ზორა ნილ ჰერსტონის „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“ | თამარ მღებრიშვილი
ჰორიზონტზე მსხლის ხეები ჩანან
ზორა ნილ ჰერსტონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში[1] წერს: „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“[2] ჰაიტიში ყოფნისას დავწერე. ამ წიგნმა მთლიანად შემიპყრო და შვიდ კვირაში დავამთავრე. ნეტავ მისი ხელახლა დაწერა შემეძლოს. სინამდვილეში, ყველა ჩემს წიგნს ვნანობ. ეს ცხოვრების ერთ-ერთი ტრაგედიაა, რომ ადამიანს არ შეუძლია თავიდანვე ფლობდეს მთელ იმ სიბრძნეს, რომელსაც შემდგომ შეიძენს. შესაძლოა, კარგიც კი იყოს, რომ გარკვეული პერიოდი უგუნური და სულელი იყო. მწერლები რომ ზედმეტად ბრძენნი იყვნენ, ალბათ, არც ერთი წიგნი არ დაიწერებოდა.“
ამავე წიგნიდან ვიგებთ, რომ ჰერსტონის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ბებიას, სწორედ ბებიასთან ახლო კავშირმა განსაზღვრა მწერლის იდენტობა და შემდგომი თვითგამოხატვის პროცესიც. „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“ 1937 წელს გამოიცა და სრულიად შესაძლებელია მას ავტოფიქციური რომანი ვუწოდოთ. ჯენი, რომელიც ამ წიგნის პროტაგონისტია, ჰერსტონის ალტერ-ეგოა, ხოლო მისი ცხოვრება ჰერსტონის ცხოვრების ნაშთი. 1980-იანი წლებიდან წიგნმა ამერიკულ ლიტერატურულ ტრადიციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ეს რომანი იქცა ერთგვარ საყრდენად აფრო-ამერიკელი ქალი მწერლებისთვის, რომელთა შორის იყვნენ ელის უოკერი, ტონი მორისონი, ტონი კეიდ ბარბარა, გლორია ნეილორი და სხვები, ისინი სწორედ ჰერსტონის ნარატიულ სტრატეგიებს მიჰყვებოდნენ.
ეს წიგნი იმ ქალის ისტორიაა, რომელიც საკუთარი ფიზიკური და შინაგანი სივრცის პოვნას ცდილობს. თვითრეალიზაციისკენ მიმავალი გზა ქმნის რომანის სიუჟეტურ ბირთვს.
პატრიარქალური კონტროლისგან გათავისუფლების პროცესში - იმ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცები დაჟინებით ცდილობენ მისი რეალობის საკუთარ ეგოისტურ ჩარჩოებში მოქცევას - ჯენი ურთიერთობს სხვადასხვა სივრცესთან, რომლებიც დომინანტური კულტურის მიერ შემოთავაზებულ თვითმყოფადობის მოდელებს გამოხატავს.
სიყვარული და სოციალური იერარქიები
წიგნის პირველივე გვერდების წაკითხვისას, მაშინ, როდესაც ჯენი ჯერ კიდევ 16 წლისაა და მსხლის ხის ყვავილობას აკვირდება, იმბოლო მბუს ერთი მოთხრობის დასასრული მიტრიალებდა თავში, თმაგაწეწილი ვონჯა რომ დახეტიალობს და მღერის - „მხოლოდ სიყვარული მწყუროდა, მინდოდა ვინმეს ვყვარებოდი!“, ამავე მოთხრობაში სიყვარული ჩვენ ირგვლივ არსებულ ხეებთანაა შედარებული, რომლის ჩრდილშიც ჩამოჯდომა შეგიძლია. ასეთი იყო მსხლის ხეც ჯენისთვის.
„ოჰ, მსხლის ხე რომ ვიყო! რაც გინდა ხე, რომელიც ყვავის! ახლობელი ფუტკრებით გარშემორტყმული, რომლებიც სამყაროს საწყისს უმღერიან! ის თექვსმეტის იყო. მბზინავი ფოთლები და ახლად ამოხეთქილი კვირტები გამოესხა და სურდა, რომ შერკინებოდა ცხოვრებას, რომელიც თითქოს თავს არიდებდა. სად იყვნენ ფუტკრები, მისთვის რომ იმღერებდნენ?“
ფერადკანიანი ამერიკელი ქალი ავტორები ხშირად იყენებენ ბუნების სახე-სიმბოლოებს. სამხრეთულ ლიტერატურაში ხეები ადამიანურ გამოცდილებასა და სამყაროს შორის დამაკავშირებელი რგოლები არიან, როგორც დროისა და სივრცის საყრდენები.
ჯენის თვითიდენტობის ძიების პროცესში გადამწყვეტი ეპიზოდი თექვსმეტი წლის ასაკში განცდილი ვნებაა ე.წ. „მსხლის ხის სცენაში“. ეს მომენტი სექსუალურობის გაღვიძების სიმბოლური გამოხატულებაა და მკვეთრად უპირისპირდება ბებიის, ნანის, მეტაფორას ფერადკანიანი ქალის როგორც „მთელი სამყაროს კუთვნილი სახედრის“ შესახებ. ნაყოფიერების დაპირებებით სავსე მსხლის ხე ეწინააღმდეგება კონტროლის ტირანიას და იერარქიებს. ჯენი ოცნებობს სიყვარულზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე იქნება დამყარებული.
ამ ეპიფანიიდან მოყოლებული, ჯენის ცხოვრება იქცევა უწყვეტ ბრძოლად, რათა საკუთარი გამოცდილება პირვანდელ ხედვას - აყვავებულ მსხლის ხეს - შეუსაბამოს. სიუჟეტის მსვლელობისას ეს კავშირი კონკრეტულ სახეს იღებს მისი ქორწინებების გამოცდილებით ლოგან კილიქსთან, ჯო სტარქსთან და თი ქეიქთან. თითოეული მამაკაცი სწორედ აყვავებული მსხლის ხესთან შესაბამისობაში განიხილება.
სამი ქორწინების თანმიმდევრული წარმოჩენით - პირველი სრულიად წარუმატებელი, მეორე მეტწილად წარუმატებელი და მესამე წარმატებული, თუმცა ტრაგიკულად დასრულებული - ჰერსტონი მკითხველს ჯენის მდგომარეობის „ძიების მოტივის“ ჭრილში გააზრებისკენ უბიძგებს. რომანის განმავლობაში ჯენი სხვადასხვა სახლს გადის, რომელთაგან თითოეული ცნობიერების შეზღუდვის გამოცდილებას წარმოადგენს, გარდა იმ სივრცისა, რომელსაც იგი თი ქეიქთან ერთად იზიარებს.
ლოგან კილიქსი ჯენის ეკონომიკურ უსაფრთხოებსა და ქორწინებით მინიჭებულ ლეგიტიმურ სტატუსს აძლევს, რომელიც ნანის აკვიატების ბირთვს წარმოადგენს, თუმცა ჯენის ვერ სთავაზობს სიხარულს, გაგებას, წარმოსახვასა და შემოქმედებითობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ აძლევს იმ სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობას, რომელიც მისი ფერმის მიღმა არსებობს. თითოეული ქორწინება ალუზიურად „მსხლის ხესთან“ მიმართებით უნდა განვიხილოთ და იმას, რომ ლოგან კილიქსთან ოჯახური თანაცხოვრება დიდხანს არ გასტანდა, მკითხველი ჯერ კიდევ მათ დანიშვნამდე ხვდება.
„ჯენის მსხლის ხეს ლოგან კილიქისის წარმოდგენაც კი ბღალავდა, მაგრამ გოგონამ არ იცოდა, ეს ნანისთვის როგორ აეხსნა.“
ნანის სამყაროს სივიწროვე და შეზღუდულობა, რომელიც შვილიშვილს უსაფრთხოებას თვითმყოფადობის ფასად სთავაზობს, ჯენის მხრიდან თავიდანვე უარყოფილია. ბებიის სიყვარული ჯენისთვის იმ ძალადობად იქცევა, რომელიც ჰორიზონტს ავიწროებს. წარმოდგენა, რომ სიყვარული ქორწინებაში იბადება, მალევე ქრება.
დამთრგუნველ და მარტოსულ სივრცეში, რომლითაც კილიქსი საკუთარ თავს განსაზღვრავს (და ცდილობს, ახალგაზრდა ცოლიც ამ ჩარჩოში მოაქციოს), ჯენი ვერასოდეს შეძლებს იმ ცხოვრებისეულ კითხვათა კვლევას, რომლებიც მსხლის ხესთან განცდილმა ემოციებმა აღუძრა.
კილიქსის ჰორიზონტი ვიწროა, ისევე როგორც მისი კოგნიტური შესაძლებლობები, მას არ აქვს ფიქრის ისეთი უნარი, როგორიც ჯენის, მისი ინტერესის სივრცე ღორის ბეკონითა და სიმინდის პურით შემოიფარგლება, სწორედ ამიტომ სურს ჯენის დამორჩილება, სურს თავის მსგავსად და სწორად აქციოს. ამდენად, კილიქსის სახლის კედლები და სამოცი აკრის გარშემო შემოვლებული ღობე უსაფრთხო თავშესაფარი კი არა, ბარიერია იმ თვითმყოფადობისთვის, რომელიც ჯენიმ ნანის მსხლის ქვეშ აღმოაჩინა.
იდენტობის ჩამოყალიბებისა და ძიების პროცესი შემდეგ ეტაპზე მაშინ გადადის, როდესაც ჯენის ბებია კვდება და ლოგან კილიქსის სახლის გზაზე უცნობი მგზავრი, ჯოდი სტარქსი ჩნდება. ეს უკანასკნელი ჯენის ცხოვრებაში ამბიციურ, მომხიბვლელ და სიცოცხლით სავსე ფიგურად შემოდის.
„ქალაქელივით გამოწკეპილ კაცს შლაპა დამრეცად ეხურა, რაც იქაურობისთვის უჩვეულო იყო. პალტო კი მკლავზე გადაეკიდა, თუმცა მისი ტანისამოსის წარმოსაჩენად არაფერში არ ესაჭიროებოდა [....] კაცი უსტვენდა, სახეს მანჭავდა და ისე თავდაჯერებით მოაბიჯებდა, თითქოს დანამდვილებით იცოდა, საით მიდიოდა.“
ხეები ჯენის ცხოვრებისა და იდენტობის ჩამოყალიბების ამოსავალი წერტილებია და შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ ჯოდი სტარქსი პირველად მაშინ ჩნდება, როცა ჯენი მუხის ქვეშ ზის. მათი პირველი საუბარიც ხის ქვეშ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად ჯოდიც არ განასახიერებს აყვავებულ მსხლის ხეს, ჯენისთვის ჰორიზონტისა და შესაძლებლობების სახე-სიმბოლოდ იქცევა, გაქცევის გზად და საშუალებად იმ იზოლირებული, ჩაკეტილი სივრციდან, რომელსაც ლოგან კილიქსთან ერთად იზიარებს.
ლოგან კილიქსის სახლიდან წასვლა ჯენის პირველი ნებაყოფლობითი გადაადგილებაა, განსხვავებით მისი წინა ორი გადაადგილებისგან: თეთრკანიანთა სახლის ეზოდან ნანის სახლამდე და იქიდან - კილიქსის ფერმამდე.
ჯოდი სტარქსი ფუტკრად მხოლოდ ქორწინების საწყის ეტაპზე გვევლინება. ჯოდი ავტორიტეტის მოპოვებისთვის იბრძვის, მისი ცხოვრებისეული მიზანიც ესაა. ჯოდი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისიდანვე არ მალავს საკუთარ ეგოცენტრულობასა და ძალაუფლებისადმი ლტოლვას.
ჯოდი ჯენის ართმევს ხმას, ის მის ნაცვლად საუბრობს, ისევე როგორც ბავშვობაში ნანი საუბრობდა ჯენის ნაცვლად. ჯენის ერთადერთი უფლება ჯოდის სურვილებისა და აზრების გამოხატვაა და არა საკუთარი თავის, ასე მისი ფსიქოლოგიური სივრცის კოლონიზებას ცდილობს. წლების განმავლობაში ჯოდის გვერდით ცხოვრება ისეთივე მკვდარი და უსიცოცხლო ხდება, როგორც მაღაზიის ასაშენებლად მოჭრილი ხეების. ჰერსტონი ჯენის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და გარდატეხების გადმოსაცემად, ხშირად მიმართავს სივრცულ მეტაფორებს. მაგალითად სივრცულ გადაადგილებათა მეტაფორებითაა გადმოცემული ჯოდისა და ჯენის შინაგანი დაშორება და განცალკევებაც.
„ქორწინების ზმანებამ საძინებელი დატოვა და მისაღებში გადაინაცვლა. როცა კი მათთან სტუმრები მოვიდოდნენ, ის იქ იყო, ხელის ჩამოსართმევად გამზადებული, მაგრამ უკან, საძინებელში, აღარასდროს დაბრუნება [...] ჯენი აღარ ყვავილობდა ჯოუსთვის. როდესაც ამას მიხვდა, ოცდაოთხისა იყო და მათი ქორწინების მეშვიდე წელი იდგა. ეს იმ დღეს გაცხადდა მისთვის, როდესაც ჯოუმ სამზარეულოში სილა გააწნა.“
ქორწინების სული კერძო სივრციდან - საძინებლიდან - გადაადგილდება შინაურ, მაგრამ საჯარო სივრცეში, მისაღებ ოთახში, და ქალწულობის ხატით იცვლება. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება მეუღლეობრივ კავშირს, რომელიც მანამდე ფუტკრის მიერ დამტვერილი ყვავილებით იყო სიმბოლიზებული:
„მისთვის სარეცელი აღარ იყო გვირილების მინდორი, სადაც ჯოუსთან ერთად ნებივრობდა.“
ის ფაქტი, რომ ჯენისა და ჯოდის შორის კონფლიქტი კულმინაციას სიტყვიერი დაპირისპირებით იძენს, ხაზს უსვამს ხმის სტრატეგიულ მნიშვნელობას გადარჩენისთვის. როგორც წესი, ამ რომანში ქალებს საკუთარი ხმა არ გააჩნიათ, ისინი მხოლოდ დამკვირვებლისა და მსმენელთა პოზიციაში არიან მაშინ, როდესაც ჯენი ფიქრობს, ჯენი საუბრობს, ჯენი ეწინააღმდეგება. თვითგამოხატვა ტრადიციულად „მამაკაცური კულტურული სუბიექტის პროექტად“ იყო მიჩნეული და მამაკაცებმა იგი საკუთარ ექსკლუზიურ პრეროგატივად აქციეს საუბრისა და მოსმენის როლების გენდერული დანაწილების გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯოდი სტარქსი ჯენისთვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო ლოგან კილიქსის იზოლირებულ სოფლის სამყაროსთან შედარებით, მხოლოდ თი ქეიქთან ურთიერთობის დაწყებისას ეძლევა მას ახალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სივრცეების კვლევის შესაძლებლობა.
თი ქეიქი - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სრულყოფილად განასახიერებს ჯენის ოცნებებს, მას საშუალებს აძლევს დატოვოს ითენვილის ცენტრში მდებარე ორსართულიანი, თეთრი სახლი და ვერტიკალური სივრციდან ჭეშმარიტად ჰორიზონტალურ სივრცეში გადავიდეს. ეს ჰორიზონტი კი შესაძლებლობების, შთამაგონებელი მოგზაურობების, ახალი ადამიანებისა და ღირებულებების აღმოჩენის, საზღვრებისა და შეზღუდვების უარყოფის სამყაროა.
თი ქეიქი არც ლოგან კილიქსს ჰგავს და არც ჯოდი სტარქსს, ის მსხლის ხის ხედვით განსახიერებული შემოქმედებითი სექსუალური იმპულსისა და შორეული ჰორიზონტის უსაზღვროების შერწყმას წარმოადგენს. თი ქეიქის გამოჩენასთან ერთად ბრუნდება მსხლის ხის ყვავილობაც.
რაც თი ქეიქს სხვებისგან განასხვავებს, უპირველესად, მისი დამოკიდებულებაა ქალების მიმართ. ჯენი მისგან სწავლობს თევზაობას, იარაღის სროლას, აზარტულ თამაშებს, ყველაფერს, რაც იქამდე მხოლოდ კაცის „საქმედ“ თუ „უფლებად“ მიიჩნეოდა. ამ სიყვარულმა ჯენის სიმტკიცე და მთლიანობა შესძინა, ხოლო თი ქეიქის ტრაგიკულმა სიკვდილმა მისი ფიზიკური ხეტიალი დაასრულა.
ჯენი აცნობიერებს ჰორიზონტის მნიშვნელობას და საკუთარ სახლს პირველად უწოდებს „სახლს“ - სივრცეს, რომელიც აღარ არის დამთრგუნველი, რადგან იგი მისი საკუთრებაა და თავისუფლებითაა სავსე. სახლის კედლები ცოცხლდება მისი გამოცდილებებით, მოგონებებითა და წარმოსახვით.
რომანში ბუნებრივი სახეების გამოყენება ჯენის ზრდასთან ერთად იცვლება და ვითარდება. მსხლის ხე, რომელიც ახალგაზრდობაში სექსუალურობის გაღვიძების სიმბოლო იყო, ბოლოს სრულფასოვანი ცხოვრების მეტაფორად გარდაიქმნება.
ჯენის თი ქეიქისგან ერთადერთი ხელშესახები ნივთი (თუკი ასე შეგვიძლია ვუწოდოთ) დარჩა - ყვავილების თესლი. თესლი, რომელიც ისეთი სამყაროს დაბადებას ჰპირდება, სადაც ფერადკანიანი ქალები „მთელი სამყაროს კუთვნილი სახედრები“ კი არა, შინაგანად თუ ფიზიკურად თავისუფალი ადამიანები იქნებიან, ანუ მუდმივად მოყვავილე მსხლის ხეები.
ბიბლიური ალუზიები და რომანის ენობრივი დინამიკა
„მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“ სავსეა ბიბლიური ალუზიებით, რომლებიც არასდროს არის შემთხვევითი. ისინი იმ კულტურული და თეოლოგიური კომპლექსის ნაწილია, რომელიც ავტორს ღვთიური ძალაუფლების, ტანჯვის, სულიერი და შინაგანი მოგზაურობის, სიყვარულის, სექსუალური და სოციალური როლების გადმოსაცემად სჭირდება.
ჰერსტონი ბიბლიას იყენებს როგორც პერსონაჟთა სამეტყველო ენის ნაწილს და როგორც ფილოსოფიური და სულიერი ჭვრეტის ინსტრუმენტს. მისი პერსონაჟები ხშირად სწორედ ბიბლიური იგავებით ხსნიან საკუთარ მდგომარეობასა და თუ გადაწყვეტილებებს.
იქიდან გამომდინარე, რომ რომანის თითქმის ყველა გვერდზე ბიბლიური ჩანართებია, მკითხველისთვის შეიძლება გასაკვირიც აღმოჩნდეს, რატომ ან რისთვის დასჭირდა მწერალს ასეთი ინტენსივობით ძველი თუ ახალი აღთქმის, ფსალმუნებისა თუ სხვადასხვა წინასწარმეტყველთა დამოწმება.
XX საუკუნის დასაწყისში აფრო-ამერიკელთა ცხოვრებაში ბიბლია არა მხოლოდ რელიგიური დისკურსის, არამედ სოციალური იდენტობის, ეთიკური ჩარჩოსა და სამეტყველო ენის ნაწილიც იყო. ჰერსტონი, როგორც ანთროპოლოგი და ფოლკლორისტი, ხედავდა, რომ ბიბლიური ალუზიები შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა ვერნაკულარული კულტურის გადმოსაცემად. გარდა თეოლოგიური დისკურსისა, ჰერსტონის პერსონაჟები ბიბლიურ ენას იმ ავტორიტეტულ ენად მიიჩნევენ, რისი დახმარებითაც საკუთარი ცხოვრების შეცნობა შეუძლიათ.
თავად ჰერსტონი კარგად იცნობდა ბიბლიას, რაც იმანაც განაპირობა, რომ მამამისი, ჯონ ჰერსტონი, ბაპტისტი მღვდელი იყო. ჰერსტონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:
„როცა მეკითხებოდნენ, მიყვარდა თუ არა ღმერთი, ყოველთვის „კი“-ს ვპასუხობდი, რადგან ვიცოდი, რომ სწორედ ამას მოელოდნენ ჩემგან. დამნაშავესავით ვგრძნობდი თავს და ამ საიდუმლოს დიდხანს ვინახავდი. ვერ ვბედავდი მეგობრებისთვის მეკითხა, ნამდვილად გულისხმობდნენ თუ არა იმას, რასაც ამბობდნენ — რომ ღმერთი მთელი სულითა და გულით უყვარდათ და მზად იყვნენ, მისთვის სიცოცხლეც კი დაეთმოთ. შესაძლოა, მათ იცოდნენ, როგორ უნდა ეგრძნოთ ეს სიყვარული, მე კი მეშინოდა მათთვის მეთქვა, რომ იმავეს ვერ ვახერხებდი. იქნებ მაშინ საერთოდ აღარ ეთამაშათ ჩემთან.“
როგორც ჩანს, ზორა ნილ ჰესტონისთვის თეოლოგიური საკითხები ბავშვობიდან ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და რაც მთავარია, ის ღმერთთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიების მცდელობაა რომანში ბიბლიური ალუზიების სიმრავლეც. ჰერსტონი ხშირად მიმართავს ძველ აღთქმას მაშინ, როდესაც სიუჟეტური კონტექსტი ძალაუფლებას, ღვთიურ სამართლიანობას ან ადამიანის დაუცველობას ეხება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალდიდობის სცენა, რომელიც დაბადების VI-IX თავებში გვხვდება. ქარიშხალი და წყალდიდობა, რომლის წინაშეც პერსონაჟები აღმოჩნდებიან, სოციალური იერარქიების მსხვრევაზე მიანიშნებს, ადამიანის ძალაუფლება შეზღუდულია, ხოლო ღვთიური ძალა გარდაუვალი და აბსოლუტური:
„მათი თვალები დაძაბულად მისჩერებოდა უსუსურ კედლებს და მათ სულებს ერთი კითხვა აწვალებდა, აპირებდა თუ არა იგი, მათი უსუსური ძალის თავის ძალასთან დატოლებას, ისინი თითქოს სიბნელეს მისჩერებოდნენ, მაგრამ მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ.“
ჰერსტონი ხშირად მიმართავს ფსალმუნებსა და წინასწარმეტყველთა ტექსტებსაც, რომლებიც უმეტესად პერსონაჟთა მონოლოგების ნაწილია, ხოლო ახალი აღთქმის ალუზიები დიალოგებში ფიგურირებს და იუმორით ან ირონიითაა დატვირთული.
ერთი მხრივ, ჰერსტონი ბიბლიური რეფერენციების გამოყენებით პერსონაჟებს თავდაჯერებულობასაც კი სძენს, ე.წ. ბიბლიურ ავტორიტეტულ ენას მათ ყოველდღიურ სამეტყველო ენად აქცევს, მეორე მხრივ კი, ავტორისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა პერსონაჟების სულიერი ზრდისა და ისტორიული, სოციალური და კულტურული გამოცდილების გამოსახატად.
რადგან პერსონაჟთა სამეტყველო ენას შევეხეთ, ჰერსტონის ენობრივ არჩევანზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.
ჰერსტონი ქალაქ ითენვილში გაიზარდა, რომელიც პირველი სრულად აფროამერიკული ქალაქი იყო, რომანის ბუნებრივი გარემოც ქალაქი ითენვილი და მისი შემოგარენია. უპირველესად, ენა ინფორმაციის გადაცემისა და კომუნიკაციის საშუალებაა, მაგრამ ის ასევე პიროვნების კულტურისა და სოციალური კონტექსტის არსის გამჟღავნებისა და გაშიშვლებისთვის მწერლის ხელში შესანიშნავ ბერკეტს წარმოადგენს.
ჰერსტონი აფროამერიკულ ვერნაკულარულ ინგლისურზე, იგივე AAVE-ზე წერს, შესაბამისად, მისი პერსონაჟებიც ამ დიალექტზე საუბრობენ. AAVE-ს აქვს უნიკალური გრამატიკა, ლექსიკა და აქცენტი, რაც მას სტანდარტული ინგლისურისგან მკვეთრად განასხვავებს.
ენათმეცნიერები ამ დიალექტს დამოუკიდებელ ერთეულად განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ჩვეულებრივ ინგლისურთან ერთად, მონაცვლეობითაც გამოიყენებოდეს. ჰერსტონის ენის კვლევისას, ხშირად საუბრობენ ე.წ. კოდების გადართვაზე, რაც ზუსტად დიალექტისა და ლიტერატურული ინგლისურის ურთიერთმონაცვლეობას გულისხმობს.
იქიდან გამომდინარე, რომ ენა თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა და ხშირად იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს მარკერად ყალიბდება, ჰერსტონის პერსონაჟების იდენტობის გააზრებაშიც მათი სამეტყველო, ანუ ვერნაკულარული ინგლისური გვეხმარება.
AAVE-ის გამოყენება პერსონაჟს ანიჭებს უნიკალურ „ხმას“, რომელიც აცნობს მკითხველს არა მხოლოდ იმას, რას ამბობს პერსონაჟი, არამედ იმასაც, ვინ არის ის, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და როგორ არის დაკავშირებული კონკრეტულ ადგილთან. მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთული ასპექტია ამ ენობრივი ნიუანსების თარგმანში გადმოცემა.
მთარგმნელმა უნდა შეძლოს და ჰერსტონის არასტანდარტული გრამატიკული კონსტრუქციები და პერსონაჟთა დიალექტური მეტყველება შეინარჩუნოს. რომანის კითხვისას, თუკი წინასწარი ცოდნა არ გვაქვს, შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ ტექსტში უამრავი შეცდომაა, თუმცა სწორედ ეს „შეცდომებია“ ის კოდური ნიშნები, რომელთა საშუალებითაც მთარგმნელმა, გვანცა ჯობავამ, ჰერსტონის პერსონაჟების თავიანთ ბუნებრივ ენაზე ამეტყველება მოახერხა.
______________________________
[1] Zora Neale Hurston - Dust Tracks on a Road, 1942.
[2] ზორა ნილ ჰერსტონის „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“, 1939. - გამომცემლობა „ინტელექტი“, აკრძალული წიგნების თარო, მთარგმნელი: გვანცა ჯობავა.