ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხრწნა | ბესო პაპასქუა

პარდონ მათ, ვისაც რეგიონულ საავტომობილო გზებზე ჩვენი მანქანებით თავები გავუსრისეთ და მუცლებიდან ნაწლავები გადმოვაყრევინეთ. მათ შორის რამდენიმე ლეკვიც იყო. ჩვენო ძვირფასო მაწანწალა, გაძვალტყავებულო ძაღლებო, ყოველგვარი სტატისტიკა ამ შემთხვევების მაღალ მაჩვენებელს თქვენივე დაუდევრობას აბრალებს, რადგან კატებთან შედარებით ეს რიცხვი ოთხჯერ მაღალია. უნიათოები და მოუხერხებლები ხართ. პირადი დაკვირვებით შემიძლია ვივარაუდო, რომ თბილისი - ფოთის კომფორტულ ავტომაგისტრალზე თქვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელია -  ყოველ 30 კილომეტრში ერთი სიკვდილი. უნდა გვერიდოთ, რადგან 120 კმ/სთ - 160 კმ/სთ სიჩქარით გადავადგილდებით. დრო ყოველთვის თავზესაყრელად გვაქვს, მაგრამ მაინც გვეჩქარება. მაშინ, არ იარსებებს არანაირი საჭიროება, რომ ღამის სამ, თუ ოთხ საათზე წამოვდგე ჩემი თბილი ლოგინიდან და გიძღვნათ ოდები კაცმა, ვინც სამდღიანი ალკოჰოლური თავაგადასვლის დასრულების შემდეგ, საყვარელი ცოლის მხრიდან დაუნდობლად შევირაცხე გამოუსწორებელ ლოთად. არ იარსებებს ალბათობა, ბახუსოთერაპიის სხვადასხვა მცდელობით მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ იმედგაცრუებული, ძლივს მივლასლასდე მაგიდასთან, ჩავრთო ლეპტოპი და პირში დარჩენილ ცუდ გემოს ამოვაყოლო ეს ფრაზები - თანდაყოლილ შეგრძნებას, რომ თქვენგან თავის დაღწევის ყველა მცდელობას მაშინ დაეკარგა აზრი, როცა სულში ჩამკვდარი ლეშივით დაიწყეთ ხრწნა და სუნთქვის გაძლება გაჭირდა. 

პარდონ, რომ იქ, სადაც ეს მოხდა თქვენი თანამოძმეები საშინელ შიშს ამჟღავნებენ ახალი წლის ღამის მიმართ და თავს, აკანკალებულები, თავიანთი პატრონების გადამწვარი სახლის აჩრდილებს აფარებენ. ისინი კარგა ხანია თავიანთ მკვდრებს უიმედოდ დაეძებენ მიტოვებული საფლავების ლაბირინთებში, რომ თვითონაც მათ გვერდით დაიმარხონ ცოცხლად თავები. ამ სასაფლაოებს რკინის ჯებირები აკრავთ, რომელთაც ჟანგისფრად ექერცლებათ ძველი ზედაპირი, მაღალი ბალახი კი ვიღაც იქაური თავზეხელაღებულის წითელი საღებავით შესრულებულ წარწერას ფარავს, რომ აფხაზეთი - საქართველოა.

წლების წინათ ერთ-ერთ მათგანს ვიცნობდი, უჯიშოს, ორ ომგამოვლილს, რომელიც ახლა ქარიან და სუსხიან ღამეებში დაეხეტება ჩემს თბილ სიზმრებში და ძილს მიტეხავს, რადგან თითოეული მასთან შეხვედრა ჩემთვის აკაემიდან ნასროლი ტყვიის მოლოდინის შიშია. თეთრს და საშუალო სიმაღლისას სიბნელიდან გამოსვლის ეშინია, კანკალებს და მთელ სიზმარშია ჩამკვდარი, მთელ სიზმარში ლპება. ვუყურებ და ვიცი, რაც არ უნდა ვქნა - არ უნდა გავინძრე, რომ დავაკვირდე ნაცნობ შიშს მასში - ხელყუმბარების, აკაესების, ტანკების, აფეთქებების შიშს, რომელიც ერთადერთია, რაც უკან ახევინებს. ამიტომ, როცა ერთ ღამესაც ვიღაცები ნიღბებს გაიკეთებენ, ხელში ავტომატებს დაიჭერენ და დაგვაყაჩაღებენ, გაგვთელავენ, გვაგინებენ და კონდახებით გვცემენ, ხმას არ ამოიღებს, არც კი აყეფდება, მეორე დღეს კი, დილის ნისლიდან გამოსული და შეშინებული გადაგვთვლის, ყველა ოჯახის წევრი თუ გადავრჩით ცოცხალი.

ასე დავინახე 16 წლის წინათ, თუ როგორ დაწანწალებდნენ ჩემი უჯიშო ძაღლის თვალებში მთელი იმ ღამის კადრები, როგორი უსუსურები ვიყავით ორივე, და სწორედ მისი თვალებიდან ამოკითხული უმწეობა იყო იმ სხვაგვარად დანახული სამყაროს კარის გასაღები, რომელშიც ბავშვობაში შევაბიჯე და კარი შიგნიდან ჩამეკეტა. ამ სამყაროში ამდენი სიკვდილის დანახვა უკვე აუტანელია და მთელ ხმაზეც ამიტომ გავყვირი: 

ხაშურის, ზესტაფონის, თუ გორის მისადგომებთან მცხოვრებო უჯიშო ძაღლებო, უნდა გაფრთხილდეთ! სიკვდილი 100 კმ/სთ სიჩქარით მოქრის თქვენი მიმართულებით და არ აინტერესებს როგორ საცოდავად მიათრევთ მკვდარი ლეკვებით სავსე მუცლებს ნაგვის ბუნკერებამდე, ან როგორ ჩაგიჭერიათ პოლიეთილენის სანახევროდ ფსკერგავარდნილი პარკებისთვის დორბლიანი კბილები და ასე ცდილობთ გადარჩენას. მე ვიცი, რომ  რამდენიმე წარმოების სულის ბარომეტრი არსებობს, რომელთაგანაც ნაწილი იმპორტულია - მღვდელთა, სულიერ სწავლულთა თუ სხვა რელიგიურ კორპორაციათა წარმომადგენლობამ აქცია პირად ბიზნესად, ერთ-ერთი მათგანი კი, ჩვენმა უდავოდ ორიგინალურმა ღმერთმა მილიონობით წლის წინათ კუსტარულად დაამზადებინა ვეზირ ანგელოზს თავის სახელოსნოში და უჯიშო, ყველაზე შელახული ძაღლების თვალებში გადაწყვიტა ჩამონტაჟება.  

ლეგენდა ღაღადებს, თუ როგორ თქვა რამდენიმე თქვენიანმა მაგისტრალების სიახლოვეს ცხოვრებაზე უარი და ჩასაძაღლებელი თავი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თვალუწვდენელ ეზოებამდე მიიტანა. ისინი და მთელი მათი შთამომავლობა, ვინც არ არიან ადამიანებთან ურთიერთობასა და კუდის ქიცინს ჩვეულნი, გაველურდნენ. ცნობილია, რომ როგორც კი ეზოში მომუშავე ტრაქტორები და სატვირთო მანქანები წყვეტენ მუშაობას, ისინი მთვარის შუქზე, ხროვებად გამოდიან სამალავებიდან და ქეჩოაშლილები შიმშილის ლანდებივით დაძრწიან კონსერვის ქილების, პოლიეთილენის პარკების, და სხვა ათასგვარი მყრალი ნარჩენების სასაფლაოზე. ამ საზარელი სუნის ჩასუნთქვა მათთვის იმედი იყო მანამ, სანამ ერთხელაც, უზარმაზარ ლოდებს ამოფარებულმა ნაგავსაყრელის თანამშრომელმა კაცებმა თოფებით არ ამოხოცეს და ცივი ღამის მუსიკად არ გადააქციეს განწირული ყეფის და ღრიალის, გასროლის და წკმუტუნის ერთმანეთში გადაზელილი ხავილი. 

მაგისტრალების მკვიდრო მაწანწალა, სულელო ძაღლებო, ჩემ მიერ თქვენს გადასარჩენად შემუშავებული ეფექტური გეგმა მარტივი დავალების შესრულებას მოითხოვს: ბოლოსდაბოლოს უნდა გამოხვიდეთ სიბნელიდან და დაეუფლოთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს - ისწავლოთ კითხვა, ისწავლოთ ლაპარაკი და იმის მიუხედავად, რომ თომას მანი, რუსთაველი, პრუსტი და დოსტოევსკი არსებობენ, უპირველესად გაეცნოთ ამ წერილის ნაბახუსევზე მყოფი ავტორის ბოდვას. წაიკითხოთ, რომ თქვენი სისხლით მოკირწყლულ ასფალტის გრძელ გზებზე სიარული, უკვე ძალიან აუტანელია. წაიკითხოთ, თუ რამდენად ხშირად ამომყვება პირიდან სიტყვები: „შეხედე, კიდევ ერთი მკვდარი ძაღლი“ და საჭესთან მჯდომი ლოთი კაცის საყვარელი ცოლი, მკაცრად და მერამდენედ მოითხოვს, რომ აღარასდროს შევატყობინო ამის შესახებ. მაგრამ მან იცის, რომ თქვენი ბედის ტვირთი ორი გულის ორ პინაზე გადასანაწილებელი სიმძიმეა, იცის, რომ 6, თუ 7 წლის წინათ ერთ-ერთი თქვენიანი ვერ გავწირე ზღვაში დასახრჩობად, ახლა კი საახალწლო ნუგბარის ჭამით დასტრესილი წევს გაზის გამათბობელთან, ზედაც არ უყურებს გადაგდებულ ძვლებს და ჩემს შეკითხვებსაც უგულისყუროდ ეკიდება: „მანდარინი ხომ არ გირჩევნია?“ „გოზინაყზე, ან კარალიოკის ჩირზე რას იტყვი?“ - და ასე გრძელდება მანამ, სანამ დედაჩემის შესაშურად დიპლომატიური ჩარევა არ დამაბრუნებს მიწაზე: „შენისთანა მთვრალებთან არ უყვარს მაგას ლაპარაკი. ახლა წადი და დაიძინე“... მორიგი პარდონ თქვენ ჩემგან, ძაღლებო, რომლებიც გაგიმეტეთ უპატრონო სიკვდილისთვის, მერე სიჩქარის შეუნელებლად მივადექით ავტოსამრეცხაოს და ჩვენი მანქანის საბურავებს ჩამოვწმინდეთ დანაშაულის კვალი. ეს ამ სიცივეში ძნელი გასაკეთებელი იქნებოდა. დღეს ისევ შევალთ YouTube-ზე და ვნახავთ, როგორ უდგას კვალში ცურვით ადევნებული თეთრი ძაღლი გემს, ვნახავთ უამრავ დევნილს, ზოოპარკიდან გამოქცეულ მაიმუნებს და მკვდარ ჯარისკაცებს, რომლებიც გადაცხრილული ზღვისპირა კიპარისების ძირებში წვანან, ვნახავთ და არავითარ შემთხვევაში არ დავიძინებთ, იმიტომ, რომ გვეცოდინება, გარეთ ჩვენს სიზმარში შემოსაფარებელი ქარიანი ამინდია და ვერცერთი ჰოლივუდი, ვერცერთი რიჩარდ გირი ვერ იქნება ამ კადრებზე ასატანი. 

და ბოლო პარდონ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებს იმის გამო, რომ ამ ტექსტის ავტორი მათგან განსხვავებით კონსპირაციული თეორიის მიმდევარია, ისხამს არაყს ჭიქაში და გშუამდგომლობთ ღმერთთან: „ო, მაღალო ღმერთო, რომელი ხარ ცათა შინა, გთხოვ, შენს საუფლოში კომპაქტური განსახლების ობიექტი გამოყო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული მაწანწალა ძაღლებისთვის, რადგან ისინი იმსახურებენ შენისთანა პატრონს! და მისცე ძალა ცოლისგან სახელდებულ რიგით ლოთს, რომ ხვალ დილით მიჩანჩალდეს უახლოეს აფთიაქამდე და თეთრხალათიანი ანგელოზებისგან შეიძინოს ბახუსოთერაპიის სასწაულმოქმედი გერმანული წარმოების აბი: ALKA-SELTZER!”