ხორხე ლუის ბორხესის ერთ მოთხრობაზე | „მეომრისა და ტყვე ქალის ამბავი“
ბენედეტო კროჩე (იტალიელი ფილოსოფოსი და კულტურის ისტორიკოსი) თავის წიგნში პოეზიაზე, 278-ე გვერდზე, ისტორიკოს პეტრე დიაკონის ერთ ლათინურ ტექსტს გვთავაზობს, დროკტულფტის ბედ-იღბალზე და აქვე ვნახულობთ მისადმი მიძღვნილ ეპიტაფიასაცო - ასე იწყებს თავის ერთ მოთხრობას ხორხე ლუის ბორხესი. ამ მოთხრობას ჰქვია „მეომრისა და ტყვე ქალის ამბავი“.
თავიდან ბოლომდე რომ არ მოვყვეთ, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ დროკტულფტი არის ლანგობარდების ერთ-ერთი მეომარი. ლანგობარდები კი გერმანული ტომია, რომელიც 568 წელს იტალიას შეესია.
ამბავი ქალაქ რავენაში ხდება. დასაპყრობად და ასაოხრებლად მიადგებიან უცხოტომელები იტალიის ქალაქს. ისინი დაიძრნენ დუნაისა და ელბის სანაპიროებიდან, გამოიარეს დიდი და გრძელი გზა, პირქუში ტყეები და ჭაობები, და მოადგნენ იტალიის მშვენიერ ქალაქს ასაღებად.
აქ ერთი საინტერესო რამ ხდება, დროკტულფტი ისე მოინუსხება ქალაქით, ამას მარტო მისი მშვენიერებით ვერ ავხსნითო, წერს ბორხესი, ის ისე მოინუსხა ქალაქით, როგორც ჩვენ მოგვაჯადოებდა უცხო და გამართულად მომუშავე რთული მექანიზმი, რომლის დანიშნულებაც, მართალია, ჩვენთვის უცნობია, თუმცა კი მის შექმნაში უკვდავი გონების მონაწილეობას ამოვიკითხავთო.
დროკტულფტმა იხილა ტაძრები, ქანდაკებები, ბაღები, საცხოვრებელი სახლები, ამფითეატრები, ქალაქის მოედნები - თითქოს აბრმავებს და და ერთდროულად თვალს უხელს და მას ხელმეორედ ბადებს ყოველივე ამის ერთობლიობა - რაც ქმნის ქალაქს. ის ხვდება, რომ ვერასოდეს ჩასწვდება ბოლომდე მის არსს, მაგრამ ამასთანავე ხვდება, რომ ის, რასაც ხედავს, ბევრად მეტია იმაზე, რისიც მანამდე სწამდა, რაც მანამდე უნახავს და განუცდია. და ის იცავს ქალაქს, იბრძვის რავენას გადასარჩენად. ის კვდება. მისი საფლავის ქვაზე მადლიერი ქალაქელები წააწერენ -
ჩვენ შეგვიყვარა, დაგმო თავისიანები,
სამშობლოდ რავენა იგულა.
მას შეიძლება ვერც ამ სიტყვების არსი გაეგოო.
და აქ წერს ბორხესი, შეიძლება მის ამ ქცევას ღალატი დაერქვას? ის არ ყოფილა მოღალატე, მან განიცადა გასხივოსნება, მან სხვა რამ იწამა. მე ამაღელვა ამ ამბის ამოკითხვამო, წერს ბორხესი. ერთი ამბავი გამახსენაო და აქ ყვება თავისი ბაბუის და ინგლისელი ბებიის ამბავს. წერს, 1872 წელია, ბაბუაჩემი, ბუენოს -აირესის და სურ-დე-სანტა-ფე-ს ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინციების ხელმძღვანელად დანიშნესო. ბებიაჩემი, ინგლისელი ქალი, ამბობდა ხოლმე, აქ რამ მომიყვანა, ამ ქვეყნის დასალიერში როგორ აღმოვჩნდიო. ვიღაცა ეტყვის, თქვენ აქ არ ხართ ერთადერთი ინგლისელიო და აჩვენებენ ახალგაზრდა ქალს, მასავით ნაცრისფერი თვალებით.
შეიძლება წამიერად დებადაც აღიქვეს ერთმანეთი ამ შორეულ ქვეყანაშიო. აღმოჩნდა, რომ ის წარმოშობით იორკშირიდან ყოფილა, მისი მშობლები ბუენოს-აიერესში გადმოსულან, აქედან კი, თხუთმეტი წლის წინ გაუტაცებიათ ინდიელებს და ახლა ეს გოგო მათი მეთაურის ცოლია, მისთვის ორი შვილი გაუჩენია.
ბორხესის ბებიას უთქვამს, რომ თუკი მოისურვებდა, შეეძლო აღარ დაბრუნებულიყო ინდიელებთან და შვილებთან ერთად თავისთან შეიფარებდა. ქალს კი უპასუხია, ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებითო და დილით უდაბნოში დაბრუნებულა.
ასე გადაეჯაჭვება ერთმანეთს ეს ორი ამბავი - ამბავი ბარბაროსისა, რომელიც ქალაქმა მოაჯადოვა და ამბავი ტყვე ქალისა, რომელმაც თავის სამშობლოს უდაბნოში ცხოვრება ამჯობინა. ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება ვინმეს ანტაგონისტებადაც მოეჩვენოსო, წერს ბორხესი, თუმცა სინამდვილეში ორივე აღმოჩნდა ტყვე რაღაც იდუმალი სწრაფვისა, რომელიც ბევრად უფრო ღრმა იყო, ვიდრე გონისმიერი ფიქრი და გადაწყვეტილება და ორივე ბოლომდე მიეცა ამ უცნაურ სწრაფვას, რომელსაც თავადაც კი ვერ ამოხსნიდნენ. შეიძლება ჩემ მიერ მოთხრობილი ორივე ეს ამბავი სინამდვილეში ერთი ამბავიც კი იყოს, ამ ამბის ორივე მხარე ღმერთის წინაშე ერთნაირიაო.