გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
უთითო

უთითო | ვასილი შუშკინი

ირგვლივ ყველა იძახდა, სერიოგა ბეზმენოვს ავი ცოლი ჰყავსო. ავი, ჭირვეული და სულელი. ამას ყველა ხედავდა, ყველა ხვდებოდა. ამას მხოლოდ სერიოგა არ ხედავდა და ვერ ხვდებოდა. ის ყველაზე ბრაზობდა და გულში ჩუმად გაკვირვებული იყო: როგორ ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან, როგორი დამოუკიდებელი, ნაკითხი, როგორი ქალია... ეშმაკმა უწყის ამ ხალხისა: ენად რომ გაიკრიფებიან, ვერაფრით გააჩერებ. მათ ხომ არ იციან, როგორი გონებამახვილი და ონავარია. მერე, როგორ დადის! მონარნარებს, ეშმაკმა დალახვროს, მოილტვის, და მისი ყველა პაწაწინა ძარღვიც ცოცხლობს და თამაშობს, როცა დადის. სერიოგას განსაკუთრებით უყვარდა ცოლის სიარული: უყურებდა და კბილები უბუჟდებოდა სიყვარულისგან. სახლში გაოცებით ათვალიერებდა ხოლმე, ყვრიმალების ბურცებს ათამაშებდა და მღელვარებისგან ოფლი სდიოდა.

– რაო? – ეკითხებოდა კლარა. – მმ?.. – და ანცად უყოფდა სერიოგას ენას. და ოთახში შედიოდა, თითქოს განგებ, რომ კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მისთვის, როგორ დადის. სერიოგა მკვირცხლად მიჰყვებოდა.

ისინი კიდევ რაღაცას წკავწკავებენ, რომ ეს ქალი... სოფლელები!

სერიოგა ღმერთს ევედრებოდა, რომ ხელიდან არ გავარდნოდა ბედის ეს ძვირფასი საჩუქარი... ხშირად შიშიც შეიპყრობდა ხოლმე: სამართლიანად თუ დაატყდა თავს ასეთი ბედნიერება, არის თუ არა ამის ღირსი, და რამე გაუგებრობა ხომ არ მოხდა – უცებ რამე გაირკვევა და ეტყვიან: „ე, ძმაო, შენ რა დაგითრევია!“

სერიოგამ კლარა პირველად საავადმყოფოში ნახა (კლარას ახლად დაწყებული ჰქონდა მედდად მუშაობა), ნახა და მაშინათვე აღელდა. პირველად მხოლოდ სათვალე დაინახა და ნოღა ცხვირი. მაშინათვე აღელდა. მასში ახალ-ახალი მშვენიერებების აღმოჩენის სიხარული ჯერ წინ ჰქონდა. თავიდან მხოლოდ სათვალე ბრწყინავდა და ცხვირი იყო წამოწეული, დანარჩენი ყველაფერი იყო ჟღალი ვარცხნილობა. თეთრი ხალათის კალთები უფრიალებდა. კლარამ სწრაფად გაიარა დერეფანი, თავჩაქინდრულ რიგს გადასძახა: „გადახვევაზე ვინც ხართ – შემოდით“, და კაბინეტში გაუჩინარდა. სერიოგა ისე აღელდა, რომ გული ასტკივდა. შემდეგ მედდა ალერსიანი, თბილი თითებით ეხებოდა და ეკითხებოდა: „ხომ არ გტკივათ?“ სერიოგას თავბრუ ეხვეოდა მისი სუნამოსგან და შეკითხვებზე პასუხად მხოლოდ თავს აქნევდა, არა მტკივაო. და ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ განძრევისა ეშინოდა.

– რა გჭირთ? – ჰკითხა კლარამ.

დაბნეულობისგან სერიოგამ ისევ თავი გააქნია, არა მტკივაო. კლარამ ზედ მის ყურთან გაიცინა... სერიოგას სადღაც, შიგნით, ჭიპის ზემოთ, ცეცხლი წაეკიდა და დასცხა... სახე დაემანჭა და... ტირილი ამოუშვა. მართლა ატირდა! ვერ გაეგო, რა სჭირდა და თავს ვერაფრით ერეოდა. შეიჭმუხნა, თავი გადახარა, კბილები დააღრჭიალა. ცრემლი დაეცა მის მტკივან ხელს და კლარას თეთრ თითებს. მედდა შეშინდა: „გტკივათ?“

– მიდი, რა! – ძლივს წარმოთქვა სერიოგამ. – საქმეს მიხედე. – ის მზად იყო, სველი სახით ჩახუტებოდა ამ ძვირფას თითებს, და ვერავინ მოაშორებდა. მაგრამ შიში, შიშმა დამბლა დასცა, და ამას სირცხვილიც დაემატა, იმის გამო, რომ ატირდა.

– გტკივათ, თუ რა? – ისევ იკითხა კლარამ.

– მხოლოდ... ისა... არ გვინდა ახლა, ტყუილად ვმუშაობთ და რაღაცები, – თქვა სერიოგამ გულმოსულად. – ყველანი, ბოლოს და ბოლოს, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

– რაო, რაო?

და ასე შემდეგ.

თვრამეტი დღის შემდეგ დაქორწინდნენ.

კლარამ სერი დაარქვა. მოფერებით. აღმოჩნდა, რომ კლარა ერთხელ უკვე გათხოვილი ყოფილა, მაგრამ ქმარი შეხვდა „რაღაცნაირი მოხარშული“, მალე დაშორდნენ. სერიოგა, მარტო იმიტომ, რომ კლარას პირველი ქმარი „მოხარშული“ იყო, მკერდგამოწეული დადიოდა, არაჩვეულებრივ ძალას გრძნობდა თავის თავში. კლარა აქებდა.

და სწორედ ამ დროს, როცა არ იცოდა, ბედნიერებისგან რა ჩაედინა, ხალხი იძახდა, რომ სერიოგას ცოლი ჭირვეული და ავია. სერიოგას ყველანი ეჯავრებოდნენ, მათ ხომ არ იცოდნენ, როგორია კლარა... ჰოი, ადამიანები! დაწყდნენ შურისგან, წყეულები. მაინც რაა, რომ ხალხი მშვიდად ვერ იტანს, თუ ვინმეს გაუმართლა.

– აიღეთ მაგალითი ცხოველთა სამყაროდან, – ურჩია სერიოგამ ერთ ასეთ ჭკვიანს. – ცხოველები ხომ მშვიდად არიან, როცა, მაგალითად, ერთ რომელიმე ცუგას ცირკში გამოსასვლელად იყვანენ ხოლმე. ისინი ხომ არ ბრაზობენ.

– შენ ხარ ცოდო...

– ცოდო ვინცაა, ხომ იცი? აი, ასე.

სერიოგა ბრაზობდა, ესმოდა, რომ არ უნდა გაბრაზებულიყო, სისულელეა, და კიდევ უფრო ბრაზობდა.

– ნუ მიაქცევ ყურადღებას, იწკავწკავონ, – ეუბნებოდა ცოლი კლარა. – ჩვენ ხომ კარგად ვართ, და მორჩა. ეგენი ჩემთვის არ არსებობენ, საერთოდ.

სერიოგა ეჩხუბა ნათესავებს, რომ კლარას გამო არ აღფრთოვანდნენ. ეჩხუბა მეგობრებსაც... სმას მთლად შეეშვა, სარეცხი მანქანა იყიდა და შაბათობით თეთრეულს ატრიალებდა, აბანოს წინკარში, რომ ვინმე ლაზღანდარას არ დაენახა. სერიოგას დედას ვერ გაეგო: კარგია ეს, თუ ცუდი. ერთი მხრივ, თითქოს არ შეშვენის მამაკაცს დედაკაცის საქმის კეთება, და მეორე მხრივ... კაცმა არ იცის!

– ხომ არ სვამს და! – უთხრა დედამთილს კლარამ. – მეტი რაღა გინდათ? საქმითაა დაკავებული.

– შენ კიდე ადექი და შეიბრალე. აიღე და თვითონ გარეცხე. მთელი კვირა შრომით ქანცი გასძვრა (სერიოგა ტრაქტორისტად მუშაობდა), რა ხელები გაუძლებს! ორძარღვიანი ხომ არაა.

– მე თვითონ ვიცი, როგორ ვიცხოვრო ქმართან, – მიუგო ამაზე კლარამ. – თქვენ გინდათ, რომ სვამდეს?

– რად მინდა?

– ჰოდა, გათავდა. კარგს ვუკეთებ და კიდევ უკმაყოფილოები არიან.

– რა ვქნა, მეცოდება, ჩემი შვილია...

– არ გეცოდებათ, ღობის ძირას მთვრალები რომ ყრიან ხოლმე? ჰოდა, მორჩა. და აღარაა საჭირო ამ თემაზე ლაპარაკი. გასაგებია?

– მამაო ღმერთო! – სახტად დარჩა დედა. – სიტყვასაც ვერ ეტყვი. კაცს ქანცი გააგდებინა, თვითონ კი სიტყვასაც ვერ ეტყვი.

– კარგი, ვეტყვი, რომ წავიდეს საჩაიეში და დათვრეს ძმაკაცებთან. ეს გაწყობთ?

– რას ჩააცივდი ამ დათრობას! – გაწყრა დედა. – შენამდეც არ სვამდა დიდად, რა სმა აგიტყდა. დაიჩემე: „დათრობა, დათრობა!“

– კარგი, ვეტყვი, რომ რეცხვა აუკრძალეთ. – გამოაცხადა კლარამ. წამოდგა კიდევაც და სამედიცინო წიგნი გვერდზე გადადო.

დედას შეეშინდა.

– კარგი ახლა! მაშინათვე – „ვეტყვი“. ოღონდ კი ვინმე დააგესლინა.

– კარგი, თქვენ რას გვთავაზობთ? – კლარა ძლიერი სათვალიდან პირდაპირ უყურებდა დედამთილს. – კონკრეტულად.

– არაფერს. მაგრამ ვხედავ, ძვირფასო, რომ შენ არ აპირებ მთელი სიცოცხლე ქმართან ცხოვრებას, აი, ეგაა. მასთან ცხოვრება რომ გინდოდეს, გაუფრთხილდებოდი. შენ კი როგორც... არ ვიცი, ქსპლატატორივით ხარ: კაცს ჯანი გააგდებინე. ნუთუ წყლის მოზიდვა მაინც არ შეგიძლია! ისედაც მთელი დღე ხელებს იგრეხს, მოვა სახლში და ისევ კეხს ადგამ. როდისღა უნდა დაისვენოს, საწყალმა?

– ვიმეორებ: მე ვფიქრობ მასზე. და როდის უნდა შევიცოდო, მე თვითონ ვიცი. ეს თქვენ... მიუშვით კაცები და მერე აღარ იცით, რა უყოთ.

– ღმერთო, ღმერთო, – ესღა თქვა დედამ. – ესეც ახლანდელი ცოლები! ვაი, ვაი!

სცოდნოდა სერიოგას, რაებს ლაპარაკობდნენ! კლარას ჭკუა ჰყოფნიდა და ქმარს არ უყვებოდა.

სერიოგასთვის კი მხოლოდ სიამოვნებაა წყლის ზიდვა, სარეცხის რეცხვა... შეირბენს სახლში, ცოლს ცხვირზე აკოცებს, გაიკვირვებს მისი თეძოების სიმძლავრეს და ჩამოქნილობას. ანდა თეთრი ხალათის ჩაცმას სთხოვს.

– რა არის ახლა ეს! – საყვარლად ჭირვეულობდა კლარა. – ეს რა უცნაურობაა ასეთი?

– გეხვეწები, – აძალებდა სერიოგა. – მე ხომ მაშინ ხალათში დაგინახე, პირველად რომ გნახე. ჩაიცვი, შემოგხედავ: ისევ აი, აქ შემიტოკდება, – გულსქვემოთ აჩვენებდა. – გთხოვ, კლარნეტიკო. – კლარნეტიკოს ეძახდა, ან კლარნეტს, როცა ხმამაღლა დაძახება იყო საჭირო.

კლარა ხალათს იცვამდა, და ნებივრობდნენ.

– სად გტკივათ? – ეკითხებოდა კლარა.

– აი, აქ, – გულს უჩვენებდა სერიოგა.

– დიდი ხანია?

– უკვე სამოცდათხუთმეტი დღეა.

– ნება მომეცით, – კლარა სერიოგას მკერდს ყურს ადებდა. სერიოგა მისი შეღებილი თმის სურნელს ისუნთქავდა... და კვლავ და კვლავ ოდნავ თავბრუ ეხვეოდა მღელვარებისა და სიხარულისგან. ის გულში იკრავდა „ექიმს“ და ტუჩებით ეძებდა მის საყვარელ, პატარა ცხვირს – უყვარდა, რატომღაც, ცხვირზე კოცნა.

– უყურე ამას, – ეწინააღმდეგებოდა კლარა. – ექიმს, ბიჭო, ექიმს? – ალბათ, უკვე ოდნავ მოსწყინდა ქმრის ერთფეროვანი ალერსი.

„ღმერთო, რისთვის მერგო ასეთი ბედნიერება! – ფიქრობდა კვლავ ეზოში გასული, სარეცხი აპარატისკენ მიმავალი სერიოგა. – ხომ შეიძლება, ვერ გადავიტანო. ხომ შეიძლება, ჭკუიდან გადავდგე ან დავუძლურდე საერთოდ“.

ჭკუიდან არ გადამდგარა. სხვა რამ მოხდა, გაუთვალისწინებელი.

არდადეგებზე ჩამოვიდა სერიოგას ბიძაშვილი სლავკა. სლავკა დიდ ქალაქში, ტექნიკურ უმაღლესში სწავლობდა. სანათესავოს სლავკათი თავი მოჰქონდა. როცა არდადეგებზე ჩამოდიოდა ხოლმე, ძია ნიკალაი, სლავკას მამა, წვეულებას მართავდა. ორჯერ უკვე იყო ასე, ახლა სლავკა მესამე კურსზე გადავიდა. ამჯერადაც შეიკრიბნენ. დაპატიჟეს სერიოგაც, კლარასთან ერთად.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. კლარას ეცვა იასამნისფერი კაბა ფუშფუშა სახელოებით, მკერდზე – გულსაკიდი, საათი ოქროს ძეწკვზე. თმა ძვირფას სპილენძისფრად ულაპლაპებდა, სათვალე ბრწყინავდა... როგორ უყვარდა სერიოგას კლარა ამ სათვალის გამო! გადახედავდა ხალხს, შეხედავდა ცოლს, და გული ისევ სიხარულით უკრთებოდა: სუფრასთან ყველასგან გამოირჩეოდა, იჯდა ამაყი, ჭკვიანი, კარგად აღზრდილი – ძალიან, ძალიან არაუბრალო. სერიოგას მოეწონა, რომ სლავკამაც გამოარჩია კლარა ყველასგან, სულ მიმართავდა. თავიდან უბრალოდ ლაპარაკობდნენ, ისე, რაც ენაზე მოადგებოდათ, მაგრამ უცებ ისე საინტერესოდ დაიწყეს საუბარი, რომ სუფრასთან ყველა გაჩუმდა და მათ უგდებდა ყურს.

– კარგი, კარგი, – ამბობდა სლავკა, იგრძნო, რომ ყველა მას უსმენდა. – ჩვენ, ტექნოკრატები, მშრალი ხალხი ვართ, როგორც ამბობენ და წერენ... მე მხოლოდ დავაზუსტებდი: კონკრეტული და არა მშრალი, რამეთუ ჩვენთვის ქვაკუთხედი ბატონი ფაქტია.

– კი, მაგრამ ფაქტსუკან ხშირად არანაკლებ კონკრეტული ცოცხალი ადამიანები დგანან, – შეეპასუხა კლარა, რომელმაც ასევე იგრძნო, რომ ყველა მათ უსმენდა.

– არ ვკამათობ! – თავდაჭერილად, ღიმილით გაისროლა ტექნოკრატმა სლავკამ. – მაგრამ თუ სულ იმაზე ვიფიქრებთ, რომ ფაქტსუკან ცოცხალი ადამიანები დგანან, და დაუსრულებლად ამაზე მივუთითებთ, მაშინ მეცნიერებას და ტექნიკას მხოლოდ ერთი ადგილის ტკეპნა მოუწევს. მკვდარი წერტილიდან ფეხს ვერ მოვიცვლით!

პასუხად კლარამ მინის, სპილენძის და ოქროს ბრჭყვიალით მიუგო:

– გამოდის, რომ მედიცინამ, ძირითადად, თქვენ მერე გვამები უნდა აგროვოს! – მაგრად კი თქვა; სუფრასთან სრული სიჩუმე ჩამოვარდა.

სლავკა წამით დაიბნა, მაგრამ თავს მოერია და დააყრანტალა:

– გნებავთ – დიახ! – თქვა მან. – მხოლოდ ამ ფასად დაეუფლება კაცობრიობა ბუნების ყველა სიმდიდრეს.

– ეს ხომ თაღლითობაა, – საერთო სიჩუმეში ხმადაბლა, რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელოვნებით წარმოთქვა კლარამ.

სლავკამ ჩაიცინა, მაგრამ ყალბად გამოუვიდა, ეს თვითონაც იგრძნო. ანერვიულდა.

– თვითნებურ აბორტებს გულისხმობთ?

– არა მხოლოდ...

– ექიმბაშობას? მაშ, ასე, დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, – ჯიქურ და ბრაზიანად და შემეცნებითად დაიწყო კლარამ. – რომ ყველა, ვინც ადამიანის სურდოსგან განკურნებასაც კი იწყებს, მაგრამ ამის სათანადო უფლება არა აქვს, პოტენციური დამნაშავეა. – განსაკუთრებით მკაფიოდ და საშიშად თქვა „დამნაშავე“. და ეს იმ დედაბრების თანდასწრებით, სოფელში ბალახებით, ნაყენებით, ნახარშებით გაქანებული საქმე რომ ჰქონდათ აწყობილი, აი, ამათთან თქვა... ყველა კლარას უყურებდა. და მიხვდა სერიოგა, რომ ამიერიდან მისი ცოლის პატივისცემაც ექნებათ და შიშიც. ის ხარობდა. ის თავის სათვალიან ქალღმერთზე ლოცულობდა, უნდოდა, ყველასთვის დაეღრიალა: „რაო, ჩაყლაპეთ?! ვინ იყო, რომ წკმუტუნებდა?“ მაგრამ სერიოგა არ აყვირდა, არამედ ისევ ატირდა. ეშმაკმა იცის, რა სჭირს ამ ნერვებს! წამდაუწუმ ტიროდა. შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლები და გააბოლა.

სლავკა რაღაცას ისევ ამბობდა, მაგრამ სუფრასთან უკვე ალაპარაკდნენ: სლავკამ წააგო. კლარასკენ გაიწიეს, ზოგმა – სირჩით, ზოგმა – შეკითხვით. სერიოგას ერთი ახმახი ნათესავი, ძია ეგორი, დაიხარა და სერიოგას ყურში უჩურჩულა:

– როგორ მივმართო?

– ნიკანოროვნა. კლავდია ნიკანოროვნა.

– კლავდია ნიკანოროვნა! – ბოხად დაიძახა ძია ეგორმა, სხვების ხმებში გზა გაიკვალა. – ჰეი, კლავდია ნიკანოროვნა!

კლარა მაგიდასთან აღმართულ ბორცვს მიუტრიალდა.

– დიახ, გისმენთ. – მკვეთრად, ზუსტად, ზრდილობიანად.

– აი, თქვენ მეუღლე ხართ ჩვენი... ნათესავისა, ქორწილი კი ასემც არ გადაგვიხდია. ისე რომ ვთქვათ, რატომ? სადაური წესია?

კლარას პასუხზე დაფიქრება არ სჩვეოდა. საერთოდ, თითქოს ეს იყო მისი სტიქია – როცა ყურადღების ცენტრშია და მარჯვნივ და მარცხნივ არიგებს სიტყვებს, ღიმილს... როცა ყველა გაკვირვებული ჰყავს, ყველა მას შეჰხარის, ზოგს მალულად შურს კიდევაც, ის კი უშვებს და უშვებს და მიაგორებს მომხიბვლელობის და კულტურის ტალღებს. ძია ეგორის შეკითხვაზე პასუხად კლარამ ოდნავი ღიმილით დაბრიცა ჟოლოსფერი ტუჩები... წამით გახედა ტექნოკრატ სლავკას და თქვა, ისე, რომ ძია ეგორს სიტყვაც არ დაამთავრებინა:

– ქორწილი ჯერ ხარისხის ნიშანი არაა. ეს, – კლარამ მაგიდის ზემოთ ასწია ხელი, ყველას აჩვენა თითზე გაკეთებული ოქროს ბეჭედი, – მხოლოდ სიმბოლოა და არა გარანტია. ოჯახური ცხოვრების სიმტკიცე დალეული ბოთლების რაოდენობით არ აღირიცხება.

ჰაიდა, რა დღეშია დღეს კლარა! სერიოგასაც კი არ ენახა თავისი ცოლი ასეთი. აშკარად ეშხში იყო შესული. ძია ეგორს, როგორც შერცხვენილ უტაქტო ადამიანს, ყოველი მხრიდან დააყარეს:

– მოგხვდა? აი, ასე!

– რაო, ეგორშა, ოლოლო შენო? ჰე-ჰე!..

– რა წესები აგიტყდა? აქ უწესოდაც ისე გაგპარსავენ... აი, მიაყოლე!

სერიოგამ, დაუოკებელი სიხარულის გამო და ცოლით ამაყმა, ალბათ, ზედმეტი დალია. მხრები ისე გაეზარდა, რომ იქით-აქეთ სახლის კედლებს მისწვდებოდა; დიდი იყო მისი სიხარული, უნდოდა, ყველა გულში ჩაეკრა და ყველა დაეკოცნა. ის ტიროდა, სიმღერა ეწადა, იცინოდა... მერე გარეთ გავიდა, თავი ხელსაბანს შეუშვირა, ზედ წყალი დაისხა და კუთხეს მიეფარა, ფარდულქვეშ დადგა, მოსაწევად და გასაშრობად. უკვე ბინდდებოდა, ნიავი წამოუბერავდა ხოლმე. ჰაერზე სერიოგა მალე გამოფხიზლდა და იჯდა, ფიქრობდა. კი არ ფიქრობდა, რაღაცნაირად, მთლიანად ისვენებდა – სულით და სხეულით. იშვიათი, საოცარი სიმშვიდე დაეუფლა: თითქოს სადღაც მიცურავდა, დროის მშვიდ, მძლავრ დინებას მინდობილი. ფიქრობდა უბრალოდ და ნათლად: „აი, ვცოცხლობ. კარგია“.

უცებ სახლის პარმაღიდან ორი აჩქარებული ხმა მოესმა; გულზე მწარედ მოხვდა: ცოლის ხმა იცნო. გაირინდა. კი, კლარას ხმა იყო. მეორე კი – სლავკასი. ფარდულს ფიცრული ტიხარი ჰქონდა. სლავკა და კლარა იქ მივიდნენ და დადგნენ. ასე გამოვიდა: სერიოგა იჯდა ტიხრის ერთ მხარეს, ზურგით, ხოლო ისინი მეორე მხარეს იდგნენ... ესე იგი, იმდენად ახლოს, რომ სხვისი გულისცემის გაგონება შეიძლებოდა, არათუ ხმის, ჩურჩულის ან რაიმე ფაციფუცისა. აი, ამ სიახლოვემ – თითქოს ლოგინქვეშ იწვა – თავიდან ისე დაარეტიანა, ისე გამოაყრუვა, რომ სერიოგას არც ხელის და არც ფეხის განძრევა არ შეეძლო.

– ჩემო ჭივჭავო, – მოფერებით, ჩუმად – რა ნაცნობია! – ამბობდა კლარა. – რა გაჩქარებს აგრერიგად? მოდი, გაკოცო... – მპუა-მპუა. რა ნაცნობია! რა ერთნაირია! ასე ახლოს... – ჩემო საამურო, ჩემო საკვირველო... – მპუა-მპუა. – ჩემო ტკბილო...

ისინი იქ რაღაცას ფუსფუსებდნენ და სერიოგას აწვებოდნენ. სლავკა რაღაცას აჩქარებით ბუტბუტებდა, რაღაცას ეკითხებოდა, – სერიოგა მის სიტყვებს ტოვებდა. კლარა ჩუმად იცინოდა და ამბობდა:

– ჩემო ტკბილო... საით, საით? შე აბეზარო! მაკოცე ცხვირზე.

„აი, თურმე, როგორ ხდება, – ზაფრით, ზიზღით, ტკივილით ხვდებოდა სერიოგა. – აი, როგორ!“ და ყველაფერი ცოცხალი, რასაც აზრი, სახელი ჰქონდა – ყველაფერი უფსკრულში ჩაენარცხა, და დარჩა მხოლოდ შავი ხარო. და არც სახელია, არც აზრი – მხოლოდ შავი ხარო. „აწი უკვე სულერთია“, – გაიფიქრა სერიოგამ და ხაროში გადააბიჯა.

– კლარნეტიკო, მე ვარ, სერი, – უეცრად წაიმღერა სერიოგამ. თითქოს ზღაპარს ჰყვებოდა და იმ მომენტს შეუდგა, სადაც მელია-კუდიგრძელია მამლაყინწას სახლთან მივიდა და აი, ასე წაიმღერა: – აუ-უ! – კიდევ იმღერა სერიოგამ. – მე თქვენ ახლა დაგ-ხო-ცავთ.

მერე ყველაფერმა გაიელვა, როგორც სიზმარშია ხოლმე: ხან რას ხედავდა სერიოგა, ხან – რას... ხან სადღაც მირბოდა, ხან ხალხი ყვიროდა. არც საკუთარი სიმძიმე ახსოვდა სერიოგას, არც საკუთარი სხეული. და ხელში ნაჯახი როგორ აღმოაჩნდა, არც ეს ახსოვდა. მაგრამ ეს კი კარგად დაამახსოვრდა: როგორ გადაახტა კლარა ძაფსართავს. ვარცხნილობა დაეშალა, თმა გაეჩეჩა, და ძაფსართავს როცა გადაევლო, ჟღალი ფაფარი ყალყზე დაუდგა... თითქოს ალი ავარდა. ეს გადაფრენის წამი მეხსიერებამ მტკიცედ დაიჭირა. და შემდგომ, როცა სერიოგას თავისი ყოფილი ცოლი აგონდებოდა, ყოველთვის ეს სურათი უდგებოდა თვალწინ – გაფრენა, და ეცინებოდა და ტკიოდა.

იმ საღამოს ყველაფერმა უცებ ჩაიარა, ჩაიქროლა... ყველა სადღაც გაქრა. სერიოგა ნაჯახით მარტო დარჩა... ყველაფრის გააზრება დაიწყო, გაუსაძლისად ეტკინა. „რა არის ეს! რა ხდება?“ – გაიფიქრა სერიოგამ... დადო ტოტზე მარცხენა ხელი და ნაჯახი თითებზე დაიკრა. ორი თითი – საჩვენებელი და შუათითი – ჩამოსცვივდა. სერიოგამ დააგდო ნაჯახი და წავიდა საავადმყოფოში. ახლა სადღაც წასასვლელი მაინც იყო. ხელი პერანგით გადაიხვია, კალთით.

მას მერე დაერქვა სოფელში უთითო.

კლარა იმავე ღამეს წავიდა; მერე სადღაც საბუთები გაუგზავნეს: შრომის წიგნაკი, პასპორტი. სლავკაც წავიდა და მეტი არდადეგებზე აღარ ჩამოსულა. სერიოგა ძველებურად მუშაობს ტრაქტორზე, თავის სახიჩარ ხელს ძველებურად მარჯვედ ხმარობს. კლარაზე არასოდეს არავისთან ლაპარაკობს. მხოლოდ ერთხელ ეჩხუბა კაცებს.

– გეუბნებობდნენ, სერგა: ავია ეს ქალი...

– რა ავი, რის ავი?! – უცებ იფეთქა სერიოგამ. – რა შუაშია აქ სიავე?

– აბა, როგორია? კეთილია, თუ რა?

– რა შუაშია კეთილი, ავი? განა სიავეშია აქ საქმე?

– აბა, რაში?

– არაფერში! არ ვიცი, რაში... მაგრამ სიავე რა შუაშია. რაღაც სხვა სიტყვებიც ხომ არსებობს... არა, ჩააცივდნენ: ავი, ავი. იქნებ პირიქით, კეთილია: უნდოდა, ძმას დახმარებოდა.

– სერგა, – დაინტერესდნენ, – აი, შენ ხომ ისა... გიყვარდა... ახლა რომ ჩამოსულიყო, აპატიებდი?

ამაზე სერიოგა გაჩუმდა. არაფერი უთქვამს.

მაშინ კაცებმა თვითონ დაიწყეს მსჯელობა.

– რა, სულელია, რომ დაბრუნდეს?

– რატომ არა, იფიქრებს, ვუყვარდიო...

– კარგი, უყვარდა, უყვარდა. კაცს უყვარდა, მაგრამ ქალს არ უყვარდა. ის უკვე წამხდარი ადამიანია, ერთზე მაინც არ გაჩერდება. ადამიანი ახალგაზრდობიდანვე რომ წახდება, წასულია საქმე. გინდ მამაკაცი აიღე, გინდ – დედაკაცი – სულ ერთია. ქალს ზოგჯერ არც უნდა, მაგრამ მაინც აკეთებს.

– ჰო, რა, შიგნიდან დამპალს ნიავიც შეარხევს.

– ბევრის ნება მისცეს ამათ! – გულმოსულმა თქვა კოსტია ბიბიკოვმა, უსახურმა, მაგრამ სიტყვით უტიფარმა კაცუნამ. – ბაბუა ივანი ამბობს: ახლა დედაკაცები და ძროხები ცხოვრობენ კარგად, ულაყი და მამაკაცი კი – ცუდადო. და მართალიცაა. ნება ბევრისა აქვთ და მათაც აიშვეს. თუნდაც იგნახას რომ მოუვიდა, ჟურავლიოვს: დაუთვრა ქალი, სულელი, შეარცხვინა კაცი – მთელ სოფელზე ატარა. მერე ისევ კაცს მიუტრიალდა: „ბევრის დალევა რატომ დამანებე?“ აი, ასეა!..

– და ახალგაზრდები!.. კაბები აიღე – შეხედავ, რა მოდის... ფუი!

სერიოგა განზე იჯდა, საუბარში აღარ მონაწილეობდა. ბალახის ღეროს კბილებით წიწკნიდა, სადღაც, შორს იყურებოდა. ის ფიქრობდა: რას იზამ, ჩანს, ცხოვრებაში ესეც უნდა გამომეცადა. მაგრამ თუ კიდევ ერთხელ დაუქროლებდა ასეთი ქარიშხალი, ის კვლავ გაუშლიდა ხელებს – წავიდოდა მის შესახვედრად. რაც არ უნდა ტკენოდა, მაინც ზეიმი იყო. რა თქმა უნდა, სადაც ზეიმია, იქ ნაბახუსევიცაა, ეს ასეა... მაგრამ ზეიმი ხომ იყო? იყო. ჰოდა, მორჩა.

თარგმანი : არსენ კორძაია
ავტორი : ვასილი შუკშინი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა