წესები რადიკალურად განწყობილი აქტივისტებისთვის | სოლ ალინსკი
ან ვიპოვით გზას, ან თავად გავიყვანთ.
- ჰანიბალი
ტაქტიკა გაცნობიერებულად დაგეგმილი ქმედებებია, რომელთაც ადამიანები მიყვებიან და ამ ქმედებებით თანაცხოვრობენ ერთმანეთთან, მათი საშუალებით ალაგებენ სამყაროს, რომელიც გაცემისა და მიღების პრინციპზე დგას. ამიტომ ტაქტიკა ხელოვნებაცაა, იცოდე როგორ მიიღო და როგორ გასცე.
ძალაუფლების ტაქტიკის პირველი წესია, დაიმახსოვროთ:
ძალაუფლება მხოლოდ ის არაა, რასაც ფლობთ, არამედ ისიც, რაც მტერს ჰგონია, რომ გაქვთ.
მეორე წესი: არასდროს გასცდე იმ გამოცდილების ზღვარს, რაც შენიანებს გამოუცდია. როცა ეს ხდება, ხალხი იბნევა, ფრთხება და უკან იხევს. უცხო გამოცდილება ანგრევს კომუნიკაციასაც.
მესამე წესი: როგორც კი შანსი მოგეცემა, გასცდი იმ გამოცდილებას, რაც მტერს დაუგროვებია. აქ შენი მიზანი სწორედ დაბნეულობის, დაფრთხობისა და უკანდახევის გამოწვევა უნდა იყოს.
მეოთხე წესი: მიუშვით მტერი ნებაზე - მიეცით საშუალება, ბოლომდე იმოქმედოს თავისი ქრესტომათიული წესებით. ასე შეძლებთ, ამ წესებთან ერთადვე გაანადგუროთ, რადგან იმაზე მეტად ვერ დაიცავენ საკუთარ პრინციპებს, ვიდრე - ქრისტიანული ეკლესია ახერხებს ქრისტიანული მოძღვრების დაცვას.
მეხუთე წესი: დასაცინ მდგომარეობაში ჩაგდება ყველაზე ძლიერი იარაღია. თითქმის შეუძლებელია, წინააღმდეგობა გაუწიო დაცინვას. აბუჩად აგდებას წყობიდან გამოჰყავს მეტოქე, რომელიც უხერხულ სიტუაციაზე ისე რეაგირებს, როგორც შენ გაწყობს.
მეექვსე წესი: კარგი ტაქტიკაა ის, რომელიც შენს ხალხს სიამოვნებას გვრის. თუ მათ არ მოსწონთ, ესე იგი, ტაქტიკა ვერ ამართლებს.
მეშვიდე წესი: საქმე რომელიც ძალიან იწელება, ტვირთად დაგაწვება, ეს გახსოვდეს. ადამიანს აგრესიული ტაქტიკისთვის საჭირო მუხტის შენარჩუნება მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლია. რა წამს ამ ზღვარს გადააბიჯებს, მუხტის ნაცვლად ხელთ რიტუალური ერთგულება შეგრჩებათ, ტაქტიკა კვირა დილას ეკლესიაში სიარულის რუტინას დაემსგავსება. არადა, ახალი საკითხები და კრიზისები მუდმივად წარმოიშობა, მათზე საპასუხო რეაქცია კი იქნება: “ეჰ, რა ვქნა, კი, გული მეწურება ამ ადამიანების გამო, კი, რამე უნდა ვქნა მათთვის - გავიფიცო მინდა, მაგრამ იცი, სხვაც ხომ უამრავი მნიშვნელოვანი რამეა ცხოვრებაში?!”.
მერვე წესი: არ მოადუნო ზეწოლა, სხვადასხვა ტაქტიკისა და ქმედებების ერთობლიობით, სულ ფორმაში გყავდეს ყველა. კონკრეტულ დროში გაწერე ყველა მოვლენა მიზნის მისაღწევად.
მეცხრე წესი: ხშირად საფრთხის განცდაა უფრო დამზაფვრელი, ვიდრე თვითონ საფრთხე.
მეათე წესი: ტაქტიკათა გამოსამუშავებლად ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა ისეთი ნაბიჯების დაგეგმვა, რაც მუდმივ ზეწოლაში ამყოფებს მეტოქეს. ვგულისხმობთ ინტენსიურ, მოუდუნებელ ზეწოლას, რომელიც მეტოქეს აიძულებს ისე უპასუხოს გამოწვევას, რაც წარმატებისთვის გჭირდება. გახსოვდეს არა მხოლოდ ის, რომ ქმედებაა რეაგირებაც, არამედ ისიც, რომ ქმედებაა თვითონ შედეგი, რომელიც რეაგირებას მოჰყვება, ის შემდეგ რეაგირებას, ის კიდევ - შემდეგს და ასე უსასრულოდ. ზეწოლა წარმოშობს რეაქციას, ხოლო მუდმივი ზეწოლა აცოცხლებს ქმედებას.
მეთერთმეტე წესი: თუ ნეგატიურს მაგრად მიაწვები, ის იქცევა იმად, რაც მის საპირისპირო მხარეს ცოცხლობს. ეს მოსაზრება დგას იმ პრინციპზე, რომ ყველა პოზიტივს თავისი ნეგატივი აქვს. გვინახავს კიდეც ნეგატიურის გარდაქმნა პოზიტიურად მაჰათმა განდის ტაქტიკაში, რომელიც პასიური რეზისტენტულობის იდეაზე დგას.
მეთორმეტე წესი: წარმატებული შეტევის ფასია კონსტრუქციული ალტერნატივა. არ გარისკო იმდენი, რომ მეტოქემ კუთხეში მიგაყენოს იმით, რომ მოულოდნელად დაგთახმდეს და გითხრას: უი, მართალი ხარ, არ ვიცი, როგორ გადავწყვიტო ეს საკითხი, მოდი, აბა, შენ გვითხარი, როგორ წარმოგიდგენია”.
მეცამეტე წესი: ამოიღე მიზანში მეტოქე, გააშეშე, მოიშინაურე და მერე გარიყე. გახსოვდეს, რომ მიზანში ამოღებული ყოველთვის ეცდება პასუხისმგებლობა სხვებზე გადაანაწილოს. ყოველთვის ეცდება, გითხრას: რას ამომიჩემე, როცა ეს სხვების მოვალეობაც იყო?
ამიტომ, როცა “გააშეშებ მეტოქეს”, მსგავს რეპლიკებსა და არგუმენტებს, არ უნდა უსმენდე, მერე კი, როცა მძლავრად შეუტევ, ეს “სხვებიც” თავისით გამოვლენ - ეგრევე შენიშნავთ, რადგან მიზანში ამოღებულის მხარდაჭერას დაიწყებენ.
გახსოვდეს ისიც, რომ მეტოქის დაკონკრეტება და პერსონიფიცირება ყოველთვის უნდა შეიძლებოდეს. არ უნდა დაუპირისპირდე, მაგალითად, სეგრეგაციის პრაქტიკას თემში, ან მთელ მერიას, ანდა მსხვილ კორპორაციას, როგორც ერთ უსახო ერთეულს. თუ ასე იზამ, მათ წინააღმდეგ მტრული მუხტის შექმნასა და გაღვივებას ვერ შეძლებ.
1930-იან წლებში მშრომელთა უფლებების დამცველი რადიკალური ორგანიზაციები ურტყამდნენ არა, მაგალითად, ზოგადად General Motors-ს, არამედ მის პრეზიდენტს; არა კომპანია Republic Steel Corporation-ს, არამედ მის ხელმძღვანელს, ტომ გირდლერს, რომელსაც “ხელები სისხლში ჰქონდა ამოსვრილი”.
ასეთი მკაფიო ფოკუსი ერთ კონკრეტულ მეტოქეზე, მის გარიყვას, ანუ პოლარიზებას გაგიიოლებს. პოლარიზების კლასიკური განმარტებისთვის გავიხსენოთ ქრისტე: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა” (ლუკა 11:23). შუალედური კონსენსუსი მისთვის არ არსებობდა ეკლესიაში შეკრებილთათვის. მოქმედებ მტკიცედ და პრინციპულად, იმის სრული გააზრებით, რომ ყველა ანგელოზი ერთ მხარეს დგას, ყველა ბორტი - მეორე მხარეს. შესაძლოა, რთული იყოს ლიდერისთვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რა წამს გადაწყვეტს, უნდა ირწმუნოს, რომ მისი მიზანი 100 პროცენტით პოზიტიურია, მეტოქე კი - ასი პროცენტით ნეგატივს ატარებს. თუ არადა და ჰამლეტის სიტყვების გახსენება მოგვიწევს.
ლიბერალები სკოლის დირექტორთან დაპირისპირებისას, ყოყმანობდნენ, რომ მას ასი პროცენტით ნაძირალას ვერ დაარქმევდნენ - დირექტორი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, კარგი მეოჯახე კაცი გახლდათ და ქველმოქმედებასაც დაუნანებლად გასცემდა. მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, კონფლიქტის ველზე, სადაც გიწევს იმის მტკიცება, რომ ესა და ეს პიროვნება დამპალი რასისტია, შეტევის სიმძლავრე შეასუსტო და თქვა: მაგრამ ის თან ეკლესიაში დადის, იცით? და მოწყალებასაც უშურველად გასცემს, და ეგეც რომ არა, კარგი ქმარი რომ არის, რა ვქნათ?
ეს იქნება პოლიტიკური იდიოტიზმი, სხვა არაფერი.
ნამდვილი ქმედების გასაღები მეტოქის რეაქციაშია. სათანადოდ გახელებული და “მართული” მეტოქე ისეთ რამეს მოიმოქმედებს, რაც შენ გაგაძლიერებს.
ტაქტიკა, როგორც ორგანიზაცია, როგორც სიცოცხლე, შენგან მოითხოვს, რომ შენი მოქმედებით თან იარო, არ გაჩერდე.
თარგმნა თამარ ბაბუაძემ