გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ხელისუფლება ვერანია, ვარანია სამღვდელოება

1.

ბორტი აწიე და ჩამოკეტე.

ჩემთან ერთად ძარაზეა,

რაც კი ამოგვიზიდია:

რამდენიმე გატენილი პარკი,

ერთი ძველი ტახტი ან ის

ერთიც დაუკრავად მკვდარი და,

ნახე, მუსიკის შავი ტაძარი,

პიანინო ეს.

მე აქ დავრჩები,

შენ დაუჯექი მაგას კაბინაში,

ავოე-მეთქი, მძღოლო, ნუ გძინავს

და, დეგენერატ, აძარი.

ბრგე ბარგი ბორგავს.

მერე დავლიოთ, გველოდება სპირტი.

ერთიც მიაწოდე ჭიქა,

ეს უცნაურად ნიკაპიანი, ნოეს.

დღე იყო აფორაჯებული,

საღამო - ტიფივით პარტახტიანი.

გავქრით ყველანი ყველაფრიანად.

მოქუჩებულზე მწვანე და ყვითელი

ქუთუთოების გამხელი

ოთხი წითელი თვალი ანთია,

საიდუმლოს გამმხელი.

ჩამოვარდნილი უხმაურობა

ისე გამძლეა,

კიდევ გაუძლებს ერთი-ორ გდებას.

ქალიც ქუჩაზე,

რა თქმა უნდა,

აქაურივით გადაბორგდება.

 

 

 

2.

შემოჩენილი შიში და

შემოემატა ფობია.

ქალაქი ჩადგა,

არავითარ ქარად ისმის.

კერპის კონტური თავს აკანტურებს.

ღმერთი და კერპი რამ გაყო,

და როგორც ყველა ღმერთს ეკადრება,

მისი განზრახვაც ძირძეძვიანი და გაუვალი ტაფობია.

იგი მრისხანედ მღვრიე და გულმოწყალეა.

როგორც მადანში ოქრო,

მასში ძლიერი ერი ერია.

კაცთათვის გამჟღავნებული

მისი სახელია ო, სტატისტიკა!

ფეხი გამოადგი, რაღას ელოდები,

დახუფე, დახუფე ნაბიჯი.

დრო იყო, დრო გასდიოდა სივრცეს,

ახლა კი იქცა ნახელავ

ოსტატის ტიკად.

ყველანაირი შიშის ფესვი კი

ზღურბლის შიშია,

დაე დაერქვას ვილოსფობია.

და ეჩვენება მოქალაქეს,

რომ მისი სახლი რაღაც საეჭვოდ

კარით ახველებს.

ჰორიზონტი ზღურბლია.

ზღურბლი იყო დაბადება.

როცა ქუჩაში ნიღბოსნები დაკანტიკუნტობენ,

ჰგვანან თახველებს.

ყურს თუ დაუგდებ,

ყველა ნაბიჯიდან ზღურბლის იღრინება ქოფაკი.

და ზღურბლებისგან შეკრულ ჩარჩოებს

ისე ვავსებთ, ვჭედავთ ჩვენი პორტრეტებით.

მე ზღურბლს გადაღმა გადასული ბევრი მინახავს.

გადმოღმა ცხოვრობს სათნო ეთნოსი.

  

 

 

3.

ამ ტალახიან დღეში ჩავარდნილ სიარულს გავყევი,

მაგრამ ვერ ვნახე, დაკარგულიყო თეთრი,

თვალთან ვერ

მოვიკამკამე რტო.

ჯერ წესიერად არც ფოთლებია,

წინადაცვეთილ

ხეებს შორის დგას

თვითმარქვია ობლების

ფეთხუმი დედა ეკლესიაც.

მათ ღმერთს კი დღისით თავიც არ გამოეყოფა,

იგი უკუნეთია,

კერპია კუპრი ან.

ალბათ აპრილის ბრალია,

სადაგ-სათანადოს და შესაბამისს რომ ეძახიან

გაპრიალებულ სიტყვა უპრიანს.

ისე დავდივარ, რომ გენახე,

ამ ერთხელ მაინც შემადარებდი

ყირაზე დამდგარ კამერტონს.

ბევრი ვიარე თუ ცოტა,

აი, და მაინც,

სახანძროს ეზოში

ბებერი ფიჭვიდან

ჭახჭახებს შაშვი,

რომელსაც ფერი აქვს ყვავის.

მათი თანხლებით

გვიანი ტყემლის უდღეური

ხე თეთრად ყვავის.

 

 

 

4.

სადაც ზარი რეკს,

იქ ჩადგეს დახლი და

სადაც ზანზარებს ნაბათი - ბუტიკი.

ლიტერატურა დაარქვეს,

გაყიდეს ბატიბუტი კი.

ლექსია წამის ორად გახლეჩა,

და ერთ ნახევარს მე რომ აქ ვიტოვებ,

ასეთი ავხელი, ავტორი,

მეორე ამ წუთას მოდის მანდ, ანდა

უკვე შენია,

და ის, რაც არის

მხოლოდ შენს ხელში,

ვფიქრობ, მათი კვლავ შეერთება

და ფეთქებადი სინთეზია რომ.

ყველა მოძღვარი ბინძურია,

ვინც გეპატიჟება, რომ მასთან რამეს ეზიარო.

ბებერი ხეების იწვნიე სიმწარე,

ამოიყარე სოკოებად, მოდი ლიანებად.

ქალის ფეხებში გაჩენილები ფიროსმანებად

ქალის ხელებში კვდებიან მოდილიანებად.

და, როგორც წესი,

ქართველი ქალი გამჭრიახია,

იცის, რომ მისი

ქართველი კაცი

უმეტესად არის უნიჭო.

თუმცა ამბებიც დაითესება ნეშომპალაში,

როცა ნიადაგის აუვა სველი სუნი ჭორს.

ცნობა-გონებას ახალი სიმთვრალე

გაწმენდს და გაასუფთავებს,

როგორ ლულას - შომპოლი.

 

 

 

5.

როგორც კუდუსუნი,

ოღონდ ორ-ორი,

შემორჩენილია რქა, ულამაზო,

რომელზეც ენამ წამოაგო მისი გონება,

ვისზეც ვერ იტყვი, რომ იგი უდავოდ არის იდიოტი,

თუმცა კი საეჭვოდ ჰყოფნის მას -

რითმა ჰქვია და გავიმეორებ -

ოდენა ყველაფრის ამხსნელად იოტის.

იგი თავს აფარებს არა მოვაჭრის,

არამედ თავისი ხალხური გონების

გაუვალ ტევრებს და არქაულ ამაზონს.

წამახულ წყვილებთან

ზედმეტად შეთამაშებამ

გადაამტერა რამდენი

კაცი კაცსა და ტომი ტომს.

მოდი, მე და შენ გავითვალისწინოთ,

ცნობა-გონებაში რომ ეჩხირებათ

სიტყვიერი მეუღლეები,

თორემ ენას შენ

მათ ვერ მოახერხავ

და მე ვერ მოვაჭრი.

და მაინც ხმამაღლა ვიტყვი,

იქნებ რომელიმე მათგანმა

ყურადაც იღოს,

რომ სირთულეზე უმწეოდ დაბოღმილების

დამაბრმავებლად თან მარტივია

ეს წვეტიანი წყვილები:

რატომ? იმიტომ!

როდის? მაშინ!

სად? სადაც!

ვინ? ვინმემ!

რამ? რამემ!

აბა? ღმერთი!

 

 

 

6.

სხვებია შენი არაცნობიერი.

სხვებია შორი გზა,

თუ რომლიდანაც მოუვლი,

შინ შენთან მშვიდობით მიხვალ

ზოგჯერ მაინცო.

გზა სიარულის ფეხსაცმელია.

ზოგჯერ - შეკრული, ხან კი გახსნილი

სულ თასმებია ჩვენი ნათქვამები.

შიშის ზარისგან გაიცა განკარგულება,

რომ მიკარება უნდა შეცვალოს განკარებამ

და ერთმანეთში გადაჩეხილ-გადაკარგულებმა

უნდა დაისწავლონ ერთმანეთისგან განკარგულება.

თავის ცნობაში ჩავარდნა,

ვიცი, იოლი როდი საქმეა.

ნიშნის მოგების გარეშე მითქვამს,

სიტყვას ვამბობდი როდის აქ მე ამ.

ახლა მოკლე გზაც გასავლელია,

და მერე ნახე, მოკლეზე მოჭრით,

მომკის მანძილის

რამდენ შორ

შორთქათი ქათიბს.

აჩონჩხლილიო, რომ იტყვიან,

წვრილმან რამდენ

იქს დაატარებდა,

ახლაც რამდენი დააქვს

დროში გამოწყობილ

ამ დიდ აქს აქსესუარი.

შიშმა ალაგმა თვალები,

მიდი და გაიგე,

რა ხდება ღობის გადაღმა.

ნიღბებმა გზის გასწვრივ

აქამდე თანხმობანარევიც

დაქსაქსეს უარი.

 

 

 

7.

მომავალი ამომავალია.

ის წარსულიდან არის დამწევი

და არასოდეს არაა წინიდან შემხვედრი.

სათამაშოა ბავშვის ხელსაწყო,

მერე კი ბაძავს იგი თავის თავს,

მთელი თავისი სულ წარსულიდან

ამომავალი მომავლის განმავლობაში.

ძაღლის თავია დამარხული

ამათ ერთმანეთთან შეჭიდებაში,

ცხოვრებაც ჰქვია,

როცა ხელსაწყო ხელს აწყობს.

დადიან ქუჩა-ქუჩა უჩამიჩუმონი,

და მომაკვდავმა თეთრმა ვეშაპმა

თან ჩაიტანა ჩვენი ბოლო ცალი კაპიტანი.

შემორჩენილი მე ვარ მიჩმანი

და არ დავეძებ ხმელეთს, რომელზეც

მეორე თავპირი გახდა

უკვე ალიკაპი ტანის.

სათამაშოს გარდა კი

სხვა ცხოველებისგან უცხოდ

განსხვავებული იმითიც არის

ადამიანი

თავისი თავის რომ მიმბაძველი,

ავტომიმეტური გოიმია.

თუ ნებას მისცემ, რომ მოგატოლოს

ხამები, ფეთხუმგონებიანი,

სადაც მდევრებია ისევ წარმატების

ველური სკვითები და სარმატები,

სადაც ფული და, განსაკუთრებით, ძალაუფლება

სანუკვარი ნარკოტიკია

და, ესე იგი, კონკრეტულიც არის ქიმია,

სამაგიეროდ არ დაგიკავებს,

ცხოვრებას შენთვის გამოიმეტებს,

მალევე ნახავ, ტომი მეტ ურიგო იმიანს.

 

 

 

8.

მდოგვი სუნთქვას სუფთად დაგვის, ახელებს კია.

და, როგორც ხედავ,

ედავე, თუ გინდა, ცხადია,

როცა კი არ დაიცვა

ჰიგიენა გონებამ,

იგი ჭუჭყმა შეჭამა და

მას მოედო რწმენის წვირე.

და მერე მისი ყოველი სიტყვა

ყარს, ყარს, ყარს!

და მერე საეკლესიო

გალობადაც მოსდგამთ

თხებს პეტელი და ყროყინი ვირებს.

ფასად იგი არ მოგთხოვს -

„გაძვირებული მომეც ნიორი!“,

არამედ მოგვცემს საჩუქრად,

მუქთად არიგებს

პოეტი, მომეცნიერო,

ადრე დაჭერილ მუქ თადარიგებს.

სანთლით ნაძებნი სინათლის წყაროდ

ბნელი ვარსკვლავის

აკრიციული გვირგვინის,

რაკი შორზე უშორესია,

დაგვისახელებს კიაფს.

 

 

 

9.

როცა ბნელ ფიქრებს თავი მოეყრება,

როცა ფიქრის აქეთ-იქიდან ძალას მოიკრებ,

ვითომ სოკო მოგიკრეფია

და, თუნდაც დრეკადკიდეებიანს,

უკიდურესად გატენი

გონების სტომაქს იმ უმით,

ცნობიერება ამოინთხევა თვითნაბად ჩარჩოდ,

როცა მოცემულ მოცულობაში

სირთულის დადგება თეთრი მაქსიმუმი.

ხან რას ჩაისვამს იგი თავში და

ხან რას მოიცავს,

ამიტომ უნდა იწოდოს

მოსიარულედ ანუ იონად

და, როგორც ნავეშაპარი,

 თუ გინდა, თანაც იყოს იონა.

მოჩანს კი მხოლოდ, რაც მოექცევა მასში,

თვითონ რომ არ ჩანს, არა იმიტომ, რომ გამჭვირვალეა,

არამედ იმიტომ, რომ შენკენ

იგი არც ფონზე და არც ფონით არ შემობრუნდება,

და, ესე იგი, გმირ სპარტელად არ გამოდგება.

როცა ეს წელი თანდათან გავა,

ბოლოს ერთბაშად გაშარშანდება,

უკვე ბორგავს და უკვე აქაა ამომავალი,

ნაშიერობა მისი იკისროს უნდა გაისმა.

ურთულესობა ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდება,

ურთულესობაში ხან რა იმარჯვებს, ხან - რა,

ის ხან ყურისკენ მიდის, გადაიხრება

თვალისკენ და ის ხან,

ხან თითებიან ხელებს ეტანება,

რომლებმაც ღვინო უნდა დაისხან,

ხან - წარსულიან მწარე სურათებს,

ხან კი - სასურველს.

ხან შფოთვას მოიგდებს,

ხან კი გუნებას მოიხელთებს, დაკიდებისას,

კი არ აშიშვლებს, ის ხდის ყველას და ყველაფერს,

შენი ჩათვლით, დამაჯერებელს.

რაც ადრე ითქვა, გვიან გაისმა.

 

 

 

10.

მორწმუნეები არიან გრძნობა-გონებით,

თანაც ჯიუტად, ხარვეზიანები,

ხოლო ხელმრუდი რელიგია

ბინაა, რომელშიც ცხოვრობს

მათი ფარა და არვე ზიანების.

ხელისუფლება ვერანია,

ვარანია სამღვდელოება.

და პატრიარქმა,

აწ და მარადის

ამ მოვერაგე ანაფორამ,

უკვე მერამდენედ გამოიგონა ველოსიპედი

და ხალხში ჭურჭელს მიაგნო ზიარს:

ტყუილს ცოტაში ჩატუმბავ,

მრავალში გაითანაბრებს.

არავის საწყენად ამას არ ვამბობ,

არამედ ვამბობ

იმას, რაც დიაგნოზია.

ახლა გავივლი, გავთოხარიკდები,

იქნებ თვალს წყალი დავალევინო.

ეს ცარიელი ქუჩებიც სულ ისეთია,

მე მაინც ნაწყენებისთვის მინის ჭიქაში

ვითომ დამისხამს ცივი და სუფთა

წყალი, რომელშიც

მწევლის ხელი რა ვთქვი, თორემ

ფერფლის ნამცეცები

მოაქაიქე გამვლელებად არ იტივტივებდა.

პოეტის არ იყოს, ენაზე კბილის დაჭერა

ვერ უსწავლიათ შაითან აბრებს.

გიჟი კი ქალაქში მიდი-მოდიოდა,

გაშეშებული

ფეხი ძლივს თრევით მიჰქონდა,

გასახვევი თუთუნი და პარკით ფინიკი მოჰქონდა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა