გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ცხვრები
თეგები: #პოეზია

ხალხი ხომ ნეხვია

1.

ქარი ქრის და კრისტალებს
ბოთლისფერი ფოთლებიდან მოთლის.
ხიდან რეკავს, ხიდან რეკავს
ქარის უმბრა ზარი.
სახლი ხალია, რომელიც
გიჟის შუბლზე გიზის,
შეუმჩნეველი,
როგორც პირამიდა გიზის.
სახლი დაირქმევს შენს სახელს,
სახლი თვალებსაც ახელს:
აქეთ სათოფური,
იქით ამბრაზურა.

 

2.

მიწას ფეხს არ აკარებსო,
კი არ მიდის, მიფრინავს,
მოსატანია მასთან ხტომა რა.
მიწაც არის არა მყარი, არამედ 
აპკიანი და ხთონური ტომარა.
ჩამოსულო, ჩემო სულო,
არყოფნიდან ყოფნაში,
რომ ლეგენდობ, გენდობი.
ყოფნა ჰქვია, რამეს რომ იკმარებ,
ხოლო არყოფნა  რომ ვერ იკმარებ.
ასე რომ, საკითხავია
საკბილო ლუკმის ყოფნა-არყოფნა.
სულის არყოფნა უდავოა,
როგორც ფარგლების,
როგორც საზღვრების,
რომლებშიც ბოგინობს
უსახლკარობის
ბოგანო ტანი, ტენილი
ჩაკეცილი სიცარიელით,
თანაც ამტანი ანტენა,
რომელიც იჭერს, რომელიც იჭერს
ცხოვრებას, რომელიც ვითომ მიდი-მოდის,
ანდა ალაგ-ალაგ გელეგენდება.

 

3.

ბრაზმა ააშავთეთრა,
ხალხი აქციაზე აქცია ზებრებად.
მე არ მაკავშირებს მათთან საერთო ზოლები,
რადგან ისტორიის ფუნჯი ამცდასავით.
და როგორც ბორბალი  ღერძზე,
ხალხი ტრიალებდა თავის მიკროფონზე.
ღრმა ნაკადმა ვიწრო გზა მისცა ჯოგს და
იგი ზონრადაც მიიქრო ფონზე.
ხალხის გახელება ჩლიქებს იქებს.
მე რომ არც ერთს არ ვეკუთვნი,
არც ზებრების ჯოგ-რემას და
არც ამხელა ხალხს,
რა მიზეზით აიხსნება,
ნეტავ, რაკი კენტავრი ვარ?
კვალს დამიხედე,
ჩემს უგზოობას
მოქლონებად ადევს ფლოქვები.
ბრაზი რა ზიანის
და რა ბზარების
გამჩენია, მოგეხსენება.
გვალვა გველევა,
ეგეც ცალ-ცალკე,
მე  ჩემი, იმათ  თავიანთი.
სიცოცხლის ბოლომდე
მე ვარ დევიანტი.
ენდე ადამიანს, არ ენდო ხალხს!
ცის მწერიც წვიმად შორიდან მოდის.

 

4.

ქვეყანამ მაშინ გამოიწერა ისტორიული ევთანაზია,
როცა დამფრთხალმა მისმა ქრისტიანმა
საბედისწეროდ მტკიცე უარით გაისტუმრა
დახმარების სათხოვნელად მოსული ხევთან აზია.
სიკვდილი ლამაზი ქალების ჯარად დგას
და მათი მზერა, იისფერი, ინდიგო,
როგორც ბაგეები მათივე ნახევთა, ნაზია.
სახე, სახედ სახედარი,
დატვირთული მეტყველების საპალნით,
მაინც სახედ მოკვდება, რამდენიც გინდა, გზაში იდინგოს.
ო, ჰამლეტიან კითხვას უპასუხოს
კი ორფუთიანმა,
ჩემმა ახალმა ორმა ჰანტელმა.
ფეხს არ იცვლიან გაკერპებული კორპუსები,
თუმცა ღამეა, მათ ელოდება მორიგე მორგი.
არ გათენდება, არ გათენდება,
რომ გაიხაროს ხაროს ვარსკვლავმა
და წამოკრიფოს შუქის სარჩული,
ამოიკითხოს.
მე არაფერზე გული არ მწყდება.
მთელი ცხოვრება დაიღეჭება კევებად.
სადაც შეუძლებელია, რომ გაივლოს საზღვრები,
იქ გელოდება უტყუარი განცალკევება.

 

5.

ძალა აღმართს ხნავს, აღმართს ხნავს,
ბოლომდე ასული, უკან გადმოხედავს
და გადააქცევს, თვალით გათელავს
აღმართს დაღმართად.
თავქვე დაშვება იოლია და დაქანება
ძალდაუტანებლად.
დაღმართის ძირში ძალის მსხვერპლი ძევს
და იოლია ქუსლით თუ არა,
სიტყვით მაინც მისი ჩაწიხვლა
და გამტყუნება ასე თავისით,
ძალდაუტანებლად. სიტყვაც ხომ ენის ქუსლია,
თვითონ ენა კი უძლეველი აქილევსია.
ხომ წყალუხვია ნაკადი
და რა სჯობია იმას, რომ
მას ჩამოჰქონდე ნაფოტად,
ალვის ხის ჩამონათალი.
მიმზიდველობის ძალა კი, მართლაც,
საოცარი აქვს და შემპარავად ბუნებრივიც
დაღმა დაშვების უნებურობას.
თუმცა ლოდების ან ჰანტელების ტრიალი,
ტრიალი მინდვრის მეფობაც
აქაც გამოვა, შორს წაუსვლელად,
თუ თავს არ დაუშალე, არ დაუწუნე ბურობა.

 

6.

და მე თანახმა და, უფრო მეტიც,
მოწყურებული, ყველა ძველი საიდუმლო
რომ ამოითხაროს, ვარ,
ხაროს ვარსკვლავიდან.
ეს საჩქაროა, ეს საჩქაროა,
თორემ ჭაობი, ჭა, ობიანი,
დაგვრჩება იმავე წამებად წამებად.
დროა, რომ ძველი ამოვხაპოთ და გადავაგდოთ
ახსნა-განმარტების გათლილ არხებში,
ახალ ულმობელ საიდუმლოებს
ადგილი მივცეთ რათა რომ.
ენამჭევრია ქალღმერთი ჭა,
მისი კი მუსიკა და ბნელი ტომები
იტვირთოს რა ყურმა,
რა თარომ?
რელიგიური ბოდვების
შორიდანვე დამაფრთხობელი
მე პოეზიის გრძელი ჯაჭვით იქ მივიყვანე
და ავი დავა დავაბი,
რადგან პოეზია ის ქსოვილია, რომელშიც
კავშირი უფრო მეტს ნიშნავს,
ვიდრე რომელიმე დაკავშირებული,
ყველა ცალ-ცალკე ან ერთად.

 

7.

ჩვენს საუბარში
ჩირი ჩავჩარო, მეჩოთირება,
მაგრამ რას ვიზამ,
თეთრ ფიალებში
არ იშმუშნება უშნოდ ქიშმიში,
ფინიკის ხურმას კი ეხუმრება.
ვინ გაიპოხა ეპოქალური ფულით ლაშები?
ლექსი კი რაა?
ლექსიც ძაღლივით ნახელავია, ავია.
თლა არ დავაკლო,
რომ არ დავაგდო გამოჩორკნილი,
გული არ მოვუკლა ოდესმე ვინმე მეძველმანეს,
ან ამ ჩათლახ ქართველებს
თვალში არ მოხვდეთ,
არ მოუვიდეთ,
ხელი არ ახლონ მას, რომ ნაშრომი
მათ თან თავისი ეგონოთ.
და არის ლექსიც
რუკა, ცრუ კარის მომცემი.
თებე დაიპყრეს თუ ჰიქსოსებმა,
გახსნი, გააღებ და რაკი არ ხარ
წყალი ან პროტევსი,
გადაგიღობონ გზა გისოსებმა.
მოკლედ, ყოფილხარ საწყალი.
მაგრამ საწყალი იმას ჰქვია,
ვისაც წყალობა აკლია,
ხოლო წყალობა სხვამ ვინ მოიღოს
იმ დედოფალი,
დედა უფალი
წყალღმერთის გარდა.

 

8.

კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს,
და გამახსენდა შტატი მონტანა,
ეჰ, ოჰაიო მაინც ყოფილიყო.
ამბავს დათესავ, ქვეყანას მოიმკი.
ამბავს მხარზემოთ გადააგდებ,
უღრან ტყედ ამოვა, მდევარს შეაფერხებს.
რომ არ დაიკარგო,
ამბავი კიდეც გეარიადნება.
როგორც დედინაცვალს,
იმავე ამბავს თვითონ გაურბის
და ზედ, ჩემსავით უმადური,
გერი არ ადნება.
ზოგჯერ ამბავი ღუზად
უზადოდ გამოგადგება,
და გახამებულ ხელსახოც ამბებს
კონტინენტები
ზედ შეაწმენდენ ქონიან თითებს.
ისევ თარშიში აკავშირებს
გადამთიელი ტარიელ-ნესტანიანის
ამბავს ამბავთან თეთრი კაშალოტისა,
და ბუდამ აქაც, ამ ენაზეც,
ამ ღვთის პირიდან გადავარდნილ საქართველოში
გაშალა ლოტოსები.

 

9.

მიდგმულ-ულევია ფიქრის ტრაპები,
გასაოცარი თუ გინდა,
ისეთ ხომალდებზე.
აქ ღამეების ყრია აბები ფსიქოტროპული,
ხოლო დღეების ნადავლია,
არის ტროფეი
გადაჩეხილი ჩემი სტროფები.
მთელი ცხოვრება
არის სიკვდილის რეპეტიცია.
ერთია ფიცი, ბოლო  მეორე,
და ეუბნება, შენ პირველი ხარ, მეო  მეორე,
მთელი სიცოცხლე
მათ ღია ფანჯრის რაფად იციან.
რაფა კი საეჭვოდ ჰგავს ტრაპის საფეხურს.
და უცხო ენის
ტალღები გალავნად შემოვლებული
აქვს შორეული ლესბოსის კუნძულს,
რომელზეც საფო ხურს.
არა ჯაბანი, ჯანზე ხარ
იმ უეჭველი დროისთვის,
როცა სიცოცხლე გაგათავებს
მოურჯულებელ ლურჯ ლაჯებში.
ჯერ ეჯიბრები ბრინჯის ჯებირებს.

 

10.

იქით თუ ამბით წარსული
კაცმა კარად არ ჩაკეტა
და სიზმრის ხელით მიუხურავი
მომავლის ფანჯარა დარჩა აქეთაც,

დრო დაუბერავს, ორპირი ქარი.
რას მირჩევ, ქარო, ვიჩქარო?
აქ ოთახია დერეფანივით,
ერთ მხარეს მესმის,
როგორ ბორგავენ ამბები
კარებად ამდენი.
მეორე მხარეს სიზმრებით შემინულ
ვხედავ შუშაბანდებს.
მათ შორის დაგებულია
სნეულებების პარკეტი,
ვერ დაიტიოს კარაბადინმა.

ამ წამოქცეულ აწმყოში
ცხოვრებას რაც აბადია,
იმას აბანდებს. ანდა პირიქით,
მეოთახება მე დერეფანი,
რომელსაც სიბნელის თახვები ხრავენ.

 

11.

შიშით მოსილი მთელი მსოფლიოს დანაშაული
ანარეკლივით ერთგულად ბაძავს სანიმუშო
ულვაშებიან გორელ ორეულს,
და მის ჩრდილთანაც კი შედარებით
მამა აბრამის ბატკანია
გავეშებული ხვადი გორილა.
მისი მშობელი ქართველები ხვლიკი ხალხია,
რომელიც ყოველ ჯერზე და
ისტორიას თითო ნაბიჯზე
ქუსლქვეშ უტოვებდა კუდს და გარბოდა
თავის საშველად, რომ გაეჩინა ბოლოს სტალინი.
არ შეგეშალოს, მას არაფერი სცხია
ადამიანის რომელიმე ბუდე ქალაქის,
არც ბაბილონის და არც ტალინის.
ანაბეჭდების გასამრავლებლად
მზად არის დასტა ლინოლეუმის.
ახლა დაზგაა ისტორია, დასტრიალებენ ქურუმები
და ლოცულობენ: მუდამ სტალინო,
შენი სახით მოგვართვევინე
კაცობრიობის უკანასკნელი
სალოცავი და სტალინოლეუმი.
მზიან ქარში რომ ჩრდილის მიმოქცევას ხის ვარჯი შობს,
ასე იბნევა უადგილო პოეტი და ჰაერის სიტყვებით ვარჯიშობს.

 

12.

აწ
ახლა,
მარადაც
„ჯერ არა“ და
„უკვე აღარ“ ღარებს
დრო თავისთვის ახარხარებს.
„ჯერ არა“ და „უკვე აღარ“ ღარებს შორის
ეს უცნაური მდელო თუ ბორცვია ამ გარდა მაშ ორის.

 

13.

ბედმა მაშორა გრილის ოსლო და
ცხელის მარაქეში.
სამაგიეროდ, გამიმართლა,
მარგუნა თბილის ის.
აქაც ქრისტიანიაა და აქაც შეძლებს, თუ შეეცადა,
კაცი გარევას მარაქაში.
როგორ არ უნდა შეეცადოს, მეტი რა არის, აბა, ცხოვრება?
ღამით რაც უნდა დავაგო, დავდო ლოგინია,
დღეებიც, გქონდესო, ტავტოლოგიანი.
აქ ისტორია დაბანგული ბანკია
და დედოფალი თამარა  ქეში.
რემონტი დავარქვი, კედელი კირით შევლესე,
მოუხდებაო, კარს შემოვარტყი მშრალი ლატანი.
რა გაეწყობა, ოპოზიციის ოაზისებიც
და სულიერ საშოვარზე
საკალმასოდ გამოსული კალმოსანიც,
რადგან ქართული და ქართველია,
თუ ერთნაირად არის შარლატანი.
მეგობრობისგან გათავისუფლებ, მეგობარო,
მიირთვი შენი გოგოლ-მოგოლი,
მე შენ მაგივრად გუგლი მეგულება.
გული კი მხოლოდ იმაზე მწყდება,
მე და ის რომ
ერთდროულად
არ დავიბადეთ.
რა დროს აქილევსის გაშმაგებაა,
ერთდროულობას უმღერე, ქალღმერთო!

 

14.

დრო იყო მზიანი ზიანით
სავსე გვალვა და ირაო.
ახლა წყვილი
წელიც ისე გაივლის,
როგორც  მაშინდელი ორასი: ამო, ვნებას
არ მოგიტანს, ჭიდან,
სწრაფი წყალი თუ იქნები.
არც კი იცი, ბოლოს გელის, გადარჩენის მაგივრად,
აორთქლების მოგვერიოს მაგვარი
ო, რა სიამოვნება.
არ დაშრები, წყალი თუ ხარ,
გვალვას, მოსულს მაგ შენს ჭამდე, ჭამდე ამდენს,
და ნანგრევებად დაბადებულმა
ოდესმე იქნებ გაიგოს, აიგოს როგორ.
მდინარეს რომ ადარებენ, ტყუილია,
დროა ქვა, აქ ვარო, რომელიც ამბობს.
დროა ქვა, რომელიც ეცემა
რაც უფრო დიდხანს,
მით უფრო ჩქარია.
მას მომავალი იზიდავს
და იგი ჭაში თავქვე ვარდება,
შენ კი წყალი ხარ, რომელიც იქ დგას,
და მოვა დრო, როცა დროში გაიცვლები.

 

15.

რადგან ამ ქალაქში,
ქაჯსა და მოგრეხილში,
აღმართი დაღმართზე ერთით მეტია,
სწორედ იმით, რომელიც
აცლის არაქათს,
იმპერიული მიდრეკილების სიცოცხლესთან
მან პირიც შეკრა,
რომ უბადრუკი მიდრეკილების
შესაბამისად
სიცოცხლემ ცოცხლებს
გადაუმალოს,
რომ სიკვდილისას ამ ქვეყნად
არ შეედარა ბარაქა.
დარაბა რა ქარის
ხელწამოსაკრავია, არა?
ხალხო, ახალ ხომ
ამბავს მაინც არ დაიჯერებ,
თუნდაც ძველთაძველი იყოს:
ერთი ყურიდან შეუშვებს
და მეორიდან გამოუშვებს,
იქაც უკვალოდ ჩავლილს,
რიგი რიგიდული კეფების.
შენი შუბლი შაბლონია.

 

16.

რაც მან მანამდე გასცა, გაიღო,
მე სულ ყველაფერს ვუნაზღაურებ
და უფრო მეტსაც კი მივუტანდე.
ბნელი ვარსკვლავი დავშანთე
ანთებითი პროცესით,
როგორც ისტორიამ 
ხმელთაშუა ზღვის შემოგარენი თებეებით.
და ეს ქალაქიც, რომელშიც ახლა ვწერ,
თბილი თბილისი კი არაა,
თებელისაა ან  თებელისო.
ანთებ, ელისო რადგან უკუნეთი,
მონაჩმახების კალეიდოსკოპს.
ჩვენი სიცოცხლე გრძნობის ჩახმახია.
მეგალითების მაგალითებით
დატაძრულიც მალტა მოილტვის.
მოდი, ოდესმე შევხვდეთ, შევიყაროთ
იქ, სადაც ვარსკვლავისაა
უძირო და შავი ხარო.
დავიჯერო, რომ მითხარი, ავი ხარო,
თუ გაშმაგების ისიც სიცივეს ვანდო, გონება?
ცალკუზიანი აქლემი, რამე ჯაგლაგი დრომადერი
შენ კი გგონივარ, მაგრამ გამოგრჩა,
რომ თანაც კოსმოდრომი ვარ.

 

17.

ამას სთხოვს, მიწა სთხოვს 
არ მატკინო, არ დამბარო, დედაბერო!
მე შენ გეორმოები, ვინმე ცას არ მოებას!
ჩვენი განუყრელობის, მიწისა და დედაბრის,
შეშურდება მობიუსს!
გაგეგონება, რომ უწოდებენ ემერგენციას,
როცა ახალი მოულოდნელად ჩნდება
ძველის პირზე ქაფივით
ისე, რომ მანამდე და უფრო სიღრმეში,
ძველის შემადგენელ ნაცნობ ნაწილებში,
არსად არც კი იგულისხმება.
მე კი მგონია,
რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში,
ისეთი სულ მთლად მოულოდნელის,
როგორიც არის, ვთქვათ და, სიცოცხლე,
შექმნა ხდება სულაც პირიქით,
ზემოდან ქვემოთ, ზედაპირიდან სიღრმისკენ,
მთელიდან ნაწილებისკენ.
ასეთი ახლის ამგვარ წარმოშობას,
ვფიქრობ, რომ მოუხდებოდა
სახელად „იმერგენცია“,
(ვითომ და, როგორც ემერგენციის
საპირისპიროდ მიმართული რამ).
და იმას ვფიქრობ, იმერგენციის განმავლობაში
სადღაც ზემოთ, მთელის ზედაპირზე
ადრე თუ გვიან და სრულიად შემთხვევით
რაღაც ახლის მონახაზი იბადება და გაუმართლებს,
ჩაიძირება ძველის სიღრმეში
და იქ შეიძენს აუცილებელ ნივთიერებებს.
ასე ჯერ სახის ნაკვთებზე
და მაჯის თითებზე ჩნდება ხოლმე
გრძნობის პირველი ესკიზი,
რომელიც სწრაფად იძირება მერე გონებაში
და ყალიბდება გასაგებ გრძნობად და განცდად.
პოეზიაში დაწყებული ფიზიკაში გრძელდება.
ახლა დაბარე მიწა, დედაბერო,
დაგვთესე პირველი ხალხი!

 

18.

აქ და მაშინის აკლდამაში დამაშინებდი,
როგორ იფიქრე?
არ ვიცოდე მაინც,
რომ დროის მუქარა
გადაივლის მუქ ქარად.
იქ და ახლას დახლს ნოქარი
რასაც დაახლის,
რატომ უნდა მეძვიროს?
ხურდა ხელშიც გახურდა,
გამოდნება წამები.
მონაწილეობ კი აკრძალვაში,
აბა, გადახედე,
თავისუფლება ვისთვის აპკია
და ვისთვის  აბგა.
შენ ფეიქარი ხომ არ ხარ,
გაბაასება ისე გააბი?
შენი საგზალი შენი შეთხზული ზოლია,
ზედ კი კვანძები
ინკას კიპუსი ეგონებოდა,
მე კი  პწკარების,
და შენ პატიჟებ ჯიუტ ჰორიზონტს,
ლუკმა გავტეხოთ, სიტყვას არ გავტეხავთ,
ღვინო დავისხათ, ჩვენც ჩამოვსხდეთო.

 

19.

ადამიანო, ჰგავხარ ავ ხარს.
ადამიანო, ჰგავხარ მგლების ძმას
და დას ტურების.
და ბუნაგები ნაგებია ჩვენს ამ ბინებად,
ტყუილს ქადაგებენ გადამდები ამბიონიდან.
ადამიანო, შენი ყურადღების ხელთაა
მთელი ძალა დადასტურების.
ცნობიერება რა არისო, თავს რომ იმტვრევენ,
კი შეპყრობილი ერთი სხეულის ჭით და ხაროთი,
ცნობიერება არის-მეთქი ტელეპათია.
მდგომარეობა, გზა რომლისკენაც თვითონ გავკვალე,
დაჟინებული ფეხით გავთელე, პატია.
მე ავიხირე, მტერს უხარია,
რომ მომავალი დაკოდილი, ავი ხარია
და ბერწად რჩება წარსული,
და ნათელია,
აწმყო ხბო რომ კია მათი,
მაგრამ, დაუბადებელი,
იგი ხმაურიანი არის ბრმა ყიამათი.
დაუდევარმა მკითხველმა ერთი აბზაცი გამოტოვა,
წინა აბზაციდან მომდევნოზე თვალით გადახტა
და ამ ერთისთვის თავი დაიბრმავა.
მე იმ აბზაცს შერჩენილი დევიზი და მოტო ვარ.

 

20.

ვიდრე სხვადასხვა ფერით ფეთქავენ,
შევინარჩუნებ ცოცხალ საუბარს,
მიმოქცევის პერსპექტივიანს.
ხოლო ლუდია უფრო უმადური
თუ საქართველო,
ძველ ეგვიპტეშიც ნაყაჩაღარი,
კაცმა არ იცის, არარსებულმა უწყის.
რაც უდავოა 
არც ის დაგინდობს,
არც შენ არ ენდო.
მაღალი დროის სადმეა ნაპირი
და იქ ტივია,
და სიტყვაც „ტივტივი“
ისე ძველი ჩანს და უეშმაკოც აქ,
რომ რომელიღაც შორეული ჩვენი სამშობლო
იყო, ეტყობა, გამორჩეულად ტივებიანი,
მე კი განგებამ თვითონ ოდესღაც შუბლზე მაკოცა.
სულ სჭირდება ადამიანს იმის ცოდნა,
როცა ხარჯავს, ფლანგავს თუ ზოგავს,
რომ ან შეშფოთდეს ან მშვიდად იყოს, შესაბამისად.
ასეთია ისტორიის ეკონომია 
სულ საზრუნავის გარდა
საუბარივით პერსპექტივაზეც დამოკიდებული.

 

21.

სადაც სიტყვები ყრია,
იქვე მიუგდე ყური.
თუ ის ეგაა,
მე რაც მგონია,
ისტორიის ეკონომია 
სხვას კი ეგონა, ეგ ან ომია ნომრიანი,
ან უმი უომრობაა  მაგრამ ეგრე როდია.
ისტორიიდან ექსორიაყოფილი ისე იქნება,
კაცი თავისი სხეულიდან რომ ამოაგდო.
მისი ცხოვრება დღისით გროტესკია, ღამით  პაროდია.
ან რას მოეჭიდოს,
ხელი ხომ ხავსზეც აღარ მიუწვდება.
ადამიანო, შენი სხეული მართლა ორია
და ისტორია შენი მეორე სხეულია,
რომელსაც ეგ ცვალებადი,
შენი პირველი ტანი,
ტავტოლოგიის ძალით,
შორიახლოდან მოუტანია,
თვითონ კი განზე ისე გამდგარა,
ვითომ მართლა მეორე იყოს
და შეკვეთების სკუტერიანი დამტარებელივით
ხელცარიელიც წავიდოდა,
ფეხის ქირისთვის მადლობელი.

 

22.

რაღა გაეწყობა,
თუ დაეწყობა
და დაიგება,
დალაგდება
ფეხით შესადგომ
კმაყოფილება ფილებად, 
და ამ ფილაქანს, გემბანი იყოს,
ჩვენი ჩრდილების იალქნები მიაქანებენ.
საესთეტიკო კმაყოფილება
ახალშობილი სამყაროების ყიფლიბანდია.
ჩემი ბენდენა თანაც ჩემი ხილაბანდია.
მე არაფერი მეყო და მესაკმარისა,
ნაქალაქარის ქუჩაზე ცხოვრება
არც პოეტისას არ ჰგავდა,
არც ყაჩაღების ბანდიანს.
ვერსად წამსვლელიც ქოთნის მცენარე
ხომ მაინც მათრობელი და
არა მშვიდობის, არამედ
ერთადერთობის მომტრე მტრედია.
ცხრა ზღვის გადაღმა გადამთიელად გადახვეწილი,
არც რომაულ ლეგიონად გარდაქმნილი, არც  იმპერიულ ხეთებად
და იქნებ ქარსაც მორეული ორეული
სადმე დაეხეტება.

 

23.

არა, დღეს არ, დღეს არ,
სარები თორემ წამახულია.
დეიდა ვნახოთ, წამო, ხულია.
და დღეს ტკივილი აბჯრად აცვია,
და ჯულიეტა ერქვა ერთ-ერთ ნათლიას.
ზოგი დღის გამოტოვება შეიძლებოდეს რომ კი,
დარჩენილს, ჯანდაბას, ორ-ორჯერ მომკი.
და ჰაერივით თურმე გჭირდება,
სწორედ რომელიც გეჰორორება.
ხომალდს რაც ელოდება,
მუხთალ ზღვაშია რიფი,
როგორიც მოხვედი, ისეთი მიდიხარ,
ჯიუტი, არიფი.
ისევ ის ბიჭი ხარ, შე ჩემა,
ხუჭუჭა, პატარა.
და წლები გარეთ გადმოიყარა,
დრომ, რომ ბასრია,
ცხოვრება თვალწინ ისე გამოფატრა.
მოთიბე მითების მიეთმოეთი,
არა ნამგალი, არამედ შემკრები ცელი ცალია,
ზედ ხელი – ორი. მაინც ვერ გავიწაფე,
უსწორმასწორო ლექსიც ნათიბი კვალია,
მე სიკვდილისთვის ყოველდღე მცალია.

 

24.

– გისმენ, ისმენე,
შენი ჯერია,
ახლა შენ მიამბე.
– გუშაგი, ჯაშუში, განგაში!
ომის ალები, მისსაილები,
სკდება ჭურვები,
დარდით, ურვებით.
გაღმა თებეა, ასკარიბჭიანი.
მას შეესიოს ზღვიდან მისული
ჯოგი ასკარიდების,
მერე ალექსანდრიას.
მას რომ უთხარი,
შთამომავლობით ღმერთი ვარო,
სახარება ეგონა და
დაგიჯერა ჯოგმა დოგმა.
გამოღმაც თებეა,
ოღონდ შვიდკარიბჭიანი
და როგორ გინდა,
განზე არ გადგე გაშმაგებული,
როცა გამომჟღავნდება,
რომ სამივე ხარ მორიგეობით 
გუშაგიც, ჯაშუშიც, განგაშიც.
და ამ ცხედრების გადამკიდე
ვერ გიცხოვრია,
ვერსად წასულხარ,
რადგან ცოცხალს საზღვარს უდებს მკვდარი
და გიგლგამეშიც
უსასრულოდ გლოვობს ენქიდუს.
გუშაგი, ჯაშუში, განგაში!
შენ კი რას მისმენ ან რა გნებავდა?
 მე, ისმენე, ის მენება...

 

25.

ხოლმე ცხოვრებაში ხდება უცნაური რაღაც-რაღაცები,
ხოლმე კი ცხოვრება მთლიანად ხდება
შემაწუხებლად გაუგებარი,
როგორიც არის მხოლოდ უცხო ენა.
მე ამ მეათეხარისხოვან ქართულ ენაში
ცრუ ფესვებად გავიდგი უქმი ლექსები.
იზამდა, მითხარი, სხვა ვინ ამ ჰამქარში,
რეოსტატივით რომ ეოსტატა.
და მე რომ არა,
ქოთნის მცენარეს
და უღრან ტყეებს ერთმანეთი
აღარც კი
დაესიზმრებოდათ.
აქ ქიტინის ტანიანი ჩემი ტექსტები
ელოდებიან საიქიოში
ციფრულ სამოთხეს,
რომელშიც წავა
თხელი დასტა სტატისტიკური გამონაკლისების,
მრევლი კი დარჩება თანმიმდევრული
უმრავლესობის ჯოჯოხეთში,
რომელსაც ეკლესიები
ექლესებიან.
ნეტარ არიან იდიოტები.

 

26.

დამალევინე შხამი, სამსალა,
პასუხად მოგცემ სამ სალამს,
ერთს იმ რიგისთვის, რომელიც
მე დავაწესე, მეორეს იმ რიგისთვის,
რომელიც დაწესებულა ჩემ დაუკითხავად,
მოგესალმები ბოლოს მესამე სალმით იმ რიგის გამოც,
მე კი რომელსაც ვაწესებ, ოღონდ  უჩემოდ დაწესებულის შესაბამისად.
საბამ ის ადრე შემოიარა, სადაც ევროპა ეგულებოდა,
მეფეს ირანი მოუსინჯავს სამუსულმანოდ,
სულ მან ოდესღაც მრავლად იარა.
მე ვარ ლურსმანი ჯიუტად
დაჭედებული ზღვაზე,
და ვარ კუნძული ხმელეთზე.
კლდესავით სალ სამ სალამს მალამოდ
კი დაედება სამივესთან
გამოსალმება,
უფლება
თავის.

 

27.

როცა ვიქცევი, მაშინ ვიქცევი.
ჩვენ კი შინაური გვეგონა, მაგრამ
წესმა აგების და მოქმედების თანმიმდევრობამ
ამ კავკასიურ, კუთხურ კილოზე ისე მარტივად მოუქცია,
უდავოა, მიბაძვის ნიჭი და მოქნილობა
რომ არ აკლია საკაცობრიო
ინსტრუქციას.
ზოგი რამ, გარდაუვალი,
მზაკვარი განგებისაა თუ უზაკველი ფიზიკის,
როგორც გენებოს, ისე გეგონოს,
რა სადავოა.
და მეც არ ვიტყვი,
რა მომეჩვენა, სინამდვილედ
ან ის თუ რა იქცა.
ჩივილით ჩავალ, ჩავავლებ
საიდან საით მოდის და მიდის
ახლა ეს მეორე, სუსტი ინსტრუქცია.
თუ ყველაფერი უკვე წინასწარ განსაზღვრულია,
თუ არ უარსებია
თავისუფალ ნება-არჩევანს,
ყველა გზა მაინც არ მოეჭრება თავისუფლებას.
მისთვის ხომ ისიც საკმარისია,
რომ შენთან ახლო-მახლო მოიძებნებოდეს
თავისუფლების ინსტრუქცია
და რამე ძალაც,
რომელიც მისკენ გიბიძგებს,
ხელს გკრავს,
სადაც სათანადო ადგილია
და როცა დროცაა.
გაჭირდა, გართულდა სუნთქვითაც,
და როცა ვიქცევი, მაშინ ვიქცევი.

 

28.

ცხოვრებას აკრძალვის
თანდათან ულუფა ულპება,
გვეყოფა სიკვდილის
უფლება ყულფებად.
და თუ არ ირბინე
საჭერით პეპლობის,
ხალხების საქმეში
სულ უფრო ეფლობი.
დაღმართს მოასწორებ,
აღმართებს მოღრეც,
უღრანიც უღრენს
უფულო უფალს.
ჩემი პოეტი თავი ავია,
ბილეთიც ჩემი
მიმოფრენების
შენ გიკავია, ავია.
უმუზესობავ,
ჩემგან ხელობა
მიიღე, უმიზეზოსი.
ახლა კი ჩავა, მოივლის
კოჭლი ნაბიჯით ეზოს ის.
ესმის ქუჩების ხვიხვინი.
ხალხი, რომელიც პატიას
და ეკლესიას დასტრიალებდა
თავს ან ეხვია,
არ ღირს გაცდენად, ნახვადაც.
ხალხი ხომ ნეხვია.

 
ფოტო: ნინა გადილია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა