის ამ ეტაპზე უდავოდ არის ჩემი ქვეყნის და შესაბამისად, ჩემი მტერიც!...


აბსურდად გეჩვენებათ ვლადიმირ პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკა და ფიქრობთ, რომ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, რომლის 20%-იც ოკუპირებულია სწორედ რუსეთის მიერ, თქვენივე სიტყვებით, „მონსტრისგან თავდასახსნელად“ დღევანდელის მსგავსი შანსი შესაძლოა აღარც კი მიეცეს. რამ, ან ვინ გაგიმყარათ ეს რწმენა? რა საფუძვლები აქვს ამ იმედს და მოლოდინს?

რასაკვირველია, აბსურდად მეჩვენება. ვერაფრით ვერ ვიგებ, რას ნიშნავს ეს „არგაღიზიანების“ პოლიტიკა. რითი გაღიზიანებ, ჩემო ბატონო, ქართველი რომ ვარ და ქართულად რომ ვლაპარაკობ, იმით? აბა რა უნდა, რამ გააღიზიანა?... მე შევუვარდი ომსკში, უფაში, თუ იგივე სანკტ-პეტერბურგში?... რომ მაჩუქონ, არ მინდა თავის ერმიტაჟიან- გასაშლელ ხიდებიანად!.. მოიცა, და მე რომ სოფლები და უძველესი ქრისტიანული სალოცავები გადამიბუგა და ზედ ასფალტი გადამიგო, არ გავღიზიანდე?.. თუ ჩემი გაღიზიანება შეიძლება, ჩემი დაპყრობა შეიძლება, ჩემი საფლავების გადათხრა შეიძლება, ჩემი მოკვლა შეიძლება და პუტინის, ლავროვის, კადიროვის, სალავიოვის არა?.. ემანდ არ გაბრაზდნენ და არ გაღიზიანდნენ?.. ჯორჯ ორუელის „ფერმის“ ამბავია. ჩვენ ყველანი თანასწორუფლებიანები ვართ, მაგრამ პუტინი და მისი რუსეთი უფრო თანასწორუფლებიანი, თუ როგორ?.. მაგასაც ვნახავ, ვინ და სად იქნება თანასწორიც, სწორიც და ფეხებგაფშეკილიც...

ეს რწმენა და იმედი სრულიად რეალურია. ამ წუთებში, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, 2 000- ზე მეტი ქართველი იბრძვის უკრიანის და შესაბამისად, საქართველოს, ევროპის და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისათვის, მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობრებიც!... უკრაინელების და ქართველების მხარდამხარ იბრძვიან ბრიტანელები, ხორვატები, უნგრელები, ჩეჩნები, ფრანგები, აზერბაიჯანელები, პოლონელები, ლიტველები, ბელორუსები და ა.შ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მოხალისეები და მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - თავდაუზოგავი ბრძოლით იხსნან არა მარტო უკრაინა და უკრაინელი ხალხი, არამედ მთელი პლანეტა და კაცობრიობა 21-ე საუკუნის „შავი ჭირისგან“ -პუტინისტური რუსეთისგან, რომელიც ამერიკის მიერ საბჭოთა კავშირისთვის შერქმეული ზედგამოჭრილი სახელის, „ბოროტების იმპერიის“ ღირსეული მემკვიდრეები აღმოჩნდნენ და ვგონებ სისასტიკით, სისულელით და არაპროფესიონალიზმით ბევრადაც გადააჭარბეს...

ვიმეორებ, ამ რწმენას სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლა და სიკეთის გარდაუვალი და აუცილებელი  გამარჯვება მიმყარებს...


უკრაინის ომის ანალოგად, რომელსაც დე ფაქტო მესამე მსოფლიო ომს უწოდებთ, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ დანარჩენი სამყაროს დაპირისპირება გახსენდებათ. ამასთან, წიგნს ფაქტობრივად პარარელად გასდევს მანამდე ქართველების ბრძოლა რუსების წინააღმდეგ, დღეს უკვე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებისთვის, საუბრობთ მოსკოვის იგივე, უცვლელ ხელწერაზე ამ ომებში. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე მსოფლიომ საკმარისად ვერ აღიქვა და გაიაზრა ეს მოვლენები? რისი შეფასების და გადაფასების საშუალებას გვაძლევს თქვენი წიგნი ამ ჭრილში?

რა თქმა უნდა, მსოფლიომ სათანადოდ ვერ შეაფასა პუტინის რეჟიმის და საერთოდ, რუსული საფრთხე და დღეს ამაზე აღარავინ დავობს... აფხაზეთის ომის დროს ცივილიზებული სამყაროდან ამის ნახევარი მხარდაჭერაც რომ გვქონოდა, შემდგომში უამრავ ტრაგედიას ავიცილებდით და ახლა საქრთველოც, უკრაინაც, მთელი ევროპაც და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთიც კი, სულ სხვა მდგომარეობაში იქნებოდა... გავიხსენოთ თუნდაც 2008 წელი. საქართველოზე რუსეთის თავდასხმა ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ნატოს წევრობის კანდიდატობაზე, ეგრეთ წოდებულ „მაპზე“ უარის თქმას მოჰყვა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა მერკელმა პირდაპირ შესაშური, რეალპოლიტიკის შესაბამისი „შორსმჭვრეტელობა“ გამოიჩინეს...

და რა მოჰყვა შედეგად ამ ე.წ. ყბადაღებულ „რეალპოლიტიკას?“

რა მოჰყვა და 2014 წელს დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია. ჩემი ღრმა რწმენით, მსოფლიომ ეს საფრთხეები კვლავ სათანადო რეაგირებისა და ყურადღების გარეშე დატოვა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სწორედ 1938 წლის მიუნხენის სამარცხვინო ხელშეკრულება მახსენდება, როდესაც დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი ჟურნალისტების თვალწინ ადოლფ ჰიტლერის ხელმოწერილ საზავო დოკუმენტს აფრიალებდა - „მე სამყაროს მშვიდობა მოვუტანეო!..“ როგორი „მშვიდობა“ მიიღო ამ ხელშეკრულებით მსოფლიომ, ზუსტად ერთ წელიწადში, 1939 წლის პირველ სექტემბერში გამოჩნდა და რად დაუჯდა ეს ყველაფერი კაცობრიობას, ყველას მშვენივრად გვახსოვს...


უკრაინელი ქალების ფენომენზე, როგორც მამაცებზე, მეომრებზე, განსაკუთრებული ხაზგასმით წერთ. რამ მოახდინა თქვენზე
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? რა არის ის, რაც შეიძლება მათგან დანარჩენი მსოფლიოს ქალებმა ისწავლონ, და არა მხოლოდ ქალებმა?

საერთოდ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული ქალების უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლზე კაცობრიობის ბედისწერასა და ისტორიაში. გახსოვთ პილარის ფრაზა უმაგრეს რომანში „ვისთვის რეკს ზარი?“, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომს აღგვიწერს? - „ყველაზე მაგარ კაცებსაც კი სწორედ ჩვენ, ქალები ვშობთო...“ ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინელ ქალებს, რომლებმაც თავიანთი მეომრების საკადრისი და კიდევ უფრო მეტი გმირობა გამოიჩინეს და  დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასეთი ლამაზები, თავდადებულები და ძლიერები იქნებიან!... სწორედ მათი გაუტეხელი სული მიიყვანს უკრაინას, საქართველოს და მთელ მსოფლიოს საბოლოო გამარჯვებასთან...

პუტინი ალბათ უკვე ძალიან ნანობს უკრაინაში შეჭრას. მას 2022 წლის  24 თებერვლამდე ნიკოლაი გოგოლის „ვიი“ რომ წაეკითხა, იქნება კიდევაც დაფიქრებულიყო და არც საკუთარი  თავი არ დაეღუპა ამ სისხლისმღვრელი და უსამართლო ომის წამოწყებით არც თავისი გაჭირვებული ქვეყანა...

საერთოდ, ეს პოლიტიკოსები და დიქტატორები ძალიან ცუდად ეხუმრებიან ხოლმე ლიტერატურას, წიგნებს და მწერლებს!.. და მერე კი ვიშვიშებენ, ტირიან და წუწუნებენ, როცა ის ამბოხებული მწერლები ხაროში უკრავენ ხოლმე თავს, ან ეგებ „სმითდავესონის“ ხუთიოდე ტყვიაც მიართვან გვამში და მერე ძალიან ძნელად ინელებენ, იმდენად მძიმედ, რომ ჯოჯოხეთში ბელზებელის კარზეც მიაკაკუნებენ ხოლმე დაჩვრეტილ ფაშვზე საცოდავად ხელმიჭერილები, როგორც ცნობილი ნიკარაგუელი დიქტატორის, ანასტასიო სომოსას შემთხვევაში...ზუსტად ასევე ცუდად იცნობენ და ეთამაშებიან ქალის როლს და ძალას ეს პუტინისებრი ძალად ძველი ბიჭი ტირანები და ის კი არ იციან, რომ ქალზე ძლიერი და დაუნდობელი ის „სმითდავესონის“ რევოლვერიც კი არ არის, რომლის ტყვიებმაც ასე უბედურად აკივლა დიქტატორი სომოსა...


ამბობთ, რომ ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა სხვა ქვეყანაში, მოცემულ შემთხვევაში კი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ასე პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს მომავალთან. რას გვეტყვით უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე? მსხვერპლის მიუხედავად, რა განწყობებით რჩებიან ფრონტის ხაზზე და ზოგადად, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი ამ ომში?

ახლაც ასე ვფიქრობ!... და სხვათა შორის, უკვე არა მხოლოდ საქართველოსი...

მთელი პოსტსაბჭთა სივრცისა (მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, ნატოს, ევროკავშირის წევრები არიან) და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაც.

საერთოდ, დააკვირდით რამდენი რამე შეიცვალა ამ ერთ წელიწადში.. ფინეთი ნატოს წევრი გახდა, სომხეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთისადმი თითქოს ყველაზე ლოიალურები იყვნენ, რადიკალურად მოტრიალდა რუსეთისადმი დამოკიდებულება,  როგორც ძალიან არასაიმედო პოლიტიკური პარტნიორისადმი და თითქმის ყველამ ხმა ამოიღო მისი იმპერიალისტური ტირანიის და დიქტატის წინააღმდეგ...

რაც შეეხება ქართველ მებრძოლებს, არ მინდა ჩემს შეფასებებში ყალბმა პათეტიკამ გაჟონოს, ამიტომ, მოკლედ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მოგახსენებთ: 2014 წლიდან დღემდე, ამ 9 წლის განმავლობაში, ქართველები უკრაინელების შემდეგ უცვლელ მეორე ადგილს იკავებენ მებრძოლების რაოდენობით, ანუ უცხოელებიდან უცვლელ პირველ ადგილზე ვართ... მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობრებიც არიან... სამწუხაროდ, ასევე პირველ ადგილზე  ვართ უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს შორის დანაკარგების მხრივაც. 2014 წლის შემდეგ თითქმის 100 გმირი დაგვეღუპა, მათ შორის ჯამბულ ხოფერია, რომელთან ერთადაც გახლდით  ირპენში და რომელიც სამწუხაროდ გასული 2022 წლის პირველ დეკემბერს გარდაიცვალა... სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა სხვა ქართველ გმირებთან ერთად, ჩემი სამხედრო დღიური „უკრაინული დღეები“, რომელიც 2022 წლის მაის-ივნისს მოიცავს...

ასე რომ, თამამად შემიძლია მოგახსენოთ, ქართული საბრძოლო სულისკვეთება უკვდავია და ამ ერის გატეხვა რომ ასე ადვილი იყოს, თავის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ამდენ იმპერიას ვერ მოინელებდა და ვერც აქამდე მოაღწევდა... აქვე შეგახსენებთ ქართველი დისიდენტის, პოლიტპატიმრის და საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სიტყვებს:

„მსოფლიოს ახსოვს 2 მსოფლიო, 30-წლიანი და 100-წლიანი ომებიც კი, ხოლო საქართველოს ისტორია - ეს განუწყვეტელი ომების ისტორია გახლავთო...“


ყოველდღიური დაბომბვების, ადამიანური მსხვერპლის, ნგრევის პარარელურად, უკრაინელები აგრძელებენ ცხოვრებას - ხნავენ, თესავენ, აშენებენ, ხუმრობენ, იცინიან, ერთმანეთს ეხიდებიან. არც სტუმრების მიღება-დაბინავებაზე ამბობენ უარს. თქვენი, როგორც მწერლის, როგორც გარეშე პირის დაკვირვებით, რა აძლევთ მათ ამის ძალას, ან რა ახსნა მოუძებნეთ ამ ყველაფერს? ეს უბრალოდ შეჩვევაა ყოველდღიურ ტრაგედიებთან, თუ პირიქით, საკუთარი ძალის, დაუმარცხებლობის დემონსტრირება?

ალბათ ერთიც და მეორეც, შეჩვევაც და საკუთარი ძალის, გაუტეხელობის ჩვენებაც... საერთოდ, უკრაინელები და რუსები ე.წ. საერთო სლავური წარმომავლობის მიუხედავად ერთი უმთავრესი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან - უკრაინაში არასოდეს არ ყოფილა ე.წ. „კრეპოსტნოე პრავა“... უკრაინელები ტრადიციულად თავისუფალი ხალხია და „საკუთარი თავი თავადვე ეყუდვნით“. ეს თავისუფალი ხუტორებისა და თავისუფალი კოზაკების ქვეყანაა და მშვენივრად იციან, რომ საკუთარი  თავის მეტი არც პატრონი და არც გამკითხველი არ ჰყოლიათ და გენეტიკის დონეზე იციან - არ იმუშავებ და არ მოიყვან მოსავალს და ვერაფერს მიიღებ და მოიმკი, ომია და არ იბრძოლებ და შენს მოსაქნევ ხმალს სხვა არ მოიქნევს. ან მოგკლავენ, ან მონად გაგყიდიან ...

გარდა ამისა, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ამ ინტერვიუს დროს ძალიან ვეცადე არ განვმეორებულიყავი და არც თავად „უკრაინული დღეებიდან“ და არც ამ წიგნზე მიცემულ სხვა ინტერვიუებიდან არ გამემეორებინა პასუხები. ეს კი არც ისე იოლი აღმოჩნდა და აი, ამ კითხვაზე უკვე უნდა განვმეორდე - რაც თავი მახსოვს, 1999 წლიდან დავწანწალებ ცხელ წერტილებსა და კონფლიქტურ რეგიონებში: აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, ცხინვალში, ჩეჩნებში, დაღესტანში, ინგუშეთში და ავღანეთში და ყველგან ერთი და იგივე შთაბეჭდილება მრჩება, რაც უფრო უახლოვდები ცეცხლის ხაზს, მით უფრო უკეთესი ხალხი გროვდება. არ ვიცი ეს რა ფენომენია. უამრავი ახსნა შეიძლება მოუძებნო, მაგრამ ყველაფერი მაინც პირობითი ახსნაა და მეტი არაფერი...

უკრაინის შემთხვევაში კი ეს მთელ ქვეყანას ეხება... ამ ჯოჯოხეთურმა ომმა და წარმოუდგენელმა ტრაგედიამ მთელი უკრაინა ერთ მონოლითურ და ვფიქრობ, დღევანდელ ევროპაში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია... 2022 წლის 24 თებერვლის საბედისწერო დილამ უკრაინა დამცირებული, ოკუპირებული, ანექსირებული და დაქსაქსული ქვეყნიდან ნამდვილ სუპერსახელმწიფოდ მოავლინა!...

რის ფასად, ღირდა თუ არა, საერთოდ რა ღირს, ამდენი სიკვდილი, სისხლი, მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების, ბავშვების და მოხუცების დაღუპვა, ამაზე არც ფიქრი მინდა და არც  წერა... საამისო გამბედაობა ნამდვილად არ მყოფნის.


თუ კრემლი კართაგენივით არ დაინგრა, ბოროტების ურდო ყველა ჩვენგანის კარზე მოაკაკუნებს - ეს თქვენი სიტყვებია. ომის დასაწყისში ყველას ერთი კითხვა ჰქონდა - როდემდე გაძლებდა უკრაინა. პასუხი უკვე ვიცით
 - მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. წიგნს რეფრენად გასდევს რუსეთის მარცხის გარდაუვალობის ოპტიმიზმი,  მაგრამ მხოლოდ ბოლომდე ბრძოლის შემთხვევაში. რა განწყობებით დატოვეთ საომარი ზონა? კი წერთ, რომ ჰაერში „გამარჯვების სუნი იგრძნობა“, მაგრამ რამდენად ახლო მოჩანს ეს გამარჯვება?

მოაკაკუნა კიდევაც!... მე საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ კიევის აღების შემთხვევაში, მეორე ეტაპად მოლდოვაში, ანუ კიშინიოვში, ან თბილისში შემოჭრა განიხილებოდა და ამაზე საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდიოდა... კიევის ქართველმა დამცველებმა თავიანთი ბრძოლით, პირდაპირი მნიშვნელობით დაიცვეს თბილისი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამტკიცებდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში არასოდეს ყოფილა სხვა, თუნდაც ძმურ და მეგობრულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში უკრაინაში წარმოებული ომი ასე პირდაპირ დამოკიდებული საქართველოს მომავალ ბედზე... დიახ, ჩვენ ყველანი იქამდე გავძლებთ, ვიდრე საჭირო იქნება, რადგან ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა... სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ გეტყვით რამდენად ახლოს არის გამარჯვება. ეს უამარავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ის კი სრულად დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ უკრაინის და შესაბამისად, ჩვენი გამარჯვებაც გარდაუვალია... დიახ, უკრაინის ჰაერში ახლაც იგრძნობა გამარჯვების  სურნელი და ამ სულს ვერაფერი მოერევა და დაამარცხებს.


არის რამე ისეთი, რისი გაკეთებაც ვერ მოახერხეთ უკრაინაში, რაც უკმარისობის შეგრძნებებს გიჩენთ, რაც ჩაიფიქრეთ გამგზავრებამდე და ფიქრობდით, რომ მასზე  აუცილებლად დაწერდით, ან წიგნში ვერ მოხვდა და ახლა გინდათ მკითხველს უთხრათ?

ერთადერთი, რისი გაკეთებაც ვერ მოვახერხე უკრაინაში, გმირულად სიკვდილია... ახლა კიდევ ერთხელ და ძალიან ვცდილობ უკრაინაში დაბრუნებას. იქნებ ამ ჯერზე მაინც მოვახერხო ყოჩაღად დაბრედვა!.. ნუ, თუ ამჯერადაც არ გამიმართლებს და კვლავ გადავრჩები, ჩავიქნევ ხელს და გავაგრძელებ ცხოვრებას, ვიდრე ჩემთვისაც არ მოიცლის მიქელ გაბრიელი.

სხვა რაღა დამრჩენია?..


ესაუბრა ნინო თოლორაია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა