გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უსასრულო იდეები ანუ ესეი წიგნის კითხვაზე პანდემიის დროს

#1 ილუზორული სივრცეების გადალახვა

ნიუ-იორკში ცხელა. ფორტ-ჰამილტონ-პარკზე მანქანების უწყვეტი ნაკადის თავზე გადებული საფეხმავლო ხიდის ქვეშ მდებარე პატარა სკვერში სკამზე მოვეწყვე პოლ ტერუს „დიდი სარკინიგზო ბაზრის“ წასაკითხად. წიგნში ლონდონიდან ჰანოიში მატარებლით მოგზაურობა არის მოთხრობილი მთელი აზიის გავლით. წაკითხულის ძალით, წარმოსახვაში ჩნდება სურათი - იმდენად მკაფიო ილუზია, თითქოს, ფოტოგრაფის გადაღებული: ყვითელი აღმოსავლური სტეპი. ცაც კი – ყვითელი. წინა პლანზე – წყალი, რომელიც არც ლამაზი ტბაა, არც სწრაფი მდინარე, არც ტბორი, რომელშიც ღრუბლებს დაინახავდი. ამ გაურკვეველ, გაუგებარ წყალზე ჩანს მიმავალი მატარებელი, სურათის მარცხენა მხარეს რამდენიმე წამით – ჰორიზონტი, სანამ ლოკომოტივი მის ადგილს დაიკავებს. რა იქნება იმის იქით? – კასპიის ზღვა? ტბა? თუ ირანი?

რომი, ბანგკოკი, ვენა, ლოს ანჯელესი, დუბლინი – მხოლოდ ლანდებია არარსებულ ჰორიზონტზე.

რამდენი წელია, რაც აღარსად მიმოგზაურია. არც მოგზაურობის ჟინს შევუპყრივარ, მოუსვენრობა არ მომდებია. და აღარ ვიცი, როგორია ახალი სუნი და ახალი ლანდები, მერე ამ ყველაფრის ბედნიერი დასასრული.

მაინც რამდენი ხანია?

დროს თავსა და ბოლოს ვერ უპოვი... ვინ შეამჩნევს, როგორ გარბის, როგორ გისხლტება, გეცლება ხელიდან, როგორც წყალი პეშვიდან უკუნში. სანამ ბავშვი ხარ, დღეები იკრებს უამრავ სამყაროს, სეირნობას, თამაშს, გართობას, მოწყენასაც, ჩხუბსაც, დღეები სავსეა განცდებითა და სიხარულით მეგობრებსა და ამხანაგებთან ურთიერთობას რომ მოაქვს. ახლა კი დრო არის უძრაობისა და არაფრობის უტეხი ლოდი.

ხშირად მახსენდება შეშლილობის ყველა ეტაპი – უბედურების მოლოდინი, რეპორტაჟებში ნანახი სიკვდილი, პანიკა, ლოკდაუნი, ნიღაბი. წამდაუწუმ: ხელები დაიბანეთ, დისტანცია დაიცავით.

ამასობაში ჩემში რაღაც მოხდა, სამუდამოდ შეიცვალა. რაც მნიშვნელოვანი მეგონა და ასეთი არ ყოფილა, გაქრა. რაც მიხაროდა, აღარ მიხარია. რაშიც ჩაბმული ვიყავი, აღარც ის მინდა.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სადღაც შორს ისევ შეგიძლია ნახო დაუჯერებელი სილამაზის პეიზაჟი, არა ერთი და ორი, მრავალი, ამომავალი მზის სხივებით გაკაშკაშებული. სადღაც ტრიბუნები და საკონცერტო დარბაზები მსმენელის მოლოდინში არიან. ადამიანები, სამსახურს კარგავენ და უკეთესის იმედით ახალ მთავრობას ირჩევენ. სადღაც ნაპირებს უშველებელი ტალღები ეხეთქება(რეცხავს), ეს – სადღაც...

მე კი თერმოსიდან ჩაის ვისხამ და ტერუს ვკითხულობ. აი თავგადასავალთა ნამდვილი სუბლიმაცია. ზის ტერუ მატარებელში და აზიასა და ლათინურ ამერიკაში მოგზაურობს. მეც მასთან ერთად მივუყვები თავბრუდამხვევ პეიზაჟებს შორეულსა და ეგზოტიკურ გზებზე; მასთან ერთად ვცდილობ დავეწიო მატარებლის ფანჯარაში გაელვებულ სურათს.

ტერუს პირველი წიგნი, რომელიც სულმოუთქმელად წავიკითხე – პირდაპირ შემშურდა მისი დაუდგრომლობისა – იყო „ძველი პატაგონიური ექსპრესი: მატარებლით ამერიკის გავლით“ (The Old Patagonian Express: By Train Through the Americas,1977). ახლა ვეღარ ვჩერდები და ჩემს თაროებზე კიდევ რამდენიმე ტომი მელოდება.

თარო

ვკითხულობ და წარსული ცოცხლდება. 70-იანები. გაშვებული თმა. განიერი (ფართხუნა) შარვლები, შლაქსები. გადაღეღილი პერანგები. ძველი სახლის იატაკის ჭრაჭუნი. შავი ტელეფონი. დედას ღიმილი. მამაჩემის კოლეგების ყრილობა ჩვენს მისაღებში. ავტობუსი „იკარუსი“, ჩემი სახლის ეზოში დაბეჭდილი „ადიდასის“ ლურჯი კოსტიუმები და მაისურები უკვდავი „აბბათი“, სიუზი კუატროთი და „ბონი ემით“. პოლ ტერუ ისე მოგზაურობს, ვიზასა და ფულზე ზრუნვა არ სჭირდება, ის, რაც საბჭოთა ადამიანებისთვის წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. დედაჩემმა, მუზეუმში მუშაობის, ჯილდოების, „აფხაზეთის დამსახურებული კულტურის მუშაკის“ წოდების მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ მოახერხა სსრკ-ის საზღვარგარეთ ფეხის გადაბიჯება (რომ, როგორც ტურისტს, თვალი მოეკრა ქვეყნიერებისთვის, სხვა სამყაროსთვის). მამამ ნახევარი ევროპა სამხედრო ფორმით შემოიარა. ნახა ვენა. მაგრამ ახალგაზრდა ოფიცერს როგორ უნდა სცოდნოდა ან როგორ დაემახსოვრებინა ვენა?!

პოლ ტერუს მოგზაურთა ფორმულა ადვილია. ქვეყნები მატარებლების ფანჯრებში ისე იელვებს, როგორც პროექციები ეკრანზე. ხან იქაურებთან გამართულ დიალოგებს ვუსმენთ, ხან – წიგნებიდან ამოკრებილ ისტორიულ ფაქტებს. ხშირად ახსენებს ხოლმე მგზავრობისას წაკითხულ ედგარ ალან პოს, ბოსუელსა და მარკ ტვენის რომანებს. თითქმის ყოველთვის ამბის ქსოვილში ჩართული არიან ამერიკის საელჩოთა თანამშრომლები, რომლებიც მწერალს ლექციების ორგანიზებაში უწყობდნენ ხელს.

ესეების კრებულის – „ფიგურები პეიზაჟში“ – შესავალში ტერუ წერს თავის სამწერლო ტექნიკაზე, თვით პროცესზე: „ყოველთვის თან დამაქვს ჯიბის ბლოკნოტი და მთელი დღის განმავლობაში სულ რაღაცას ვიწერ. საღამოობით თხრობის ყალიბში მოქცეული ეს ჩანაწერები დიდ დღიურში გადამაქვს. ეს დაახლოებით ათასი სიტყვაა ყოველდღიურად, ხან – მეტი, ხან – ნაკლები. გზაში, თუ ამისი შესაძლებლობა მაქვს, ამ ფურცლების, ერთბაშად ორმოცი ან ორმოცდაათი გვერდის, ქსეროქსებს ვაკეთებ და შინ ვგზავნი. მოგზაურობის დასასრულს დაახლოებით შვიდ-რვა სქელ სტუდენტურ რვეულს ვავსებ, ეს არის ჩემი მომავალი წიგნის საფუძველი“.

ტერუ ლამაზად წერს. აი ფრაგმენტი წიგნიდან „დიდი სარკინიგზო ბაზარი: მატარებლით აზიაში“ (The Great Railway Bazaar: By Train Through Asia” 1975), რომელშიც თურქეთს აღწერს, ჰყვება, რა მშვენიერი ქვეყანაა, ადამიანი კი – არა. პეიზაჟის სრულყოფილებასა და კაცთა მოდგმის არასრულყოფილებას აღწერს.

„შუა თურქეთში მწუხრი (დაისი) ყველაზე მშვიდი დროა: ხავერდოვან ლურჯ ცას რამდენიმე მბრწყინავი ვარსკვლავი აბნევია, მთების ჩაშავებული სილუეტები შესანიშნავად ეწერება საერთო ფერთა გამაში, გუბეები წყალსაქაჩთან დაღვრილი ვერცხლისწყალივით კამკამებს და იდღაბნება. მაგრამ ადრე ბინდდება და ისე ბნელდება, თვალთან მიტანილ თითს ვერ დაინახავ. მხოლოდ მტვრის სუნითღა, ჯერ კიდევ ჰაერში რომ ტრიალებს, გრძნობ გამასავათებელი ჩავლილი დღის მცხუნვარებას“.

– მისტერ! – მეუბნება მწვანეთვალება თურქი გამცილებელი, რომელმაც ტამბურში გაიარა საძილე ვაგონის კარის დასაკეტად. მას ჰგონია, რომ მატარებლის დანარჩენი ნაწილი მძარცველებითაა სავსე.
– დიახ!
– მოგწონთ თურქეთი?
– მომწონს.
– გმადლობთ, მისტერ...

ასფალტზე უსინათლო ქალის ჯოხის კაკუნი რეალობაში მაბრუნებს. გარშემო მტრედები მეხვევიან – ნასუფრალის მოლოდინით. თავზე მაღალი ხეების ვარჯების გოტიკური გუმბათი მადგას. 11 გამხდარა. წიგნი ზურგჩანთაში ჩავიდე და, შინისკენ მიმავალმა, მოგზაურობის სავარაუდო მარშრუტებზე დავიწყე ფიქრი. ხან სევდიანად დავყურებ ჩემი შვილების რუკებსა და სასკოლო გლობუსს. ამ ავადმყოფობას ლამაზი ინგლისური სახელი აქვს – wanderlust.

 

#2 მეხსიერების გაცოცხლება

პლატონი ამტკიცებს, რომ „ფილოსოფია გაკვირვებით იწყება“. და ლიტერატურა რით იწყება? – მე მგონია, სხვისი გაოცების სურვილით.

ბიბლიოთეკასა თუ მაღაზიაში ახალი, უცნობი, წიგნი ყოველთვის ისეთი მღელვარებით მავსებს, რომ კრთომა მეწყება, ვთრთი იმის შიშით, არ გამომრჩეს რამე ახალი, ვერ შევამჩნიო მთავარი. მუხლების კანკალს ვერაფერს ვუხერხებ ხოლმე. ხასიათია. მივეჩვიე.

მახსოვს, როგორ ვიდექი ნიუ-იორკის ბიბლიოთეკის უსასრულო თაროებთან და ხელები მიკანკალებდა. პირველი, რასაც თვალი მოვკარი, იყო მელვილი, „მობი დიკი“ .

„ძველსა და ნაცნობ ტექსტებს დავუბრუნდე თუ რა ჯობია – ახალი წიგნი აღმოვაჩინო?“

„ახლებსაც წავიკითხავ და ძველებსაც, ყველაფერს წავიკითხავ...“, – ვთქვი ჩემთვის და მელვილის რომანის ფურცვლა დავიწყე, გამახსენდა, რომ ადრე რუსულად მქონდა წაკითხული, მაგრამ ორიგინალი ხომ სულ სხვაა.

გადაშლილი

მელვილს ყოველთვის მარადისობის უკუნში მივყავარ. მეოცე საუკუნის მიწურულს ჩეხეთში ვიყავი, ქალაქ ტურნოვოში. მაშინ – 18 წლისა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცი. ნაცრისფერი ცა, უხეში სამხედრო ფორმა, დილის ექვს საათზე ადგომა. ყოველი დღე მომდევნოს ჰგავს. სევდა. მაგრამ... ნაწილის ბიბლიოთეკაში მელვილის „მობი დიკი“ აღმოვაჩინე. რომანს ნება-ნება, დროდადრო, უსისტემოდ ვკითხულობდი. წიგნს კაპიტანმა, არამზადა აფანასიევმა მიაგნო ჩემს ტუმბოში.

– ა, კითხულობ? – მეკითხება რიხით ოფიცრის როლში, – საინტერესოა, რა დაუფლებია ჩვენი ჯარისკაცის გონებას?

ყაზარმა გაისუსა. კაპიტანს, რომელსაც ყველაფრის უფლება ჰქონდა, შეეძლო საშინელ შარში გავეხვიეთ, მაგალითად: ვეიძულებინეთ, მთელი საათი მწყობრში გვევლო. სამშობლოს სადიდებელი გვემღერა ან იარაღის წმენდა დაევალებინა, ძილის ნებაც, შეეძლო, არ მოეცა.

ამ უტვინო, ხეთაგანი აფანასიევის ხელში მელვილის ტომი რომ დავინახე, გულში ვთქვი:

ფუჰ, რა მკრეხელობაა-მეთქი, სიბილწე ნამდვილი, თითქოს ეს დიდებული წიგნი გაესვარა.

„ისმაილი დამიძახეთ“, – ამოიკითხა პირველი ფრაზა აფანასიევმა, მაგრამ ჯარის ბიბლიოთეკის ბეჭდის დანახვამ დაამშვიდა და „მობი დიკი“ თავის ადგილზე, ტუმბოზე, დადო.

– რაზეა? – მკითხა მან.
– ვეშაპზე მონადირეების შესახებ.
– კარგი... ისმაილი. დღეიდან ასე დაგიძახებთ... არა, ამხანაგო ჯარისკაცებო?
მეტსახელი მომაკერეს.
„ისმაილი... იყოს ისმაილი, – ვამბობდი ჩემთვის, – რა, ცუდია?..“

ახლა უკვე ვიცი: უნდა შეძლო და მოთმინება გამოიჩინო, თუ გინდა, რომ მიიღო გენიოსის ძღვენი, ამისთვის მთელი ცხოვრება დამჭირდა. კითხვის დროს არ ღირს აჩქარება.

თავშეკავება ხომ ზოგჯერ ადამიანის მთავარი ღირსებაა. აი ფრაგმენტი, რომელსაც მწერალმა „ვარაყი“ დაარქვა. მელვილის პროზა არ არის ადვილი და ის მშვენიერია...

„სწორედ იმ დღეს, როცა სტარბეკი თავისი ველბოტის გემბანიდან ისევ უძირო ოქროს ჩასცქეროდა, წყნარად აღმოხდა: შენ ხარ უკიდეგანო, გამოუთქმელი მშვენიერება, როგორიც შეყვარებულის აღტაცებაა, სატრფოს მზერას რომ შესციცინებს! ხმა, კრინტი არ დაძრა შენს მჭრელეშვებიან ზვიგენებზე, არც კაციჭამიურ ვერაგობაზე. დაე, ჭეშმარიტებამ რწმენას დაუთმოს გზა, ხსოვნამ – გამონაგონს, და მე ეს მჯერა...“

''Let faith oust fact; let fancy oust memory“. საოცარია, არა?

#3 გამონაგონი 

1.

– ყველაფერს საბოლოოდ მთხრობელთან, მწერლობასთან, წიგნთან მივყავართ, – ვეუბნები ნაცნობს, რომელსაც პრესტიჟულ ამერიკულ გამომცემლობაში დიდი თანამდებობა უკავია.
– ასეა? – დაეჭვებულმა მკითხა.
– აბა რა, ყველა ფილმს, სპექტაკლს, სერიალს... ტექსტი უდევს საფუძვლად...
– მაგრამ, როცა საგამომცემლო საქმეებით ვარ დაკავებული, ეს არ მახსენდება. ხშირად ვფიქრობ, რომ წიგნები არავის სჭირდება...
– აი მაგალითი – ზურგჩანთიდან ვიღებ ორ dvd-ს – ერთი ფილმია – „პარფიუმერი“ , მეორე – „ორლანდო“, – ცნობილი რეჟისორების – ტილდა სუინტონის და დასტინ ჰოფმანისა... მაგრამ, პირველ რიგში, – ზიუსკინდისა და ვულფის რომანები. ესენი ტექსტების გარეშე ხომ ვერ შეიქმნებოდა. ეს რომანები დაახლოებით ოცდაათი წლის წინ წავიკითხე, მაშინ საქართველოში ვცხოვრობდი.
– აქამდე არ წამიკითხავს. უნდა წავიკითხო...
– აუცილებლად, ოღონდ ჯერ – „ორლანდო“...

როგორი განცდაა, პირდაპირ მშურდა ჩემი მეგობრისა, რომელსაც „ორლანდო“ პირველად უნდა წაეკითხა.

ორლანდო მამაკაცის სხეულიდან ქალის სხეულში შედის, სამ საუკუნეში მოგზაურობს, ქვეყნებსა და ხალხებს მოივლის. რენესანსიდან – დედოფალ ვიქტორიას ეპოქაში. ჯერ ელიზაბეთ პირველის პაჟია, მერე ინგლისის მეფის, ჩარლზ მეორის, ელჩი კონსტანტინოპოლში და მეოცე საუკუნის პოეტ ქალამდე აღწევს. საკვირველი სახეა.

ნახეთ ახალგაზრდა ორლანდო, რომელიც პოეზიას თხზავს:

„ათი გვერდი და მეტიც ლექსებით ივსებოდა სულ მალე. სიტყვა წყალივით მოსდევდა, მაგრამ რთულად გასაგები იყო. მისი პიესის პერსონაჟები - მანკიერება, დანაშაული და სიღატაკე, წარმოუდგენელი ტერიტორიების მეფეები და დედოფლები იყვნენ; მათ საზარელი შეთქმულებები უბნევდათ თავგზას; ამაღლებული გრძნობები სძლევდათ; არც ერთ პერსონაჟს არ დასცდებოდა არც ერთი სიტყვა ისე, როგორც თავად ორლანდო იტყოდა ამას, მაგრამ ყველაფერს ისეთი სილაღითა და გულისხმიერებით აკეთებდა, რომ მისი ასაკის - მას ხომ ჯერ ჩვიდმეტიც არ შესრულებოდა -  და იმის გათვალისწინებით, რომ მეთექვსმეტე საუკუნე ჯერ არ მიწურულიყო, მართლაც ქებას იმსახურებდა.

მეთექვსმეტე საუკუნეს კიდევ რამდენიმე წელს უნდა ეჭრიალა - The sixteenth century had still some years of it course to run, were remarkable enough - რა შესანიშნავია, არა? ნეტავ, ჩემი დაწერილი ყოფილიყო ეს ფრაზა.

ვულფი ბლუმსბერის სახელგანთქმული წრის დასაწყისთან დგას - იმ წრისა, რომლის წევრებიც აღტაცებით შეეგებნენ ახალ ასწლეულს ევროპელებს ბევრ რამეს რომ აღუთქვამდა.

თანამოაზრეთა ჯგუფი ბლუმსბერი შორეულ 1906-ში შეიქმნა. ჯონ მაინარდ კეინსი, ლიტონ სტრეჩი, ვირჯინია და ლეონარდ ვულფები, ვანესა და კლაივ ბელები, დანკან გრანტი, ი. მ. ფორსტერი, როჯერ ფრაი.

სახელწოდება ლონდონის რაიონის მიხედვით შეურჩიეს, სადაც სტივენების (შემდეგ ვირჯინია ვულფი და ვანესა ბელი) სახლი იდგა. ბლუმსბერის წრეში იმ დროისათვის ყველაზე პროგრესულ იდეებს მისდევდნენ, ხელოვნება რელიგიის რანგში აჰყავდათ (რაც ასე ძვირფასია ჩემი სულისთვის) და აღმერთებდნენ ფერწერას.

ერთხელ, ლონდონში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით ბლუმსბერელი მხატვრების გამოფენაზე შევედი. ფერწერის პატარა მარგალიტების თვალიერებამ, მოჯადოებული მოგზაურივით, მომწყვიტა უზარმაზარი ქალაქის ფუსფუსს. ლონდონში შექმნილმა ხელოვნებამ თვითონ ქალაქი გამიხსნა. აუჩქარებლად ვსწავლობდი ყველა დარბაზს, ვცდილობდი ჩამომეყალიბებინა აზრი, რომ ხელოვნების სივრცე ხშირად მოჩვენებათა შეხვედრის ადგილია. ვანესა ბელის ნამუშევრების თვალიერებისას მის დაზე, ვირჯინია ვულფზე ვფიქრობდი.

ესენი იყვნენ დები, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ინგლისურ კულტურაში, მაგრამ მშფოთვარე მეოცე საუკუნის არეულობაში მერე თვალს მიეფარნენ.

(არ არიან) ლანდები?..

მუზეუმში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე წიგნების მაღაზიაში ვულფის დღიურების პატარა ტომი ვიყიდე. როცა ექსპოზიცია ბოლომდე დავათვალიერე, გრძელ ხის სკამზე ჩამოვჯექი და ჩანთიდან ახალი წიგნი ამოვიღე. ზედამხედველის თვალმა – რაღაც მტაცებელი ფრინველის თვალს რომ გაგონებდათ – ჩემი მოძრაობა შენიშნა, მაგრამ ინტერესი მაშინვე გაუქრა. მწერლის დღიური ალალბედზე გადავშალე.

„ორშაბათი, 26 იანვარი. 1920“.

გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო. ოცდათვრამეტი წელი შემისრულდა. რა თქმა უნდა, უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ოცდარვა წლის წინ ვიყავი; დღეს უფრო ბედნიერი, ვიდრე გუშინ, რადგან დღეს დამებადა იდეა ახალი რომანის ახალი ფორმისა“.

1941 წლის 28 მარტს, 21 წლის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაგრამ მაშინ, 1920 წელს, ბედნიერი იყო და უამრავი გეგმაც ჰქონდა.

2.

ზიუსკინდის რომანი „პარფიუმერი“ – არაჩვეულებრივი ყნოსვის ადამიანზეა დაწერილი, გენიოსსა და ბოროტმოქმედზე, იწყება მე-18 საუკუნის სიმყრალის, მისი საშინელი სუნის აღწერით... ეს ალბათ ქალაქის სუნის საუკეთესო აღწერაა ლიტერატურაში. სხვა რა დაგვრჩენია, გავყვეთ მწერალს, რომელიც მე-18 საუკუნის პარიზის ქუჩებში გაგვიძღვება.

„ეს ის დრო იყო, როცა ქალაქებში ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისათვის დაუჯერებელი სიმყრალე ტრიალებდა. ქუჩები ნაკელით ყარდა, ეზოები – შარდით, სადარბაზოები – ჩამპალი ხისა და ვირთხის ცურცლის სუნით, სამზარეულოები – ნახშირის მახრჩობელა სუნით, დამპალი კომბოსტოთი და ცხვრის ქონით. ჩახუთული სასტუმრო ოთახები – ჩატეტკილი მტვრის, საძინებლები გაზინთული ზეწრების, აშმორებული საბნებისა და ღამის ქოთნების ცხვირში საცემი რაღაცნაირი სუნით ყარდა. ბუხრებიდან გოგირდის სუნი გამოდიოდა, სათრიმლავებიდან – მწვავე ტუტეების, სასაკლაოებიდან – შედედებული სისხლისა. ადამიანები ოფლისა და გატურტლული ტანსაცმლის სუნად ყარდნენ. პირიდან ჩამპალი კბილების სუნი გეცემოდათ, სტომაქიდან – ხახვისა, უკვე სიბერისას, ძველი ყველის, ბრკემოკიდებული რძისა და დაჩირქებული სიმსივნის სუნი“.

ზიუსკინდი განდეგილივით ცხოვრობს. არავის სთანხმდება ინტერვიუზე, არც – ფოტოს გადაღებაზე, გაურბის გლამურულ ცხოვრებას. ხან გერმანიაშია და ხან – საფრანგეთში. ნევრასთენიკის შესაფერი ცხოვრების ალბათ ერთადერთი სასურველი წესი ეს არის. მაგრამ მისი სამყარო სავსეა ზუსტი დაკვირვებით, ადამიანური ნატურისა და იმ პეიზაჟების ბრწყინვალე ცოდნით, რომლებშიც მისი პერსონაჟები მოქმედებენ.

როცა „პარფიუმერში“ ზღვის აღწერა წავიკითხე – პაპანაქება სიცხეში, თბილისში, შევარდნაძის ეპოქის თბილისში – უბრალოდ, გონება გადამეკეტა.

„ზღვას გაბერილი იალქნის სუნი ჰქონდა, რომელშიც წყლის, მარილისა და ცივი მზის სურნელი იყო შეზავებული. ეს უბრალო და ამავე დროს დიდი და განსაკუთრებული სუნი იყო. გრენუი ყოყმანობდა, არ უყვარდა მისი დაშლა თევზის, მარილის, წყლის, წყალმცენარეების, სისუფთავისა თუ სხვა სუნებად. უნდოდა შეერთებულად ყოფილიყო, მეხსიერებაში მთლიანად ინახავდა და ასე ტკბებოდა. ზღვის სუნი ისე მოსწონდა, რომ ოცნებობდა, ოდესმე სუფთა, ხალასი და იმდენი შეესუნთქა, რომ დამთვრალიყო“.

 „ზღვა ზუსტად ასეთია. დიდოსტატია“, – ვამბობდი ჩემთვის, როცა მივყვებოდი მთავარი გმირის, ჟან-ბატისტ გრენუას საზარელი ცხოვრების პერიპეტიებს და თითოეული სიტყვით ვტკბებოდი.

ზიუსკინდი ზღვის სურნელის აღწერისას იმ დასკვნამდე მიდის, რომ „სუნიც კი არ ეთქმოდა, არამედ სუნთქვა, ამოსუნთქვა, ყოველგვარ სუნზე მეტი“.

სწორედ ეს „ყველა სუნზე მეტი“ მაკლდა თბილისში მე, ზღვის პირას გაზრდილს.

 

#4 სამყარო, რომელშიც ყველაფერი თავის რიგზე მიდის

1.

ტექსტებს დროში სამოგზაუროდ მიჰყავხარ და ეს რომ შეიგრძნო, ხანდახან თაროებზე მთვლემარე კლასიკოსებს სული უნდა შეუბერო მტვრის მოსაშორებლად. აგვისტო ევროპული შუა საუკუნეების წიგნებთან გავატარე, ერთს მეორე მოსდევდა. კრიალოსანივით ვმარცვლავდი: „სიმღერა როლანდზე“, „ვარდის რომანი“, “La Vita Nuova”, დეკამერონი“.

წარსულის კარი ადვილად არ იღება.

ნაწყვეტებს ვკითხულობდი მეტროში, შინ, კაფეში, მაგიდასთან. ზოგჯერ მხოლოდ ერთ პარაგრაფს, მეტის ძალა არ მქონდა. მხოლოდ ფრაგმენტებს, მერე ამ ფრაგმენტებისგან, ფრაზებისა და სიტყვების სმალტისაგან ნება-ნება მოზაიკას ვაწყობდი.

წიგნი

აი დანტე – „ღვთის ნაბოძები უდიადესი საჩუქარი ჩვენს საუკუნეს“, – როგორც ამბობს ბოკაჩო.

დანტე... რა შემიძლია ვთქვა დანტეზე?! მაგრამ მე მასზე არ ვწერ – მასზე უკვე ყველაფერი, რაც უნდა თქმულიყო, დაწერილია, – მე ვწერ ჩემს მხსნელებზე, წიგნებზე, ყოველდღე რომ მშველიან.

დიდებული ტექსტია „La Vita Nuova". ჩვენ წინაშე ცხრა წლის დანტეა, რომლის სამყარო სილამაზის გაელვებამ სამუდამოდ შეცვალა: „მე ის ვიხილე, ცხრა წლის რომ ვიყავი. ჩემ წინ იდგა ნაზი ალისფრით შემოსილი, კდემამოსილი და სპეტაკი, სარტყლით, ისე მორთული, როგორც შეჰფეროდა მის სინორჩეს. ჭეშმარიტს გაუწყებთ, რომ სიცოცხლის ძალი, რომელიც ჩემი გულის უძვირფასესი საუნჯეა, ისე ძალუმად ამიჩქროლდა, რომ თითოეული ძარღვით ვიგრძენი და თრთოლით წარმოვთქვი მე ეს სიტყვები: ''Ессе deus fortior me, qui veniens dominabitur mihi" („აი უფალი, ჩემი მძლეველი, რომელიც მოვალს და წარმმართავს მე“).

და რას ნიშნავს ეს? დაუჯერებელია, ღვთიურ სიყვარულს ვით ედარება ამ მიწისა? „რომელიც მმართავს მე?“ და მას ამისი ნება დართეს? დანტეს „ახალი ცხოვრება“ საოცარი ტექსტია, სავსე გამოცანებით და შეკითხვებით, რომლებზეც პასუხები არ არსებობს.

თუმცა როგორი შეიძლება იყოს პასუხები? შუა საუკუნეების წიგნები შორეული წარსულის წიგნებია, რომლებიც უცნობ და განუცდელ ქვეყანას ჰგავს, ქვეყანას თავისი ტრადიციებით, წესებით, დროის ნისლში გამქრალი ენებით, დინასტიათა კონფლიქტებში გადახატული საზღვრებით, დაუსრულებელი ომებითა და ხალხთა სისხლით.

2.

ზაფხული იწურება. ცინცინატის ერთ ციცქნა ბუკინისტურ მაღაზიაში ჭერამდე წიგნებით სავსე თაროზე პიტერ აკროიდის მიერ პროზაულად გადმოცემულ ჩოსერის „კენტერბერიულ მოთხრობებს“ წავაწყდი. მაღაზიაში ერიკ სატის „ჰიმნოპედია“ ისმის. პიანისტის ხელი ნელა მიჰყვება კლავიშებს... და ნოტები, თითქოს, წიგნების გარემოცვაში გაყურსული, აღარც კი იძვრის. ჩოსერის/აკროიდის ტომი გადავფურცლე და იქვე ჩავიძირე „მეფისწულის მოთხრობაში“ - ისტორიაში ერთ გოგონაზე შეყვარებული ბიძაშვილებისა.

წიგნები

 „ცისქვეშეთში ყველაფერი ისევ თავისი გზით მიდიოდა, დღე დღეს მისდევდა, წელიწადი – წელიწადს, სანამ მაისის ერთ მშვენიერ დილას მოულოდნელად ყველაფერი არ შეიცვალა. გაზაფხულის იმ მშვენიერ დილას, როცა ემილია, დედოფლის და, ის, ვინც უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ზურმუხტის ტოტზე გადაშლილი შროშანი, მაისის პირველ ყვავილებზე უნორჩესი და ვარდზე უფრო საყვარელი, რომლის სიწითლე ვერ შეედრება მისას, საწოლიდან წამოდგა და მოემზადა, რათა დღეს მზის ამობრძანებამდე შეხვედროდა. მაისს არ უყვარს ღამის სიზარმაცე, ის ყოველ კეთილშობილ გულს მოსვენებას უკარგავს და სულს აღვიძებს: „ადექი, მალე ადექი, მალე და გაზაფხულს დაუთმე გზა“...

და აი ასე: ყველაფერი ჩვეული გზით მიედინებოდა, – გავყევი ჩოსერს (გავიმეორე ჩოსერის სიტყვები) და მოლარე ქალს მივუახლოვდი, წიგნებით გარშემორტყმულს, რომელიც ტკბილად თვლემდა – ჩემ გარდა, არავინ იყო მაღაზიაში – დავაფრთხე – წიგნი დახლზე დავდე,

– აა... აკროიდი...– ჩვენ სხვა წიგნებიც გვაქვს აკროიდის, მაგალითად, ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორიაზე ლონდონში. საინტერესო ტექსტია.

– დიახ, ვიცი, სხვა დროს შემოგივლით და აუცილებლად ვიყიდი.
გამყიდველმა იცის, რომ ეს „სხვა დროს“ არ იქნება და თავს მაინც მორჩილად მიკანტურებს. – რვა დოლარი, – მეუბნება, ვიხდი ფულს და ვიღებ ჩოსერი/აკროიდის ტომს, რომელიც „კენტერბერიული მოთხრობების“ მესამე ცალი იქნება ჩემს ბიბლიოთეკაში.

 

#5 დღიური

2019-ში მთელი წელი მეორე რომანის დაწერას მოვანდომე. მეგონა, ტექსტი თავისთავად გადადიოდა რვეულის ფურცლებზე.

 „რა ადვილია, – ვამბობდი ჩემთვის, – ნუთუ ყოველთვის ასე იქნება, მერეც ასე გაგრძელდება?“

როგორ მიედინება. რა უჩვეულოა ამისი შეგრძნება.

მაგრამ ნამდვილად უჩვეულო დრო მერე დადგა: ვირუსი, პანდემია, კარანტინი. ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ სახლებში გამოვიკეტეთ: მე, ჩემი ცოლი, ბავშვები, აღარც პარკში სეირნობა, არც სკოლა, არც საბავშვო მოედნები. ნიუ იორკიდან ცინცინატიში გადავბარგდით. იქ სახლია, ეზო, სხვენიც, სარდაფიც. კორონისგან გაქცეულებმა იქაურობას შევაფარეთ თავი. რა უნდა დამეწერა!

რომანის ერთ სტრიქონსაც ვერ მოვაბი თავი და ძალაგამოცლილმა დღიურის წერა დავიწყე.
ვწერდი, როგორ გარბოდნენ დღეები. ოღონდ ამ ხნის განმავლობაში სულ ვკითხულობდი, ვწერდი ჩემს შვილებზე, ახალ ამბებზე, მთელი მსოფლიოდან ჩვენამდე რომ აღწევდა.

დღიური

19 მაისს ჩამიწერია: „წვიმს, წვიმს მთელი დღე, კოკისპირულად, მე კი ვკითხულობ და დღიურებს ვავსებ, თანაც – სიამოვნებით. ამას რა სჯობია – არ მოშორდე ჩანაწერებს, რომლებზეც არ უფიქრიათ, თუ ვის ხელში აღმოჩნდებოდა.

აი, დანიელ დეფოს „შავჭირმოდებული ქალაქის დღიური“. 1665 წელი. – ჩვენს დღეებს აღწერს, თანაც – უკეთესად ყველა დანარჩენზე. „უფრო და უფრო იზრდებოდა დაბნეული ხალხის განგაში. მგონია, მაშინ ადამიანები უფრო მეტად მიიქცნენ მკითხავების, ასტროლოგების, სიზმრებისა და მოჩვენებებზე შეთხზული ამბებისაკენ, ვიდრე ოდესმე – მანამდე ან შემდეგ...“.

სწორედ პანდემიამდე ბრუკლინის ტროტუარზე სეირნობისას მოვკარი თვალი წიგნებით სავსე ყუთს, რომელზეც მსხვილად წაეწერათ: „შეგიძლიათ, წაიღოთ“. პირველი წიგნი – ეს იყო დეფოს „შავჭირმოდებული ქალაქის დღიური“. ავიღე და ისევ დავდე: „აი რად მინდა? რა ჭირი? რა ეპიდემია?“

თურმე როგორ ვცდებოდი... 2020 წლის გაზაფხულზე ჩემი საუკეთესო თანამგზავრი გახდა დეფო.

„იქით ვცხოვრობდი, დაახლოებით შუა გზაზე ოლდგეიტის ეკლესიიდან ვაილდჩაპელ ბარებამდე, ქუჩის მარცხნივ, ჩრდილოეთის მხარეს, და რადგან ქალაქის ამ მიდამოებში ავადმყოფობას ჯერ ვერ შემოეღწია, აქაურობა მშვიდობიან ცხოვრებას განაგრძობდა, მაგრამ ქალაქის მეორე ნაწილი, შიშით შეპყრობილი შეძლებული მცხოვრებნი, განსაკუთრებით წარჩინებულნი და აზნაურნი, ლონდონის დასავლეთიდან დიდიან-პატარიანად ტოვებდნენ ქალაქს“.

ჩვენც, ყველა, ავიყარეთ ნიუ იორკიდან. დეფოს ამ სტრიქონებშიც ამიტომ ახლა ყველაფერი გასაგებია და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ჩვეულებრივი, თითქოს, რა მოხდა მერე, ვინ არ მოსწრებია ამგვარ დროებას.
 

#6 ისტორია

ქუინსიდან ბრუკლინში, ბედფორდ ავენიუს სადგურ G-ისკენ მატარებელი გრუხუნით მიიწევს. ვიღაც წვერმოშვებული ახალგაზრდა, რომელსაც ყავისფერი ზედა და მაღალქუსლებიანი თეთრი ფეხსაცმელი აცვია, ვაგონიდან ღამეული სადგურის მოულოდნელობაში გადის.

მარტო ვარ ვაგონში. ვფიქრობ წარსულზე, ისტორიაზე, როგორც დისციპლინაზე, რომელმაც გასაოცარი ტექსტები შვა. მახსენდება, როცა თბილისში, ფიქრის გორაზე, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, თითქმის ყოველ საღამოს, მაშინ, როცა მოეპრიანებოდა, ჩემი ერთი ნაცნობი, გვარად მაჩუტკოვსკი, შემოივლიდა ხოლმე, რითაც ჩემს ამერიკელ მეგობარს, ჩემს მომავალ ცოლს, დიდად აფრთხობდა. და არა მარტო მისი უდროო დროს გამოცხადება – არა, ყოველი მისი მოსვლა ნიშნავდა, ხმამაღლა დაგვეწყო გრიგოლ ტურელის „ფრანკთა ისტორიის“ კითხვა.

ამოვკრებდით ხოლმე ტექსტიდან ახალ-ახალ კოშმარებს, სისასტიკეს, ბრძოლას, სისხლს, მკვლელობას და ვხარხარებდით ამ სცენების გათამაშებისას.  

– წარმოიდგინე, – ვეუბნები, – მეფე ჰუნერიხი ბრძანებს, წმინდანი ჯერ ჯიჯგნონ, ცეცხლითა და ხიშტებით აწამონ, მერე კი მოკლან. ნეტარ ევგენიუსს მახვილით მოუღონ ბოლო...

მაჩუტკოვსკი ხელიდან მტაცებს წიგნს, ალალბედზე შლის და კითხულობს: „ერთხელ სიგიბერტმა კიოლნი დატოვა და რაინზე გადავიდა, რათა ბულონის ტყეში გაესეირნა, მაგრამ შუადღის ჟამს, როცა თავის კარავში ეძინა, თავისმა ძემ მკვლელები მიუსია, რათა სიცოცხლისთვის გამოესალმებინათ, რომ მის სამეფოს დაჰპატრონებოდა...“

– წარმოგიდგენია!.. მერე რა წერია? – ვაქეზებ მე.
– ის, – განაგრძობს კითხვას მაჩუტკოვსკი, – მეფე ხლოდვიგთან გზავნის დესპანებს, რათა აუწყონ, რომ მამამისი აღესრულა: „აღარ არის მამაჩემი, მისი სიმდიდრე და სამეფო ჩემს ხელში გადმოვიდა. გამოგზავნე შენი კაცები ჩემთან და სიამოვნებით გამოვატან სიგიბერტის საგანძურიდან ყველაფერს, რაც მოეწონებათ“. ხლოდვიგმა მას შეუთვალა, „მადლობას გიძღვნი კეთილი სურვილისათვის, მაგრამ გთხოვ მხოლოდ ერთს, რომ, როცა ჩემგან გამოგზავნილნი შენთან მოვლენ, უჩვენე მათ საგანძური, მერე კი შენ გქონდეს კვლავ ყველაფერი“.

– შენ გესმის, რა არამზადა იყო ეს ვაჟბატონი!
– აბა! – მეთანხმება მაჩუტკოვსკი, – შენ ნახე, თუ გრიგოლ ტურელმა არ გაასაღოს!

„როცა ხლოდვიგის კაცები მოვიდნენ და მათ წინაშე გახსნა მამის საგანძური, ძვირფასეულობის დათვალიერებისას უთხრა მოსულებს: „აი ჩვეულებრივ ამ ზანდუკში ინახავდა მამაჩემი ოქროს მონეტებს“, რაზეც შესთავაზეს: „ჩაყავი ხელი ბოლომდე და აიღე, რამდენიც გინდა“. როცა ის ასეც მოიქცა და თავდახრილი იყო, ერთ-ერთმა ნაჯახი მოუქნია და თავი გაუპო. ისეთი ბედი ეწია უღირს ძეს, როგორიც მან მამას განუმზადა“.

მერე ჩემი ჯერი დადგა. ვშლი წიგნს შემთხვევით გვერდზე და ვკითხულობ: „მდინარეში წყალმა ისე აიწია ჩაყრილი ცხედრების გამო... რომ ფრანკებმა მათზე დაუბრკოლებლად გადაიარეს, თითქოს, ხიდი ყოფილიყო“.

ბევრს აღარ ვიტყვი, „ფრანკების ისტორიის“ კითხვის მერე ჩემს თავს ვუთხარი: შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდი რითაა ცუდი? – წიგნებს კითხულობ, შეყვარებული ხარ, არც ოცნებაზე აგიღია ხელი, არც ცუდი სიგარეტები გაკლია და უსაქმურობ, ხარ შენთვის, უდარდელად, მთელ ქალაქს უვლი ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ. მეგონა, სულ ასე ვიქნებოდი, როცა ახალგაზრდა ხარ და იმედით სავსე, გგონია, რომ ასე გაგრძელდება... მაგრამ ხომ უნდა მეპოვა პასუხი, გამეაზრებინა, რა დროში, ისტორიის რომელ მონაკვეთში მომიწია ცხოვრებამ. საშინელ დროში. ჩემ თვალწინ საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა, ტკივილით დაბადებული, მსხვერპლით, სისხლით, შეუწყნარებლობით.

უკიდურეს საშინელებათა ნახვამ, რომლის მოწმეც მე გავხდი, წერა გადამაწყვეტინა, მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა.

პირველი ამბავი, რომელსაც მოკლედ მოვყევი, და რომელიც არც არავისთვის მიჩვენებია, იყო შემთხვევა შიშისაგან წაშლილი ადამიანისა, რომელსაც ბრბო გაუსწორდა (ხომ შეგიმჩნევიათ, გაჭირვებისა და უბედურების დროს რა საზარელია ხალხი, რომელიც მზად არის, მსჯავრი გამოიტანოს და სასჯელიც აღასრულოს?). მას ბრალად ედებოდა ის, რომ ვითომ „მხედრიონელ“ კაციჭამიებს აფხაზების სახლებს უჩვენებდა.

ეს ადამიანი, ძალაგამოცლილი, დალეული, შიშისაგან აკანკალებული, სიკვდილის მოლოდინით, არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მუხლებთან გამობერილი სპორტული შარვალი, ჩამოგრძელებული ცხვირი, შავი თმა და გაფითრებული სახე, გალურჯებული გაწვრილებული ტუჩები.

– რა ხარ? გამყიდველი ხარ! შენ ხომ დედით აფხაზი ხარ!

სოხუმელი ქართველების ბრბო, ასობით გააფთრებული ადამიანი, არ აპირებდა დაეზოგა ადგილობრივი, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოდან მოსულებს უთხრა, რა უნდა გაეძარცვათ, ვისზე ეძალადათ, ვინ მოეკლათ.

პირველმა მუშტმა, მძიმემ, გლეხურმა, წამით სახე შეუშალა. მას მოჰყვა მეორე, მესამე. გახეთქილი წარბიდან სისხლი წამოუვიდა.

რა გამოდის? – „ქართველები სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანს იმის გამო, რომ ქართულ არმიას აფხაზების სახლები მიასწავლა“.

მართლა მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა, მაგრამ ვერა... არ მესმოდა. ჯერ ცნობისმოყვარე ქალები შემოგვეხვივნენ, მერე სოხუმელი ავტომატიანი ოყლაყები მოგვადგნენ. გავეცალე იქაურობას. ვერ ვიჯერებდი, რაც იქ ხდებოდა.

განწირულმა კაცმა ვეღარ გაუძლო და უცებ დაეცა. წაიქცა და შესდგნენ. მტვრის ბუღი ავარდა. შემოდგომის მკბენარა მზე, თეთრი ღრუბლები, ზღვის ბრიზი და ჩემ წინ შეუბრალებელი სამყარო. ქალის კივილი გაისმა, მას მოჰყვა მეორე.

„ალბათ, მორჩა... ჩაიქოლა!“.

წამში მოვწყდი ადგილს. მთელი ძალით გავრბოდი ადგილიდან, სადაც ასე გაუსწორდნენ ადამიანს.

 

#7 ცხოვრების ფილოსოფია

სოხუმი, 1984 წელი, ოქტომბერი. მე 14 წლისა ვარ. დამსვენებლები უკვე წავიდნენ და საბჭოთა რივიერის ყველა სიკეთე ჩვენს, ადგილობრივთა, განკარგულებაშია. კარგად მახსოვს (როცა წარსული თვალწინ მიდგება, ეს მომენტი შეუმღვრეველია გაცოცხლებულ სურათებს შორის), როგორ მივედი ევკალიპტების ხეივანში მდგარ ცისფრად შეღებილ ხის შენობასთან, რომელიც რუსული ზღაპრების ქოხს ჰგავდა, ჩაკარგულს ტროპიკებში, იქიდან ვიღაც ხანში შესული კაცი გამოვიდა, რომელმაც ბიბლიოთეკის კარი ფრთხილად მიხურა და მხიარული მელოდიის სტვენა-სტვენით ჩამიარა. საიდანღაც ძაღლების ყეფა ისმოდა, ნავმისადგომთან, ბინდში შორს ჩანდა თევზსაჭერი ბარკასები, ღამდებოდა.

„ბიბლიოთეკაში შევალ“, – შევედი და კარი მივიხურე.

– ნახევარ საათში ვიკეტებით, – გავიგონე დანჯღრეული ხმით ნათქვამი. ეს იყო ქალი, რომელიც მაგიდასთან იჯდა, სათვალის ზემოდან შემომხედა, მულტფილმიდან გადმოსულ კუს ჰგავდა.

– ვინ თქვენ იკეტებით? – არ დავაყოვნე შეკითხვა.

– კარგი, ეგრე იყოს, ახალგაზრდავ, მე ვიკეტები და აქვს ამას რამე მნიშვნელობა?

 – არ აქვს, მე საინტერესო წიგნის პოვნა მინდა...

ხის შენობა, მაღალფანჯრებიანი, მაღალი თაროებით, აშკარად უკეთესი დროების მოწმე, რომელსაც ბაბუა ეძახდა „ბიბლიოთეკას ევკალიპტების ქვეშ“, ყოველთვის მარაგდებოდა ახალი წიგნებით.

– თქვენ რისი წაკითხვა გინდათ? – მკითხა ბიბლიოთეკარმა.

– რამე ახალი მინდა, წავიკითხო.

– ახლები აი, მანდ აწყვია, – მიმითითა ქალმა კუთხეში ფანჯარასთან მდგარ თაროზე.

ფანჯარაზე

საბჭოთა მწერლების წიგნები – სქელი რომანები ქარხანაზე, სოფლის ცხოვრებაზე, ნათელი მომავლისთვის ბრძოლაზე, მუქყდიანი, თითქმის ყველა – ავტორის შავ-თეთრი ფოტოთი (შეუხედავი კაცი, სქელჩარჩოიანი სათვალითა და ჰალსტუხით) ყოველთვის განსხვავდებოდა ნამდვილი წიგნებისგან. თაროები საბჭოთა მაკულატურით იყო გადატენილი... მაგრამ ხანდახან მაკულატურით გავსებულ ბიბლიოთეკაშიც შეიძლებოდა მართლა კარგი წიგნების პოვნა.

– აი ეს ახალია, – მიჩვენებს „ბიბლიკუ“, – დილას მივიღეთ.

მაგიდასთან მივედი და ნაცრისფერყდიანი წიგნი ავიღე.

ეს იყო ალბერ კამიუ. „უცხო“.

წიგნი გადავშალე. პირველი აბზაცი.
„დღეს გარდაიცვალა დედაჩემი. შეიძლება გუშინ, – არ ვიცი. დეპეშა მივიღე უმწეოთა სახლიდან: დედათქვენი დაიღუპა. ხვალ დასაფლავებაა. გულით თანაგიგრძნობთ“. ეს არაფერს მეუბნება, იქნებ გუშინ მოკვდა...“ („დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ გუშინ.

რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: – „დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ,

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას“. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა.)

– ამას წავიღებ, – ვუთხარი ბიბლიოთეკარს.
– ერთი თვის მერე ბარათი უნდა განაახლოთ.
– დიახ, ვიცი.

„უცხო“ ჩემზეც არის...“.

ისე შემაკრთო (შემაშინა) ამ აზრმა, რომ მაშინვე თავიდან მოვიშორე. ერთ დღეს დედაჩემიც შეიძლება მოკვდეს – ამ ფიქრმა გული გამიპო. „მაგრამ დედა ხომ ჯერ მოხუცი არის... ახლა არა, დიდი ხნის შემდეგ...“ – თავს ვიმშვიდებდი.

ბიბლიოთეკიდან გამოვედი და იქვე, სკამზე ჩამოვჯექი, ევკალიპტის ქვეშ. ლამპიონების ყვითელ შუქს ქინქლები ეხვეოდნენ, ეს ნათება ეფინა იქაურობას. სიტყვებს ძლივს ვარჩევდი, მაგრამ მაინც მინდოდა წაკითხვა. კამიუ სადად წერს. „როგორი წინადადებები აქვს – დასაკეცი დანასავით მჭრელი“, – ვთქვი რატომღაც.

ღამე წიგნი ჩანთაში ჩავიდე – გაკვეთილებზე წავიკითხავ-მეთქი.

სკოლაში, მერხის ქვეშ, მუხლებზე გადაშლილი წიგნიდან ვკითხულობდი უბრალოებით სავსე ტექსტს. კარგად მახსოვს, მერხზე საბჭოთა ლიტერატურის სახელმძღვანელო მქონდა გადაშლილი – ოსტროვსკი, „როგორ იწრთობოდა ფოლადი“, კიდევ – შოლოხოვი, „ბედი კაცისა“, ფადეევის „მარცხი“... და მერხის ქვეშ – კამიუ, ჩვენთვის სრულიად უცხო, იქაური, შიშითა და განცდებით სავსე.

დაუმორჩილებლობა სასიამოვნოა.

მთელი სიცოცხლე დამჭირდა იმის გასაგებად, რომ მთავარი კითხვა, რომლის პასუხსაც კამიუ ეძებდა, ასე შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო: „ღირს თუ არა ცხოვრება უაზრო (აბსურდულ) სამყაროში, რომელიც ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულია?“

„უცხოში“ სულ ბოლოს განწირული მთავარი გმირი ფიქრობს იმაზე, რომ ერთ დროს ბედნიერი იყო და იმაზე, რომ ეს საკმარისია. „ჩემი სული პირველად გაეხსნა ამა ქვეყნის მოალერსე გულგრილობას. მივხვდი, რომ ის ჩემნაირია, ძმასავით მგავს, მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი, კიდევ შემეძლო მეთქვა, მე ახლა ბედნიერი ვარ. სანამ ბედისწერის საზღვარს მივაღწევ, თავი ნაკლებად მარტოსულად რომ ვიგრძნო, ერთადერთი რამ უნდა ვისურვო: დაე ჩამოხრჩობის დღეს დიდძალი ხალხი მოგროვდეს ირგვლივ, რომ ჩემს სიძულვილს ხმის ჩაწყვეტამდე ყვირილით გამოხატავდნენ...“

ვკითხულობდი კამიუს, ვტკბებოდი ფილოსოფიაზე ლიტერატურის წუთიერი გამარჯვებით (მომდევნო თაობის ფრანგი მოაზროვნეები პროზას თავს ანებებენ და მშრალ ფილოსოფიურ ტექსტებს წერენ), და გავიგე, რომ ცხოვრება ღირს ბრძოლად, მაშინაც კი, როცა გარდაუვალი კატასტროფა მელოდება, რომელიც ადრე თუ გვიან ყველას ელის.. მერე რა.

 

ტექსტი რუსულიდან თარგმნა რუსუდან დარჩიაშვილმა
ქავერ ილუსტრაცია: ანანო ტაბაღუა

მხატვრული ლიტერატურიდან ზოგიერთი ფრაგმენტი აღებულია მისი ქართული გამოცემიდან.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა