გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პანდემია

წერილები მარნეულის სოფლებიდან

გიულგუნ მამედხანოვა, 21 წლის
თაქალოდან /მარნეული/

დღეს დილას ყველას მოგვივიდა მესიჯი ტელეფონზე. მთავრობა გვთხოვს კარანტინის წესები დაიცავითო. მამაჩემმა დამიძახა, მოდი, ერთი, გვითარგმნე, რას იწერებიანო. ჩემ გარდა ქართულად არავინ არ ლაპარაკობს ოჯახში. მეზობლებსაც მე ვუთხარი რა ეწერა. მარტო ახალგაზრდები თუ წაიკითხავენ, უფროსებმა ჩვენ სოფლებში ქართული არ იციან. 

უცნაური ნოვრუზ ბაირამი გვაქვს. ისეთი ჩუმი. ცეცხლიც არავინ დაანთო. ყველგან სიჩუმეა. არავინ არ ზეიმობს. მაგრამ იმ დღეს, ჩემები მაინც წავიდნენ დისშვილის დაბადების დღეზე. მარტო მე დავრჩი სახლში. ვერ ვუთხარი მშობლებს არ წახვიდეთ შვილიშვილთან-მეთქი. მე არ წამოვალ, არ მინდა სხვები დავაავადო-თქო, მარტო ის ვთქვი. ყველა ჩემზეა ეხლა ნაწყენი, დეიდა ხარ, როგორ არ მოხვედი, შენს გარდა ყველა იქ იყოო. 
ვერ აცნობიერებენ. როგორ ვთქვა კარანტინი გამიხარდა-მეთქი, მაგრამ ეხლა ცოტა უფრო დავმშვიდდი. 

იმის მეშინია რო არ დამალონ სხვებმაც. ის ქალი აზერბაიჯანიდან ამდენი ხნის გადმოსული იყო, არ ვიცი რატომ დამალა. დღეს დილას ჩემი მეზობელი ბებიაჩემს ელაპარაკებოდა და იმან უთხრა, ამის მერე ჩვენც შორიდან მივესალმებით, კოცნით აღარ გაკოცებთო. 

ეხლა რო ვიყურები, იქით, სოფლის გზებზე მაინც დგანან მეზობლები. ჩვეულებრივად. იკრიბებიან ქუჩაზე, ან სახლებში და ლაპარაკობენ. 
არ გვჯერაო კორონავირუსის, უფროსები ამბობენ. ამერიკის და ჩინეთის პოლიტიკააო. სპეციალურად გაავრცელეს ვირუსიო. 
ჩემმა მეგობრებმა მომწერეს გუშინ და მოვილაპარაკეთ: საინფორმაციო კამპანია უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდებმა, ვიაროთ სოფლებში მასკებით, ხელთათმანებით და გავაგებინოთ ხალხს როგორ მოიქცნენ, ჰიგინის წესები როგორ დაიცვან, თორემ ჩვენ ძალიან გვეშინია.  
რომ ვეუბნები სოფლის ქუჩებშიც არ შეიძლება-მეთქი სიარული, არ ესმით. 
მეშინია ვინც სუსტია, იმის გამო. მამაჩემის გამო მეშინია. 

P. S. საღამოს ისევ მოვიდა მესიჯი მთავრობისგან. აზერბაიჯანულად. ის მოიწერეს, რაც დილას მამაჩემს გადავუთარგმნე. გაიგებს ეხლა ყველა. 

 

აზიზ განიევი, 19 წლის
ქვემო სარალი, მარნეული

გუშინ კარანიტი რომ გამოაცხადეს, ჩემ მეგობარს მივწერე - მორჩა, დამთავრდა, ჩაგვკეტეს-თქო. ძალიან შემეშინდა. დღეს ყველანი ქვემო სარალიდან სოფელ ყაჩაყანში წავედით, ბებიაჩემთან. მარტო მამაჩემი დარჩა სახლში. ყაჩაყანი ქვემო სარალიდან 30 კილომეტრშია. ვიფიქრეთ, აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით-თქო.
დღეს ხალხი უფრო მოწყენილია. მარნეულის ერთადერთი დიდი ბაზარი დაიკეტა. ძალიან ბევრი დადიოდა იქ, პროდუქტებს ყიდდა. ახლა სახლში სხედან.

შვიდი დღეა ვცდილობ სახლიდან არ გავიდე. ხანდახან მაინც მიწევს, მაგრამ მხოლოდ მანქანით. დღეს დილით მანქანით რომ გამოვედი, სოფლის ცენტრში ათამდე მამაკაცი იყო შეკრებილი, როგორც ადრე. არც დისტნაცია, არც პირბადეები. წამით ვიფიქრე, ახლა რომ მივიდე და ვუთხრა გარეთ ყოფნა საშიშია და იქნებ სახლში წახვიდეთ, ალბათ მცემენ-მეთქი. შეიძლება არ ვეცემე, მაგრამ მომიშორებდნენ თავიდან - შენ შენი თავი დაიცავი და ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთო.

გუშინდელი კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ხალხს თითქოს ცოტა შეეშინდა. გარეთ შედარებით ნაკლები დადის. ბევრმა სახლისთვის სპირტები და პროდუქტები მოიმარაგა. მაგრამ ზოგს მაინც არ სჯერა ვირუსის. მეზობლები ამბობდნენ ტყუილად გეშინიათ, ჩვენამდე ვერ მოაღწევსო. ბევრი რამ არ იციან ვირუსზე, ამიტომ მარტო საკუთარი თავის და აზრის სჯერათ. ფეისბუქში ერთი დიდი ჯგუფია კორონა ვირუსთან საბრძოლველად. იქ ადამიანები ერთმანეთს ისტორიებს უზიარებენ. რამდენიმე
დღის წინ ვსაუბრობიდით ამ ჯგუფის წევრები და ვფიქრობდით მარნეულის სოფლებში ჩავსულიყავით. გვინდა ხალხს ავუხსნათ რატომაა საჭირო სახლში დარჩენა. ალბათ, პოლიცია ამას სათანადოდ ვერ ახერხებს. ძალიან გვინდა ეს იდეა განვახორციელოთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი როგორ გავაკეთოთ.
მე ისევ სახლში ვზივარ. დედაჩემი და ბებიაჩემი ბაღში გადიან ხოლმე მიწაზე სამუშაოდ. ხანდახან მეზობლები მოდიან სტუმრად. როგორც წავიკითხე, დისტანციურად გამარჯობას ვეუბნები და მერე ოთახში შევდივარ.

 

სემა გასანოვა, 18 წლის
ქვემო სარალი, მარნეული

გუშინ ძალიან შემეშინდა. აქამდეც მეშინოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ახლა საფრთხე უფრო ახლოსაა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველი რაც გავაკეთე ჩემს ნათესავებს და მეზობლებს ვკითხე - ახლაც არ გჯერათ ვირუსის-თქო?

ბევრს სჯერა, რომ ეს ვირუსი პოლიტიკოსებმა ხელოვნურად მოიგონეს, ამერიკელებმა ჩამოგვიტანეს. არ ვიცი სად კითხულობენ ამას, თუ მათი აზრებია. ძირითადად სოციალურ ქსელს იყენებენ ინფორმაციისთვის, ხან შვილებს ეკითხებიან ამბებს, ან შვილიშვილებს. 
მაინც არ ეშინიათ. დღეს ჩვენთან სოფელში ამბობდნენ, მე მაინც უნდა წავიდე მარნეულშიო. ეს კარანტინი ერთ-ორი დღე იქნება და მერე ყველაფერი გაივლისო.
მე უკვე სახლში ვარ 10 დღეა. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ასე. მე მჯერა ვირუსის. ბაბუაჩემსაც სჯერა. ბაბუაჩემი მასწავლებელია, 80 წელს გადააბიჯა წელს. ასე მეუბნება, სიცოცხლე მიყვარს და ყველა წესს დავიცავ, რასაც მეტყვიანო. ბაბუა ადრე მარნეულში ხშირად დადიოდა, კაფეებში იკრიბებოდნენ მეგობრები, თამაშობდნენ, ჩაის სვამდნენ. ახლა სულ სახლშია. ეშინია ვირუსმა აქაც არ ჩამოაღწიოს, სულ ოცი კილომეტრია მარნეულამდე. სახლში ზის და ახალ ამბებს უყურებს. ესაა მისი ახალი რუტინა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა