გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წიგნები

წიგნები და მიძღვნები

მიძღვნა წიგნის ის ნაწილია, რომელსაც, ძირითადად, თვალს ვარიდებთ. ზოგჯერ, სწორიცაა, შაბლონურმა მიძღვნამ შეიძლება კითხვის სურვილი სულაც ჩაგვიკლას. მაგრამ ისეთი მიძღვნებიც ხომ არის, მთელ რომანს რომ აიწონის. მაგალითად, კამილო ხოსე სელას "პასკუალე დუარტეს ოჯახი" გადასარევი რომანია, უნაკლო ტექნიკით შესრულებული. მაგრამ ამ რომანზე დატანილი მიძღვნა კიდევ ცალკე ისტორიაა:

„ვუძღვნი ჩემს მტრებსო“, წერს სელა და ხვდები, რომ რომანში ნახსენები პაკო ლერმესი, რომელიც, ავტორის აღწერით, დიდი უგულო ვინმე იყო, შესაძლოა სულაც რეალური კაცი ყოფილიყო. რეალური მტერი, ამის თქმა მინდოდა.

მტერი ვის არ ჰყავს, მწერლებს – მით უმეტეს, მაგრამ ზოგი მწერალი თავს არიდებს მათ „გაუკვდავებას“, ზოგი კი – პირიქით, მთელი მონდომებით ცდილობს, სადმე მაინც გაჰკრას კბილი. სელას მსგავსად, ფრენკ ბოილმაც მტრებს მიუძღვნა თავისი წიგნი, რა დასამალია და, ცოტა უფრო გაბრაზებულმა:

„ვუძღვნი ჩემს მტრებს მე თქვენ გაგანადგურებთ“.

ასეთი იყო ბოილის განაჩენი. თუმცა, მის წიგნსაც ისეთი სათაური აქვს, მიძღვნის გარეშეც ხვდები ადამიანი, რომ ვიღაცამ ძალიან აწყენინა – „ჩემი სირული ცხოვრება ამ დრომდე“, დაახლოებით ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ მისი რომანის სათაური. მოკლედ, მტრებს არ ვურჩევდი მასთან კონტაქტს, გაბრაზებულია ადამიანი.

მაგრამ გაბრაზებაცაა და გაბრაზებაც. ჩელსი ჰენდლერის მიძღვნა რომ წავიკითხე, მივხვდი, გამიმართლა, მისი დედმამიშვილი რომ არ ვიყავი.

„ვუძღვნი ჩემს ძმებს და დებს... დიდი ნაბიჭვარი ხალხი ხართ!“ რა უნდა ქნა ადამიანმა!

 მე გამიმართლა. ჩემი არცერთი ძმა მწერალი არაა, თუ გავაბრაზებ, დიდი-დიდი, ფეისბუკზე მომწერონ უკმაყოფილოდ.

ჰენდლერისგან განსხვავებით, ედუარდ კამინგსი ასეთი ბრაზიანი ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ ამ დიდი პოეტის მოთმინებასაც საზღვარი ჰქონდა, როგორც ჩანს. როცა 14-მა გამომცემელმა წიგნი დაუწუნა, დედამისს გამოართვა სამასი დოლარი და სადღაც გარეუბანში, „სამიზდატის“ სახით მაინც გამოსცა. წიგნს სახელი შეუცვალა და დაარქვა „არ ეძღვნება“, ხოლო ქვემოთ მოდიოდა იმ 14 გამომცემლის გვარ-სახელი, რომელთაც ამ გენიალურ ადამიანს წიგნი დაუწუნეს. (დედანში No Thanks არის, რომელიც ორმაგად იშიფრება: „გმადლობთ, არ მინდა“ (ანუ გამომცემლების პასუხის პაროდია) და ის, რაც ზემოთ აღვწერეთ. ქართულად არ გადმოდის ეს კალამბური).

ფაქტობრივად, კამინგსის მიძღვნა უფრო არმიძღვნაა, თუმცა, ის 14 გამომცემელი არმიძღვნითაც სამუდამოდ რომ „ჩააინსტალირა“ ისტორიაში, ეგ ცხადია. ამ მხრივ, ჩარლზ ბუკოვსკი უფრო შორს წავიდა (ეგ ყოველთვის „უფრო შორს“ მიდიოდა ხოლმე), ადგა და პირდაპირ... არ მიუძღვნა... საერთოდაც, არავის მიუძღვნა! ბუკოვსკის „ფოსტის“ სატიტულო გვერდზე სწორედ ასე წერია:

„ვასაღებ მხატვრულ ლიტერატურად და არავის არ ვუძღვნი“.

 ვის უკვირს მისგან თავხედობა. საერთოდაც, მწერლების თავხედობა ვის უკვირს, საშინელი ხალხია ისედაც, ეგოისტი. მაგალითად ბეიბი უოკერიც გამოგვადგება, უფრო სწორად, მისი რომანი „ფსიქოპათები“, რომელიც, სათაურიდან გამომდინარე, ხვდებით ალბათ, ვისაც მიეძღვნება. დიახ, სწორად მიხვდით:

„ეძღვნება ყველაზე ძლიერ პიროვნებას, ვისაც კი ვიცნობ: ჩემს თავს“.

ასეა, საკუთარი თავი შენ თვითონ თუ არ შეიყვარე, არაფერი გამოვა. უოკერი დამეთანხმებოდა. ელი ბროში, სავარაუდოდ, არ დამეთანხმებოდა. ეგ არავის ეთანხმებოდა, ძირითადად. მისი ვებკომიქსების სერია სახელწოდებით „ერთ-ნახევარი ჰიპერბოლა“ ინტერნეტში იოლად შეგიძლიათ მოიძიოთ. დავუფასოთ, სათაურიც ორიგინალურია, თუმცა, მიძღვნას ვერ შესწვდება:

„ეძღვნება სკოტს. ახლა რაღას იტყვი, დედამოტყნულო?!“

მეტად უცნაური მიძღვნაა. თუმცა, სანდო ხალხი მარწმუნებს, მაგისგან მეტიცაა მოსალოდნელიო.

არც მეთიუ კლაინია ნაკლებად მოულოდნელი ავტორი. მისი „უკანდასახევი გზა მოჭრილია“ საკმაოდ თამამ ლიტერატურაში გადის:

„დედა, შენ გეძღვნება, ოღონდ სექსის სცენებს გადაახტი, გთხოვ“.

 თავი დაიზღვია მაინც ადამიანმა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დედამისი, მაინცდამაინც, ცხელ ეპიზოდებს აარიდებდა თავს. დავტოვოთ ეს მათ ოჯახურ საიდუმლოდ და ჯოზეფ როტმანის ოჯახზე გადმოვინაცვლოთ, სადაც საინტერესო რამეები ხდება, როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ავტორის შემოქმედებაში ოჯახის გავლენა აშკარად იგრძნობა ამ მიძღვნაშიც:

„ჩემს ცოლს, მარგარეტს, და შვილებს, ელა როუზსა და დენიელ ადამსს, რომელთა გარეშეც ამ წიგნზე მუშაობა ორი წლით ადრე დასრულდებოდა“.

მე მგონი, როცა ისეთ წიგნს წერ, როგორიცაა „შესავალი ალგებრულ ტოპოლოგიაში“, მყარი ნერვული სისტემაც უნდა გქონდეს.

ალბათ მყარი ნერვების პატრონებს უძღვნა ტესა დეარმა თავისი წიგნი, ერთდროულად კითხვა და სიარული, მგონი, კი მოითხოვს ნერვებს:

„ეძღვნება ყველა გოგოს, რომელიც სეირნობს და კითხულობს ერთდროულად“.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველ გოგოებსაც ეძღვნება ეს წიგნი. სანახევროდ მაინც – ხომ სეირნობენ ხოლმე.

და საერთოდაც, ქართველ ავტორებზეც მინდა ორი სიტყვის თქმა, თუმცა, მათი მიძღვნები დიდი ორიგინალობით არ გამოირჩევა.

„ლიუბას – სიყვარულას – ჩემს მეუღლეს, მეგობარს, ადამიანს, დედას“.

 თბილი მიძღვნაა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მიხეილ ჯავახიშვილს უკეთესი რომ შეეძლო, ეჭვი არ მეპარება.

არც აკაკის „გამზრდელზე“ წაწერილი ბრწყინავს ორიგინალობით:

„ეძღვნება ჩემს პედაგოგებს“.

 სამაგიეროდ, დათო ბარბაქაძის მიძღვნა მომწონს, თუ არ ვცდები, „ლოგიკის მონატრებაზეა“ დატანილი:

„ეძღვნება დედას სიხარულით“.

 საბოლოო ჯამში, ჩემი ფავორიტი მაინც ერთი საყოველთაოდ ცნობილი მიძღვნაა:

 „ლეონ ვერტს, როცა ის პატარა ბიჭი იყო“.

 ეს „პატარა უფლისწულის“ მიძღვნის ბოლო ნაწილია, მაგრამ გულს რომ აგიჩუყებს, ისეთი კია. უცნაური ისაა, რომ თავიდან თურმე „პატარა უფლისწული“ ეკზიუპერიმ ლეონ ვერტს კი არა, თავის საყვარელ ცოლს მიუძღვნა. მერე გადააგდო ცოლი, როგორც ხედავთ.

რატომ და რა მიზეზით, არ ვიცი. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რატომაც მივუღვენი ჩემი ჯერაც დაუსრულებელი რომანი (აწ უკვე ყოფილ) შეყვარებულს:

„ეძღვნება ნინო გოგუას, რომლის გარეშეც ეს რომანი არ იქნებოდა რომლის გარეშეც, საერთოდაც, არაფერი იქნებოდა სამყაროში და თუ იქნებოდა, ფასი არ ექნებოდა“.

 ეს, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური მიძღვნა არაა მსოფლიოში, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მწერლები ეგოისტი ხალხი ვართ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა