ვერსია | ვასილ შუკშინი
სანკა ჟურავლიოვი მოჰყვა საოცარ ისტორიას. ქალაქში ყოფილა (მოტოციკლეტის საყიდლად) და რესტორანში შესულა, საჭმელად. შევიდა, გარდერობში ლაბადა გაიხადა, დარბაზისკენ გაემართა... მაგრამ ვერ შეამჩნია, რომ დარბაზი მინის კედლით იყო გაყოფილი და... პირდაპირ ამ კედლისკენ გაეშურა. ჰოდა გაიტანა. მინა პირდაპირ გადმოეშვა, სანკას წინ დავარდა და ზრიალით დაიმსხვრა. ბუნებრივია, მოირბინეს. სანკა სრულიად ფხიზელი იყო და ამიტომ მილიცია არ გამოიძახეს, არამედ წაიყვანეს რესტორნის დირექტორთან, მეორე სართულზე. კაცმა, რომელიც რბილ კიბეზე მიუძღოდა, დაიანგარიშა:
– ორ ხელფასს დადებ. ეგებ – სამსაც.
– მე ხომ განგებ არ მიქნია.
– მერე რა, რო?
შევიდნენ დირექტორის კაბინეტში... და აი, აქ იწყება საოცრება, რასაც სოფლის ხალხი ისმენდა და ერთმანეთს უცქერდა – არ იჯერებდა. სანკა ასე ჰყვებოდა:
– შევედით – ზის ახალგაზრდა ქალი. ფუმფულა, ოდნავ გადმოკარკლული თვალებით, ტუჩები – გაბანტული, ოქროს საათი. „რა მოხდა?“ იმ ამხანაგმა მოხსენება დაიწყო, რომ აი, კედელი გავიტანეთ... ეს ქალი კი მე მიყურებს, – აქ სა