ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ზაფრანის ძიებაში | ნაომი დუგიდი

თარგმანი ინგლისურიდან: თამარ ბაბუაძე
ნაწყვეტი ნაომი დუგიდის წიგნიდან 
„სპარსეთის გემოები: მზარეულის მოგზაურობა სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და ქურთისტანში“

ზაფრანა იდუმალი მცენარეა. უჩუმრად იბადება. მწვანილების უმეტესობას ფოთლებით ვცნობთ, სუნელების უმეტესობას მარცვლების ფორმით ვარჩევთ, ზაფრანას, როგორც სუნელს კი ადამიანები ერთი ნაზი და სათუთი ყვავილისგან მოიპოვებენ, რომელიც ცოტა ხანს ცოცხლობს. 

ყვავილი ბაცი მოვარდისფრო-იისფერი აქვს, ეზრდება სამი, მოწითალო-ფორთოხლისფერი მტვრიანა. ისინი იმ დღეს უნდა განცალკევდეს ყვავილისგან, რა დღესაც ზაფრანა გაიფურჩქნება. სულ მცირე ოდენობის ზაფრანაც კი ასობით სიფრიფანა მუქ ფორთოხლისფერ მტვრიანას ტოვებს – ძვირფასი სუნელიც ესაა.

ქაშმირში, მაროკოში, ესპანეთსა და ირანში იზრდება. თუმცა, ირანი ამ ქვეყნებს შორის ზაფრანის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. დიდი ხნის წინ, ინგლისშიც ხარობდა – საფრონ უალდენის მხარეში, რადგან ზაფრანის ყვავილის ბოლქვი ცივი კლიმატის პირობებში ხარობს. თუმცა, კლიმატური პირობები არაფერ შუაშია. ზაფრანის წარმოება იაფფასიან მუშახელზე დგას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, თუ სად ახარებენ ამ მცენარეს კომერციული მიზნით. 

მაშადში, ირანის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში 24 ოქტომბერს ჩავედი. წინდაწინვე წაკითხული მქონდა, რომ ზაფრანის მოსავალს ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იღებდნენ და ძალიან მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა, როგორ ხარობს ეს ყვავილი მაშადში, რომელიც მთელ ირანში ზაფრანის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მხარეა. 

ირანელებმა გაიკვირვეს, ცოტა ადრე ჩამოსულხარო, მაგრამ მე მაინც იმედიანად წარმოვთქვი მოგზაურის ლოცვა და ქალაქიდან შორს, ზაფრანის საძებნელად წავედი. მეგზურობას ჰამიდი მიწევდა – იმ ტურისტული სააგენტოს უფროსი, რომელიც ირანის ვიზის მიღებაში დამეხმარა. თვითონაც მაშადელია, პროფესიით – წყალგაყვანილობის ტექნიკოსი, მაგრამ გარემოს საკითხებიც აინტერესებს და ზაფრანის კვალზე დადგომა ჩემთან ერთად სიხარულით  გადაწყვიტა. 

ჰამიდმა იცოდა, რომ ტუსის მხარეში – ცნობილი სპარსი პოეტის, ფირდოუსის დაბადებისა და დაკრძალვის ადგილზე – რამდენიმე სოფელი იყო, სადაც ზაფრანის მოსავალს ყოველ წელს იღებდნენ. 

ჩავუარეთ ტუსს, პატარა, ელეგანტურ, ქვით ნაგებ ციხესიმაგრეს, რომელიც დაახლოებით 800 წლის წინ მონღოლებმა ააშენეს და თვალწინ მოტიტვლებული, სულ მთლად გადაყავისფრებული პეიზაჟი გადაგვეშალა. ამაოდ ვეძებდი თვალით ბაცი იისფერი ყვავილებით გადაპენტილ მდელოებს, ანდა მწვანე ფოთლებს – როგორც მინიშნებას აყვავებულ ზაფრანაზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ჩანდა, გარშემო მხოლოდ შიშველი მინდვრები და მათ განაპირას მორაკრაკე, ხეებით შემოფარგლული წყლის არხები იყო.

ერთ, თიხისფერ სოფელში გავჩერდით. მამები შვილებთან ერთად ზამთრის თოვლჭყაპიანი ამინდებისთვის ემზადებოდნენ – სახლების მოსწორებულ სახურავებს ამაგრებდნენ ყველანი ერთად. 

თავი დანანებით გაიქნიეს, ადრე ჩამოსულხართო. ეს-ესაა ზაფრანის კვლები მოვრწყეთ, მათ აყვავილებას კიდევ 5-6 დღე მაინც დასჭირდებაო. ერთ სოფელზე გვანიშნეს ხელით, აი, იქ შეიძლება უკვე ყვავის კიდეცო. 

თუმცა იქაც თავის ქნევით დაგვხვდნენ, სამხრეთისკენ წადითო, გვირჩიეს, ტუსის მხარეზე უფრო ადრე, ზაფრანა ყოველთვის იქ იფურჩქნებაო.

გავუყევით ავღანეთის საზღვრის გასწვრივ გადაჭიმულ გზას, ისეთი ღია და ისეთი ცარიელი სივრცე გადაიჭიმა, თვალი ვეღარ მოვაშორე.  ამწვანებული მთები, ცხვრების ფარები, აქა-იქ გაფანტული და გორაკების ქვეშ შეყუჟული, ქვითა და აგურით ნაგები პატარ-პატარა სოფლები... –  ამ პეიზაჟების შემხედვარე, გზების უსასრულობის, მანძილების თვალუწვდენლობის გარდა ვეღარაფერზე დავფიქრდი. ისიც კი ცხადად წარმოვიდგინე, თუ როგორ დათარეშობდნენ აქ ერთ დროს აღმოსავლეთიდან მომავალი მონღოლები, მერე კი, როგორ მოემართებოდა ჯიქურ დარბევისა და განადგურების ჟინით შეპყრობილი თემურ-ლენგი, რომელსაც არცერთი ხე, არცერთი ალაყაფი არ გადაღობვია წინ. 

დაახლოებით ერთ საათში ერთ მშვენიერ სოფელში გავჩერდით და ზაფრანა ვიკითხეთ. 

– უი, კი, კი, ყვავის, როგორ არა. ჩემი უკვე დავკრიფე, მაგრამ იმ წითელ სახლთან მიდით და ჯერაც იპოვით ყვავილებს. 

მართლაც – ვიპოვეთ. ნაზი და სათუთი ყვავილების მინდორი ისევ არ გადაშლილა თვალწინ, არც ბალახის სიხასხასეს მოუჭრია თვალი. თითქმის უფერულიც კი ჩანდა არემარე, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. როცა ყურადღებით დავაკვირდი ყავისფრად მოტიტვლებულ, მტვრით დაფარულ მიწას, მაშინვე შევნიშნე ალაგ-ალაგ თავწამოყოფილი ციცქნა იისფერი ყვავილები, რომელთა შუაგულიდანაც ყვავილის ფურცლებზე მაღალი, ენით აღუწერლად ელვარე ფორთოხლისფერი სამი მტვრიანა იზრდებოდა. 

და აი, ისიც – წმინდა გრაალი – მთელი თავისი დაუცველობით, უსუსურობითა და სინაზით. ალაგ-ალაგ ამოზრდილი ყვავილები და არა იისფრად გადაპენტილი მინდვრები – როგორც ჩვენი მოგზაურობის დასასრული; როგორც ძალიან სწორი იდეა – დიახ, ასეთი ფასდაუდებელი, ასეთი ძვირფასი ზაფრანა ზუსტად ასე თითო-ოროლად, შეუმჩნევლად, ნამდვილი განძივით უნდა იზრდებოდეს. მყიდველები კილო ყვავილში 5 დოლარს იხდიან და მერე ადგილობრივი სოფლების ქალებს ქირაობენ, მტვრიანების ამოსაძრობად. სანუკვარი ნადავლი ძალიან ნელა გროვდება – სამ-სამად ქუჩდება, ქალები კი აგრძელებენ შრომას. რა გასაკვირია, რომ ასე ძვირი ღირს მერე ზაფრანა. 

იყო დრო, მიკვირდა, თუ რატომ იკლავდნენ ზაფრანისთვის ადამიანები თავს. ახლა ვიცი – პასუხი კულინარიულია, თუმცა, ამავდროულად, კულტურულიც და ემოციურიც. სულ ცოტა ზაფრანაა საჭირო იმისთვის, რომ ბრინჯისა და სხვა კერძების გემო და შეფერილობა ჯადოსნურად გარდაიქმნას. თავზე კი არ უნდა მოაყარო, წყალში უნდა გახსნა – წყალში უნდა გააზავო მისი ფერი და არომატი და ისე შეურიო კერძს.

ზაფრანა ხვავისა და ბარაქის სიმბოლოცაა. ამხელა შრომა და ჯაფა, ასეთი ნაზი ზრუნვა მას კიდევ უფრო განადიდებს, ზაფრანიან კერძს კი უფრო მდიდრულად წარმოაჩენს. 

თუმცა, იმაზეც ხშირად მიფიქრია, თუ რატომ გაუჩნდა თავის დროზე ადამიანს ზაფრანისადმი ამხელა ვნება და ინტერესი. მგონია, რომ ეს სიყვარული და მოწიწება ამ ციცქნა ყვავილის მიმართ, ისევ და ისევ, მზეს უკავშირდება, მზეს და ზოროასტრიზმს. მგონია, რომ ზაფრანის ოქროსფერი შეფერილობა ადამიანში მზის შესახებ ფიქრებს აცოცხლებს  და ჩვენი გულის ძვირფას კუნჭულში იმკვიდრებს ადგილს, როგორც მზესთან, მარადიულ სიცოცხლესთან კავშირის სიმბოლო.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა