ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ესე, #ხმა

ვენდობი ხმას და საკუთარ თავს | ქუჯი დავითულიანი

„მე ვზივარ ოთახში, ისეთში არა, როგორშიც შენ ხარ და ჩემს ლაპარაკს ვიწერ. მერე ჩანაწერს ხელახლა გავუშვებ, მერე კიდევ გავუშვებ და იქამდე დავატრიალებ, სანამ ოთახში არსებული რეზონანსული სიხშირეები ისე არ დამუხტავენ საკუთარ თავს, რომ ჩემი ბგერების ნებისმიერი ერთობლიობა დაანგრიონ. სავარაუდოდ, ამ ნგრევაში არ მოყვება მხოლოდ ჩემი ლაპარაკის რიტმი.

რაც შემდეგ დარჩება, იქნება მხოლოდ ოთახის ბუნებრივი, რეზონანსული სიხშირეები, რომელთაც ჩემი ლაპარაკი კიდევ უფრო გამოკვეთს. ამ პროცესს ვუწოდებ არა იმდენად ფიზიკურად არსებული ფაქტის წარმოჩენას, რამდენადაც ნებისმიერი შესაძლო უსწორმასწორობის გასწორებას, რაც ჩემს ლაპარაკს შეიძლება ჰქონდეს“.

ეს ტექსტი/პერფორმანსი 1969 წელს ამერიკელმა კომპოზიტორმა ელვინ ლუსიერმა შექმნა.

„მე ვზივარ ოთახში“ დაუსრულებელი ნაწარმოებია – საუნდის ღია ექსპერიმენტია, რომლის დროსაც კომპოზიციური პროცესი გასაოცარ თვითდინებას ქმნის.

მასში თითოეული წამი, როცა ხმა ისმის, გარდაქმნის შედეგია – თითქოს, ხმა თავადვე ავითარებს საკუთარ თავს და ამ განვითარებისთვის ისევ მხოლოდ საკუთარ წიაღს იყენებს. კომპოზიტორი მხოლოდ საწყის მოცემულობას ქმნის, თითქოს ხელს კრავს, ცეცხლს უკიდებს დასაწყისს და მერე უშვებს – ყოველი შემდეგი წამი მის გარეშე ვითარდება... მეტიც, კომპოზიტორის მიზანია, ხმა სივრცეში ყოველ ჯერზე, ხელახლა დაიფანტოს და ამ ფრაგმენტულად არეკლილმა სიხშირეებმა მთავარი საუნდი შექმნას, რომელიც ნელ-ნელა დაკარგავს კავშირს პირველ ჟღერადობასთან. ეს კომპოზიცია ნებისმიერმა შეიძლება შექმნას ერთი მიკროფონით, 2 ხმის ჩამწერი მოწყობილობით და ერთი სპიკერით. წარმოთქვამ ნებისმიერ სიტყვას, განსხვავებული რიტმიკითა და სიმაღლით, წარმოთქვამ სხვადასხვა ენაზე,  სხვადასხვა აკუსტიკურ სივრცეში, შენთვის სასურველი დროის მითითებით და განსხვავებული სიხშირული არეკვლის პირობებში, მთავარი მოქმედი პირი ხდება. ერთ დროს შინაარსის მქონე ტექსტი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შენი მონაწილეობის გარეშე, უამრავი არეკლილი ხმის ტალღების ემბიენთურ ერთობად გადაიქცევა, რომელსაც მცირედღა შერჩენილი ინტონაციური, ასოციაციური დინებაც კი შეიძლება ვეღარ შეამჩნიო.

ერთი შეხედვით ემოციისგან დაცლილი, ტექნიკური ექსპერიმენტი, მუსიკის მთავარი წყარო, სრულყოფილი მუსიკალური კომპოზიცია ხდება...

kuji

***

1952 წელს, 24 წლის კარლჰაინც შტოკჰაუზენი პარიზში ოლივიე მესიანთან სწავლობდა. GRM-ის (Groupe de Recherches Musicales – პარიზის მუსიკის მკვლევართა ჯგუფი) სტუდიაში კვირის განმავლობაში მას სულ რამდენიმე საათს შეეძლო მუშაობა. ახალი ჟღერადობითა და იდეებით შეპყრობილი კომპოზიტორისთვის კი ეს დრო ზღვაში წვეთი იყო. ფირზე მუშაობა და სხვა ხმოვანი მოწყობილობის გამოყენება იშვიათი ფუფუნება იყო, მსოფლიოში სულ რამდენიმე სტუდია აძლევდა მუსიკოსებს ამ შესაძლებლობას. 

ახალგაზრდა შტოკჰაუზენმა პარიზის იაფფასიანი სტუდენტური საცხოვრებლის ოთახში, მერხზე რამდენიმე ლურსმანი დააჭედა, ლურსმნებზე ფირის რგოლები ჩამოაცვა და სტუდიაში დაწყებულ კომპოზიციაზე მუშაობა განაგრძო. ის ვარაუდებით ითვლიდა ფირის  ქრონომეტრაჟს, წარმოიდგენდა ხმოვანებას და ლურსმანზე ჩამოკიდებული ნაწარმოების მაკრატლითა და წებოთი არედაქტირებდა. თვეების განმავლობაში მუშაობდა ასე. როდესაც სტუდიაში ამ ფირებს ისმენდა, დაგეგმილის ნაცვლად სრულიად მოულოდნელ  შედეგს იღებდა და ხშირად სწორედ ეს ჯადოსნური „შეცდომები“ ხდებოდა კომპოზიციაში გადამწყვეტი ცვლილებების მიზეზი. სწორედ ამ შემთხვევითი სასწაულების მერე შეიქმნა (წინასწარ მომზადებული) ფორტეპიანოს სემპლებით დაწერილი პირველი ნაწარმოები მაგნიტურ ფირზე Étude (1952).

„რას ფიქრობთ, რა არის მუსიკა?“ – წლების წინ, პირველ ლექციაზე გვკითხა რეზო კიკნაძემ. ყველას მარტივად მოგვეჩვენა ეს კითხვა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ, ისე დავიწყეთ პასუხების გაცემა. მერე და მერე კი, ლექციიდან ლექციამდე მიღებული ახალ-ახალი გამოცდილებებით სრულიად უცნობი კარები იხსნებოდა მუსიკის და, ზოგადად, ჟღერადობის სამყაროში. ამიტომ რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება ასეთ კითხვებზე პასუხების მოძებნა: „რა მუსიკას აკეთებ?“

ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოების იდეა წლების წინ, რუტინული ხმოვანების ინსპირაციით გაჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა გარემოში გაფანტული ჟღერადობებისთვის ყურის გდება. ერთ-ერთი მავნე ჩვევა, რომელიც ამ შემთხვევამდე მხოლოდ ამ სახელს ინარჩუნებდა, პირველად გახდა რაღაც დადებითი მოვლენის საწყისი. ფაქტობრივად ამ სიმბოლური მოვლენით შევაღე ახალი აღმოჩენების კარი. კბილის გახეხვისას წყლის ონკანს ყოველთვის მოშვებულს ვტოვებდი, როგორც ჩანს, ჯაგრისის რიტმული ხმა, მოძრაობა წყლის დინებასთან ერთად ქვეცნობიერ სიამოვნებას მანიჭებდა. ერთ დღეს კი ეს ყველაფერი დავინახე, მოვისმინე და გადავიაზრე. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში დავიწყე ამ მოვლენის ჩაწერა. როგორც მოგვიანებით დავაკვირდი, ჩემი პირველი კომპოზიციების ხმათა უმრავლესობა ჩემს სახლში ჩავწერე. არადა, მანამდე მის მუსიკალურობაზე არასდროს მიფიქრია. ის ხმები, რაც ბავშვობიდან რუტინულად მესმოდა და მანტრასავით მეორდებოდა, მოგვიანებით ჩემს ნაწარმოებებში აისახა. საინფორმაციო გამოშვებისას ტელევიზორთან ჩაძინებული ბაბუაჩემის ხვრინვა, ეზოში რკინის კასრზე ძველი ლურსმნების გასასწორებლად ჩაქუჩის მუდმივი კაკუნი, სახლის სახურავზე მორბენალი ძაღლის ყეფა, მეზობლების ერთმანეთთან მისალმება, გადაძახილი – ყველაფერი, რაც მანამდე უბრალო საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობა იყო, მუსიკად იქცა. წლების განმავლობაში დაგროვილმა ხმოვანმა ინფორმაციამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. კონკრეტული სივრცეების უჩვეულო და ახალი სახით აღმოჩენა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდა – „ელიავას ბაზრობა, როგორც ჟღერადი ობიექტი“ ამ თავგადასავლის კიდევ ერთი ნათელი წერტილი იყო. ხმის ჩამწერით შეიარაღებულები დღეების განმავლობაში დავდიოდით ამ ხელახლა აღმოჩენილ აკუსტიკურ სამყაროში და იქ გაფანტულ უამრავ საინტერესო ხმას ვიწერდით. საერთოდაც კონკრეტული სივრცისთვის დამახასიათებელი განმეორებადი ჟღერადობრივი მოვლენები ინსპირაციის წყარო ხდება. იდეასთან ერთად, ჩემთვის მუსიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია. მთავარი ხაზი სწორედ ექსპერიმენტზე გადის. მისი გამოყენება რაღაცის შესალამაზებლად ან ორიგინალური ელფერის მისაცემად არ მჭირდება, პირიქით, მთელი კომპოზიციის ბაზა და მისი განვითარების ეტაპები ჩემთვის პირველადი სემპლის მრავალმხრივ შეცვლას ეფუძნება, შემდეგ კი ვცდილობ, მასზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით, იმპროვიზაციითა და ინტერპრეტაციით ვიპოვო გზები მისგან ნაწარმოების შესაქმნელად.

ბოლოს ასე ხდება – ეს საწყისი სემპლი, უამრავი დიდი თუ პატარა ექსპერიმენტი და მე რაღაც ერთიანს ვქმნით, თუმცა, თითქმის არასდროს ვიცი, რა არის ეს „ბოლოს“. მუშაობას უმიზნოდ ვიწყებ, ვენდობი ხმას და საკუთარ თავს, რას ვაძლევთ ერთმანეთს: საუნდი მე და მე საუნდს, რა იყო ის მანამდე და ვინ ვიყავი მე მის გარეშე...

ხმის შემთხვევითი განვითარების და გარდაქმნის პერსპექტივა, მისი სავალი გზა, მისი დინება – ეს მაინტერესებს.

სულ მაქვს შეგრძნება, თითქოს რაღაც ერთის მცირედ ნაწილებს ვქმნი, რომლებიც ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს.

არ მომწონს ჩაკეტილი კომპოზიციის იდეა, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ჟღერს. მინდა ჩემი კომპოზიციები მუდმივი სვლის განცდას ტოვებდეს.

ამ მდინარების აღქმა რატომღაც მავსებს და სტერილურ ყოველდღიურობაში არსებობის მნიშვნელობაზე მაფიქრებს.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა