უყურადღებო დღეები
1.
ყურის კამათელს
მისდევს მუსიკა
და კლავიშები მეხამუშება,
როგორც ანკესი
უნებლიე თევზების უბეს.
ერთმანეთისგან
ჩვენ ვართ გაქრობის
აკრობატები,
როგორც ქუდია
ქოლგის კოლეგა.
2.
ცალკე კუნძული, გეთანხმები, არავინაა,
და მაინც, ზოგჯერ
ვინმე ჩვენგანის
და ზოგიც ქვეყნის ისტორია
არქიპელაგია
და კუნძულებად ალაგია,
და უწყვეტობის ილუზია
თუ არ ალაგმე,
და არ მოთოკე
მიდრეკილებით რელიგიური,
იგივეა, რომ გამოტოვო
სამყაროსა და ცხოვრებაში,
შესაბამისად,
მიზიდულობის
და ძილის ძალა.
წვიმად დაიქცა წითური დღე,
ღამეს ვადროვოთ, შევსვათ სიზმარი.
3.
დროა გაქრობის
ხმა და ნიშანი.
პოზიტივსა და ნეგატივს
თუ ერთ ჩარჩოში
და ერთად ბეჭდავ,
ხელიდან გეცლება
კადრი, რომელშიც
სამაგიეროდ
იბადება მდინარების
დრო, მესაზღვრე სივრცის.
მხოლოდ გაქრობა გრძელდება,
სხვა ყველაფერი უბრალოდ არის.
და ჯვარი აქაურობას,
პოეტია თქვენი დრო
და ზღურბლი აქაურობის,
სხვაგან ვერსად იცვლებით.
4.
დავჯექი, წერას შევყევი, გამოფლეთილის მკერავად,
ნათითურ სიტყვებს დავზოგავ, ამოვასუნთქებ ვერც ავად.
ზოგს სადარაჯოდ დავტოვებ, ზოგი წინ წავა მზვერავად,
სიტყვა დავრდომილს მოარჩენს, მქირდავს დატოვებს მკერდ ავად.
5.
გამორჩათ და გამოტოვეს,
მოიტანა პოეტმა,
პირანგალი პერანგი
მხარზე მაინც მოიცვა.
და ხალხი, ახალი
დახლით მოხიბლული,
ჩვეულებას ახარებს
და ძველმანებს დახარბდა.
ბედისწერის ნავი
განწირული კნავის,
კითხვა-წერის ბაგირი
იტორიის ლომბარდში
რადგან დააგირავა,
თუ ოდესღაც ჰქონია.
და მერე რა, რომ
გარანტია გარანდულია
და სულ ერთია,
დახლს ეახლები
თუ ხელებიც დაგიბანია.
რაც გამოტოვეს და რაც გამორჩათ,
რატომაც არა, პოეტის იყოს,
რატომღაც მისი ხვედრია,
რაც კიდევ მისახვედრია.
6.
ღამე კარგად გაწურული ტილოა,
ფეხაკრეფით მომდევს ხოლმე იოლად.
კვალი მრჩება ფხვიერი,
როგორც დილის იერი.
უცბად დათბა და გვიანაც არ ცივა,
ვიღაც ფიქრობს, რომ ნამდვილი ცარცი ვარ.
7.
აკრეფილ-ნაბეჭდის
ფხვიერი იერი
მოთეთრო კარივით
ფონსა და ფონემებს
ადევს აზრიან
ფრაზებ-რაზებად
და როგორც მძინარე
ვეფხვის ტყავს ზოლები,
რომელიც სიზმრიდან
სიზმარში იღვიძებს
მრისხანე ბრაზებად.
გული ჯერ ძგერს,
ნაბიჯებიც ბგერს,
სიცოცხლე ჰგავს გერს,
რასაც მისთვის გასცემ,
იქნებ არც დაიკარგოს.
არ იკმარებს არა ენა,
რომ აღწეროს არენა
და პიჯაკის ვარსკვლავებით
მოჭედილი სარჩული.
რომ შეცვალო გონება,
მიმართული, რთულია,
და ცელოფნის პარკებში
მთელი ზოოპარკია.
ქუჩის გარდიგარდმო
გახედნი ზებრას,
ნაგავს გადაიტან
და ვიდრე ჯანზე ხარ
და სანამ გიცნეს,
ხელს შეაშველებ
ვინმე ბარგიანს.
და როგორც შეჰფერის
არჩევანს სამყაროს გარეწრის,
დავრჩები წრის გარეთ.
8.
გადარჩენას შიში შეიქმს,
გადარჩენა ენა არის,
საზრდო საზოგადოების
ჩიქორთულად მეტყველი
და ამბებით
დაწინწკლული ცნობიერი ცხოვრების,
რომლითაც
ცხოვრობს ცნობიერება
ყველა დედა-მამა-კაცის.
უებარი და უბირი
სიკვდილი არის ყუმბარა,
ააფეთქებს და გაფანტავს
გამომჟღავნებულ ყოველ სიუჟეტს,
როგორც ფხვიერ ბელტს.
ამბავი და სიუჟეტი
ნესტარი და ნესტია,
რომლებმაც შეკრა ბელტები
და ჩააყოლა ლტოლვა მძივებად.
9.
მიწას მოედო ობი ერების,
მაგრამ ჭირს მაინც
განცალკევება ცნობიერების,
რომელიც უდავოდ
სჭირს ადამიანს
და სავარაუდოდ
ზოგ სხვა სახეობას
ბურთივით სცენაზე,
რომელსაც პოლუსებს შორის
რატომღაც ყოველთვის
აკლდა სინაზე.
10.
ბგერების ძაფით
ობობა აბამს
ლექსის ქსელს.
გრამატიკის ღვინით სავსე
არა ერთი მტერი ტიკის
ჯერი ჯარზეც მიდგება.
მნიშვნელობების
მაღალ წისქვილებს
მოუღერებს შუბლის
ნაოჭების ბლაგვ შუბს.
ტრიალ მინდორზე ეომება
ფარღალალა გეომეტრიას.
არადა ასე დაბლანდულ ქსელში
რა გაებმება,
რას მოიპოვებს პოეტი
აგზნებული დაღლილობის გარდა.
11.
დინჯი ვიყო, ამბავივით მოვუყვები
სახლების ყდებში ჩაგდებულ ქუჩას,
როგორც ამბავი ამბავთა შორის.
„დიდი ამბავი."- ცას ეცინება
და ტროტუარიც
მითვლის მერყევ ნაბიჯებს.
„თქვენო უპირატესობავ!" –
სუპერმარკეტს კეპს ვუხდი
მისალმების ნიშნად,
ყური თუ ვერ მათხოვა,
თვალში მაინც მოვხვდები.
მანქანები მიქრის,
როგორც ტექსტი იშლება.
მანქანები მიქრის, იქ რის
სანახავად მივიწევდი, ვის ახსოვს?
ხდება ხოლმე, რომ
ზოგჯერ ჯანიანს
უილაჯო აჯობებს,
თუ შემართებით შეგუება
არ გამოსდის, უგვიანდება.
ესეც ამბად ნათქვამია,
შელახულსო გალახული გერჩივნოს.
12.
საქართველო
ცხოვრების მაგიდას რადგან მიუჯექი,
დაპატიჟების ძალასთან გაეწყობოდა მეტი რა,
სუფრად გაწყობილი დაგხვდა სიუჟეტი,
უდავო, როგორც „დედა მეტირა".
საიქიოს ფონზე სააქაო აქეს მჭახედ,
ძვლიან გარეგნობას, კუთხეებ მყარს,
ბეჯითი ნაბიჯით ჯიბრზე დაეჯახე,
რას იზამ, ამ ქვეყნის რუკებიც ყარს.
13.
ასე პირდაპირ
ზოგი რამის თქმა
თქვენთვის მერიდება,
მეირიბება,
აბა, რას გამოვასწორებ.
მაინც ფრთხილად იაროს
ლექსის გარეთ გატეხილმა სიტყვამ,
არ მოიწიოს სამაგიერო,
გზას პოეზიის სემაფორი
აფორიაქებს.
14.
თუნდაც მხოლოდ
აქ ან იქ
ცოტა მეტი სცოდნოდა,
მან კი აქა-იქ
მეტი ცოტა იცოდა.
ბედი ყოველთვის სხვანაირია,
მან კი მანკიერი
გზებით იარა,
ზუსტად როგორიც
ჩათლახ ქართველებს
არ გაურთულებს
ათლას მომავლის ბარძაყებიდან
მსუყე ლუკმების
მყუდრო წარსულის ხარბი ფასკუნჯის
გამოსაკვებად.
ესეც გუბეა შეგუების,
მათზე მორგების,
ვინც ბინადარი არის
ნება-გონებით
მიცვალებულთა მორგების.
15.
ვითომ გამჭვირვალე დღეზე წამოწვიმა
მწერალი ამბებით დაწინწკლულ
და მიუჯდება
ჯიუტ
სიუჟეტს
16.
ღამედ მოვიდა
დღე, დაფარული
მუქი მუქარის ქერცლით,
იაროს მხიარულ მხარეს.
დარეკე, დარეკე, დარეკე,
ვიდრე ზარები ხართ,
მე რომ მეზარებით,
მე კი ვარ ზედმეტი
წიგნების კარადა,
რომელსაც აქ ვერ ცლით.
17.
ზღაპრებში არეკლილი
ძველი წესის მიხედვით
დასახოცად გადაგდებულ
ბინას აძლევს სარკე ობლებს.
დასწავლილი უმწეობის
ხელნაკეთი მღვიმე
ითვალისწინებს მარტო პოეტის
და მისთანათა სარგებლობას.
18.
მეჩხერი ქვეითის
სიხშირის მიხედვით
მათხოვრები ტროტუარს
გასწვრივ ინაწილებენ
მოსალოდნელი
მოწყალების დისტანციაზე.
ხოლო თვალების ველოსიპედი,
უნებლიეთ ხარბი, არბის
ბილიკებზე წვივების,
სადაც სინაზის დას იტაცებენ.
სარეველა კაცმა
გონების ვერან ბაღში
დარიგების დარგი დარგო,
მთელი აცმა.
19.
ფხიზელი კენტი
საღამოს ენდო,
ორად გალეწილი
ლუწის წილი
ბარბაცებს ღამე
და ტოლუმბაში
ტოლობის ნიშანს,
რომელიც ყელს ება,
რელსებად დაუგებს
ხვალინდელ დილას და
ზურგსუკან სათქმელ
ახალ აუგებს.
გავალ და გავქუჩავდები,
საიქიოს პარმაღზე
სუპერმარკეტის
და ტროტუარის
ვნახავ პაემანს.
დარაჯივით მათხოვარი ზის,
ხელს გამოვატან ხილს.
20.
ღვინოს დალევ,
რომ ნაცნობებს გაუძლო
უძილობის ნაირებს,
განა ნაიარევებს.
დაქანებულ ქალაქში
ქუჩა აღმა აიარე,
მზე აორთქლებს
გამოჟონილ ჩრდილებს.
დადიხარ, ვიდრე
ვარგა აორტა
და ბეც თვალში
მოჩვენებაც გაორდა.
21.
ზღვაა მიწის საზღაური,
სიკვდილია შენი ფასი.
შენი თეთრი ანკესი,
სიგარეტიც ფული ღირს.
კარგი დახლი დაუდგება
გაჩაღებულ ვაჭრობას.
ხურდასავით დაფანტული
ხალხი ქალაქს აგროვებს.
22.
მე მაწყობს აწმყოს
ბუნდოვანი ერთადერთობა,
რომელშიც აქაური
ყველა ერთად ერთობა.
ჩემთვის სულ ერთია
ყველა დროის
იქაური ერთდროულობა,
როგორც ხელივით
რომ აიქნიო საიქიო
გასაოცებლად სააქაოსი,
როგორც ზურგსუკან
დაგვიანებით მისალმება.
უყურადღებო დღეებო,
ნუ გაიწბილებთ თავს,
დაეტიეთ თქვენს კანში
გაკიდების მაგივრად,
თვითონ არსად წასულა
ჩალასავით ჩავლილი.
ტყუილიად ნუ გაცდებით,
არა მედგარ, დაუდეგარ
აწმყოს ვერსად გასცდებით.
მთავარი ფოტო: William Robert Holland