ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უტა ბექაია ლევან მინდიაშვილის შესახებ

უტა ბექაია

მულტიმედია მხატვარი

დიდი იდეა: ჩემი დიდი იდეა ისაა, რომ ყოველი პასუხი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ანუ ცოდნის საბადო ულევია.

ვცდილობ, გავაფართოო ჩემი დიაპაზონი და ნამუშევარში ყველა არატრადიციული „მედიუმი“ გამოვიყენო. ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ შემოქმედებითი ინსპირაცია უძიროა, არ მთავრდება და არასდროს ვჩერდები, სულ ვმუშაობ.

ლევანი პირველად ფეისბუკით გავიცანი. მისი ნამუშევრები დავათვალიერე და მივხვდი, რომ ეს ისეთი მხატვარი იყო, ვის შესახებაც მომავალში ბავშვებს ასწავლიან სკოლაში. მაშინ, ლევანი ბუენოს აირესში მუშაობდა, მე – ნიუ იორკში. აღმოჩნდა, რომ მასაც მოსწონდა ჩემი ნამუშევრები.

მერე საერთო პროექტზე ვიმუშავეთ არგენტინაში. დღეს, ეს ადამიანი ჩემი შთაგონების მთავარი წყაროა. ის მაძლევს ძალას, რაღაც ვაკეთო და ამაოებაში არ დავიკარგო.

ლევანისგან ვისწავლე, რომ არ არსებობს საზღვრები გამოხატვაში, რომ მხატვრობა ძალიან ფართო სივრცეა. ამ დამოკიდებულებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მისგან ვისწავლე ნამუშევრის გააზრება, მისი კონცეპტუალურად და ვიზუალურად გაწონასწორება, ბალანსის დაცვა რომანტიკულსა და ფაქტს შორის. ლევანს აქვს წონასწორობა, ოქროს ხაზი, რომელიც მას დიდ მხატვრად აქცევს. მისგან ვისწავლე, როგორ დამეფასებინა საკუთარი ხელოვნება, როგორ მოვქცეოდი პასუხისმგებლობით ჩემს არტისტულ კარიერას, რომელიც ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს და ძალიან ადვილია გადაიჩეხო.

ლევანი ჩემთვის რუმის დროინდელ სპარსულ მინიატურულ ნახატებს ჰგავს. ძალიან დიდი და ღრმა თვალები აქვს, რომელიც ერთდროულად პატარა ბავშვის ინფანტილიზმსა და ბერიკაცის სიბრძნეს ატარებს. არასდროს მავიწყდება როგორ მითხრა ერთხელ: „მე ღმერთს ვუყვარვარ“.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა