გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლეილა ბეროშვილი ცაზე მთვარე მიცურავდა

ჩუმი პოეტიკის ძალა | ლეილა ბეროშვილის „ცაზე მთვარე მიცურავდა“

ლეილა ბეროშვილის მოთხრობების კრებული „ცაზე მთვარე მიცურავდა“ სოფელსა და სოფლის ცხოვრებაზეა. ეს თემატიკა ერთი შეხედვით შეიძლება კომუნისტური ეპოქისგან ნაცნობ, ზედმეტად მარტივ და თითქმის ბანალურ დასაწყისადაც მოგვეჩვენოს. მაგრამ სოფელი აქ არ არის მხოლოდ ადგილი ან დეკორაცია. ის სუბიექტია - სივრცე, რომელიც პერსონაჟებთან ერთად სუნთქავს, სტკივა, დუმს და ახსოვს.

ურბანულ გარემოში გაზრდილი მკითხველისთვის ეს ტექსტები არქაული სევდის ტერიტორიაზე შესვლას ჰგავს – იქ, სადაც უბრუნდები იმ პირველყოფილ, მშობლიურ სევდას, რომლისგანაც სამყაროს სხვა, სახეცვლილი სევდები იშვნენ.

ეს ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი, სოციალური გავლენებისგან ჯერ კიდევ გაუმრუდებელი ადამიანური ტკივილია.

ბეროშვილის პროზა ვიზუალურია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ზედაპირული აღწერა. აი, თუნდაც სულ ერთადერთი ფრაზა: „მარიამის მახსოვრობაში ხშირად გაკრთებოდა ის „ჭლექის ყვავილი“, ყვითელი მტვრიანი გულით, ღობეში საცოდავად გაჩხირული, სამუდამოდ განდევნილი და შეშინებული.“ აქ ყვავილშია მხოლოდ საქმე? ან მხოლოდ მარიამში? არა. ეს არის განდევნის, მარტოობის, უმწეობისა და არსებობის მეტაფორა, რომელიც ერთდროულად ეკუთვნის ბუნებასაც და ადამიანსაც.

ლეილა ბეროშვილის განსაკუთრებული ოსტატობა სწორედ აქ ჩანს: მას არ სჭირდება სიუჟეტური ხმაური, დრამატული მოვლენები ან კატასტროფები. მისი გმირები ცოცხლდებიან დეტალით, მინიშნებით, პაუზით.

ნაირა გელაშვილი თავის წინასიტყვაობაში მას სწორედ ამ თვისების გამო უწოდებს მწერალ-მხატვარს. მის მოთხრობებში ერთი უბრალო კალმის მოსმით, ისევე როგორც ნიკო ფიროსმანთან ერთი ფუნჯის მონასმით, ფორმას იძენენ და ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან ადამიანები, რომელთა თვალის ფერი ან ფეხის ზომა შეიძლება სულაც არ ვიცით. ან რა საჭიროა? ფიროსმანისეული ყოფითი საკრალურობით არის გაჯერებული ყოველი ნივთი თუ სახე.

„მამა - ალბათ ამ ოთხი უმწეო ბგერის გემო ექნება საწამლავს, რომელიც აუცილებლად უნდა დალიო, რადგან იმთავითვე ასეა გადაწყვეტილი”, იტყვის და იმ კაცის კონტურები გამოიკვეთება, ვინც თავისი შვილობა მოგისაჯა, მაგრამ ამ სასჯელის გამო ვერც კი ბრაზდები, რადგან გიყვარს. გიყვარს იმ ბიოლოგიურად წინასწარ განსაზღვრული, დეტერმინირებული სიყვარულით, რომელიც ადამიანს შესაშური პატიების უნარს ანიჭებს.

ლეილა ბეროშვილის მოთხრობების უმთავრესი ღირსება ქალის პერსპექტივიდან დანახული სამყაროა. მისი ქალი პერსონაჟები – მარიამი, ლილი და სხვა ქალები - არა „ქალი პერსონაჟები“, არამედ ქალი სუბიექტები არიან.

ლეილას ქალები არ არიან ჩვენთვის ჩვეული კაცის მზერით აგებული ფიგურები, სიმბოლური მუზები, მსხვერპლები ან სიუჟეტისთვის აუცილებელი ფუნქციები. ლეილა არ წერს ქალზე, როგორც თემაზე. ის წერს ქალის აღქმულ სამყაროზე: ქალის სხეულში მოქცეული დრო, სევდა, სიყვარული, მიტოვება, შიში და მოთმინება აქ აღარ ითხოვს გამართლებას.

თითქოს რა გასაკვირია ხომ, რომ როგორც ქალი ავტორი, ქალის განცდებს უკეთ იცნობს და მათზე ასე ნამდვილად და შეულამაზებლად წერს. მაგრამ მაინც არის. სად ეცალა მაშინ ეპოქას ვიწრო ადამიანური და მითუმეტეს „მეორე სქესის” წვრილმანი დარდებისთვის.

ალბათ სწორედ ამ ხაზგასმული ქალურობისა და შინაგანი ავტონომიის გამო აღმოჩნდა ლეილა ბეროშვილი თავისი თანამედროვე „დიდი კაცი ვარსკვლავების“ ჩრდილში.

რა გასაკვირია, გამოუცდელმა მკითხველმა იფიქროს, რომ ლეილას ტექსტები, კაცი ავტორებისგან განსხვავებით, პოლიტიკისა და ეპოქისგან განყენებულია. მაგრამ როცა ამას ნაირა გელაშვილი ამბობს, ეს გასაკვირიცაა და უცნაურიც. ლეილა სასხვათაშორისოდ იტყვის იმდროინდელ ეპოქაზე „ჩვენში ამბობენ როგორც ქუხს, ისე არა წვიმსო, მაგრამ ისე სადა ქუხდა, როგორცა წვიმდა”-ო და ამ ერთი წინადადებით უკვე გადმოცემულია ყველა ფასადური თუ დიქტატორული რეჟიმის სისასტიკე. ამ ერთ წინადადებაშია დიქტატურის მთელი ანატომია. ზედმეტი ახსნა-განმარტება პირიქით მოკლავდა ტექსტის პოეზიასა და სიმძაფრეს.

ლეილა არ გვიყვება რეჟიმზე. ის გვაგრძნობინებს მას. მისი ფოკუსი ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე თავისთავად წინააღმდეგობის აქტია იმ დროში, რომელიც მხოლოდ კოლექტიურ ხმაურს აღიარებდა.

სწორედ ამიტომ არის მისი პროზა პოლიტიკურად უფრო ღრმა, ვიდრე ბევრი პირდაპირი მანიფესტი და სწორედ ამიტომ უნდა წავიკითხოთ ის არა, როგორც „დავიწყებული ავტორი“, არამედ როგორც მკაფიო და დღემდე აქტუალური ხმა. დღეს, დიქტატურის დაბრუნებასთან ერთად, ლეილა ბეროშვილის კითხვა არა უბრალოდ ლიტერატურული არჩევანი, ემოციური პასუხისმგებლობაცაა.

ავტორი: ნათელა ჯანელიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა